„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის განმავლობაში ქართულმა მართლმსაჯულებამ სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის ორი მსხვერპლი გამოავლინა _ ვანო ჩხარტიშვილი და თამაზ ნიჟარაძე. მართალია, ორივე მათგანის წარსულს საზოგადოება იმდენად კარგად იცნობს, რომ დეტალების შეხსენება არ სჭირდება, მაგრამ „ქრონიკა+“ კიდევ ერთხელ შეეცდება, ფოთის პორტში მიმდინარე პროცესებში ვანო ჩხარტიშვილის როლის კარგად გააზრება შესთავაზოს თავის მკითხველს.
არადა, კუდები აშკარად ჩანს, ვანო ჩხარტიშვილმა ანაბრების მითვისების სქემაში საკუთარი პერსონის გათეთრებით დაიწყო და „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ აგრესიული კამპანიის დაკვეთით დაასრულა. იმის პარალელურად, რომ მან ლონდონში პატარკაციშვილის ქვრივთან სასამართლო დავა, პრაქტიკულად, წააგო, საქართველოში ხმების დაყრა დაიწყო, რომ ინა გუდავაძე მამუკა ხაზარაძესთან ერთად პოლიტიკურ პარტიას ქმნის და მათთან ერთად ლევან გაჩეჩილაძეც მოიაზრება. ჩხარტიშვილის გათვლა მარტივი იყო, მას ძველი ინფორმაცია ჰქონდა „გრეჩიხასა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებული უსიამოვნების შესახებ. სწორედ ამიტომ ფიქრობდა, რომ აგრესია ავტომატურად გადავიდოდა როგორც ინა გუდავაძეზე, ისე მამუკა ხაზარაძეზე, მაგრამ ვანოს „პიარშიკები“ მოვლენებს აშკარად ჩამორჩნენ, მათ არ იციან, რომ „გრეჩიხებსა“ და ივანიშვილს შორის ურთიერთობა უკვე დალაგდა და არც ინა გუდავაძეა ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე. ამ პროცესების პარალელურად, ის ასევე იბრძვის ანაკლიაში პორტის აშენებისა და დიდი ინვესტიციის წინააღმდეგ. ამ პროცესში ქართული ბიზნესის გრიშა კაკაჩიას _ თემურ ქარჩავას იყენებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯიბის მოსამართლე გიორგი სულაკაძე ჰყავს. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ბოლო დროს მოქალაქისა და ჩხარტიშვილის გზები გაიყარა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაიგო, რომ ჩხარტიშვილი დავალებებს მისი სახელით გასცემდა, ხშირად ტელეფონს ამოიღებდა და ხალხმრავალ ადგილებში ნომერს აკრეფდა, _ ბიძინა, მე ვარ... ანუ ხაზს უსვამდა, რომ მასთან პირადი კონტაქტები ჰქონდა. მოქალაქის განსაკუთრებული რისხვა ვანო ჩხარტიშვილს მას შემდეგ დასტყდომია თავს, როცა ერთი დიდი გარიგება გაბაზრებია: „ქართუ“ ბანკიდან ჩხარტიშვილმა იაფი სესხი აიღო ბათუმის პორტში ყაზახებიდან ტერმინალის შესაძენად. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მას ტერმინალში მხოლოდ თანხის ნაწილი გადაუხდია, დანარჩენი კი „ატკატის“ სახით უკან მიუღია. სწორედ ეს აფერა გამჟღავნებულა და ამ ფაქტის მერე ივანიშვილს ვანო ჩხარტიშვილის სახელის ხსენებაც აღარ უნდა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ფულის მოტეხვას და მოტყუებას მოქალაქე შინაურებსაც არ პატიობს.
ახლა უფრო დეტალურად, რა ხდება ფოთის პორტში და როგორ ცდილობს ვანო ჩხარტიშვილი სამართლიანად დაკარგული გავლენების დაბრუნებას.
