„2021 წლისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთი გახდება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი საქართველოში თავისი მდგრადი ეკონომიკითა და სოციალური კეთილდღეობით. ამ რეგიონის მახასიათებელი იქნება მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის მხარის შემოსავლებს, არსებულ საწარმოო სიმძლავრეებსა და ახალი ბაზრების ათვისებას, როგორც წინაპირობას ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ამაღლებისა და მოსახლეობის ხანგრძლივი კეთილდღეობისთვის”, _ 2013 წელს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი სამეგრელოს რეგიონის რვაწლიანი განვითარების გეგმიდან.
2030 მერე იყო, მადა ჭამაში მოვიდა. თავიდან ბიძინა ივანიშვილის ხედვები და სტრატეგია საკმაოდ მოკრძალებულ პერიოდზე _ 2021 წლამდე იყო გათვლილი.
როგორი იქნება სამეგრელო 2021 წელს, ეს ჯერ არავინ იცის, სამაგიეროდ, სამეგრელომ კარგად იცის, რომ კიდევ ერთხელ გადააგდეს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, სამეგრელოს ივანიშვილის ოცნების ახდენის შესაძლებლობა დიდად არც დაუჯერებია: 2012 წელს, პარტიული კუთხით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ რეგიონში, სხვა რეგიონებთან შედარებით, დაბალი პროცენტი მიიღო, ხოლო მაჟორიტარულ არჩევნებში თვით ირაკლი ალასანია დამარცხდა, მერედა, ვისთან? _ როლანდ ახალაიასთან. სწორედ იმ ახალაიასთან, რომელსაც მეოცნებეები გაცამტვერებას უპირებდნენ და ამბობდნენ, რომ თავისუფალი არჩევნების პირობებში მოსახლეობა მას ხმას არ მისცემდა.
იმდროინდელ კულუარებზე ახლა საუბრობენ და იხსენებენ, რომ პირველ ოქტომბერს, საღამოს, დიდი სჯა-ბაასი და მუხლების კანკალი ყოფილა შუშის სასახლეში იმასთან დაკავშირებით, ვის უნდა ემცნო ქაღალდებში ჩაფლული, ტელეფონზე ჩამოკიდებული ბიძინა ივანიშვილისთვის ზუგდიდში მაჟორიტარული არჩევნების წაგება.
ბოლოს ეს მისია თავად დამარცხებულს უკისრია და ივანიშვილს თავიდან არც დაუჯერებია, უფიქრია, რომ ალასანია უკბილოდ ხუმრობდა, მაგრამ როცა ფაქტებიც დაუდევთ მაგიდაზე, ხელი ჩაუქნევია და უთქვამს, მეგრელებისგან სხვას არაფერს ველოდი, ესენი ახალაიების ღირსნი არიანო. თუმცა მერე, როცა აზრზე მოსულა, თუ საქმის კურსში ჩაუყენებიათ, ალასანიაზე აღრენილა, _ მაგის შტაბის წევრები იქ რას მიკეთებდნენ, მაგხელა ფულს რაში ვიხდიდიო?!
სამეგრელოს ახლა ისღა დარჩენია, ბიძინას დანაპირები გაიხსენოს და კიდევ ერთხელ მწარედ ამოიოხროს იმის გამო, რომ ისევ მოტყუება დაუპირეს. არადა, ბიძინასა და მისი გუნდის დაპირებების ის უკვე სასაცილო ნაწილი, რომლებზედაც ახლაც კი ქირქილებენ, სწორედ სამეგრელოში გამართულ მიტინგზე, 2012 წლის 22 სექტემბერს იყო გაცემული.
ზუგდიდის მიტინგით რეგიონების თემა დაიხურა და ბოლო მიტინგი „ოცნებამ“ თბილისში ჩაატარა, თუმცა, გახსენებაზე, ზუგდიდში უამრავი იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტი, რომლებიც თბილისიდან, იმერეთიდან, გურიიდან ჩაიყვანეს. კარგად მახსოვს, მაშინ ერთმა ჩემმა კოლეგამ ორი სახის ექსპერიმენტით დაამტკიცა, რომ მიტინგზე ზუგდიდლები უმრავლესობა სულაც არ იყვნენ: ის კამერით ხალხში დადიოდა და ერთ შემთხვევაში რესპონდენტებს მეგრულად მიმართავდა კითხვით, რაზედაც უმრავლესობა პასუხობდა, რომ მეგრული არ იცის, ხოლო მეორე შემთხვევაში მოქალაქეებს ეკითხებოდა, სად მდებარეობს დადიანების მუზეუმი ზუგდიდში და მასთან მისასვლელ გზას კითხულობდა, რომელსაც, ცხადია, ზუგდიდში პირველად ჩასული აქტივისტები ვერ ასწავლიდნენ...
მაშ, ასე! _ საპნის ბუშტივით გამსკდარი და შარშანდელი თოვლივით გამქრალი ბიძინასეული დაპირებები სამეგრელოსა და ზუგდიდს:
სწორედ ზუგდიდში სიტყვით გამოსვლის დროს დადო პირობა თავად ბიძინა ივანიშვილმა, რომ ზუგდიდის (ყურადღება მიაქციეთ: ზუგდიდისა და არა მთელი სამეგრელოს) ეკონომიკაში 100 მილიონი ჩაიდებოდა. აი, ციტატა გამოსვლის ტექსტიდან:
„ერთი მცირე ჯგუფი ვეღარასოდეს გადაწყვეტს ვერც ერთი ადამიანის ბედს. ყველას ექნება საკუთარი შრომით ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობა. მე გპირდებით ამას!
სამეგრელოში სოფლის მეურნეობის არაერთი დარგი იყო განვითარებული, დღეს კი ჩაით, ციტრუსითა და თხილით განთქმული მხარე თითქმის გაპარტახებულია.
ამის ყურება მე გულგრილად არ შემიძლია. როცა სამეგრელოს დახმარების გეგმას განვიხილავდით, მე დამარწმუნა ირაკლი ალასანიამ, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, რომ პრობლემის მოგვარება ზუგდიდიდან უნდა დაგვეწყო, რადგან სწორედ ზუგდიდია ადმინისტრაციული საზღვრისპირა ქალაქი.
ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ზუგდიდის ეკონომიკაში ჩავდებთ 100 მილიონ ლარს, რათა შესაძლებელი გახდეს მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა, რათა შვება მიეცეს მშრომელ მოსახლეობას, ბიზნესიც განვითარდეს და უამრავი სამუშაო ადგილიც შეიქმნას“.
უამრავი სამუშაო ადგილის რა მოგახსენოთ, ან ზუგდიდის ეკონომიკაში ჩადებული 100 მილიონის, მაგრამ სამუშაო ადგილები მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებაში შეიქმნა _ ახალი მერისა და გამგებლის გარემოცვისთვის. სხვათა შორის, ზუგდიდის მერი, რომელიც ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ნეპოტიზმში, სულაც არ მალავს, რომ სწორედაც თავისი გუნდით მოვიდა და გუნდურად იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე. ეს „ყველაფერი“ კი, პირველ რიგში, სწორედ რეგიონის რვაწლიანი განვითარების გეგმაა, რომელსაც, ცხადია, შესრულება არ უწერია.
კიდევ ერთი მთავარი დაპირება, რომელიც ზუგდიდში ივანიშვილმა გასცა და მერე ერთ-ერთ ბრიფინგზე „იმედის“ ჟურნალისტმა შეახსენა, „უნიკალური თანამედროვე სამედიცინო ცენტრის“ გახსნა იყო. სანამ ამ პირობას დადებდა, ივანიშვილი მეგრელებს მიელაქუცა, თქვენ სწორედ სამედიცინო სფეროში გაითქვით სახელი ყველაზე მეტად და ეს ტრადიცია რომ არ მოირღვეს, ევროპულ სამედიცინო განათლებას აქვე, თქვენს რეგიონში მიგაღებინებთ, თანაც, უფასოდო:
„ყველაზე მეტად მაინც მედიცინაში გაითქვეს მეგრელებმა სახელი. სამეგრელოდანაა არაერთი მსოფლიოში სახელგანთქმული ექიმი.
