კონფლიქტების მოგვარება, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობისთვის ყველა პრობლემის გადაჭრა, მცოცავი ოკუპაციის შეჩერება და ქვეყნის ყველაზე ცუდი მეზობლის – რუსული პოლიტიკის ქართულ რეალობაში გათავისება, აგრესიული დამოკიდებულების `დიალოგის რეჟიმში” გადაყვანა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის გადადგმული ნაბიჯები და ის სიკეთეები, რომლითაც უხვი და თავლისმომჭრელი იყო `ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირებები, მხოლოდ დაპირებებად დარჩა. რეალობა იმაზე უკიდურესია, ვიდრე ამას ნებისმიერი პოლიტიკური ძალა წარმოიდგენდა. მავთულხლართებით შემოღობილი საქართველო და რუსული ძალისგან ლამის სასაცილოდ აგდებული ივანიშვილის კოალიცია, მეტისმეტი ოცნებაა ქართველებისთვის `უკეთესი წელის” მოლოდინში.
დღეს `ქრონიკა+” `ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ - შალვა ნათელაშვილთან და პოლიტოლოდ ვახტანგ მაისაიასთან ერთად შეეცდება იმ `სამი წლის” გადასახედიდან შეაფასოს ქვეყნის რისკი და ამ დრომდე მესერ-მესერ დაყოფილი ქართველი მოსახლეობა, რომლებმაც `ცივი ომის” პირობებში მიწებთან ერთად, წინაპართა საფლავებიც და ნაჯაფი მოსავალიც, 2012-დან 2015 წლებში, შეიარაღებული დაპირისპირების გარეშეც რუსულ ჩექმას დაუთმეს.
შალვა ნათელაშვილი:
_ დაპირებები გახლდათ ფართო და ყოვლისმომცველი. ამბობდნენ, რომ დაგვიბრუნებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, საკუთარ მიწა-წყალზე დააბრუნებდნენ დევნილებს, საქართველოს გააერთიანებდნენ, გაამთლიანებდნენ, რუსეთთან აღადგენდნენ სრულმასშტაბიან ურთიერთობებს უვიზო რეჟიმის დონეზე და ა. შ. რეალურად კი მოხდა ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ რუსებმა დაიწყეს საქართველოს გადაღობვა მავთულხლართებით. მანამდე ასეთ რამეს ისინი ვერ ბედავდნენ, რადგან იცოდნენ, რომ სააკაშვილი აქედან პროვოკაციას მოუწყობდა, შეყრიდა მსოფლიოს და სხვა რომ არაფერი, განცხადებებს მაინც გააკეთებდა. ამჯერად კი საქართველო გადაიღობა „ოცნების“ სიჩუმის ფონზე. ერთი მე თუ ჩავდივარ და ფეხებში ვებლანდები რუს მესაზღვრეებს. იქ ვერ ჩავიყვანე ვერც ივანიშვილი, ვერც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ვერც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, არადა, მათი იქ გამოჩენა გადაღობვის პროცესში მთელ მსოფლიოს დააყენებდა ფეხზე. სად ოპოზიციის კივილი და სად კიდევ ხელისუფლის ადგილზე გამოცხადება? ჩემს სამშობლოს როგორ ღობავდნენ, ამას ჩემი თვალით ვუყურე, მიჯობდა, ეს არასდროს მენახა.
_ იქნებ, უფრო დეტალურად გაიხსენოთ „ოცნების“ დაპირებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით?
