QronikaPlus
დიმიტრი შაშკინი: „მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთისთვის მიცემული დაპირება შეასრულოს“

დიმიტრი შაშკინი: „მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთისთვის მიცემული დაპირება შეასრულოს“

2015-10-17 09:26:13

კახა კალაძის რუსული „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია ამ ნაბიჯს სახიფათოს უწოდებს, რადგან ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ „გაზპრომი“ რუსეთის ხელისუფლების ხელში პოლიტიკური იარაღია. მთავრობა ამ პოზიციას არ იზიარებს. „ქრონიკა+“-ს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, დიმიტრი შაშკინი ესაუბრება: _ ამ საკითხზე ყველა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას რამდენიმე შეკითხვა და პასუხი  ძალიან მარტივი იქნება. პირველი შეკითხვაა: _ გვაქვს თუ არა გაზი? _ გვაქვს. _ ვიხდით თუ არა ამ გაზში უფრო ნაკლებს, ვიდრე, მაგალითად, სომხეთი ან ბელარუსი, რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები და ევრაზიული კავშირის წევრები? _ დიახ, ნაკლებს ვიხდით. _ ბოლო რვა წლის განმავლობაში, რაც აზერბაიჯანულ გაზს ვიღებთ, როდესმე რამე პრობლემა გვქონია ამ პროცესთან დაკავშირებით? _ არ გვქონია. _ მოიმატა თუ არა გაზის მოხმარებამ, ან მოსალოდნელია თუ არა მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის ისე აყვავება, რომ მოვიხმაროთ უფრო მეტი გაზი, ვიდრე ვიღებთ? _ არა. ამ შეკითხვებზე ყველა საკუთარ თავს თუ უპასუხებს, მიხვდება, რომ ვერანაირ ეკონომიკურ საჭიროებას და სარგებელს საქართველო „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმებით ვერ მიიღებს. ახლა დამატებით შემდეგი კითხვები უნდა დაუსვას საკუთარ თავს ყველა ადამიანმა, ვისაც ოდნავ მაინც აქვს კრიტიკული აზროვნება. ასეთი შეკითხვები იქნება: _ ააფეთქა თუ არა რუსეთმა თავის ტერიტორიაზე ორ ადგილას (რომელთა შორის სხვაობა 400 კილომეტრი იყო) ორი გაზსადენი, როდესაც ყველაზე ცივი ზამთარი იყო საქართველოში? _ ნამდვილად ააფეთქა. _ გამოიძიეს ეს საქმე, რომელზედაც საუბრობდნენ, როგორც ტერორისტულ აქტზე? _ რასაკვირველია, არ გამოიძიეს. _ გვაშანტაჟებდნენ თუ არა, როდესაც ვიღებდით რუსულ გაზს? _ გვაშანტაჟებდნენ. _ სხვებს, ევროპის ჩათვლით, აშანტაჟებდა თუ არა რუსეთი? _ აშანტაჟებდა. აი, მარტივი შეკითხვებით, მგონი, ძალიან ადვილია დასკვნის გაკეთება, თუ რატომ კეთდება ეს ყველაფერი. _ ამ რეალობის გათვალისწინებით, მთავრობის მოტივაცია რა შეიძლება იყოს, როცა ასეთი ტიპის მოლაპარაკებას აწარმოებს? _ ერთადერთი ლოგიკური პასუხი რაც არის, ეს აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხთანაა მიბმული. აქაც ძალიან მარტივად და ლოგიკურად შეგიძლიათ შეაფასოთ, რომ ასეა. რუსეთმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ჩაყარა ახლახან აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის აღდგენაში. ახლა დაამთავრეს აღდგენის პროცესი და იქიდან გამოვიდა საინჟინრო დანაყოფები, რომლებიც ამ მონაკვეთს არემონტებდნენ. მეორე არის ის, რომ რუსეთი დიდი ხანია, ჩვენზე ზეწოლას ახორციელებს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით. და ეს ერთადერთი ჩვენი ბოლო კოზირია, რომელიც ხელში დაგვრჩა იმისთვის, რომ აღვადგიოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამ კოზირის გამოყენება შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი იქნება განხილული. მოგეხსენებათ, ჩვენთვის როგორი მნიშვნელოვანია აფხაზეთი და საერთოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ზუსტად ამიტომ აქამდე არ არის აღდგენილი აფხაზეთის გავლით რკინიგზა. ბუნებრივია, ამ საკითხში ჩვენი მოკავშირე აზერბაიჯანია, რომელიც ძალიან დიდ ფულს დებს ყარსის რკინიგზის მონაკვეთის ამუშავებაში თურქეთთან ერთად. და ჩვენ, თურქეთი და აზერბაიჯანი, ვართ ძალიან დიდი კონკურენტი რუსეთის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის კუთხით. ამიტომ, როგორ ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთისთვის მიცემული დაპირება შეასრულოს, რომ ეს მონაკვეთი აღდგება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ეს მთავრობა ძალიან კომფორტულია რუსეთისთვის. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა ცხივნალის რეგიონში ე. წ. საზღვრის გადმოწევა დაიწყო, ეს კიდევ ერთი სიგნალი იყო რუსეთისგან, რომ დაპირება, რომელიც ამ მთავრობამ მისცა, უნდა შესრულებულიყო. როგორც კი მთავრობამ ამ მიმართულებით მოქმედებები დაწყო, ამ საზღვრის გადაწევა-გადმოწევის პროცესიც შეწყდა. ჩანს, რუსეთი ითხოვს იმ დაპირების შესრულებას, რომელიც დღევანდელმა მთავრობამ მისცა, სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის ზურგს უკან. ეს ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებში არავითარ შემთხვევაში არ შედის. _ გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესებას? _ დაახლოებით ორი წელია, აზერბაიჯანთან არ გვაქვს ის ურთიერთობა, რაც ადრე გვქონდა. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის მარტო ის ქვეყანა არ არის, რომელიც გვაძლევს გაზს. მასთან სტრატეგიული და საერთო მიზნები გვაქვს. აქედან გამომდინარე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ურთიერთობა არ არის ისეთი კარგი, როგორიც ორ მეგობრულად განწყობილ მეზობელს შორის უნდა იყოს. ეს ბუნებრივია, გააფუჭებს ამ ურთიერთობას, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, რადგან აზერბაიჯანი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორია. გავითვალისწინოთ ასევე, რომ აზერბაიჯანის უკან თურქეთი დგას და ეს ორი ქვეყანა არანაირად ჩამოუვარდება თავისი ეკონომიკური პოტენციალით რუსეთს. ამ ორ ქვეყანასთან ბევრად უფრო მეტი ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე რუსეთთან. აქედან გამომდინარე, მივიღებთ: გაფუჭებულ ურთიერთობას თურქეთთან, აზერბაიჯანთან. გაგვხვევენ მახეში „გაზპრომთან“, რომელიც ჩვენ გვიკარნახებს, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. და მოდით, პირდაპირ ვთქვათ _ ჩვენ ვბრუნდებით იმ მონურ მდგომარეობაში, რომელშიც 90-იან წლებში ვიყავით, შევარდნაძის პოლიტიკის შედეგად. _ როგორ შეიძლება განვითარდეს რეალური პროცესები, გარკვეული პროგნოზი რომ გავაკეთოთ? _ ვიმეორებ, რომ ამ მთავრობას მიცემული აქვს დაპირება. ის ამ დაპირებას შეასრულებს, თუ მას ხალხი არ გააჩერებს. ხალხის მიერ არის ეს ყველაფერი გადასაწყვეტი. ქვეყანაში, სადაც არსებობს დემოკრატიული საზოგადოება, საოქალაქო საზოგადოება, სწორედ ის წყვეტს, ეს გვჭირდება თუ არა. _ რამდენჯერმე ახსენეთ გაცემული დაპირებები. მაინც, რაში მდგომარეობს მთავრობის მთავარი დაპირება ჩრდილოელი მეზობლის მიმართ? _ აქაც ძალიან მარტივი კითხვა უნდა დავსვათ: ეს ხელისუფლება ხომ ძალიან კომფორტულია რუსეთისთვის? არ ძაბავს სიტუაციას მასთან ურთიერთობაში, უკრაინისგან მოაშორა ჩვენი ქვეყანა. პირდაპირ მოუწოდა პრემიერ-მინისტრმა ევროპულ სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებს, რომ იარაღი არ მიაწოდონ უკრაინას. ხომ იყო ეს გამოსვლა პოლიტიკური განაცხადი? ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის? აქედან გამომდინარე, ეს ხელისუფლება მოსკოვისთვის ძალიან მისაღებია. საქართველო მსოფლიო პოლიტიკის რადარებიდან მოხსნეს, ვუბრუნდებით ჩიხურ მდგომარეობას. ამიტომ ის, რაც რამდენიმე თვის წინათ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე ხდებოდა, ზუსტად იმაზე მიუთითებდა, რომ დაპირება იყო გაცემული და რუსეთი ამ საზღვრის აქეთ-იქით გადატანით ახსენებდა, რომ ეს დაპირება შესრულებულიყო. სხვა არანაირ საბაბს საქართველო რუსეთს არ აძლევს, რომ ის რამით იყოს ჩვენგან უკმაყოფილო. ამ ფონზე ყველაფერს ვაკეთებთ, რაც რუსეთს სჭირდება. არც სიტუაციას ვძაბავთ, არც მსოფლიოს ვახსენებთ, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, არც დიდად ნატოსკენ ინტეგრაციის ფორსირებას ვახდენთ, ევროკავშირთან რაღაც რუტინულ პროცესში წავიდა ეს მოლაპარაკებები და ა. შ. მიუხედავად ამისა, თვეების წინ სიტუაცია საზღვარზე მაინც დაიძაბა. შეახსენა, რომ ის მთავარი დაპირება, რუსეთს სატრანსპორტო დერეფანი რომ სჭირდება, ის უნდა იყოს შესრულებული. _ მაგრამ ქვეყანა რას მიიღებს ასეთი პოლიტიკით? _ ჩვენ ვუბრუნდებით მონურ მდგომარეობას, გუბერნიის მდგომარეობას ძალიან სწრაფი ტემპებით, რომელშიც ვიყავით 90-იან წლებში და მანამდე.  

გელა მამულაშვილი

 

გაზიარება