ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი არსებობის 25-წლიან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე მაყურებელმა 50 დადგმა იხილა. დიდია იმ რეჟისორთა ჩამონათვალიც, რომლებიც აღნიშნულ კოლექტივთან სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდნენ. დათო დოიაშვილის, ნუგზარ ლორთქიფანიძის, კახა ბაკურაძის და სხვა ცნობილი თეატრალების მიერ განხორციელებული დადგმები ქართველი მაყურებლის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც იხილეს. კოლექტივი აქტიურ საგასტროლო მოღვაწეობას ეწევა. ქუთაისელ ახალგაზრდა მსახიობთა ხელოვნება ევროპის , აფრიკის და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში დადებითად შეაფასეს. იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც დასი საგასტროლოდ იმყოფებოდა 39-ს შეადგენს.
22 ოქტომბერს ახალგაზრდა მსახიობებს ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის დიდი სცენა დაეთმობა. ახალგაზრდული თეატრის დირექტორის, ზურაბ ფხაკაძის განცხადებით, უცხოეთში დაგეგმილ გასტროლამდე მნიშვნელოვანია საპრემიერო ჩვენება მშობლიურ ქალაქში გაიმართოს. სპექტაკლი „სევდის საგზალი“, რომელიც ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ მიხედვით შეიქმნა, ქუთაისელი მაყურებლისთვის მხოლოდ ერთი დღით გათამაშდება.