_ კონკრეტული დაპირება იყო ის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგებოდა და ივანიშვილი ძალიან ადვილად მოილაპარაკებდა პუტინთან და კრემლთან. ეს დაპირება ხალხისთვის დამაჯერებელი ჩანდა, რადგან ეს პიროვნება, გარკვეულწილად, პუტინის კაცია, მისი ოლიგარქი და ფულიც რუსეთში აქვს ნაშოვნი. არ გახსოვთ, ის ვერც კი არჩევდა, რუსეთის მოქალაქე იყო, თუ საფრანგეთის. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობას, მას ის არც მიუღია. ჯერ პიარისთვის დარბოდა, საქართველოს მოქალაქეობა დამიბრუნეთო, მაგრამ მას შემდეგ აღარ აუღია საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენი მეგობარი საფრანგეთის ბიუჯეტს უხდის სიმდიდრის გადასახადს _ 100 მილიონ დოლარს! ეს მაშინ, როცა საქართველოში ამდენი ხალხი შიმშილით იხოცება. რამდენიმე დღის წინათ ოზურგეთის სოფელ ბახვში ტანკისტი, ომის მონაწილე თამაზ გეგიაძე გარდაიცვალა იმიტომ, რომ საავადმყოფოში ვერ დააწვინეს. ყველამ იცის, _ ჟერარ დეპარდიე საფრანგეთიდან გამოიქცა, რადგან სოციალისტურმა მთავრობამ იქ სიმდიდრის გადასახადი დააწესა და მანაც რუსეთს შეაფარა თავი. ეს კი იხდის. ვფიქრობ, სწორად იქცევა საფრანგეთის მთავრობა და აქაც იგივე უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი, მისი მსგავსი ფულიანი ხალხი და მშიერი, მოხუცი პენსიონერი ერთსა და იმავე გადასახადს იხდიდნენ. აუცილებლად უნდა მოხდეს მათი დიფერენცირება შემოსავლის მიხედვით. ვისაც მეტი შემოსავალი აქვს, ბიუჯეტსა და კომუნალურ ხარჯებშიც მეტი გადასახადი უნდა გადაიხადოს; ნაკლები შემოსავლის მქონეს უნდა ჰქონდეს ნაკლები გადასახადი და შემოსავლის არმქონეს გადასახადიც არ უნდა ჰქონდეს. საქართველოში კი, ვისაც არ აქვს შემოსავალი, იმას სძალავენ და ყველაზე მეტს ახდევინებენ, ვისაც ბევრი აქვს, ის თავად აწესებს სხვისთვის გადასახადს და კაი დედის შვილი ხარ, შენ არ გადაიხადო. თავად, რა თქმა უნდა, არაფერს იხდის. მათ გადასახდელსაც გაჭირვებული ხალხი ანაზღაურებს, რადგან მათ მილიონებს და მილიარდებს, რომელიც ზოგს უცხოეთში, ზოგსაც ოფშორში აქვს, არაფერი არ უნდა მოაკლდეს.
_ აფხაზეთში, სამაჩაბლოში დევნილთა საკუთარ სახლ-კარში დაბრუნება თითქმის ყველა მთავრობის სპეკულაციის თემაა. წლებია, ყველა პოლიტიკური ძალა არჩევნების წინ ამტკიცებს, რომ საქართველოს დაკარგულ მიწა-წყალს დააბრუნებს. ხალხიც იჯერებს მათ დაპირებას. ამასობაში კი ამ ტერიტორიის დაბრუნების შანსიც კლებულობს... ასეა?
_ ივანიშვილი და მისი კოალიცია აცხადებდა, რომ როგორც ცხინვალის რეგიონის, ასევე აფხაზეთის ტერიტორიის დაბრუნება საქართველოს საზღვრებში მოხდებოდა მშვიდობიანად. ასევე რუსეთთან შემოვიდოდა უვიზო რეჟიმი. ვერც ერთი გააკეთა და ვერც _ მეორე. მეტიც, საქართველო ისე გადააღობინა რუსეთს, რომ ერთი საპროტესტო განცხადება არავის გაუგონია ქვეყნის ყველაზე პასუხისმგებელი პირებისგან. რაც არ უნდა გიყვარდეს მეზობელი, ის თუ შემოგივარდა და შენი ეზოს შუაზე გადაღობვა დაიწყო, თავს როგორ არ გაუტეხ? თუ ამას არ გააკეთებ, სოფელს მაინც დაუძახებ და ეტყვი, _ ნახეთ, რას აკეთებს ეს უნამუსოო! მაგრამ ამათ ესეც არ ქნეს. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსეთის ხელმძღვანელობასთან. შენც სუ, მეც სუს პრინციპით, საქართველო, ამჯერად, ივანიშვილმა გაყიდა.
_ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თქვენც ხშირად ამბობდით, რომ ის არის რუსეთის კაცი, რომ მას წილები აქვს დიდ რუსულ კომპანიებში და ამიტომაც საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს მათ იაფად გადასცემსო. ახლა გამოდის, რომ ეს ასე არ ყოფილა და რუსეთთან ივანიშვილი თანამშრომლობს?
_ შევარდნაძეც, სააკაშვილიც და ივანიშვილიც, სინამდვილეში, არიან თავისი თავის, ჯიბის, სტომაქისა და ფულის კაცები. ვინც ხელს შეუწყობს სტატუსის, სიმდიდრისა და ფულის მოპოვებაში, ყველას მიეყიდებიან. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს მუდმივი ღირებულებები არ გააჩნიათ. არც ერთი მათგანი არ ყოფილა საქართველოს კაცი და ეს მდგომარეობაც ამის შედეგია. მათ ჩვენი ქვეყანა გამოსაყენებლად, საძოვრად და საწველად სჭირდებათ. ყველას კაცები გახდებიან, ოღონდ კი ბატონობა შეინარჩუნონ. ეს სინდრომი ზვიად გამსახურდიას შემდეგ გაბატონდა ქართულ პოლიტიკაში. გაეროში სიტყვით გამოვიდა მეთან იაღუ და ყველამ დაინახა, ებრაელ ერს რა საამაყო ლიდერი ჰყოლია. მთელი ისტორია ებრაელი ერის, მათი დევნა, ტაძრების დანგრევა _ ყველაფერი ისე ახსნა და ჩამოაყალიბა, მტერს მტრული პასუხი გასცა და მოყვარეს _ მოყვრული. ჩვენი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კი იყო სამარცხვინო. 90 ათასი სამუშაო ადგილი შევქმენითო, _ მოახსენა მან გაეროს გენერალურ ასამბლეას მაშინ, როცა საქართველოში ახალი სამუშაო ადგილი არავის უნახავს, თუ არ ჩავთვლით ხელისუფლების წარმომადგენელთა ნათესავების წარმატებულ დასაქმებას. გაეროს ასამბლეაზე სულ არ აინტერესებთ საქართველოს 90 ათასი სამუშაო ადგილი, რადგან მსოფლიოში მილიარდობით სამუშაო ადგილი იქმნება. იმის ნაცვლად, რომ ელაპარაკა საქმეზე, ჩვენი ტერიტორიების გადაღობვაზე, პრობლემებზე ეკონომიკაში, სავალო ურთიერთობებში, დემოკრატიის ასპექტში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ეთქვა, რომ გვჭირდება მსოფლიოს თანადგომა, რათა გავხდეთ ისეთი ღირსეული სახელმწიფო, როგორსაც ვიმსახურებთ და დაგვიდექით გვერდითო, სამუშაო ადგილებზე ილაპარაკა. უნდა ეთქვა, ძმებო, ლათინური ამერიკის _ ბრაზილიის, არგენტინის კოლუმბიის, ვენესუელის, პანამის... წარმომადგენლებო, ადექით და ჰკითხეთ თქვენს კოლეგებსა და მეგობრებს, რატომ აღიარეს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობაო? ოკუპანტის მხარდაჭერა არის ძალიან არამეგობრული ნაბიჯი, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და იგივე საფრთხე შეიძლება ხვალ თქვენ დაგემუქროთ და სხვისად უნდა გიღიარონ თქვენი ტერიტორიაო? ასეთ საკითხებზე უნდა ისაუბროს ქვეყნის ლიდერმა და ხელმძღვანელმა, როცა ამხელა ტრიბუნაზე დგება და არა ისე, რა სამარცხვინოდაც ამან იბჟუტურა. მე მაგის მასწავლებელს რა ვუთხარი!..
