არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელმა, ბესიკ შენგელიამ, ფარული, სკანდალური ვიდეოჩანაწერი „ქრონიკა+“-ის რედაქციაში დოკუმენტებთან ერთად მოგვიტანა. როგორც თავად აცხადებს, _ აქ არის აღბეჭდილი ერთ-ერთი მინისტრის მოადგილის კორუფციის დამადასტურებელი ფაქტი. უფრო მეტიც, გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ, ბესიკ შენგელია პროკურატურაში აპირებს ამ მტკიცებულებების წაღებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან ერთად, ჩინოვნიკისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას.
ბესიკ შენგელია:
_ მე მოგიტანეთ 20-წუთიანი სიდი დისკი, რომელიც მომაწოდა ანონიმურმა წყარომ. ჩანაწერი გადაღებულია მიმდინარე წლის აპრილში. ფირზე ჩანს ნიაზ ღადუა, რომელიც საკუთარ სახლში ჩაწერა უცნობმა პიროვნებამ. ნიაზ ღადუა არის ზუგდიდის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრისა და ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, გოგა ღადუას ბიძა. თავად ნიაზი და მისი ძმაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რაზედაც ახლა უნდა გესაუბროთ, ის თურქეთში გაიქცა და მოვალეებს ემალებოდა. თუმცა ამჟამად სად იმყოფება, ჩვენთვის უცნობია. მისი ძმისშვილი, ცხადია, ჩვეულებრივ მუშაობს საკრებულოში. სხვათა შორის, ეს ის გოგა ღადუაა, ანაკლიის ფაქტზე სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა რომ დაუწესა, ანუ მთელი ოჯახი „ქართული ოცნების“ აქტიური აქტივისტია _ დარბევებსა და აქციებში მონაწილეობენ და მთავრობისთვის ყველაფერს „აპრავებენ“.
_ ნიაზ ღადუამ რა დააშავა?
_ დისკზე არსებული ჩანაწერის მიხედვით, საქმე გვაქვს კრიმინალთან. თქვენი გაზეთი რომ გამოვა, იმავე დღეს, ოფიციალურად, მივმართავ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. ამ დისკით და კიდევ სხვა მტკიცებულებებით პროკურატურას შეუძლია, რომ დევნილთა მინისტრის მიადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ცნოს კრიმინალად. ჩანაწერში ღადუა საუბრობს, თუ როგორ აძლევს არცთუ მცირე თანხას სუბარის მოადგილეს, მამუკა ცოტნიაშვილს იმის სანაცვლოდ, რომ დევნილებს დაუმტკიცოს ბინები. ამჯერად საუბარია 21 ათას 500 ლარის შეგროვებასა და მიცემაზე.
_ ფირზე ფულის გადაცემის ფაქტიც არის აღბეჭდილი?
_ არა, ეს არ არის აღბეჭდილი, მაგრამ ამ ამბებს დეტალურად ყვება ღადუა. ღადუა მეგრულ ენაზე, მაგრამ წვრილ-წვრილად საუბრობს, ვის რამდენი თანხა გამოართვა და როგორ მიუტანა მინისტრის მოადგილეს.
ის ყველაფერს ჩვენთვის უცნობ პიროვნებას, ალბათ, იმიტომ უყვება, რომ მას სანდოდ მიიჩნევს და არ იცის, რომ მის საუბარს იწერს. ეს ფირი რომ მივიღეთ და ვნახეთ, სანამ რამეს მოვიმოქმედებდით, ღადუას სატელეფონო ჩანაწერები ამოვიღეთ. სამართალდამცველები როცა ცოტნიაშვილს შეეკითხებოდნენ, იცნობდა თუ არა ნიაზ ღადუას, არ გვინდოდა მას ეთქვა, არ ვიცნობო. ამ ფურცლებზე არის ღადუას და ცოტნიაშვილის ერთმანეთთან განხორციელებული ზარები და საუბრის ხანგრძლივობები, რომლებიც მწვანე მარკერით მოვნიშნეთ. ცოტნიაშვილი მინისტრის მოადგილეობამდე გორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი იყო. ჩვენ ამოვიღეთ 2015 წელს მათი ერთმანეთთან განხორციელებული ზარებისა და საუბრების ამონაწერები. ამ ფურცლებიდანაც ჩანს, რომ მათ ხშირი კონტაქტი აქვთ.
