QronikaPlus
„ოცნების“ სამი წელი დევნილების ცხოვრებაში...

„ოცნების“ სამი წელი დევნილების ცხოვრებაში...

2015-10-10 08:13:24

„ოცნება“ დევნილებსაც უამრავ დაპირებას აძლევდა, ამიტომ ელექტორატთა შორის უმეტესობა, სწორედ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი იყო. რას ჰპირდებოდნენ და რა შეუსრულეს მათ? არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელმა, ბესო შენგელიამ, ეს საკითხები „ქრონიკა+“-ს დეტალურად გააცნო. ბესო შენგელია: _ „ქართულ ოცნებას“ მრავალმხრივი დაპირება ჰქონდა, განსაკუთრებით სოციალურ საკითხებსა და დევნილებთან მიმართებით, მაგრამ 84 დაპირებიდან მხოლოდ ორი უმნიშვნელო შეასრულა. ერთ-ერთი შესრულებული დაპირება პატიმრების მასობრივი გამოშვებაა. ამჯერად კი შეუსრულებელ დაპირებებზე უნდა გესაუბროთ. ვინმეს პრეტენზია, რომ არ ჰქონდეს, ყველა დაპირებას გავიხსენებ, თუ რა თქვეს და რა გააკეთეს. 2012 წელს, 3 სექტემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილს შეხვედრა ჰქონდა დევნილებთან თბილისში, მან თქვა, რომ არანაკლებ 3 ათასი სახლი აშენდება დევნილებისთვისო. გაამახვილა ყურადღება წინა ხელისუფლების მიერ აშენებულ სახლებზე ქალაქგარეთ, ავტობანთან ახლოს. ეს სახლები გააკრიტიკა, _ ტრამალებია, ეზოებს სახნავ-სათესი არ აკრავსო. დაპირების მიხედვით, მისი აშენებული სახლი იქნებოდა სამი-ოთხი საძინებლით, ევროპული სტილის, აბსოლუტურად ყველაფრით გაწყობილი და თითოეული ასეთი სახლი დაჯდებოდა 60 ათასი დოლარი. 60 ათასი რომ 100 ათას დევნილზე გავამრავლოთ, 6 მილიარდზე ავდივართ. ასევე იყო დაპირება, რომ თითოეულ ამ სახლს ექნებოდა 200 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ეს ოჯახები მართლაც ასე რომ დაეკმაყოფილებინათ, მაგას რა სჯობდა, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი გაუკეთებიათ. „ოცნება“ წინასაარჩევნო დაპირებებში იყო მაგარი, თორემ მერე დაპირებების მიცემაშიც მოიკოჭლებდა. 2012 წლის 15 ივლისს ბატონმა ბიძინამ გორში, დევნილებთან შეხვედრაზე, ასეთი ფრაზები წარმოთქვა: სიტყვას ვაძლევ დევნილებს, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის მერე ყველას დაუკანონდება ის ფართები, რომელშიც ცხოვრობენო. „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ბატონი ბიძინა წელიწადნახევარი პრემიერიც იყო, მაგრამ არავის არ დაკანონებია ფართი და დევნილთა გამოსახლებები გაგრძელდა. ამ დაპირების მიხედვით, პირველი ოქტომბრიდან ერთ თვეში ყველას ხელთ უნდა სჭეროდა ბინის ორდერი, რაც ასე არ მომხდარა და ამ ხალხის ბედი საერთოდ ჯერ კიდევ გაურკვეველია. _ რატომ? ზოგიერთ დევნილს ხომ მისცეს ბინები? _ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ყველაფერი შესრულების პროცესშია, მაგრამ ამის თქმა სირცხვილია. ცხადია, არავის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ როცა ფოთში ბინები დაარიგეს და კიდევ რამდენიმე რაიონში, „ნაციონალების“ დროს იყო დაგეგმილი და დაწყებული. ამათ მხოლოდ ორდერების გადაცემა მოუხდათ, რაც დევნილი ადამიანებისთვის მაინც კარგია, თუმცა ეს არ არის მათი გაკეთებული საქმე და დანაპირების შესრულება. 