_ მეოცნებეები ყოველწლიურად, ეტაპებით გვპირდებოდნენ ქვეყნის წინსვლას, თუმცა ვხედავთ, რომ სამი წლის თავზე ეს დაპირებები ქარმა შემოდგომის ფოთოლივით შორს გაიტაცა. დარჩა მეოთხე წელი. მისგან რა სიკეთეს უნდა ველოდეთ?
_ ივანიშვილისთვის ეს საარჩევნო კამპანია იყო ყველაზე გენიალური ბიზნესაფერა, რომლითაც თავად, ალბათ, დიდხანს დატკბება და წიგნსაც დაწერს, თუ როგორ შეიძლება მოატყუო არა ერთი ან ორი კაცი, სოფელი და ქალაქი, არამედ მთელი ერი. ამ ბიზნესაფერით მან ზედმეტი მილიარდები შესძინა თავის ქისას. ეს ყველაფერი, ცხადია, უანგაროდ არ ყოფილა გაკეთებული. თუკი რამე ჩაადებინეს შევარდნაძე-სააკაშვილმა მას ქვეყნის ეკონომიკაში, ან შეაწერეს, ყველაფერი ათმაგად და ასმაგად ამოიღო. ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. მოვა დრო და ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. ამიტომაც ის ყველაფერს ჰპირდებოდა ერს. მან საქართველოს საქვეყნო, დანაშაულებრივი მანიპულაცია მოუწყო. მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 წლის თავზე მივიღეთ ცენტრალური მაგისტრალიდან 200 მეტრში რუსეთის საზღვარი, ამიტომ მეოთხე წელს ჩვენ უნდა შევიკრათ, დავირაზმოთ და „ლეიბორისტულ პარტიას“ დავუჭიროთ მხარი, რადგან ჩვენს მეტი საქართველოს პრობლემებს ვერავინ მოაგვარებს.
`არ უნდა გაგვიჩნდეს ილუზია, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე წელი საუკეთესო იქნება.”
ვახტანგ მაისაია:
_ სამი წლის წინათ „ოცნება“ ხალხს ჰპირდებოდა კონფლიქტების კერების გალღობას, რუსეთთან დიალოგისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაწყებას. მთავარი მაინც ის იყო, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, ის მშვიდობიანი დიალოგის წარმოებას აპირებდა კრემლთან, ასევე უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან და ამით უნდოდა კონფლიქტის კერების გალღობისთვის მიეღწია. ამის გამო დაინიშნა პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო მინისტრად და ერთი წელი მიდიოდა იმაზე ბრძოლა, რომ რეინტეგრაციისა და კონფლიქტების დარეგულირების სამინისტროს დარქმეოდა შერიგებისა და თანხმობის სამინისტრო. სიტყვა რეინტეგრაცია არ შედიოდა „ოცნების“ პლატფორმაში.
_ სამინისტროს სახელის შეცვლამ კონფლიქტების ყინული გაადნო?
_ საქმე ის არის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროცესები და ურთიერთობები მიმდინარეობდა ჟენევისა და კარასინ-აბაშიძის დიპლომატიური ფორმატებით. ასევე, აფხაზებისა და ოსებისთვის უნდა დაგვენახვებინა, რომ ჩვენ ვთავისუფლდებით იმ ტოტალიტარული ტიპის მმართველებისგან, რომლებიც ომით და მახვილით აპირებდნენ ტერიტორიების დაბრუნებას.
_ გასაგებია, რომ მილიტარისტული რიტორიკა უარვყავით, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ?