მე პირობას გაძლევთ, მეგრელებო, რომ ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს დიდი ტრადიცია გაგრძელდეს და ამ კუთხის შვილებს კვლავ მიეცეთ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების საშუალება, ოღონდ ამჯერად უკვე აქ, ზუგდიდში.
ზუგდიდში შეიქმნება საერთაშორისო, კავკასიის რეგიონისთვის განკუთვნილი სამედიცინო ცენტრი და სასწავლებელი. ეს გეგმა უკვე გავაცანით საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სამედიცინო სფეროში საქმიანობენ. ჩვენ მათი მხარდაჭერაც მივიღეთ.
სამედიცინო ცენტრისა და სასწავლებლის მშენებლობა 2013 წლიდან გვინდა დავიწყოთ. მთავარი კი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მკურნალობაც და სწავლაც სრულიად უფასო იქნება, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მსურველისთვის“.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა საჯაროდ დაუსვა შეკითხვა, როდის დაიწყებოდა ამ ცენტრის მშენებლობა, ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში თქვა:
„როცა ბრიფინგი დამთავრდა, მე გადავამოწმე სერგეენკოსთან და აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი მიდის, დაპირებული საავადმყოფოს მშენებლობა ზაფხულში დაიწყება და ამ ოთხწლიან ციკლში ჯდება“.
რა ხდება სინამდვილეში? ამ თემით ივანიშვილის დაინტერესების შემდეგ ცენტრის პროექტი მართლაც გაკეთდა, მაგრამ კურიოზული ის გახლდათ, რომ ტერიტორიაც კი არ იყო შერჩეული. არ ვიცი, რომელი „ოთხწლიანი ციკლი“ იგულისხმა ივანიშვილმა, მაგრამ დიდად საეჭვოა, 2016 წლის შემოდგომამდე ამ ცენტრის აშენებაც მოესწროს, დაკომპლექტებაც და იქ უფასო სწავლებაც დაიწყოს...
ცენტრი თუ ვერ მოესწრება, მერე რა? სამაგიეროდ, ზუგდიდში „მაკდონალდსი“ გახსნა პრემიერმა ღარიბაშვილმა, ამას არ უნდა დანახვა? თანაც ისე გახსნეს, რომ არც კი დაპირებიან ზუგდიდლებს ამას...
ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებულ პირობებში სამეგრელოს მოსახლეობის მიმართ იყო კიდევ ერთი საინტერესო დაპირება _ „თხილის მაფიის“ მოსპობის შესახებ. მიტინგზე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა სიტყვასიტყვით გაიმეორა ჭორი, რომ თხილის ფასები „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა მონოპოლიზებული და გლეხს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ამას ბოლოს მოვუღებთო, დაიქადნა ივანიშვილმა:
„დღეს მონოპოლიზებულია თხილის ბიზნესი, ჩაბარების ფასები ხელისუფლებისგან ხელდასხმული ერთი ჯგუფის ხელშია და ამ ჯგუფის გადასაწყვეტია, რა ფასად ჩაიბარებს თხილს, და თქვენც იძულებული ხართ, ჩალის ფასად ჩააბაროთ მოსავალი. ეს უნდა დამთავრდეს!
ერთი მცირე ჯგუფი ვეღარასოდეს გადაწყვეტს ვერც ერთი ადამიანის ბედს. ყველას ექნება საკუთარი შრომით ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობა. მე გპირდებით ამას!“
გაინტერესებთ, რა ხდება სინამდვილეში? ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ „ქრონიკა+“-ის წინა ნომერი, სადაც ამ პრობლემაზე დეტალურად ვწერდით, მოკლედ კი აქვე გეტყვით: არასდროს, სააკაშვილის ხელისუფლების ბოლო წლებში, კილოგრამი თხილის ფასი არ ყოფილა ისე დაბალი, როგორც ეს 2015 წლის შემოდგომაზეა!
არადა, ზაფხულში ფასი 8-9 ლარს უტოლდებოდა და გლეხები გახარებული იყვნენ, მაგრამ შემოდგომისთვის, როცა გლეხს ყველაზე მეტად სჭირდება ფული (სკოლა, მოსავალი) და თხილს აბარებს, მისი ფასი 5 ლარამდე და ქვემოთაც დაეცა. აქ, უბრალოდ, აღარ დავწერ, რა ეპითეტებით ამკობენ ამის გამო ივანიშვილსა და მის მთავრობას სამეგრელოში...
სწორედ ზუგდიდში და სწორედ 22 სექტემბრის მიტინგზე განაცხადა მაშინ ივანიშვილის თვალის ჩინმა ირაკლი ალასანიამ, რომ პენსია 250 ლარი გახდებოდა, რამაც გამაყრუებელი ოვაციები გამოიწვია. იქვე იდგა ბიძინაც, მაგრამ მან მოგვიანებით თქვა, რომ „250-ლარიანი პენსია“ მე დაპირებებში არ მიხსენებიაო. მართალია, არ უხსენებია, სამაგიეროდ, დააანონსა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდებოდა. აბა, თავად ნახეთ:
„ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას და მას მიიღებს ყველა, ვისაც ეს ნამდვილად სჭირება. ჩვენ პენსიებს საარსებო მინიმუმს გავუტოლებთ, ხოლო საარსებო მინიმუმიც გადაიხედება და რეალურს გაუთანაბრდება.
პირველ რიგში, რასაც სასწრაფოდ უნდა მივხედოთ, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა“.
აქ გავჩერდეთ, მერე ერთბაშად მილიარდიანი დაპირება მოდის. აბა, სადაა გაორმაგებული სოციალური დახმარება? იქნებ, საარსებო მინიმუმი გადაიხედა და გაუთანაბრდა „რეალურს“, როგორც ბატბიძინამ თქვა? იქნებ, პენსია გახდა ახალი საარსებო მინიმუმის ტოლი და ეს უმადური ხალხი ვერ ვამჩნევთ ამას? იქნებ, უკვე გაიცემა პენსიები 250 ლარის ოდენობით, როგორც ეს ალასანიამ დააანონსა ივანიშვილის თავის ქნევის ფონზე?
გავაგრძელოთ, მილიარდს მივადექით:
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისათვის შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი. ამ ფონდის დახმარებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები ისარგებლებენ გრძელვადიანი, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხებით“.
სადაა სესხები და ე. წ. უფასო ფული? ვერ ვხედავთ. ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ ვრცელ გამოთქმაში კიდევ უამრავი დაპირება იყო. დაპირებები უხვად გასცა ირაკლი ალასანიამაც:
„მე ამაყი ვარ დღეს, რომ მთელი სამეგრელო, ზუგდიდი და საქართველო ფეხზე დგას და ერთ მუშტად არის შეკრული. სწორედ აქედან მინდა შევახსენო ჩემი ერთ-ერთი მოგვარის შვილს, რომ ზუგდიდი არის, იქნება მომავალშიც და იყო ყოველთვის სამეგრელოს გვირგვინი. სწორედ ზუგდიდიდან გავაერთიანებთ ჩვენ მთელ ერს, დავიწყებთ აფხაზებთან ძმობის აღდგენას“.
ზოგადად, აფხაზებს ბიძინა ივანიშვილმაც დაუთმო ყურადღება და განაცხადა, რომ მათთან ურთიერთობები უნდა დათბეს. რა გამოვიდა სამი წლის თავზე? ურთიერთობა არათუ დათბა, გაუარესდა კიდეც, რადგან გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლას ისევ კრძალავენ, ხოლო გალიდან თხილის გატანაზე მოსაკრებელი დააწესეს...