ფოთის პორტში ყველა ნავმისადგომი გრძელვადიანი იჯარითაა გაცემული. თავის დროზე, მესამე, მეოთხე და მეექვსე ნავმისადგომის მოიჯარე ბადრი პატარკაციშვილის კომპანიები „ჯეესკო“ და „პრომედკო“ იყვნენ, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ჩხარტიშვილმა მისი ქონება მიითვისა, თავად გახდა 66%-ის მფლობელი. შპს `პრომედკო ჯორჯიაში” და შპს `ჯე-ეს-კო”-ში ჩხარტიშვილის 66%-იან წილს შპს `სონატა ალიანს ჯორჯია” წარმოადგენს. თავის მხრივ, `სონატა ალიანს ჯორჯიას” მესაკუთრე სეიშელის კუნძულებზე, ოფის 146 რეგისტრირებული `სონატა ალიანს ინკ”-ია. გამომდინარე აქედან, დირექტორის ჩათვლით, ყველა ხელმძღვანელი პირი მისი დანიშნული იყო. ჩხარტიშვილის გუნდმა ნავმისადგომების გამართულ მუშაობას თავი ვერ გაართვა, დააზიანეს ინფრასტრუქტურა, დაგროვდა ექვსი თვის სახელფასო დავალიანება, იყო დოკერებისა და მუშა-მოსამსახურეების გაფიცვები, ამას დაემატა ისიც, რომ სამი თვის განმავლობაში ვერ გადაუხადეს იჯარის თანხა ფოთის პორტს. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პორტმა კომპანიებს საიჯარო ხელშეკრულება გაუუქმა და კეთილსინდისიერი მოიჯარის ძებნა დაიწყო. იმის გამო, რომ კომპანია `ტრანსფორდი” უკვე ოპერირებდა ფოთის პორტის სხვა ნავმისადგომებზე, მესამე, მეოთხე და მეექვსე ნავმისადგომების იჯარით აღება სწორედ მას შესთავაზეს, მაგრამ ბევრად უფრო გამკაცრებული პირობებით _ 10%-ით ძვირად და მთელი წლის იჯარის წინასწარ გადახდით, რადგან სამივე ნავმისადგომზე ინფრასტრუქტურა იყო მოშლილი. ვანო ჩხარტიშვილმა სასამართლო პროცესი წააგო, მეტიც _ ფოთის პორტმა მას დაზიანებული ინფრასტრუქტურისთვის ზარალიც მის კომპანიებს დააკისრა. ცხადია, მას ეს თანხა, ხუთი მილიონი ლარი, არც გადაუხდია და დღემდე ვალად ადევს.
სწორედ ამ წაგების მერე ვანო ჩხარტიშვილის სამიზნე გახდა კომპანია „ტრანსფორდი“, რომელიც ამერიკული კომპანია „პეის ინტერნეიშელის“ და „პეის ჯორჯიას“ მიერ იყო დაფუძნებული. ჩხარტიშვილის ლეგენდის თანახმად, ფოთის პორტის დირექტორმა სააბმა, ვანო მერაბიშვილმა და სოსო დოლიძემ შექმნეს დანაშაულებრივი ჯგუფი და ჩხარტიშვილს ნავმისადგომების იჯარა წაართვეს, ესეც მტკნარი სიცრუეა. „ქრონიკ+“-ის წყაროს ინფორმაციით, სოსო დოლიძე არც ვანო მერაბიშვილს იცნობს და არც დავით კეზერაშვილს, მეტიც, როცა ვანო მერაბიშვილს დოლიძის დაჭერა უნდოდა, ზურა ადეიშვილმა არ დაანება, _ ამერიკის მოქალაქეა და მისი ასე ხელაღებით დაკავება არ შეიძლებაო. სწორედ ამერიკის მოქალაქეობა იყო სოსო დოლიძის კოზირი წინა ხელისუფლების დროს და არა ის, რომ მას ან მერაბიშვილი „კრიშავდა“, ან _ კეზერაშვილი. სხვათა შორის, სოსო დოლიძე ექსპრეზიდენტის ბიძას, თემურ ალასანიას იცნობს, ისინი მეზობლები არიან ნიუ-იორკში ბრონქსი რივერდეილზე, სადაც იგი 1996 წელს დასახლდა.
ბადრი პატარკაციშვილის გარემოცვა ხშირად იხსენებს იმ ფაქტს, როგორ მივიდა კომპანიების დირექტორი ლევან ჯღარკავა მათთან მონანიებით და აღიარა, რომ ვანო ჩხარტიშვილის დავალებით 3 მილიონ დოლარზე მეტი კერძო ანგარიშებზე გადაიტანა, საიდანაც თანხა ვანო ჩხარტიშვილის იურისტმა რატი ღვაბერიამ გაიტანა. მერაბიშვილის გვარის ხსენებით, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, ჩხარტიშვილმა სასამართლო დავა დაიწყო. წესით, ეს იმდენად სუსტი არგუმენტია, სასამართლოს სარჩელი საერთოდ არ უნდა მიეღო, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მას საკუთარი ჯიბის მოსამართლე ჰყავს _ გიორგი სულაკაძე. სწორედ სულაკაძეს ეწერება ჩხარტიშვილის ყველა სარჩელი, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო დავებში სასამართლოში 40 მოსამართლე ჰყავთ.
რაც შეეხება ფოთის პორტის კიდევ ერთ, მეხუთე ნავმისადგომს, იგი ასევე გრძელვადიანი იჯარით აღებული ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის მეორე „მსხვერპლს“, თამაზ ნიჟარაძეს _ კომპანია „მეტალექსში“ პარაშუტა 52,5%-ს ფლობდა. ამ კომპანიით ეწეოდა ის ჯართის ბიზნესს. სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების დახმარებით მოახერხა კიდეც ბიზნესის მონოპოლია, _ ყველა, ვინც ამ ბიზნესში იყო ჩართული, სწორედ ნიჟარაძის პირობებზე უნდა დათანხმებულიყო. ძალოვანი უწყებებიც სწორედ „პარაშუტას“ „კრიშავდნენ“. მას შემდეგ რაც, საქართველოში მეტალურგიული წარმოება გაიხსნა, ხელისუფლებამ დააწესა აქციზი, რომელმაც ბოლოს 180 ლარი შეადგინა. სწორედ ამის გამო თამაზ ნიჟარაძის ჯართის ბიზნესი ჩავარდა და მან „მეტალექსში“ საკუთარი წილის, 52.5%-ის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან ჯართის ბიზნესი მისი შემოსავლის 70%-ს შედგენდა, ხოლო დარჩენილი 30% ხელფასებს და ნავმისადგომის იჯარას არ ეყოფოდა. ნიჟარაძე სოსო დოლიძის პარტნიორს, ირაკლი კერვალიშვილს დაუკავშირდა და მას წილის შეძენა შესთავაზა, ისევე როგორც თავად შესთავაზა ე. წ. ბუნკირების ბიზნესი დავით კეზერაშვილს. დოლიძის მხარემ მიიღო ნიჟარაძის შეთავაზება და, თავის მხრივ, კომპანიის წილის ყიდვა მათ მეგობარს, გიგა ქართველიშვილს სთხოვა, რომელიც იმხანად გერმანიაში ცხოვრობდა და გერმანულ ბანკებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. „მეტალექსში“ ნიჟარაძის 52,5% სწორედ გიგა ქართველიშვილის კომპანია „სტეინლორდმა“ შეისყიდა. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება თამაზ ნიჟარაძის სხვა ხელშეკრულების მოდელით გაკეთდა, მას სწორედ ასე, 50 ლარად აქვს ნაყიდი „მეტალექსის“ სხვა დამფუძნებლიდან 2,5%, „სტეინლორდთან“ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩაიწერა 52,5%-ის ღირებულება საწესდებო კაპიტალის (2000 ლარი) შესაბამისად და გამოვიდა 1050 ლარი. რეალურად ნიჟარაძე გაყიდულ წილში მილიონ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც ოთხი თვის განმავლობაში გაუნაწილებელი მოგების სახით. ეს ფორმულირება ნიჟარაძეს გადასახადებიდან თავის არიდების მიზნით დასჭირდა. მან ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი დაუმალა. მართალია, ახლა ნიჟარაძე აცხადებს, რომ მას ეს თანხა ისედაც ეკუთვნოდა „მეტალექსიდან“, მაგრამ ეს ფაქტი სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან გაყიდვის მომენტისთვის გაუნაწილებელი მოგება კომპანიაში რეალურად არ იყო. სწორედ კომპანიის გაყიდვის დღეს თამაზ ნიჟარაძემ „მეტალექსიდან“ 270 ათასი ლარი გაიტანა, ოდნავ უფრო ადრე კი _ 1 300 000 ლარი. სწორედ ამ ფაქტების დასაფარად, ნიჟარაძემ, ვანო ჩხარტიშვილის სცენარის მსგავსად, მეტი დამაჯერებლობისთვის ამჯერად, კეზერაშვილის ლეგენდა მოიგონა და პროკურატურის საგანგებო საქმეთა დეპარტამენტმა მისი ლეგენდა სამ დღეში გამოძიებულად გამოაცხადა. ასე მივიღეთ სააკაშვილის რეჟიმის მორიგ მსხვერპლად კაცი, რომელიც წლების განმავლობაში არა მხოლოდ ოქრუაშვილის, არამედ დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო(!!!). ორივე მაგალითი ცხადყოფს, რომ ნიჟარაძე „პო ბიზნესუ“, უბრალოდ, გადამგდებია, ჯერ კომპანიის წილებს მისივე სქემით ყიდის, გადასახადებს უმალავს ბიუჯეტს, მერე როცა ამის შესაძლებლობა მიეცემა, საჩივრებს წერს და გაყიდული კომპანიების დაბრუნებას ამ გზით ცდილობს. აღნიშნული ფაქტების გახმაურების შემდეგ არა მგონია, საქართველოში მოიძებნოს კაცი, რომელსაც მასთან ბიზნესის კეთების სურვილი გაუჩნდება, გარდა იმ ორი ავანტიურისტისა, რომელსაც ცოტა ხნის წინათ საქმეში მილიონი დოლარი ჩაუდო მოსკოვიდან ჯემპრების შემოსატანად და ამ დრომდე ეძებს ჯემპრებსაც და ფულსაც.
ვანო ჩხარტიშვილის ფანტაზიები ფოთის პორტის ხელში ჩასაგდებად ამით არ მთავრდება. მესამე სარჩელი, რომელიც მას სასამართლოში აქვს შეტანილი, ისევ „დანაშაულებრივ ჯგუფს“ ეხება. ამჯერად ჩამონათვალში ფოთის პორტსა და სოსო დოლიძეს კიდევ ერთი პირი _ კოკი ოსიპოვი ემატება. „ტრანსფორდი“ ფოთის პორტში გრძელვადიანი იჯარით კიდევ ერთ, მე-15 ნავმისადგომსაც ფლობს. აღნიშნული ნავმისადგომი ტერიტორიულად ფოთის ყოფილ წისქვილკომბინატს ემიჯნება. სხვათა შორის, ფოთის წისქვილკომბინატი ასევე ბადრი პატარკაციშვილის საკუთრება იყო, რომელიც ასევე თაღლითური გზით მიითვისა ვანო ჩხარტიშვილმა, როგორც კი ეს მოახერხა, მან ობიექტი ბანკში ჩადო და „თიბისი ბანკიდან“ 2 მილიონ 200 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო. როცა ყველა საკრედიტო ვადა დაარღვია და სესხის დაფარვა არ დაიწყო, ბანკმა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება აუქციონზე გამოიტანა. ეს აქტივი კი კომპანია „აგრიკომმა“ შეიძინა. „აგრიკომი“ ხორბლის შემომტანი კომპანიაა, რომელიც ექსპორტს, ძირითადად, სომხეთში, ხანდახან ირანშიც ახორციელებს. ამასთან, `აგრიკომი” ამერიკული მულტინაციონალური კომპანია `ბუნგეს” წარმოადგენს კავკასიაში. შეძენილი ობიექტის ერთ ნაწილში უნდა გაკეთებულიყო წისქვილი, მეორე ნაწილში კი მარცვლეულის ტერმინალი, რომელიც განხორციელდა კიდეც, ძველი სისტემა ახალი რევერსული ტიპის სისტემით შეიცვალა, _ მოგვიანებით, დაინგრა ამორტიზებული წისქვილის შენობაც. დარჩა მხოლოდ მარცვლეულის ტერმინალი, რომელსაც შემდეგ საბაჟო ტერმინალის ფუნქციაც მიენიჭა. ვანო ჩხარტიშვილი გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა, მან ორი საჩივარი შეიტანა: ერთი ფინანსურ პოლიციაში, მეორე სასამართლოში. სისხლის სამართლის საქმე კომპანია „ენკომის“ დირექტორის ჩვენების გამო დაიწყო, რომელიც აცხადებდა, რომ კარგად არ ახსოვდა, იყო თუ არა ერთ-ერთ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა. აღნიშნული კომპანია ამ საქმეში მას მერე გამოჩნდა, რაც კვალის ასარევად