_ საქართველომ დაამარცხა ავტორიტარიზმი. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება და ის ბევრად სჯობს იმ რეჟიმებს, რომელიც ამჟამად არსებობს ცხინვალში, ან აფხაზეთში. ამას ემატება ისიც, რომ ჯანდაცვის რეფორმებმა საქართველოში პოზიტიური შედეგები მოიტანა. ცხადია, ამ სფეროში გასაკეთებელი კვლავ ბევრია, მაგრამ ამ რეფორმირებული ჯანდაცვით სარგებლობენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გადმოსული ადამიანებიც. ამას წინათ მამუკა არეშიძემ გააჟღერა კონკრეტული ციფრები და ფაქტები, _ ამ რეგიონებიდან გადმოსულმა რამდენმა ადამიანმა ისარგებლა სამედიცინო დახმარებით. ეს ფაქტორები უნდა ყოფილიყო წინმსწრები შემდგომი დიალოგის განვითარებისა, მაგრამ ჩვენ გავუშვით იმის საშუალება, რომ სანამ ამ ორ კონფლიქტურ რეგიონზე გეოპოლიტიკური ფაქტორები იმოქმედებდა და დიალოგის თემა სხვა რელსებზე გადავიდოდა, ამ მოკლე პერიოდში მიგვეღწია შედეგისთვის. რუსებმა სწორედ ამ პერიოდში გააფორმეს სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულებები აფხაზეთთან და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებთან, რომლის საფუძველზეც, ფაქტობრივად, რუსეთმა მოახდინა ამ ორი რეგიონის ანექსია _ ცხინვალის რეგიონზე პირდაპირი ანექსია, აფხაზეთის მიმართულებით კი არაპირდაპირი ანექსია. იქ უკვე განლაგდა რუსეთის სამხედრო ბაზები და ეს ტერიტორიები გადააქციეს ერთგვარ სამხედრო პოლიგონებად, პლაცდარმებად, რომლებსაც მცოცავი ოკუპაციით კიდევ უფრო აფართოებენ. სიტუაცია დღეს უკვე გამოსულია მმართველობის კონტროლიდან. ცხინვალში მოხდა ის, რომ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები უკვე პირდაპირ დაემორჩილნენ რუსეთის ფედერაციის შესაბამის სტრუქტურებს. ანუ მოსკოვმა პირდაპირი მმართველობა შემოიღო ამ რეგიონში, ხოლო აფხაზეთში, თავისი სამხედრო კონტინგენტის შეყვანით და სამხედრო დაჯგუფების შექმნის პროცესების დაჩქარებით, კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები. დღეს იქ, მოსკოვის გარეშე, გადაწყვეტილების მიღება უკვე შეუძლებელია. ახლა მე ვსაუბრობ 2013-15 წლამდე სიტუაციაზე.
_ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და არ გააკეთა, ასეთ ვითარებამდე რომ მივედით? როცა დაპირებებს იძლეოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე არ გააცნობიერეს, თუ, უბრალოდ, ეს იყო წინასაარჩევნო ტყუილი და ხალხი ვერ მიხვდა?
_ სამწუხაროდ, დღეს უკვე იმაზე საუბარი, რომ შეიძლება ყინული გალღვეს და დიალოგი დაიწყოს, ზედმეტია. რა თქმა უნდა, „ოცნებას“ ამ საკითხების კონცეპტუალიზაცია ბოლომდე არ ჰქონდა მიყვანილი, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ეს საკითხები, რადგან მათ წინაშე იდგა უფრო რთული პრობლემა და ის უნდა გადაეწყვიტა. თავიდან მათ უნდოდათ, დიდი კვოტით შესულიყვნენ პარლამენტში, დაემკვიდრებინათ პოლიტიკური ოპოზიციის სტატუსი და აქედან გამომდინარე, ებრძოლათ ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ამიტომაც კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით არ ჰქონდათ გამოკვეთილი რეალური პრიორიტეტები. ისინი სხვა მიმართულებით აკეთებდნენ აქცენტებს. მთავარი იყო, კოალიცია რამდენად შეძლებდა იმ რეჟიმის დამარცხებას, რომელიც ასოცირდებოდა მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ რეჟიმის წელში გარდამტეხი აღმოჩნდა 21 სექტემბერს ნაჩვენები პატიმართა წამების კადრები ციხეში.
როცა დაპირებას იძლევი, ბუნებრივია, რომ უნდა შეასრულო, მაგრამ ეს დაყვანილი იყო ფორმალურ დონეზე. ახლა გეტყვით, მათ რა უნდა გაეკეთებინათ, ამ დაპირების შესრულება მოსახერხებელი რომ ყოფილიყო: ჯერ ერთი, არ უნდა გაეშვათ ის მომენტები ხელიდან, რომლებზედაც ზემოთ მოგახსენეთ. ასევე უნდა დაეწყოთ აფხაზეთისა და ოსეთის საზოგადოებასთან პირდაპირი დიალოგები. ხელი უნდა მოგვეწერა ხელშეკრულებისთვის, რომ ჩვენ არ გავისვრიდით იარაღს, რითაც მოვიპოვებდით ნდობას. ჩვენ უნდა მიგვეცა გარანტია, რომ ქართული მხარე დაივიწყებდა იარაღით აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაზე ფიქრს. ასევე უნდა დაწყებულიყო ეკონომიკური პროექტების აღმავლობა. ანუ უნდა მომხდარიყო ე. წ. ერგნეთის, ასევე გალის ბაზრობების აღდგენა. პირადად ამ ტერიტორიებზე ავამოქმდებდი თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპს აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით. თუ აღვადგენდით იმ მიდგომებს, რომლებიც შეიმუშავა ზურაბ ჟვანიამ და გიორგი ხაინდრავამ 2005 წელს, რის შედეგადაც ცხინვალის კონფლიქტი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაშინ ეუთო მზად იყო, რეალურად ამისკენ ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ მას ხელი შეუშალა ზურაბ ჟვანიას სიკვდილმა, ხაინდრავა კი სამსახურიდან გადააყენეს. მერე მოვიდნენ ქორები და ყველაფერი ჩაფუშეს. ეს მოვლენები ახლა კვლავ უნდა განახლებულიყო და მისულიყო ბოლომდე. ასევე უნდა დაწყებულიყო საინფორმაციო პროპაგანდისტული კამპანია, ანუ დიალოგი დაგვეწყო ადგილობრივი, ცხინვალისა და აფხაზეთის მასმედიის წარმომადგენლებთან ჩვენი მასმედიის საშუალებით. სამმხრივ ფორმატში უნდა აღდგენილიყო მედიახიდი. ეს ფაქტორები ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა და პასიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ზაქარეიშვილს პიროვნულად დიდი ნდობის მანდატი აქვს ცხინვალშიც და ოსეთშიც, მაგრამ მისი სამინისტრო, სამწუხაროდ, პორტფელის სამინისტროა, რადგან მას ფუნქციები არ გააჩნია. მას უნდა გადასცემოდა სრულმასშტაბიანი ფუნქციები და თავად ზაქარეიშვილისთვის ჩაებარებინათ პოლიტიკური ბერკეტები.
_ და რატომ არ მოიქცა ასე ხელისუფლება, ხელი რამ შეუშალა?
_ ბევრი რამ შეიძლება მივიჩნიოთ მიზეზად. თუნდაც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობის გაჩენა, კოალიციაში არსებული ბზარი, რამდენიმე წევრის გასვლა მისი რიგებიდან, არაპროფესიონალიზმი, პროფესიონალების იგნორირება, ხელისუფლების კარჩაკეტილობა და სურვილის გაქრობა, შევიდეს საზოგადოებასთან დიალოგში, იზოლაციონალიზმი, რაც საკმაოდ დამღუპველია ასეთი საკითხების მოწესრიგების დროს. ამ ყველაფრიდან კი დასკვნა ერთია: ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, რომ მეოთხე წელი საუკეთესო იქნება.
ნელი ვარდიაშვილი