ალექსანდრე ჭიკაიძე, ალბათ, მინდია ჯანელიძეს არ ჰკითხავდა, „ნარუშილოვკა“ ვინ არის და რა კაციაო? რადგან, თალიბანისგან განსხვავებით, ვინ, ვინ და ჭიკაიძემ კი ნამდვილად კარგად იცოდა, რაც იყო „ნარუშილოვკა“ და ერთი-ორი ცალი ეგდო კიდეც ჯიბეში, რომ სუფრასთან იმისთვის ეჩუქებინა, ვინც მოეწონებოდა. აბა, რა აზრი აქვს ვიპ პერსონად ყოფნას, თუ სადღაც ერთი-ორი „ნარუშილოვკა“ არ გიგდია და იმ კაცს ვერ აჩუქებ, ვინც მოგეწონება?
მანამდე კი იყო თალიბანი, კრიმინალის კარგად და გადასარევად ყოფნა და ხელში „ლისიჩკის“ თამაში, ასევე, ტონობით აღმოჩენილი თხევადი ჰეროინი, რომელიც, საბოლოოდ, მგონი, ოლიფა აღმოჩნდა და ბორძიკით მოლაპარაკე მინისტრი, რომელიც ლამის იყო, ბაღის არსაზრდელად გამოჰყავდათ სოციალურ ქსელებში.
თითქოს ჭიკაიძის გამინისტრებას უცდიდნენო, ამ კრიმინალებმაც რომ მაშინ აიშვეს თავი? არადა, ყველაფერი დაიწყო წვრილმანი ქურდობით, რომელიც არ რეგისტრირდებოდა, რადგან პოლიციას არ აძლევდა ხელს სტატისტიკის გაუარესება, მოქალაქე კი, რახან ნივთის დაბრუნებით იყო დაინტერესებული, ხშირ შემთხვევაში არას დაგიდევდათ დანაშაულის რეგისტრაციას.
ასე უბრუნდებოდა დაზარალებულს მანქანის სარკე, აკუმულატორი და თქვენ წარმოიდგინეთ, ყელიდან ჩამოგლეჯილი ძვირფასი ლითონის ყელსაბამიც კი _ პოლიცია „ნასედკების“ მეშვეობით პოულობდა ქურდს და თუ მას საქონელი „გასუხარებული“ არ ჰქონდა, უთვლიდა, რომ დაებრუნებინა და ხელს არ ახლებდა. გარიგება, ხშირ შემთხვევაში, მუშაობდა.
ამის შემდეგ კი იყო შედარებით მსხვილი დანაშაულები, რომელთა მიჩქმალვა არ გამოდიოდა: გახსოვთ, ალბათ, ბანკების მასობრივი დაყაჩაღებები, რაც, მეტ-ნაკლებად, ახლაც გრძელდება. ალბათ, ის კადრებიც ნახეთ, როგორ მშვიდად და თავდაჯერებულად მოქმედებენ თავდამსხმელები, ისე მიაქვთ ფულით სავსე ტომსიკები, თითქოს მარკეტში ნაყიდი პროდუქტები მიჰქონდეთ სახლში.
არ ვიცი, ეს იყო მიზეზი თუ რამე სხვა, მაგრამ ერთი პერიოდი ხელისუფლების, შსს-სა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამასაც კი `ნაციონალურ მოძრაობას~ აბრალებდნენ...
სამაგიეროდ, ქაღალდზე იყო ყველაფერი იდეალურად. ჩვენი დღევანდელი სტატიის მიზანი სწორედ ესაა _ აღვწეროთ პერიოდი თალიბანიდან „ნარუშილოვკამდე“ და შევადაროთ ერთმანეთს, როგორ გამოიყურებოდა ეს პერიოდი სტატისტიკაში და როგორ _ სინამდვილეში? სინამდვილეზე მოგახსენეთ. ახლა სტატისტიკა ვნახოთ და 2013 წლიდან დავიწყოთ:
2013 წლის 6 თვის სტატისტიკის გამოქვეყნებას შსს არც აპირებდა, მონაცემები საქსტატს რომ არ გამოექვეყნებინა. შინაგანი უწყება სწორედ საქსტატის მონაცემებმა გააღიზიანა, რომლის მიხედვითაც დანაშაულის მატება სახეზე იყო. შსს-ს მიხედვით კი:
„6 თვის შედეგების თანახმად, დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 3300 ერთეულითაა შემცირებული, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 52%-ია, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 24% იყო:
"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ივნისში დევნის დაწყების მაჩვენებლის შესახებ არ ასახავს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური სიტუაციის რეალურ სურათს.