ვანო ჩხარტიშვილმა ბანკში ჩადებული ქონების მასზე გაფორმება დააპირა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში დევს რომან ფიფიას ჩვენება, სადაც ის წერს, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო რეალური სიტუაცია, რადგან არ ჰქონდა ნავმისადგომთან იჯარა, გადაიფიქრა ქონების შეძენა და „საქართველოს ბანკის“ სესხის ხელშეკრულება ამიტომაც გააუქმა. სხვათა შორის, ეს ის რომან ფიფიაა, რომელმაც, თავის დროზე, ასევე მუქთად ჩაიგდო ხელში ბადრი პატარკაციშვილის კიდევ ერთი აქტივი _ „დინამო თბილისი“. სამეწარმეო რეესტრი პატარკაციშვილის ოჯახს კოდს არ აძლევდა, ამის გარეშე კი კლუბის გაყიდვა არ ხერხდებოდა, რომან ფიფიამ კი სააკაშვილის ხელისუფლებასთან ყველაფერი მარტივად დაალაგა, _ კლუბიც იყიდა და დიღმის საწრთვნელი ბაზაც. მართალია, მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სადავო დოკუმენტზე რეალურად კომპანიის დირექტორის ხელმოწერა იყო, ეს სასამართლო პროცესზე „ენკომის” დირექტორსაც გაახსენდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში „აგრიკომის“ მთელი ქონება დაყადაღებულია და დოკუმენტაციაც ამოღებული.
რაც შეეხება სამოქალაქო საქმეს, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ვანო ჩხარტიშვილის სარჩელი ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძეს დაეწერა „თიბისის“ აუქციონის შედეგების გაუქმებასთან ერთად. ჩხარტიშვილი ასევე ითხოვს იმ გარიგების ბათილად ცნობასაც, რომლის თანახმად „ტრანსფორდმა“ `აგრიკომის” კუთვნილი მიწის ნაკვეთი შეიძინა დამატებითი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარისთვის მოულოდნელად, მოწმეები ვანო ჩხარტიშვილი, კახა დამენია და ექსპერტი ლევან კალანდაძე გამოცხადდნენ, მოწმეები სწორედ მოსამზადებელ სხდომაზე დაიკითხნენ. გიორგი სულაკაძემ გადაწყვეტილების გამოცხადება ორჯერ გადადო, ხოლო ბოლოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება გამოაცხადა. მერე რა, რომ საპროცესო კოდექსი აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როცა მხარეების თხოვნაა. ეს არ არის ერთადერთი დარღვევა მოსამართლე გიორგი სულაკაძის მხრიდან, სარჩელის მოცულობა 15 მილიონით სწორედ არსებითი განხილვისას გაიზარდა, არადა, ეს სწორედ მოსამზადებელ სხდომაზე უნდა მომხდარიყო. მიუხედავად გამოცხადებული ნაწილობივი გადაწყვეტილებისა, მოპასუხე მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ყველაზე დიდი კურიოზი ამ პროცესზე კი ის გახლავთ, რომ ოლიგარქი ჩხარტიშვილი სარჩელის სავალდებულოდ შესავსებ ვოლში წერს, რომ არც მეტი, არც ნაკლები, სოციალურად დაუცველია(!!!).
რამდენ ხანს გაგრძელდება ვანო ჩხარტიშვილის გაუგებარი თაღლითური სქემებით დაწყებული სასამართლო დავები, ძნელი სათქმელია, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჩხარტიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მე-9 არხის შეძენაზე უარი უთხრა გარეთ გამოსულმა თქვა, _ ამ ქაჯს, ეტყობა, გოიმი ვგონივარ, ისეთი ფასი მომიხია, ტელევიზია ამდენი არ ღირსო, _ სწორედ თავად ჩხარტიშვილი ემზადება ტელევიზიის გასახსნელად. მან, ეტყობა, ზუსტად იცის, რომ მის მიერვე შეთხზული ლეგენდები ბიძინა ივანიშვილთან მისი მეგობრობის შესახებ მხოლოდ მითია და სხვა არაფერი, ხოლო ტელევიზია ხელისუფლებასთან სავაჭროდ კარგი იარაღია.
ელისო კილაძე