2013 წლის ივნისში, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში ერთი წლის მოსული იყო, დევნილთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 2 454 მოქალაქის ზარი, სადაც ისინი საბინაო პრობლემების მოგვარებაზე საუბრობდნენ და ითხოვდნენ, სახლი არ გაგვაჩნია, დაუკანონებელი ფართი გვაქვს და დაგვეხმარეთო. ეს მონაცემები დღესაც დევს სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ერთ-ერთი საინტერესო დაპირება უკვე დევნილთა მინისტრმა დარახველიძემ გასცა 2013 წლის ნოემბერში. „ჩვენ თბილისში, თითო კვირის ინტერვალით, რამდენიმე ასეულ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს. მინდა, დავამშვიდო ყველა, რა დანაპირებიც გასცა მთავრობამ, სრულიად შესრულდება“. ეს სიტყვები რეალური არ ყოფილა, თორემ უნდა ავითვალოთ ამ დაპირების დღიდან ყოველი კვირა და გავარკვევთ, რამდენი სახლი უნდა გადასცემოდა აქამდე დევნილებს. ყოველ კვირა 100 დევნილს მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში არც კი გამიგია, მსგავსი რამ ხელისუფლებას გაეკეთებინოს. ერთადერთი, რის აშენებაზეც არის საუბარი, ეს გახლავთ ორხევში სოციალურად დაუცველებისთვის შენობის მშენებლობა, რომელსაც თბილისის მერია აკეთებს. სახლი 70 ოჯახზეა გათვალისწინებული, მაგრამ ჰპირდებიან 3 ათას ოჯახს. „ქრონიკა+“-ისთვის კარგად არის ცნობილი ისანში, სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები დევნილებისა და სოციალურად დაუცველების თემა. 4 მილიონი აქვს გადახდილი ამ ჰოსპიტალის რემონტში დევნილთა სამინისტროს, მაგრამ ჯერაც არ დაწყებულა მშენებლობა. ყველამ კარგად ვიცით ისიც, თუ რა პრობლემები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ეტაპზეც ყოფილი ჰოსპიტალის დანგრეულ შენობაში ცხოვრობენ, ასევე მათაც, ვინც ამ გარემონტებულში უნდა შესახლდეს, თუმცა პროცესები მაინც ჭიანურდება. ფაქტია, რომ ტენდერის პირობები უკვე დარღვეულია. ცხადია, ყველას გვახსოვს, როგორ ჩამოინგრა შენობა გორში, ასევე ვიცით, ვითომ გაკეთებული სახლები რა მდგომარეობაშია, თუმცა საინტერესოა, _ კომპანიამ, რომელიც გორში ამ სახლებს არემონტებდა, ახლახან 7-მილიონიანი ტენდერი მოიგო ზუგდიდში. იქაც დევნილთათვის აკეთებს საცხოვრებელს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაც ამ საქმით ფულსა და „ატკატებს“ აკეთებს. ცხადია, ასეთ რამეს, ალბათ, მინისტრი, ან მინისტრის მოადგილე ლობირებს, სხვანაირად მსგავსი საქმეები ვერ მოხდება. _ როგორც ცნობილია, დევნილებს უცხოელებიც ეხმარებიან. ისინი დევნილთა და განსახლების სამინისტროს უგზავნიან მათთვის სურსათს, მედიკამენტებს და ა. შ. ხელისუფლება საუბრობდა იმ ფაქტზე, თუ როგორ იპოვეს საწყობი, სადაც ძველ ხელისუფლებას გადამალული ჰქონდა ჰუმანიტარულად შემოსული მედიკამენტები, პროდუქტი, საჭირო ინვენტარი და ისინი როგორ დაძველდა. ამ კუთხითაც თუ ატარებთ მონიტორინგს და რა შედეგებია? _ ერთადერთი, რაც ამ ხალხისთვის შეიცვლა, გახლავთ ის, რომ 28-ლარიანი დახმარება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ, გახდა 45 ლარი, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო პროგრამაშიც იდო, რომ უნდა გაზრდილიყო ეს თანხა; ანუ ეს გაზრდილი თანხები უკვე გაწერილი იყო ბიუჯეტში და წინა მთავრობაც რომ დარჩენილიყო, მაინც იგივე პროცესი განვითარდებოდა. რაც დღეს კარგი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ, წინა ხელისუფლებიდან გადმოყოლილი ტალღის შედეგია, მაგრამ ისიც თანდათან ნელდება. ცხადია, დევნილთა პროექტებში მონაწილეობდნენ დანიის, შვედეთის ლტოლვილთა საბჭოები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ  ბოლო ორი წლის განმავლობაში უცხოელი მეგობრებიდან შემოსული რაიმე ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ფაქტი დევნილთათვის არ ყოფილა. შეიძლება ჩუმად დადის ვინმე და თავის ნათესავ-ახლობლებს აძლევს, მაგრამ საჯაროდ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან ერთჯერადი, 200-ლარიანი დახმარება შეიძლება მიიღოს დევნილმა, მაგრამ ჰუმანიტარულ დახმარებებს ისინი არ იღებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, უცხოეთის დახმარების