დაპირებები დაპირებებად, შესრულებული არ ჩანს არაფერი, მაგრამ დაპირებების გარდა, ივანიშვილის სპიჩს ზუგდიდში მომხატვრულო წიაღსვლებიც ამშვენებდა. ასე მაგალითად:
„სააკაშვილის რეჟიმის მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობა ყველაზე მძაფრად. სწორედ აქ, ზუგდიდის ცენტრში დგას ადამიანის დამცირებისა და უსამართლობის განსახიერება _ ზუგდიდის ციხე. ეს ციხე ნესტიანია და ბინძური, იქ ადამიანებს აწამებენ“.
არადა, ზუგდიდლები გეტყვიან, რომ ადგილობრივ ციხეში წამება ახლაა, თუ არის...
კიდევ ერთი წიაღსვლა:
„უსამართლობის ტყვეობაშია მთელი სამეგრელო, უსამართლობის ტყვეობაშია მთელი საქართველო. დაგითვლიათ, რამდენი პატიმარია ციხეებსა და კოლონიებში გარდაცვლილი სასტიკი მოპყრობის, ან დაუნდობელი გულგრილობის გამო? ეს შეწყდება, ჩვენ შევწყვეტთ ამას!
ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ. ჩვენ სამართლიან მართლმსაჯულებას დავამკვიდრებთ აქ, ზუგდიდში, სამეგრელოში და მთელ საქართველოში!“
ივანიშვილი და, მისი სახით, „ქართული ოცნება“ აფხაზეთიდან დევნილებსაც დაჰპირდა იმ ფართის დაკანონებას, სადაც ახლა ცხოვრობენ. მართალია, სამეგრელოში რამდენიმე კორპუსი დევნილებისთვის მართლაც აშენდა და ისინი იქ შეასახლეს, მაგრამ დღემდე ჩივიან, რომ შესასახლებელი ოჯახები არასწორად შეარჩიეს, ხოლო ფოთში ცოტა ხნის წინათ ჩასული ეკა ბესელია დევნილებმა, ლამის იყო, ქალაქიდან გააძევეს, ისეთი დახვედრა მოუწყვეს...
არადა, დაპირება საკმაოდ ომახიანი იყო ივანიშვილის მხრიდან:
„მე გპირდებით, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ვეღარასოდეს და ვეღარავინ გაბედავს, რომ ლტოლვილების ბედი მათ გარეშე, მათ დაუკითხავად გადაწყვიტოს! ვეღარავინ გაბედავს მათ დამცირებას და შეურაცხყოფას!
სიტყვას ვაძლევ ჩვენს ყველა დევნილს, რომ როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, მაშინვე ყველას დავუკანონებთ იმ ფართობებს, რომლებშიც ახლა ცხოვრობენ და მათ მიეცემათ საშუალება, მშვიდად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, თავიანთი მომავალი, მანამდე, ვიდრე დროებით დაკარგულ სახლ-კარს დაუბრუნდებიან“.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ ზუგდიდში გაცემული დაპირებებიდან არც ერთი სერიოზული დაპირება არ შესრულებულა, გარდა ერთისა _ ივანიშვილი სწორედ ზუგდიდში დაჰპირდა პირველად ვანო მერაბიშვილს დაკავებას:
„კოალიციის ლიდერმა ხელისუფლებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში „ყველაზე აზრიანი“ მერაბიშვილია, თუმცა მათ გუნდში „ძალიან დაბალი ადგილი ექნება“. მედიის კითხვის საპასუხოდ, _ იხილავს თუ არა „ქართული ოცნების“ რიგებში პრემიერ-მინისტრს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ _ არა: „ჩემი აზრით, მერაბიშვილსაც პრობლემები ექნება სამართალთან“, _ განაცხადა კოალიციის ლიდერმა“, _ („ლაივპრესის“ ციტატა“).
„ქართული ოცნების“ მთელი ტრაგიზმი და კომიკურობა კი ბიძინა ივანიშვილის „ზუგდიდური ტექსტის“ აი, ამ ნაწილშია ჩაქსოვილი:
„ჩვენ, „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მოსვლამდე გპირდებით მხოლოდ და მხოლოდ იმას, რისი გაკეთებაც ახლავე შესაძლებლად მიგვაჩნია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი გავაკეთებთ გაცილებით მეტს, ვიდრე გპირდებით“...
დოროთე გითოლენდია