ის როგორ არის, _ თებერვალი დადგაო და ხეში წყალი ჩადგაო?.. თებერვლის რა გითხრათ, მაგრამ ამ სამ წელიწადში დამპალი ატამი და გაკაპიკებული ყურძენი უფრო მეტი ახსოვს კახელ გლეხს, ვიდრე საუკეთესო ცხოვრება. 2012 წლის ბიძინას საჩუქარმა კახელებს გული მოულბო, ეგონათ, ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ „იმერელმა აზნაურმა“ სიკეთე მხოლოდ ერთხელ ჰქმნა, მას მერე კი შრომის ფასიც დააკარგვინა კახელებს.
ამასობაში პრემიერის ნაქები 100 საწარმოდან კახეთში 2 თუ გაიხსნა, დანარჩენი კი, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩამოთვალა, ყველა 2012 წლამდე აშენებული და გაკაზმული იყო. თუმცა მაგას ვინ დაეძებს?! _ ამბასადორიალი, თურმე, ახლა გახსნილა და აქამდე არც უნახავთ.
3 წლის თავზე ყველა მუნიციპალიტეტში ყვავის კორუფცია და ნეპოტიზმი...
3 წლის თავზე მხოლოდ დედოფლისწყაროს გზებს დაეტყო სამთავრობო ცვლილება, დანარჩენგან კი ისეთი ორმოებია, რომ კახეთში სიცილით 100-დოლარიან „იამკებს“ ეძახან, _ მანდ მანქანას რომ საბურავი ჩაუვარდება, მობილურიც ვეღარ იჭერსო...
3 წლის თავზე იმდენი ყავა და ჩაი დაილია თვითმმართველობებში, რომ მაგდენი წყალიც კი არ მოსულა ბევრ სოფელში...
3 წლის თავზე თელავის მუზეუმი და თეატრი ისევ ყბადაღებული იყურება, შველას ითხოვს 2012-ში გაჩერებული მშენებლობა, იქნებადა, ვინმემ გააგრძელოსო...
3 წლის თავზე თელავის მერს ახალი იდეა მოუვიდა და „ნაციონალების მიერ აღებული მუზის ქანდაკება, რომელსაც თელავში „ოთარას სიდედრს“ ეძახიან, უკან უნდა დააბრუნოს. შინაურობაში ამბობს, რომ „ქართუ ბანკის“ შენობა ძალიან აჭყიტებს მოედანზე და რაღაცით უნდა გადავფარო, ვინ იცის, მომდევნო წელს რა ხდებაო? ასე რომ, თელავს ძირითადი ცვლილება ის აქვს, რომ მკერდით სავსე ქალი უბრუნდება მოედანზე და 2012 წლის მერე გამორთული შუქნიშნები რომ ჯერ კიდევ ვერ ჩაურთავთ, ეგ უკვე გადახარშული თემაა.
ახლა ლაგოდეხი, ლაგოდეხში საკრებულოს თავმჯდომარე ჰყავთ „კანფეტი“ _ საკრებულოს სხდომას ნასვამი სულ „ამის დედა ვატირეს!“ ძახილით იწყებს და ფხიზელი კი გამგებელთან ერთად 1 მილიონად შეფასებულ „კამაცუს“ ისე ასხვისებს, რომ კაციშვილმა არ იცის, სად მიდის მუნიციპალური ქონება?!
ახმეტაში იმ თავიდან ამ თავამდე გამგებლის ცოლისძმაა თემა და მასზე დახარჯული ბიუჯეტი, მაგრამ რას ვიზამთ? _ ახმეტა ჭორვილამდე შორსაა და ამიტომ ხმას არავინ იღებს.
ოოო! მაინც არის 3 წლის თავზე ცვლილებები:
ესეც „ქრონიკა+“-ის ექსკლუზივი!