პროექტები კვლავ მუშაობს. როცა ტენდერებზე გესაუბრებოდით, მაშინ დოკუმენტურად ვნახეთ, რომ დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტის გარეშე მიღებული ჰქონდა 700 ათასი ლარი და უცნობია, როგორ მოახმარეს ეს ფული დევნილებს. ჩემს ერთ მეგობარს ამერიკის საელჩომ დაუფინანსა პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ბერბუკის დასახლებაში. მართლაც, იქ ჩაიტანეს საკერავი მანქანები, ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივებს შეასწავლეს კერვა და საჩუქრად გადასცეს. იქ ფართიც იყო გამოყოფილი და ეს ხალხი რაღაცას აკეთებდა, მაგრამ სამინისტრომ შემდგომ ასეთ პროექტებს დიდი მხარდაჭერა აღარ გამოუცხადა. _ მიზეზი რა იყო? _ პროექტები, რომელთაც უცხოური დაფინანსება დაუმთავრდა, ყველა მოკვდა. ბენეფიციარები დარჩნენ, რომელთაც შერჩათ საკერავი მანქანები, მაგრამ სხვა არაფერი. თუ ვიფიქრებთ მხოლოდ იმაზე, რომ მინისტრი უნდა გამოვიდეს და ორ ადამიანს ბინის ორდერი დააჭერინოს ხელში, ასე დევნილების პრობლემას ვერასდროს მოვაგვარებთ. ისინი დაპირებების დროს მათ ღირსების აღდგენაზეც ესაუბრებოდნენ და ეს იყო, ალბათ, უმთავრესი დაპირება. საკუთარ ქვეყანაში ადამიანები დევნილებად არ უნდა გრძნობდნენ თავს და უნდა მოხდეს მათი რესოციალიზაციაო. შალვა რამიშვილის შოუში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ მას ჰქონდა პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ამუშავდებოდა და ყველა დევნილს დააბრუნებდა აფხაზეთში. ის აცხადებდა, ჩვენ გვესმის, რომ დღეს თქვენს სახლში შეიძლება ვიღაც ცხოვრობს, მაგრამ ამ სახლის წინ ავაშენებთ მეორე სახლს და თქვენ გადაწყვეტთ მერე, თქვენს ძველ სახლში იცხოვროთ, თუ ახლად აშენებულშიო. ცხადია, ეს პროგრამა იყო უმეცარი, რადგან სხვა რომ არაფერი, ყველა სახლს ხომ წინ, უკან და გვერდით სხვისი ეზოები ესაზღვრება და იქ ახალ სახლს ივანიშვილი ვერ ააშენებდა. თანაც თუ ჩვენს ტერიტორიაზე დავბრუნდებით, მკვლელები, რომლებიც დღეს იქ დათარეშობენ, რატომღა უნდა დარჩენილიყვნენ აფხაზეთში? ივანიშვილი მაშინ საუბრობდა, რომ ამას გააკეთებდა რამდენიმე წელიწადში, მაგრამ შალვა დაეხმარა _ 5-10 წელიწადშიო და მანაც დაამატა, _ ამდენ ხანში ეს რეალურად განხორციელდებაო. მისი დაპირებების ნახევარი მაინც რომ განხორციელებულიყო, კიდევ რაღაც გვეშველებოდა. _ 3 წელიწადში დევნილთა რიცხვი გაიზარდა. მცოცავი ოკუპაცია კიდევ რამდენ ოჯახს და ადამიანს აქცევს დევნილად, არავინ უწყის, გვყავს ორმაგი დევნილებიც, რომლებმაც ერთხელაც იგემეს ეს სიმწარე და ახლა მეორედ გახდნენ ამ სტატუსის მატარებლები. ივანიშვილი მეოთხე წელს წარმატებულად გვისახავს და გვპირდება, რომ ისეთ საქართველოს ავაშენებთ, როგორზედაც ვოცნებობთ. ეს დაპირება არის რეალობასთან ახლოს? _ დევნილთა საკითხებში არც მეოთხე წელს მოველი წინსვლას, რადგან რუსეთთან ურთიერთობის კუთხით საქართველოში არაფერი შეცვლილა და დალაგებულა. პირიქით, მდგომარეობა გაუარესდა და ჩვენ კიდევ დავკარგეთ ტერიტორიები. გავიხსენებ ყველა იმ ფაქტს, როცა „ქართული ოცნების“ დროს გადმოიწია ტერიტორიები. ყველა ამ ტერიტორიაზე ვარ ნამყოფი, მაგრამ არსად მინახავს „ოცნების“ წარმომადგენლები. ზოგი იმაზეც კი საუბრობდა, რა პრობლემაა, მილსადენს გადმოვწევთო. ამ საუბრებს ვერ დავარქმევ პოლტიკას, ეს გახლავთ იმის კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსეთისთვის მწვანე აქვს ანთებული და მათ პოლიტიკას თამაშობს. არა მგონია, ასეთი უგუნური მთავრობა კიდევ იყოს მსოფლიოში, რომელიც ასე უსიტყვოდ გაატარებს საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის პროცესს. ღამის შუქზე თუ კარგად