აღნიშნული გასაჯაროებული მონაცემები მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებს მოიცავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დანაშაულს სრულად ითვლის.
სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის როგორც პირველ კვარტალში, ასევე 6 თვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები. 6 თვის შედეგების თანახმად, დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 3300 ერთეულით არის შემცირებული, გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია, როცა წინა წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 24% იყო“.
მაგრამ შსს თავისსავე სტატისტიკაში აიხლართა:
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, თბილისში 2013 წელს ყაჩაღობის 184 ფაქტი მოხდა. პარალელურად, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს მონაცემებს, რის საფუძველზეც, 2013 წელს, მთელ საქართველოში სამართლებრივი დევნა ყაჩაღობის 261 ფაქტზე მოხდა.
ამის მიხედვით, თბილისში 184 ყაჩაღობიდან 67 ფაქტი გაიხსნა და შესაბამისად, სამართლებრივი დევნაც ამ 67 ფაქტზე განხორციელდა. გამოდის, რომ დანარჩენ საქართველოში ან საერთოდ არ ხდება დანაშაული, ან დანაშაულის გახსნის შსს-ს სტანდარტებით რომ ვიხელმძღვანელოთ, თბილისის გარეთ, 2013 წელს, 160-170 ყაჩაღობა დაფიქსირდა, საიდანაც, მხოლოდ 77 ფაქტზე დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა და შესაბამისად, მათი გახსნა.
წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულის 50% სწორედ დედაქალაქზე მოდიოდა. ამ სტატისტიკის მიხედვით კი საქართველოს რაიონებში, თერთმეტ თვის განმავლობაში, ყაჩაღობის 3, 4 ან 5 ფაქტი დაფიქსირდა".
და ეს იმ დროს, როცა, სამწუხაროდ, 2013 წლის მარტსა და თებერვალში საქართველოში 17 მკვლელობა მოხდა, ხოლო ერთ დღეს _ სამი მკვლელობა...
არაადეკვატური განცხადებების ნაკლებობა ნამდვილად არ იყო, მაგალითად პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ბრიფინგზე გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებდა:
„მე პირდაპირ გაოცებული ვარ. ყველა ქვეყანაშია კრიმინალი. ის, რომ ოჯახში მოხდა ძალადობა და მეგობარმა მეგობარი მოკლა, ამის პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ ამის გაშუქება დიდი უსამართლობაა, რადგან ამ ყველაფრით დაძაბული ფონი იქმნება“.
დაძაბული ფონი ბრალდებოდა არა კრიმინალს, ან ხელისუფლების უნიათობას, არამედ ისევ მედიას, შსს კი ამტკიცებდა, რომ დანაშაულის რაოდენობამ, წინა წლებთან შედარებით, იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელი გაორმაგდა:
„სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს.
2013 წლის 7 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: ქვეყნის მასშტაბით 2012 წელს მომხდარი დანაშაული: 20716-ია, აქედან გახსნილი: 4781, გახსნის მაჩვენებელი კი 23,1%-ია.
მიმდინარე წელს მომხდარი დანაშაული: 16590-ია, აქედან გახსნილია 8840, გახსნის მაჩვენებელი კი 53,3%-ია. დანაშაულმა იკლო 4126-ით, გახსნის მაჩვენებლმა კი მოიმატა: 30,2%-ით“.
როგორ მოხდა ეს იმ ფონზე, როცა ციხიდან ამნისტიით 14 000-ზე მეტი პატიმარი იყო გამოშვებული? ხელისუფლებისა და შსს-ს ამ ხრიკს ძალიან კარგად გასცა პასუხი ვანო მერაბიშვილმა, როცა ერთ-ერთ პროცესზე აღნიშნა, რომ შსს-ს სტატისტიკა შევარდნაძე-თარგამაძის სტატისტიკას დაემსგავსა და ის ქვეყნებიც დაასახელა, სადაც დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, როგორც წესი, მაღალია, ოღონდ, დანაშაულის რეგისტრაციის შემცირების ხარჯზე. აი, მისი მონაცემები:
უკრაინა (2011 წელი) _ 57% _ რუსეთის ფედერაცია (2012 წელი) _ 54% _ საქართველო (2003 წელი) _ 76% _ საქართველო (2013 წელი) _ 59%.
რა ხდებოდა მანამდე, ანუ 2012 წელს, როცა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო? რომელ ქვეყნებთან ერთად იხსენიებოდა საქართველო?
აშშ (2012 წელი) _ 22,3% _ ჩეხეთი (2009 წელი) _ 38% _ შვედეთი (2010 წელი) _ 31% _ ნორვეგია (2010 წელი) _ 29% _ საქართველო (2012 წელი) _ 18.5%.
ვანო მერაბიშვილმა ხელისუფლების ტაქტიკაც კარგად ახსნა:
„აქვე მინდა გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანასკნელ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2013 წლის პირველ 10 თვეში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59% იყო, რაც მკვეთრად აღემატება წინა, 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს _ 18.5%-ს. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით ამავე პერიოდში 2013 წელს მოხდა დაახლოებით 24 000 დანაშაული, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2012 წელს 31 000 იყო.
მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი საზოგადოების იმ რეაქციაზე, რაც ციხეებიდან პატიმრების მასობრივ განთავისუფლებას და, შესაბამისად, კრიმინალის ზრდას მოჰყვა. ცნობისთვის: დაახლოებით 15 000 ადამიანი განთავისუფლდა საპატიმროებიდან.
შედეგად მივიღეთ პარადოქსული სურათი _ ციხეებიდან პატიმრების მასობრივმა განთავისუფლებამ დანაშაულის მაჩვენებელი კი არ გააუარესა, არამედ გააუმჯობესა კიდეც.
როგორ ავხსნათ ეს ანომალიური მოვლენა?
ვერსია 1 _ აქამდე ციხეში მხოლოდ პატიოსანი ადამიანები ისხდნენ და როგორც კი ისინი „უკანონო“ პატიმრობიდან განთავისუფლდნენ, არათუ უარი თქვეს თავად ჩაედინათ დანაშაული, არამედ სხვა გარეთ მყოფი კრიმინალებიც დაარწმუნეს, თავი შეეკავებინათ ამისგან. ჩემი განათლება და გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას ვირწმუნო ამ ვერსიის სანდოობა.
ვერსია 2 _ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, ფურცელზე მაინც გაეუმჯობესებინა სიტუაცია და ამით შეეცვალა საზოგადოებრივი აზრი.
შედეგად მივიღეთ ის, რომ შემცირდა დანაშაულის რეგისტრაცია (და არა ჩადენილი დანაშაული) და შესაბამისად გახსნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა“.
სამაგიეროდ, დანაშაულებრივი გარემოს ზეგავლენას საკუთარ თავზე გრძნობდნენ მოქალაქეები. სხვათა შორის, ეს მოქალაქეები კარგად ხვდებოდნენ იმასაც, რა სტრატეგიას იჭერდა შსს და გაკვირვებული იყვნენ, რადგან მსგავსი არაფერი ენახათ.