რამდენმე კვირის წინათ თელავში „ქართული ოცნების“ დიდი „სხადნიაკი“ ჩატარდა, სადაც ძირთადი პროტესტი საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე იყო, ისევ „ნაცები“ გვმართავენოოო, ხოლო ვისაც ლურჯი მაისური გვეცვა, გარეთ ვართო _ ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობაო და კი მომაწოდეს თელავის მაგალითზე, ვინ უნდა მოიხსნას:
1. თელავის ვიცე-მერი თენგო მთვარელიშვილი, რადგან სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი იყო 2009 წლიდან;
2 თელავის მერის მოადგილე აკა საჩიშვილი, რადგან „ნაციონალების“ დროს საჯარო მოხელე იყო;
თელავის მუნიციპალიტეტში:
3. იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რადგან 2012 წლამდეც მუშაობდა;
4. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოგიტა ხატიაშვილი, რადგან 2008 წელს ერთი წლით ყოფილა გამგებლის მოადგილე;
5. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო აფციაური, მასაც მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი აქვს;
6. ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი ბიძინა ხატიაშვილი, რადგან ძველი დროის კადრია და მისი ნდობა მავნებლობაა;
7. კულტურის სამსახურის უფროსი სოფო ახმეტელი, რადგან 2012 წლამდე ღვინიაშვილთან მუშაობდა გუბერნიაში (ესენი ყველაზე კომპეტნეტური კადრები არიან, რეალურად, და ამათაც თუ გაუშვებენ, კი დაიქცევა ამ მეოთხე საუკეთესო წელიწადს თელავი).
8. მიხეილ შაშიაშვილი, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსია.
თუმცა რას და როგორ აფასებს ახალგაზრდული გაერთიანება „ახალი ტალღის“ ხელმძღვანელი, ნოდარ ეჟიშვილი, ამას ქვემოთ გავიგებთ:
_ როგორ შეაფასებდით 3 წლის თავზე ხელისუფლების მუშაობას?
_ დემოკრატიულ სახელმწიფოს განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობის ფაქტორი. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას ადგილზე და სწორედ ეს ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიან მუშაობაზე მუნიციპალიტეტებში. აქედან გამომდინარე, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობა აშკარად აისახება ცენტრალური ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის რეიტინგზეც.
შევეცდები, ქრონოლოგიურად ავხსნა დღევანდელი ვითარება ადგილობრივ თვითმმართველობაში თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის მაგალითზე: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია, ქვეყანას შეემატა რამდენიმე თვითმმართველი ქალაქი და ახალი მუნიციპალიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა ახალი იყო, მოსახლეობა გაგებით მოეკიდა საკითხს. დემოკრატიის ფუნდამენტიც ხომ აქედან გამომდინარეობს: „მმართველობა ქვემოდან ზემოთ, ანუ ხალხიდან ხელისუფლებამდე“.
როგორც იდეაში იყო, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმას უნდა შეეცვალა მანამდე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და გაეუმჯობესებინა მუშაობის ეფექტიანობა. თუმცაღა იდეა დარჩა იდეად და რეალურად არაფერი შეცვლილა _ მივიღეთ იგივე ნეპოტიზმი, ხელოვნურად გაზრდილი შტატები ააიპების სახით და არაეფექტიანად გახარჯული ბიუჯეტი. როგორც ჩანს, ცენტრალურმა ხელისუფლებამაც ნათლად დაინახა ადგილობრივ თვითმმართველობაში განცდილი საკუთარი რეფორმების მარცხი და გადაწყვიტა დემოკრატიული გზით, ტესტირების მეშვეობით შეერჩია საჯარო მოხელეები. ეს იყო გზა, საზოგადოებისთვის დაენახვებინათ საკუთარი დემოკრატიული მიდგომა დასაქმების ინსტიტუტის მიმართ, ასევე ამ გზით ჩამოეშორებინათ განაწყენებული და არაპროფესიონალი პარტიული კადრი. თუმცა ამ სისტემამაც კრახი განიცადა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელთა წყალობით, რადგან ტესტირება აღმოჩნდა ფორმალური და მაინც ის მიიღეს სამუშაოდ, ვინც ხელმძღვანელობას სურდა. საქართველოს ამჟამინდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ხმამაღლა საუბრობდა მუნიციპალიტეტში არსებულ დარღვევებზე, რომელიც სწორედ ამ ტესტირებებს ეხებოდა. თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ სისტემურ კრახზეც დუმილი ამჯობინა; ხოლო ამ დუმილით გათამამებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმალურმა თუ არაფორმალურმა მმართველებმა სისტემის ჩავარდნას დაუმატეს ისიც, რომ ისეთი ადამიანები დაასაქმეს, რომლებმაც ტესტირებაში ბარიერიც კი ვერ გადალახეს. ეს უკანონობა კანონის ჩარჩოებში რომ მოექციათ, ასეთ საჯარო მოხელეებს ხელშეკრულება გაუფორმეს, როგორც დროებით მოვალეობის შემსრულებლებს.