დავაკვირდებით მილსადენს, რომელსაც რუსები თითქმის ზედ მიადგნენ, კარგად ჩანს, მოპირდაპირე მხარეს დიდი რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც მილსადენიდან კილომეტრნახევარშია. ისინი მყარად ფუძნდებიან ქართულ მიწა-წყალზე. როცა ამ ყველაფერს ქართველი მოქალაქეები აპროტესტებდნენ, ყველაფერი მათი დაკავებებით დასრულდა. ამის პარალელურად არსებული ხელისუფლება მწვანეს უნთებს ჭყოიძისნაირ პიროვნებებს, ევრაზიულ კავშირს და გამალებით ალაპარაკებს მათ იმაზე, თურმე რა კარგია რუსეთი. ასე რომ, მეოთხე წელს არაფერი შეიცვლება. როცა დევნილების პრობლემებზე ვსაუბრობ, არ მინდა გამომრჩეს ის, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი, რომლითაც აფხაზეთის კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ მე-4 თავი. ამ თავში საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი და ამის ამოღება უნდათ ახლა. პირველი მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა და ახლა სხვა ვარიანტზე მუშაობენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ კანონის ინიციატორი გახლავთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტი. არ მავიწყდება 1991 წელი, როცა აფხაზეთის კონსტიტუცია მიიღეს, მაშინ არძინბა იყო ხელმძღვანელი და მას არ უქნია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება ამოეღო, არც შემდგომ ბაღაფშს ულაპარაკია ამაზე და დღეს, საქართველოში არსებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ბჭობს, პრეზიდენტმა არ უნდა წარადგინოსო. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო პირდაპირ უცხადებს დამოუკიდებლობას აფხაზეთს. მოგვწონს თუ არა პრეზიდენტი, ამ ინსტიტუტის დაკნინებით ძალიან დიდი დანაშაული ხდება. 14-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს უმაღლეს საბჭოს და ერთი დევნილი ვერ დამისახელებს, რაში დაეხმარნენ მათ, გარდა იმისა, როცა დევნილები რაიმეს აპროტესტებენ უმაღლეს საბჭოსთან, ვიღაც წარმომადგენელი ჩამოდის და ვისთანაც აგრძელებს მოლაპარაკებას, გაჰყავს და ერთჯერადად ურიცხავს 200 ლარს, რათა იმ დღეს გააჩეროს ეს აქცია. ეს გახლავთ „კგბ“-ს მუშაობის მეთოდი. ვერავინ მაჩვენებს სტრატეგიას, სადაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ამბობს, როგორ უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთში. ასეთი რამ მათ არ გააჩნიათ და არც ექნებათ, რადგან ყოლბაია არის ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივანი, იქ კიდევ არიან ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც რუსეთი არის დედასამშობლო. ასევე კარგად მახსოვს, როგორ ჰპირდებოდნენ ამჟამინდელი ხელისუფლების წევრები დევნილებს უფასო სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. აკაკი ბობოხიძემ განაცხადა და მეც გავიმეორებ: ამ ყველაფრის გამო მხოლოდ ივანიშვილს არ უნდა მოეთხოვოს პასუხი, პასუხი უნდა მოვთხოვოთ ყველა კოორდინატორსა თუ ცნობილ ადამიანს, რომელიც დადიოდა და ხალხს ასეთ დაპირებებს აძლევდა. დევნილთა სამინისტროში, წესით, ნახევარზე მეტი თავად დევნილი უნდა იყოს დასაქმებული. დევნილების დასაქმება ამ სამინისტროში 25 პროცენტს არ გადასცილებია და პიროვნება, რომელიც ამ ადამიანების პრობლემებს არ იცნობს და იქ მხოლოდ იმის გამო მოხვდა, რომ სუბარის მეგობარი, ცოლისძმა ან რომელიმე მაღალჩინოსნის ახლობელია, მისთვის სკამი უნდოდათ და ამიტომ დაასაქმეს, ვერასდროს შეძლებს ამ პრობლემების აღმოფხვრას.  

                                                                                                     ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება