QronikaPlus
ანტონიო გრამში და „კულტურული ჰეგემონია“

ანტონიო გრამში და „კულტურული ჰეგემონია“

2015-10-10 08:10:05

დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ დისკურსის ჰეგემონია საზოგადოებაში პატარა ჯგუფებს აქვს ჩაგდებული; მხოლოდ პატარა და ძალაუფლებიანი ჯგუფების ხმა ისმის და ხალხის, დაახლოებით, 90% სრულებით მარგინალიზებულ მდგომარეობაშია. რიგით ადამიანს არ აქვს ხმა. და მას ხშირად საჭმლის ფულიც არ გააჩნია.  ყველაფერ ამაზე არის მონოპოლია. დღეს მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა „კულტურული ჰეგემონიის“ თეორიის იტალიელ ავტორზე. ანტონიო გრამში XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მისი ნაწერებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. განსაკუთრებით რელევანტური მისი ნააზრევი დღეს საქართველოშია. ადამიანი, პირველ ყოვლისა, ცნობიერებაა _ გონი _ რომელსაც სულიერი და მეტაფიზიკური საწყისი არანაკლებ ამოძრავებს, ვიდრე მატერიალური „ბაზისი“. ეს არის პრინციპული სიტყვა, რომელიც გრამშიმ, ჯერ კიდევ, XX საუკუნის პირველ ნახევარში თქვა. ცნობიერება არის ის, რაზედაც ჩვენი კაცობრიობა დღემდე დგას. სწორედ ცნობიერების წყალობითაა, რომ ხდება გარკვეული ცვლილებები _ პროგრესული, რეაქციული, კარგი თუ ცუდი. ყველაფერ ამას ცნობიერება განაპირობებს და ცნობიერება ქმნის. სწორედ ცნობიერ სფეროში ქმნის მმართველი ელიტა „კულტურულ ჰეგემონიას“, ანუ დისკურსის სრულ მონოპოლიას _ და აქედან გამომდინარე, ტვინს ურეცხავს მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს. ჩვენ „შთაგვაგონებენ“ პროპაგანდისტულ ტყუილებს და არა მარტო. ჩვენთვის ქმნიან ფანტომ ტერმინოლოგიას, რომელსაც ცხოვრების ნამდვილ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და ამ პროპაგანდის საშუალებით „მასებს იმორჩილებენ“ ელიტის წარმომადგენლები.   თავად ეს სტრუქტურა ძალიანაც არადემოკრატიულია. მაგრამ საზოგადოების მართვა პროპაგანდის საშუალებით ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე პირდაპირი პოლიციური მეთოდებით. ამას, ჯერ კიდევ, XX საუკუნის 20-იან წლებში კარგად მიხვდა არა მარტო გრამში, არამედ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვალტერ ლიპმანიც, რომელმაც ნეოლიბერალური პროპაგანდის ხერხებიც არაჩვეულებრივად დახვეწა. ლიპმანის მეთოდოლოგია ადამიანებს მუდმივად ილუზორული „წარმატების“ ცრუ მოლოდინში ამყოფებს და ამით, პრაქტიკულად, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ამყოფებს საზოგადოებას. ადამიანები მუდმივად ან „კეთილი მეფის“, ან „კეთილშობილი ოლიგარქის“ მოლოდონში არიან და ამით სისტემას ამყარებენ. ეს არის სწორედ ამ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა _ პროპაგანდისტული მოდელი, რომელიც ცრუ ილუზიებს და ფანტომებს აჩენს და ადამიანებს გუნებას უბინდავს. დღეს ჩვენ არანაირი ზედმეტი ილუზია არ უნდა გვამოძრავებდეს. არ არსებობს ის „კეთილი ბიძია“ _ კეთილი ოლიგარქი თუ ლიბერალი მოღვაწე, რომელიც დღევანდელ „თამაშის წესებში“ და დღევანდელ „კულტურულ ჰეგემონიაში“ გვიხსნის. ჩვენ, როგორც კაცობრიობა, უცილობელი დაღუპვისაკენ მივეშურებით, სწორედაც რომ ჩვენი ცნობიერების დამახინჯებული ფორმების გამო. დღეს ჩვენს ცნობიერებაში იმდენად არის გაბატონებული მატერიალიზმი, კარიერიზმი, სხვის ხარჯზე „გამარჯვება“ და სამყაროს მტრულად აღქმა _ თუკი ჩვენ ამას არ შევცვლით _ არაფერი გვეშველება. კაცობრიობა ნელ-ნელა უახლოვდება ბირთვულ კატასტროფას. მუხედავად იმისა, რომ ე. წ. ცივი ომი დამთავრდა, დღეს, როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ ბირთვულ კატასტროფასთან. იმ მსოფლიოში, სადაც „ყველა ყველას მტერია“ და „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ (ჰობსი მგელს სათანადო პატივს არ სცემდა და მას ცუდ მნიშვნელობას დაუმსახურებლად ანიჭებდა), გარდაუვალია, საბოლოო ჯამში, 7 მილიარდი ადამიანის მიერ ერთმანეთის ამოჟუჟვა. ეს ადრე მოხდება თუ გვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარი ის გახლავთ, რომ ჩვენს ცნობიერებაში არ არის სწორი მიმართულების ორიენტირი _ რაც ადამიანს ადამიანად აქცევს. დღევანდელი ტექნოკრატიულ-ეგოცენტრული ცივილიზაციის მთავარი პრინციპი კონკურენცია და გადარჩენისთვის ბრძოლაა. ეს კულტურული ჰეგემონია უკვე კარგა ხანია დამკვიდრდა და XXI საუკუნის დასაწყისში უკვე დოგმის სახით გვევლინება. დღეს აუცილებელია კულტურის ცვლა _ დღეს აუცილებელია ახალი კულტურული ღირებულებების შემოღება. დიახ, მთელ მსოფლიოში დღეს აუცილებელია მშვიდობიანი, ადამიანური თანაცხოვრების ონტოლოგიური პრინციპის ხელახლა აღმოჩენა. ამისათვის აუცილებელია, ყველა ადამიანში გაიღვიძოს ხელოვანმა _ შემოქმედმა. დღეს, თეოდორ ადორნოს ცნობილი ფრაზის მერე, საჭიროა კაცობრიობამ ხელახლა ისწავლოს „ლექსის წერა“. და ოსვენციმის შემდეგ ამ ლექსის დაწერა ადვილი არ არის. დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ აუშვიცის ნარჩენებს _ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში მინიოსვენციმებია და ადამიანები კონკურენციის ქვეშ დაუნდობლად ხოცავენ ერთმანეთს. ნეოლიბერალიზმმა არათუ მოსპო ნაციზმისა და ფაშიზმის კრიმინალი, არამედ ის ბევრად უფრო ცივილიზებულ ფორმაში აიყვანა. დღეს მილიონობით ადამიანის მკვლელობა ყოველდღე ხდება „სუფთა ხელით“ „ლიბერალური დემოკრატიის“ სახელით და მილიარდობით ადამიანი მონაზე უფრო დაბალი სტატუსით სარგებლობს _ ის „ჰომო საკერია“, როგორც ამას ჯორჯო აგამბენი ამბობს. რა არის ის ახალი კულტურული დისკურსი, რომელიც გრამშისეულ „ჰეგემონიას“ დაძლევს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ცხადია, იოლი არ არის, მაგრამ ის მაინც არსებობს. დღეს კაცობრიობა მრავალფეროვანი, მრავალეროვანი და მარავალხმიანია. და ყველა ამ ხმის წარმოჩინების გარეშე მას მომავალი არ უწერია. დღეს ახალი კულტურული პარადიგმა უნდა იყოს მრავალხმიანი პარადიგმა _ ჩაკრულოს პარადიგმა. ოღონდ ეს უნდა იყოს ახლებურად გააზრებული და ჩვენი საუკუნის შესაბამისი მსოფლხედვის ძირებით მომაგრებული. დღევანდელი კულტურ-ტრეგერი ნეოფიტი მრავალხმიანი არსება უნდა იყოს, რომელიც სხვების ხმების მიმართ ინდიფერენტული არ იქნება. დღეს ჩვენი იმპერატივია მრავალხმიანი ონტოლოგიური წესრიგის მონახვა და მისი მსოფლიო აზროვნებაში დანერგვა. ეს არის ქართული ცივილიზაციის მსოფლიო დანიშნულება. ეს არის საქართველოს სულიერი მისია, მაგრამ ამ მისიას საერთო არაფერი აქვს არც ეთნოცენტრიზმთან, არც ნაციონალიზმთან, არც რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან, არც ლიბერალურ პრანჭია კოსმოპოლიტიზმთან და საერთოდ არც ერთ იზმთან. ეს მშობიარობის პროცესია _ საკმაოდ მტკივნეული პროცესი. ეს არის ხმების გამის მოძებნა ჩვენს მსოფლმხედველობაში, რომელიც სამყაროსადმი ინდიფერენტული არ არის. მსოფლიოს 7 მილიარდი მოსახლე ვერ გააგრძელებს ცხოვრებას ხმების ჰარმონიის გარეშე. გრამში სწორს ამბობდა, რომ თანამედროვე „ბიურგერული საზოგადოება“, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების“ სახელითაა ცნობილი, სიკეთეს ვერ მოიტანს _ რადგან ის ორიენტირებულია ინდივიდუალიზმზე და ინტერესთა ჯგუფებზე. ჩვენ გვჭირდება ჰუმანური საზოგადოება _ ანუ ზოგადადამიანური საზოგადოება _ სადაც სამოქალაქო უფლებით სარგებლობს ყველაზე მარგინალიზებული ფენებიც კი _ ასეთი კი დაახლოებით 6 მილიარდი ადამიანია. უნდა გადაიძლიოს ტრადიციული ევროპა-ცენტრული რასიზმი და ყველანაირი ტიპის შოვინიზმი. როგორც XX საუკუნის დასაწყისის ქართველი ფუტურისტები ამბობდნენ, ჩვენ ახალი ცხოვრება უნდა შევქმნათ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ტრადიციები და ცხოვრების წესი დავივიწყოთ. უბრალოდ, საჭიროა ახალი ფორმების გამონახვა ყველაფრისთვის, რადგანაც როგორც ბერგსონის კრეატიული ევოლუციის კანონი ამბობს, ცვლილება გარდაუვალი და იმანენტური ნაწილია სამყაროს განვითარებისა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სიყვარულისა და სათნოების პრინციპი ყველა რეალობაში შევინარჩუნოთ. დღეს კულტურული ცვლილების დროა. უკვე მოძველებული და მოყირჭებული „ბურჟუა საზოგადოების“ დრო დამთავრდა _ ახლა მოსაძებნია მრავალხმიანი ცხოვრების წესი. დიმიტრი უზნაძისეული „მთლიანი ადამიანის“ ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობა. ჩვენ ის საკუთარ წიაღშიც უნდა ვიპოვოთ და სხვათაგანაც ვისწავლოთ. მარტო ეს არის გადარჩენის გზა. და პატივი მივაგოთ ანტონიო გრამშის _ ფაშიზმთან ბრძოლაში წამებულ მოაზროვნე გმირს, რომელმაც დიდი სააზროვნო დაგვიტოვა.  

                                                                                                              ირაკლი კაკაბაძე

   

გაზიარება