ახლა რაც შეეხება თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ეფექტიანობას: იგი შეეხო მხოლოდ კონკრეტული პირების პირად სარგებელს. როგორც ჩანს, დაენანათ ძველი ხელისუფლების მიერ აწყობილი ფულის საჭრელი მანქანის დანგრევა და გადაწყვიტეს, თვითონაც ეშოვათ ფული. დღეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია ახალი კომპანიები, რომლებიც მუდმივად იგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს და შოულობენ ფულს, შემდეგ კი ეს ფული, რა თქმა უნდა, ნაწილდება თანამდებობის პირებზე. ეს სისტემა შექმნილია მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მუნიციპალიტეტის მმართველი მაღალჩინოსნები მხოლოდ ფულის შოვნით არიან დაკავებულები.
რეალურად, ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინი, ფაქტობრივად, არ გამართლდა. დღეს, ალბათ, ვერ ნახავთ სოფელს, სადაც კმაყოფილი მოსახლეობა შეგხვდებათ! დღეს, ალბათ, ვერ ნახავთ სოფელში ადამიანს, რომელიც გეტყვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ეფექტიანად მუშაობს.
_ და მაინც, 2015 წელს რა ხარვეზებია თვითმმართველობებში?
_ როგორც წინა ხელისუფლების დროს, დღესაც უამრავი ხარვეზია ადგილობრივ თვითმმართველობაში: ბიუჯეტის არაეფექტიანი განაწილება და ხარჯვა, ნეპოტიზმი, პარტიული ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება, არაფორმალური მმართველობა, ხელოვნურად გაზრდილი ადმინისტრაცული შტატები და მიკერძოებული ტენდერები.
სამწუხაროდ, ეს სისტემა ჩამოყალიბდა დღევანდელ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც და ვფიქრობ, ძალიან დიდი ძალისხმევა და ბრძოლა იქნება საჭირო მის მოსაშლელად.
_ რა პრინციპით ინიშნებიან თანამდებობებზე?
_ დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს წარმატება დაფუძნებულია განათლებული და პროფესიონალი კადრის არსებობაზე ქვეყანაში. საქართველოში, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, უფრო ხშირად კი, ადგილობრივ თვითმმართველობებში, გაჩნდა შეგრძნება, რომ სამსახურში არ იღებენ განათლებულ კადრს, თითქოს ვიღაცას, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებას ხელს აწერს, ეშინია განათლებული კადრის. სამაგიეროდ, გზა ხსნილი აქვს მორჩილ კადრს, რომელიც მზადაა, უსიტყვოდ შეასრულოს ხელმძღვანელის დავალება და რეალურად უნდა იცოდეს, რომ მას არ ევალება ფიქრი, კრეატივი და თვითშემოქმედება, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი მუშაობის დროს. მთავარია, მორჩილება. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ დიდი პრობლემაა ნაცნობობისა და ნათესაობის ინსტიტუტი, რომელიც ყველა დიპლომზე და გამოცდილებაზე ძვირფასია, თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმება გსურს.
_ თქვენი აზრით, კახეთის გუბერნატორი დანიშვნებში ერევა?
_ როგორც წესი გუბერნიის ფუნქციაა, ადგილობრივ თვითმმართველობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის შეასრულოს შუამავლის ფუნქცია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ თვითმმართველობას ეფექტიან მმართველობაში და დაეხმაროს განვითარებაში. თუმცა ამ შემთხვევაშიც არ შემიძლია გამოვრიცხო გუბერნიის სისტემის უხეში ჩარევის მაგალითები ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. სამწუხარო პრაქტიკაა, მაგრამ ეს ფაქტია. ეს არის ის მანკიერი სისტემა და ჩვევა, რომელიც შემორჩა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდიდან და გრძელდება დღესაც.
მესმის, რთულია, მხელა ძალაუფლების ხიბლს გაუძლო და არ გამოიყენო ის საკუთრი ავტორიტეტის გასამყარებლად, თუმცა თუ გვსურს შევქმნათ უკეთესი რეგიონი და უკეთესი ადგილობრივი თვითმმართველობა, ამ გამოწვევას სათანადოდ უნდა უპასუხოს ყველა გუბერნატორმა.
_ თელავის თემის მაგალითზე რას საქმიანობენ სოფლების რწმუნებულები (გამგებლის წარმომადგენელი სოფელში)?
_ მიუხედავად იმისა, რომ გამგებლის წარმომადგენელი სოფელში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობრივ იერარქიაში ყველაზე დაბალ თანანმდებობად მიიჩნევა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქცია და სამსახურებრივი მისია. ეს არის ადამიანი, ვისაც უშუალოდ სოფლის მოსახლეობასთან აქვს კომუნიკაცია და პასუხისმგებელია სოფელში მიმდინარე მუნიციპალურ საქმიანობაზე. თუ ამ ადამიანს არ შესწევს ძალა და უნარი, რომ საკუთარი მოვალეობა კარგად შეასრულოს, რა თქმა უნდა, სოფელი ვერ შეძლებს ვერანაირი სახის განვითარებას.
პრობლემაც ეს არის. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის შემდეგ ეს ინსტიტუტიც შეიცვალა მხოლოდ ფორმალურად, რწმუნებულს დაერქვა გამგებლის წარმომადგენელი სოფელში, რეალურად კი ეს თანამდებობა ეკუთვნის პარტიულ მუშაკს, რომელიც კონკრეტულ სოფელში გამოირჩეოდა საარჩევნო ხმების შეგროვებით; ან ყველაზე უარესი, რაც დღეს თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოხდა: სოფელში გამგებლის წარმომადგენლად დაინიშნა ქალაქ თელავის მკვიდრი, რომელიც საერთოდ არ იცნობს სოფელს და ექნება თუ არა მოსახლეობასთან კომუნიკაცია, არავინ იცის.
_ რა როლი აქვთ არჩეულ დეპუტატებს?
_ მათ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ კონკრეტული ტერიტორიული ორგანოს მიმართ, თუ ეს პიროვნება მოსახლეობამ წარმომადგენლად აირჩია მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ნორმალურ პირობებში დეპუტატმა საკრებულომდე უნდა მიიტანოს სოფლის პრობლემა და მოითხოვოს მისი აღმოფხვრა. დეპუტატმა მოსახლეობასთან კონსტრუქციული დიალოგით უნდა გამოყოს სოფლის პრობლემათა პრიორიტეტები და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იზრუნოს მათ მოგვარებაზე. ასევე დეპუტატი უნდა გამოირჩეოდეს კრეატიულობით, ინიციატივებითა და დამოუკიდებელი აზროვნებით...
სინამდვილეში კი დღევანდელი ხელისუფლება არც ამ საკითხში ჩამორჩენია წინა ხელისუფლებას და გააგრძელა ტრადიციულად მორჩილი დეპუტატების სისტემის დახვეწა. დღეს საკრებულოში უმრავლესობის რიგებში არიან დეპუტატები, რომელთა ინტერესს წარმოადგენს არა საკუთარი მოვალეობის შესრულება, არამედ იმაზე ფიქრი, როდის მოვა თვის ბოლო, რომ სრული მორჩილებით გამომუშავებული ხელფასები აიღონ. თან დროდადრო სხვა პარტიების წარმომადგენლებთანაც იწერენ ქულებს ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი, მომავალ არჩევნებს ვინ მოიგებს!..
_ დღევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის საბოლოო სახე?
_ ბოლოს შემიძლია გითხრათ, რომ იმ ოცნებამ, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას ჰქონდა ისევე როგორც მრავალ სხვა ასპექტში, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაშიც განიცადა კრახი. დეცენტრალიზაციის მცედლობისას, როგორც ქართულ პოლიტიკას სჩვევია უკიდურესობაში გადავარდნა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ თითქოს სრულიად დაკარგა ადგილობრივ თვითმმართველობაზე კონტროლი. როდესაც ძალაუფლება ქუჩაში გდია, მას ყოველთვის აიღებს ის, ვინც ქუჩა კარგად იცის.
მოკლედ, სამი წლის წინათ კახეთის ახალი ეპოქა იმით დაიწყო, რომ კახეთის ვიცე-გუბერნატორ გიორგი სიბაშვილს 5 ეპიზოდში ბრალი წაუყენეს, დანგრევა და გაპარტახება დააბრალეს...
არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად სამი წელი გაიჭიმა პროცესები და აგერ, სამი წლის თავზე ეს სისხლისმსმელი სიბაშვილი ალალმართალი გამოვიდა სასამართლოდან, თუმცა ამ სამ წელიწადში სასამართლო, საშუალოდ, 41-ჯერ გადაიდო, პროკურორი ხან ტრენინგზე ატარეს, ხან _ მივლინებაში, ხან დაასვენეს, ხან მოასვენეს და ბოლოს აივნიდანაც კი გადმოხტა და ფეხი მოიტეხა, ოღონდ პროცესებზე არ ევლო...
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ საჯარო მოხელის დაჭერაზე ადვილი არაფერია, მაგრამ კახეთის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სიბაშვილის დაჭერაც არ ყოფილა ადვილი...
რაც შეეხება გუბერნატორს, მოვიდა თუ არა „ნაციონალების“ გაზრდილი ახალგაზრდა კაცი კახეთის მესაჭედ, გადმოდგა და დაუყოვნებლივი ბრიფინგი ჩაატარა. ავტომობილების „ნაციონალების“ მიერ მისაკუთრება ამცნო საზოგადოებას. კიდევ ამცნო, რომ დათო ადეიშვილს მობილურზე ძალიან დიდი თანხა დაუხარჯავს, ოღონდ გადაუხდია _ 2-ლარიანი სიმბარათი, თურმე, გუბერნიის ბალანსზე ყოფილა და წავიდა კახეთის მხსნელი და ოჯახს წაართვა ძვირადღირებული 2-ლარიანი საქონელი... ამას მოაყოლა ისიც, რომ მე არ ვერევი სხვის საქმეში და არჩეულ საკრებულოებს ხომ საერთოდ არ ვერჩიო. არადა, ამასობაში, სკაიპის ჩართვით დანიშნა ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე; საგარეჯოში ორსული გოგო გარეთ გააგდო; თელავში მარტოხელა დედა, რომელიც პრესსამსახური იყო, გამგებელს გააგდებინა იმ მოტივით, სიბაშვილის კუთვნილი მისალოცი ბარათი რატომ მისცა სიბაშვილსო?
და, აი, ასე, ამასობაში, დედოფლისწყაროს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა სულ თავად გამოიყენა, მუნიციპალიტეტის შენობაში დედამისს საბუღალტრო კურსები გაახსნევინა და გადააქცია კახეთის მუნიციპალიტეტები საქულას დუქნად. ხო, რაც მთავარია, ამ წელიწადში იმდენი საწვავი დაწვა, რომ თელავიდან ლონდონამდე 3-ჯერ იმგზავრებდა კაცი და ხურდაც ბევრი დარჩებოდა...
ახლა კი მარანი!
პლატონს უთქვამს: სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველიო... (თელაველებს მინდა ვუთხრა, რომ ეს ის პლატონი არ არის, თქვენ ვინც გაიფიქრეთ).
სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული რომ უნდა ჰყავდეს, ეს უკვე ვიცი... ჰოდა, შევკაზმე ჩემი ცხენი და ვიწყებ:
2012 წლის შემოდგომის შემდეგ „ნაცებისგან“ ბორკილაყრილმა ქართველებმა ოცნებებში გაინავარდეს, იფრინეს, ინარნარეს...
ოცნებებს გრავიტაციამ სძლია... თურმე, დედამიწა ისევ ტრიალებს, ზამთარში თოვს, ზაფხულში ცხელა, მზე კი... მზე ჩვენთან დედოფლისწყაროდან ამოდის... ზოგი ამბობს, ამოდისო, ზოგი _ ჩამოდისო, ზოგიც _ ფეხით დადისო... 2012 წლის მერე, ვიდრე კახეთს მზე გაანათებს, ჯერ დედოფლისწყაროში ანათებს, აბა, მზეს რა სითბო ექნება, თუ ჯერ საქართველოს სიმამრთა სიმამრის მარანში არ შეანათა?
მადა ჭამაში მოდისო...
და რას მიქვია იმერეთიო, ქუთაისის პარლამენტიო, ჯერ მზე ჩვენთან ამოდისო და თამაზ თამაზაშვილის მარანი კი იქცა საქართველოს პარლამენტის ფილიალად. ბოლო სამ წელიწადში ჯერ ბიუჯეტი აქ იწერება, მერე კი პარლამენტში...
რა დემოკრატია, რის დემოკრატია? მომინდომეს მთვარეზე გაფრენა, ჩვენი დემოკრატია ბოლო სამი წელი ჯერ ტარიელა ძიაა, 2012 წლამდე რუბენიჩს რომ ვეძახდით და მერეა ევროპარლამენტი...
რა სამართალი, რის სამართალი?
ამდენი მკვლელი დაუსაქმებელი რომ ჰყავდათ `ნაციონალებს~, სირცხვილი არაა? ადგნენ და თუ ვინმე განსაკუთრებით სასტიკი იყო მანამდე, ყველა დანიშნეს სამსახურის უფროსად (მე რა დაგიშავეთ, ეს ნაციხარი ქალი რომ არ მოგივედით ჭკუაში, ვაა? მაგრამ ამ ჩემს ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერს ამბობს, ხოო? _ მ. მ.).
ჰოდა, აი, ასე, მე არ ვიცი, საგარეჯოს იქით რა ხდება და თუ აქეთ მკითხავთ, ჩვენი დემოკრატია ალექსანდროვიჩი და რუბენიჩია ბოლო სამი წელი....
ჩვენთან ბიძინას არ ცნობენ, ჩვენი მზე ჩვენი მარანია...
ხანდახან ლაგოდეხი... დაუმორჩილებელი გამგებელი გვყავს იქით, ხისტი ჯამბურია, კალაძის დეიდაშვილია და ავიწყდება ხოლმე, რომ მზე ანათებს და არა მთვარე... ამიტომ ხშირად დასასჯელი ეს ბიჭი გვყავს ხოლმე.
თუმცა რაც ყვარელში ვნახეთ ბოლო სამი წელი, იმას რა დაგვავიწყებს? გამგებელი კაცი ისე მოხსნეს, ისე ჩახსნეს, ისე დაიჭირეს დავით ქევხიშვილი, რომ არც კი გახსენებიათ, ვინ იყო და რა იყო... მიზეზი? ქევხიშვილი ამბობდა, _ თამაზაშვილის დეიდაშვილ პაპიაშვილს „ერისიონის“ კონცერტის ბილეთები არ გავუგზავნე და მაგიტომ დავისაჯეო...
უუხხ, ახმეტა!
ახმეტა მაგარია. ზვიადაურმა ერთი ხომ 11 წლის წინათ დასცა იპონზე მეტოქე და აქ კი იგივე იპონი რესპუბლიკელებს ჩაუტარა... აი, ასე დარჩა ახმეტას სამი რესპი. მათაც ხან მიიღებს სამსახურში და ხან გაუშვებს, აბა, მაშ, რაა! რა დროს კონსტიტუციაა, მთავარია, კაცობა და ჯიგრობა!
მოკლედ, დიდი ხანია, არ გვჭირდება ჩვენ ეს მოგონილი დემოკრატია, ჩვენ ჩვენი დემოკრატია გვაქვს.
დაბოლოს, რადგან თელავში ჩვენი მერი პლატონია და პლატონის თემა აქტუალურია, მისივე სიტყვებით დავასრულებ: „ბევრი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად“.
აი, ასე ჭკუაგადასულები დავდივართ ბოლო სამი წელიწადია და მოდი, მთლად ნუ გადაგვიყვანთ ბოლომდე ჭკუიდან.
მაკა მოსიაშვილი