მაგალითად, ილო ნიკოლაიშვილი წერდა, რომ როცა მისი მანქანიდან პლასტმასის სახელური მოპარული დახვდა და პატრული გამოიძახა, დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ცდილობდნენ, შემთხვევა არ დარეგისტრირებულიყო, ხოლო შემდეგ რაციაში საინტერესო საუბრები მოისმინა. შემთხვევა შარშან, ივნისში მოხდა:
„...პოლიციამ ურთიერთგამომრიცხავი შთაბეჭდილება დამიტოვა. როცა 112-ში განვაცხადე, მოვიდა 2 პოლიციელი. მკითხეს, რა მოხდაო? _ პლასტმასის სპოილერი მოიპარეს-მეთქი. _ მერე ეგ ეგეთი რა უნდა ღირდეს, რაში უნდა დასჭირვებოდათო? _ ვერ გეტყვით, მე საიდან უნდა ვიცოდე-მეთქი? მერე მკითხა, _ დაზღვეული გყავს მანქანა და ოქმისთვის გჭირდებაო? _ ამ მანქანას ვყიდი და არ მაქვს დაზღვეული-მეთქი. პასუხი _ ანუ ისეთი არაფერი ზარალი არ არის და ჩვენ არ გჭირდებით არაო?
რას ნიშნავს, ისეთი ზარალი არ არის? _ ზარალი საერთოდ არ მაინტერესებს, მოხდა კრიმინალური ფაქტი და როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ განვაცხადე, რამე დავაშავე ამით-მეთქი? არა, რას ამბობთო, სადღაც დარეკა და ამის მერე 2 წუთში მოვიდნენ გამომძიებლები, კიდევ 2 წუთში პატრულის ეკიპაჟი. პატრულები და გამომძიებლები სანიმუშოდ თავაზიანად და პროფესიულად იქცეოდნენ, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პირველი პოლიციელები "მეჩალიჩებოდნენ", რომ ოქმის შედგენაზე უარი მეთქვა.
არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, მაინტერესებს, დანაშაული სტატისტიკურად ასე მცირდება? და კიდევ, განყოფილებაში დაკითხვაზე ჩემი ყოფნისას რაციაზე შეატყობინეს ქურდობის, ჩხუბისა და დაჭრის ფაქტი. ვიღაცამ 112-ს შეატყობინა, რომ დაჭრა მოხდა.
განყოფილებიდან ვიღაცას გადასცეს, რომ შემთხვევის ადგილზე გასულიყო. დაახლოებით 40 წუთში განყოფილებას შეატყობინეს, არაფერი ისეთი, თავისით გაუჭრია ფეხიო. ერთ-ერთმა აშკარად კარგმა პოლიციელმა წამოიძახა, _ კარგი რა, თავისით რანაირად დაიჭრა თავი, ბოლოს და ბოლოს, კარგი რაო!..
ისევ არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ შემთხვევით, დაჭრილი ხომ არ დაარწმუნეს, რომ არ უნდა განეცხადებინა და უბრალოდ ეთქვა, მე თვითონ დავიჭერი თავიო? დანაშაულის სტატისტიკა ასე ხომ არ მცირდება?" _ ამბობდა ის.
სხვა აზრზე გახლდნენ პოლიტიკოსები. მაგალითად, ეკა ბესელია ამბობდა, მეც კი გამიჩნდება დანაშაულის მატების შეგრძნება, ყოველდღე რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ვუყურებდე გადაცემებს და სიუჟეტებსო და დაამატა, ეგ კონკრეტული არხის მიერ აგორებული პანიკააო. მერე კი ისიც შსს-ს სტატისტიკას მიუბრუნდა და ყელი მანაც მოიღერა:
"ასეთი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მე არ მახსოვს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად _ შსს ყველაფერს აკეთებს დანაშაულის პრევენციისა და გამოძიებისთვის".
მაგრამ როცა 2014 წლის აგვისტო მიიწურა, მოსახლეობა ნამდვილად ვერ იყო მშვიდად. ერთი თვის განმავლობაში მომხდარმა 11-მა მკვლელობამ ყველა აალაპარაკა, მაგრამ იზორია რისი იზორია იქნებოდა, თავი არ გამოეჩინა და გამოიჩინა კიდეც: განაცხადა, 2011 წლის აგვისტოშიც ზუსტად იმდენი მკვლელობა მოხდა, რამდენიც 2014 წელსო, რის გამოც მისი გუნდიდან ამ მოვლენების ადეკვატურად შემფასებელი ერთადერთი პირის, თინა ხიდაშელის კრიტიკა დაიმსახურა:
„დაუშვათ, მჯერა, რომ ის, რასაც იზორია ამბობს, სიმართლეა, რომ 2011 წლის აგვისტოში იმდენივე, ან მეტი მკვლელობა მოხდა. ასევე მჯერა, რომ ყველა დანაშაული გახსნილია.
ეს რას ცვლის? და დღეს შს მინისტრის მოადგილის პასუხი იმაზე, რაზედაც საქართველო ღელავს და დარდობს, სტატისტიკა რომ არის, ეს ნორმალური არ მგონია,
არც ის მგონია ნორმალური, ყველაფრის საზომად `ნაცმოძრაობა~ რომ გამოვიყენოთ;
ადვილია იყო მათზე უკეთესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ხარ.
მეტიც, მას თუ ედრები, მთლად კარგად არც შენ გამოიყურები. საზოგადოება იმას კი არ ელის ჩვენგან, რომ „ნაცების“ დროსაც ხდებოდა, თურმე, დანაშაული და იხსნება, არამედ იმას, ამ მკვლელობებთან ბრძოლას როგორ ვაპირებთ;
მომეტებულ იარაღთან ბრძოლას როგორ ვაპირებთ; ქალების წინააღმდეგ მოძალადეებს რას ვუპირისპირებთ; ახალგაზრდის დაცვისთვის რა გეგმა აქვს მთავრობას;
სტატისტიკა და შედარებები შეიძლება ექსპერტებმა აკეთონ, შენგან კი კონკრეტულ ხედვას ელის ყველა", _ დაწერა მან, მაგრამ რად გინდა? _ უცებ, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გამოტყვრა, სადაც მან ლექსო ჭიკაიძე აქო და ადიდა, მერე კი იკითხა: „სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?“ _
ერთ-ერთმა მითხრა, ჭიკაიძეს ხელში "კნოპკიანი" დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში. ჭიკაიძე ჩემი შერჩეული კადრი არ არის, მაგრამ ის უნდა დახასიათდეს შსს-ს მუშაობით და თუ გნებავთ, საკუთარი წარსულით. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რაღაც საშინელება ხდება, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია. ჭიკაიძე საქმიანობით შეაფასეთ. ამჩნევთ მას კორუფციისკენ მიდრეკილებას ან პოლიციაში რაღაც საშინელება ხდება?!
მე ვიცი, რომ პოლიციაში მას დიდ პატივს სცემენ და უყვართ თანამშრომლებს. ის ახერხებს, რომ მართოს შს სამინისტრო, რომელიც დღეს ეფექტიანი და წესიერი გუნდითაა დაკომპლექტებული. მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ. რას ერჩით?! ეს კაცი თავის საქმეს კარგად აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, ყველაფერი უკუღმა დახატოს. სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება (სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება). მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაშიც და სხვა ქვეყნებშიც.
ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე?! სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია?! მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება?! არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას.
გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), "ასწია" "რუსთავი 2"-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა _ შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია".
აი, ასე _ ბიძინასთვის, ცხადია, არაფერი ხდება: საკმარისია, მისი სასახლის სიახლოვეს ვინმემ გაიჭაჭანოს და იქ ჩნდება მთელი საპატრულო პოლიცია და ქალაქის სამმართველო, მაგრამ უბრალო ხალხი? რას ამბობს უბრალო ხალხისთვის სტატისტიკა? გადავხედოთ ბოლო, უკვე „ნარუშილოვკის“ ეპოქის დროინდელ სტატისტიკას, მხოლოდ ფაქტები:
2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის 6 აპრილის ჩათვლით სულ საქართველოში 6 მოქმედი და ყოფილი პოლიციელი მოკლეს და 16 დაჭრეს, ან სხეულის სხვა დაზიანება მიაყენეს, ხოლო 2-დან 15 სექტემბრამდე ბათუმში 4 ადამიანი მოკლეს და რამდენიმეს მოკვლა სცადეს...
დოროთე გითოლენდია