ამონაწერში დევნილთა სამინისტროს კორპორაციული ნომერი ფიქსირდება. სხვათა შორის, თავიდან მამუკა ცოტნიაშვილის ტელეფონის ნომრის გაგება ძალიან გაგვიჭირდა. ეს ინფორმაცია, წესით, საჯარო უნდა იყოს, თუმცა ის საიტზეც არ დევს. ბოლოს მისი ტელეფონის ნომერი შიდა წყაროებით გავიგეთ და გადავამოწმეთ. ასე რომ, ნომერი, რომელიც ამ ამონაწერებში ფიქსირდება, ნამდვილად მინისტრის მიადგილე ცოტნიაშვილს ეკუთვნის.
ამონაწერს დეტალურად თუ გავყვებით, ვნახავთ იმასაც, რომ ხშირად ბატონი მამუკა ღადუას ზარს არ პასუხობს, მაგრამ აქვე შევნიშნეთ ერთი საინტერესო დეტალი: ასეთი პასუხგაუცემელი ზარების შემდგომ ის რეკავს სხვა ნომერზე, რომელიც ასევე არის ამ სამინისტროს კორპორაციული და ის ძალიან ჰგავს ცოტნიაშვილის სატელეფონო ნომერს. ამ ეტაპზე არ ვიცით, ვის ეკუთვნის ეს ნომერი, თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ისიც ცოტნიაშვილს, მის თანაშემწეს, ან მის მძღოლს ჰქონდეს. სხვათა შორის, ნიაზ ღადუა ჩანაწერში იმასაც ამბობს, რომ მას ცოტნიაშვილის მძღოლთანაც აქვს ახლო ურთიერთობა.
მეგრული ენა კარგად ვიცი და ამიტომ ჩანაწერის ტექსტის გაშიფვრა დავიწყე. შემიძლია გითხრათ ზოგიერთი გაშიფრული ფრაზები, რომლითაც კარგად მიხვდებით, რას უყვება ღადუა ჩვენთვის უცნობ, მისთვის კი კარგად ნაცნობ ადამიანს.
_ გისმენთ ყურადღებით...
_ როგორც ჩანაწერიდან ჩანს, ნიაზ ღადუას ჩვენს „წყაროსთან“ ხშირად ჰქონია შეხება და მსგავსი საუბრები, რადგან ის ყველაფრის საქმის კურსშია. იგი ღადუას კითხვებსაც უსვამს არსებულ პრობლემებზე.
უცნობის ერთ-ერთი კითხვა ასეთია: ბიჭო, მითხარი ზუსტად, დალაგებულად, ლტოლვილების თანხისა და ზუგდიდის ბინების შესახებ. ვინაა ის კაცი, ვისაც ამ თანხას აძლევო? ღადუა პასუხობს: მე ვისთანაც მაქვს საქმე? დანარჩენი მე არ ვიცი. _ ხო, შენ ვისთანაც გაქვს საქმე, ან ეს დევნილები ვინ არინ და რამდენი? _ აგრძელებს საუბარს უცნობი. ღადუა პასუხობს, რომ მას საქმე აქვს ბატონ მამუკა ცოტნიაშვილთან, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილესთან და მის პირად მძღოლთან. ისევ ეკითხება უცნობი ღადუას, _ შეგპირდა ცოტნიაშვილი, თანხის სანაცვლოდ გავაკეთებ ამ საქმეებსო? _ კი, _ უმტკიცებს ღადუა.
სხვათა შორის, ფულის აღების მექანიზმსაც შიფრავს ამ ჩანაწერში ღადუა. ის ზუგდიდის რაიონში ნაცნობობით ართმევდა დევნილებს სხვადასხვა თანხას, აგროვებდა და ჩამოჰქონდა ცოტნიაშვილთან. მინისტრის მოადგილე ამ თანხას იღებდა და გამოსცემდა ბრძანებებს, რომ ამ კონკრეტული დევნილებისთვის ბინები დაეკანონებინათ.
_ იმ დევნილების გვარები თუ არის მინიშნებული, რომლებსაც ამ ფორმით ბინები დაუკანონეს?
_ დიახ, ზოგის სახელია მინიშნებული, ზოგის _ გვარი. მაგალითად, ღადუა ასახელებს ვინმე მერაბს, მოსაუბრე კი ეკითხება, _ ვინ მერაბიო? სოხუმელი მერაბ სუარიო, _ უკონკრეტებს ღადუა. როგორც ჩანს, მათ ამ საქმეში არ აქვთ „სტავკა“ და ზოგს რა თანხას ართმევენ და ზოგსაც, კიდევ, _ რას. ისეთებს სთავაზობენ ასეთ მაქინაციაში ჩართვას, ვისშიც ნდობას ნახულობენ, რომ არ გასცემენ, იციან, რომ უჭირს, ბინის პრობლემა აქვს. ჩვენს წყაროს ღადუა უყვება: რიტას 1 000 ლარი გამოვართვი, ელდარს _ 3 ათასი ლარი გამოვართვიო და ა. შ. სამართალდამცველები ახლა უნდა დაინტერესდნენ და ნიაზ ღადუას ათქმევინონ, ვინ არის ელდარი, რიტა და ა. შ. ამის შემდეგ მათ უნდა გამოიკვლიონ ყველაფერი და სქემა თავიდან ბოლომდე გაშიფრონ.
_ ეს ამბები როდის ხდება?
_ მიმდინარე წლის ამბებია, ჩანაწერიც გაკეთებულია აპრილში. ჩანაწერს რეზიუმე არ აქვს. ბოლოს ღადუა ამბობს, რომ რამდენიმე დღეში ელოდება ცოტნიაშვილის ზუგდიდში ჩასვლას და რა იქნება, არ იცის, რადგან ის ხალხი, ვინც თანხები გადაიხადა, მე მაწუხებს, ბინებში შეშვებას ითხოვს და დამტკიცებასო. არა მგონია, რომ ეს საქმე მისთვის პირველი იყოს, რადგან, როგორც გითხარით, დიდ თანხაზე საუბრობს. ჩანაწერში ღადუა უკვე აღებულ და შეგროვილ ფულს ითვლის. 21 500 ლარის გარდა მას კიდევ აქვს 3 ათასი ლარი გამორთმეული სხვა ქალბატონისთვის, რომლის სახელსაც ასევე აფიქსირებს, მაგრამ ეს ფული მან თავად დახარჯა, რაზედაც ის ნერვიულობს. მოსაუბრეს ეუბნება და ხელითაც აჩვენებს, _ აი, ამ ბინის რემონტში დამეხარჯაო.
ღადუას საუბრიდან ასევე ვგებულობთ, რომ ის ჩამოვიდა თბილისში, შეხვდა ცოტნიაშვილს, ისინი ისხდნენ სანაპიროზე, სახაშეში და იქ გადასცა ეს ფულიც, საიდანაც 2 800 ლარი „ატკატი“ დაუბრუნეს. ანუ ეს იყო ღადუას გასამრჯელო იმისათვის, რაც მან გააკეთა. ცხადია, მას ეს თანხა ეცოტავება, თუმცა აწუხებს ისიც, რომ 3 ათასი ცოტნიაშვილისგან ჩუმად დახარჯა. ახლა არ ვიცი, რა პასუხი გავცე იმ ადამიანს, ვინც ეს ფული ბინის დამტკიცების საფასურად გადაიხადა. ის თავისთავად უკვე ღადუას სთხოვდა ბინას. ღადუა იმასაც ამბობს, რომ 10 ათასამდე კიდევ მაქვს დახარჯული და ეს არაფერი არ არის იმასთან, რაც უნდა გავაკეთოთო. ანუ ამ საქმის გაგრძელებას აპირებს. ყველაფერი ისე დეტალურად არის ნათქვამი ჩანაწერში, ძიებას დიდი კვლევები არც კი დასჭირდება.
მოგვიანებით, ღადუა ამ თემიდან გადადის არსებული ხელისუფლების პროტესტზე და ლანძღვაზე. ის ამბობს, რომ დაინიშნა პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომელიც არის გარეწარი, შევარდნაძისდროინდელი კაცი და მასთან ურთიერთობას საერთოდ ვერ დაამყარებ. ჩემს მეზობელს, რომელიც მასთან მუშაობდა, 14 ცალი პლასტიკური ბარათი მისცა (საუბარია სახელფასო ბარათებზე, როცა უცხო ადამიანები ჰყავთ სამსახურებში გაფორმებულები და პლასტიკური ბარათებით მათ ხელფასებს თავად იღებენ). ამ პიროვნებაზე ამბობს, ძველად აფხაზეთის სამმართველოს უფროსად მუშაობდაო. შემდეგ ის საუბრობს ქუჩური გარჩევის სცენაზე და ხშირად ბილწსიტყვაობს კიდევაც. ასეთ რამესაც ამბობს, _ „ძაღლები“ მომცვივდნენ და ცოტნიაშვილმა იმ „ძაღლებთან“ „გააიასნა“, ეს კაცი ჩვენიანიაო. როცა ღარიბაშვილი ზუგდიდში ჩავიდა ცოტნიაშვილმა პირადად გააცნო თურმე ღადუა და უთხრა, ეს კაცი ჩვენიანიაო. ღადუა მოსაუბრეს იმასაც ეუბნება, _ ინტერნეტში ვერ ნახე, ჩემი ძმისშვილი კალაძეს კისერში რომ უსვიაო? ამათთვის, როგორც ჩანს, ასეთი ფოტოები წარმოადგენს „ნარუშილოვკებს“. იქვე ღადუა იმასაც ამბობს, ჩემი ძმა განაწყენებულია, რადგან ორ პატარა ოთახში ცხოვრობს და ჩვენ „ქართული ოცნებისთვის“ იმდენი რამე გავაკეთეთ, ასე არ უნდა ვიყოთო. „ოცნების“ წევრებმა ამ ქვეყანას დედა უტირესო. მარი რომ დაიბადა, ავედი, ვთხოვე დახმარება, მაგრამ არ დამეხმარაო. ვინც სამეგრელოში ბინების გადაცემის საკითხებზე ოფიციალურად მუშაობს, მინისტრისა და მისი მოადგილის კაცია. ერთხელ შევეჭერი ზუგდიდში ბინების გადანაწილების პროცესზე, 35-კაციანი კომისია იჯდა მრგვალ მაგიდასთან, მაგრამ მხოლოდ 2 ადამიანი კითხულობდა მათ საქმეებს. გვარს რომ წაიკითხავდა, ვისგანაც ფული აღებული ჰქოდათ, ბეჭედს ურტყამდნენ, ვისგანაც არა, არ ურტყამდნენ და ამ საქმეში ძალიან დიდი ფული კეთდებაო. მოსაუბრე ღადუას ეკითხება, _ ადგილობრივი ხელმძღვანელობა თუ არის ამაში ჩართულიო? _ არა, მაგ საქმეში ისინი ჯერ ვერ შევიდნენო. ფაქტი ის არის, რომ კორუფციულ სქემებში გარევა ყველას უნდა.
ღადუას თქმით, ცოტნიაშვილს 21 ათასი აქვს აღებული, მაგრამ დაპირებული ბინები რამდენიმე ადამიანს არ მიუღია. ეს ხალხი კი ღადუას „აწვება“. როგორც ჩანს, მინისტრის მოადგილე ეუბნება, არ მცალია, ჩამოვალ ზუგდიდში და იქ დავლაგდეთო და ღადუაც ამიტომ ნერვიულობს. ჩანაწერში ჩანს ისიც, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და „ინსულინს“ იკეთებს.
ღადუა იმასაც ამბობს, რომ „ოცნებას“ დედა აქვს მოტ..., რადგან უკვე სიმწარეს აკეთებენ, სიღარიბემდე მიიყვანეს ქვეყანა და გაყიდესო.
როცა ამ ვიდეოს ვუყურებდი, მეცინებოდა, რადგან ასე ლაპარაკობს კაცი, რომელიც თავადაც დანაშაულს სჩადის. იგი მინისტრის მოადგილისთვის აგროვებს ფულს და მას დანაშაულში არ ამხელს. მას ხომ შეეძლო მისულიყო პოლიციაში, ეთქვა, რომ ცოტნიაშვილი ფულს იღებდა და ეს ყველაფერი გამოეაშკარავებინა, მაგრამ არ გააკეთა, რადგან თავადაც ნახულობდა სარგებელს.
ამ ვიდეოსა და სატელეფონო ჩანაწერებით სოზარ სუბარის მოადგილეს, მამუკა ცოტნიაშვილს, ბრალი ედება მძიმე დანაშაულში _ თანხის აღებაში. 7 მარტს ღადუამ ცოტნიაშვილთან ისაუბრა 2 წუთი და 7 წამი. ცოტნიაშვილის ტელეფონზე, ამ წელიწადს, მას სულ 54 ზარი აქვს განხორციელებული; მეორე საეჭვო ნომერზე კი, დაახლოებით, 300 ზარი. იგი იმასაც ყვება, როგორ დაუკავშირდა თავდაპირველად ცოტნიაშვილს: სადაც ვმუშაობდი ცოტნიაშვილი იქ მოდიოდა ხოლმე, რომელიც ჩემზე კარგი წარმოდგენის იყო. შემდეგ მისმა მძღოლმა მითხრა, შეიძლება დევნილთა ბინების „გაკეთება“, მაგრამ პატივისცემა უნდაო და ეს ყველაფერი უკვე ბიზნესად აქციეს.
_ ამონაწერის მიხედვით, მხოლოდ ღადუა რეკავს ცოტნიაშვილთან, თუ მინისტრის მოადგილეც ურეკავდა ღადუას?
_ ცხადია, ცოტნიაშვილიც რეკავდა ღადუას ტელეფონზე. მათი აქტიურობები, ძირითადად, ხდება მარტში, აპრილსა და მაისში. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ჩვენი ხელისუფლება ძალიან ამაყობდა გასაღებების დარიგებით ზუგდიდში. თებერვალში ისინი ტელეფონით 6 წუთსაც კი საუბრობდნენ. ცხადია, ამდენ ხანს უცნობ ადამიანთან არავინ ისაუბრებს. ისიც გავარკვიეთ, რომ ცოტნიაშვილი ზუგდიდის ხშირი სტუმარია. ჩანაწერში ღადუაც ამბობს, _ ცოტნიაშვილი რომ ჩამოდის, ორი დღით რჩება ხოლმე, რადგან ხან იმას ამოწმებს, ხან _ ამასო. საერთოდაც, „ქრონიკა+“-ის მკითხველმა იცის, რომ დევნილთა სამინისტრო მივლინებებში დიდ ფულს ქაფავს.
_ მაინც ვერ ვხვდები, ღადუა ამ ადამიანს რატომ უყვება დანაშაულის წვრილმან დეტალებს? რისთვის სჭირდება მას ამ ამბების მოყოლა?
_ ღადუა რაზედაც საუბრობს, ჩნდება ეჭვი, რომ მასთან მოსაუბრე ყველაფრის საქმის კურსშია. მეტიც, ისიც მონაწილეობს ამ საქმეში. ჩვენი აზრით, მასაც გამოართვეს ასეთი ფორმით ფული, მაგრამ ვერ დააკმაყოფილეს და გაბრაზებულმა ჯერ სპეციალურად ალაპარაკა და შემდეგ ჩანაწერი ჩვენ გამოგვიგზავნა. დისკზე მხოლოდ საუბრის ჩანაწერი არ არის, აქ დაფიქსირებულია ვიდეოჩანაწერიც და მათი მოქმედებებიც.
ასეთ ფაქტს მე ვერ დავმალავ, რადგან ამით დავფარავ დანაშაულს, ამიტომ ჯერ თქვენთან გამოვაქვეყნებთ და გაზეთის გამოსვლის დღეს მივმართავთ პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს საქმე. ასევე მოვითხოვთ, მინისტრის მოადგილეს შეუჩერდეს უფლებამოსილება, სანამ გამოძიება ყველაფერს არ დაადგენს და გაარკვევს.
ასევე ველოდები ამ ვიდეოჩანაწერის გაგრძელებასაც. ვფიქრობ, წყაროც ჩვენს ქმედებას ელის და შეიძლება მან ახალი მასალები მოგვაწოდოს. არ გამოვრიცხავ, მას ღადუასა და ცოტნიაშვილის პირადი შეხვედრაც ჰქონდეს ჩაწერილი. ცოტნიაშვილი არ არის ის ფიგურა, რომ ვინმემ ასეთი საქმე განგებ შეკეროს. ბევრმა არც კი იცის, ვინ არის სუბარის მოადგილე. ის საზოგადოებაში არ ჩნდება და როგორც აღმოჩნდა, თავის საქმეს აკვარახჭინებს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დევნილთა სამინისტრო დევნილებისთვის ბინების გადაცემაში ფულს აკეთებს. გამორიცხულია, რომ ამ სისტემაში ასეთი ფორმით ბინების გაყიდვა ისე ხდებოდეს, ეს ამბავი მინისტრმა არ იცოდეს. სია, რომლითაც ბინები უნდა გაიცეს, არის დიდი. 3 და 4 ათას ლარს კი ადამიანები სიის სათავეში გადაჰყავს. ჩემი გონივრული ეჭვია, რომ ეს ყველაფერი მინისტრმა კარგად იცის. შეიძლება ის არ არის ამ „სქემაში“ ჩართული, მაგრამ მასთან ფული აუცილებლად მიდის. ხალხიც უკვე საუბრობს ამ სამინისტროს შიდა კორუფციულ სქემებზე, ამიტომაც იქ მომუშავე ყველა მაღალჩინოსანი სასწრაფოდ უნდა დაითხოვონ სამსახურიდან.
„ქრონიკა+“ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს, მამუკა ცოტნიაშვილს დაუკავშირდა, საქმის ვითარება გააცნო და კომენტარი სთხოვა:
_ მე ვარ კურატორი რეგიონებში დევნილთა ჩასახლებებისა და ცხადია, დევნილთა ოჯახებსაც ვიცნობ. ნიაზ ღადუას ვიცნობ როგორც დევნილს, რომელსაც ჰყავს მრავალსულიანი ოჯახი და ზუგდიდში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. როგორც სხვა რიგით დევნილებთან მაქვს ურთიერთიბა, ისეთივე ურთიერთობა მაქვს ნიაზ ღადუასთანაც.
თქვენ რასაც მეუბნებით და ღადუა რასაც ამბობს ჩემზე, ამ თემას ისეთი ფორმატი აქვს, რომ უკაცრავად და... მთელი ჩემი ცხოვრება მიცხოვრია ადამიანურა. 3-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში ნიაზ ღადუასთან კი არა, ათასობით დევნილთან ვარ მისული და დახმარება გამიწევია მათთვის. სრულიად სამინისტროს სახელით ვლაპარაკობ, რადგან ჩემი საკურატორო ზონა არის რეგიონები: მე ვიტყვი, რომ ეს არის სრული სიცრუე და ამას ჰყავს თავისი დამკვეთი. შეგვიძლია მივმართოთ და ეს ყველაფერი გადავცეთ შესაბამის ორგანოებს, არავითარი პრობლემა არ არის, მე მზად ვარ ვითანამშრომლო ყველასთან და ვაჩვენო თვალით ყველაფერი, ის რაც გაკეთებულა სამინისტროსგან თითოეული დევნილის ოჯახისთვის და რა შედეგებიც გვაქვს. ამ შედეგებზე სამი ან ოთხი დღე რომ ვისაუბრო გადაბმულად, კიდევ ვერ მოვრჩები და კარგი იქნება, თითოეულ დევნილთან თუ მიხვალთ და გაესაუბრებით, ჩვენ მათთვის რა და როგორ გაგვიკეთებია.
_ „აპრიორის“ ლიდერი ამბობს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა მასალას მიიტანს პროკურატურაში და, ალბათ, მერე სამართალდამცველები მიხედავენ ყველაფერს, გაარკვევენ მტყუან-მართალს...
_ კიდევ კარგი, რომ მათ თავად გადაწყვიტეს ამის გაკეთება და არავითარი პრობლემა არ არის, მე მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში ვითანამშრომლო გამოძიებასთან. როცა დასრულდება გამოძიება, მერე ცილისწამებისთვის, ვიღებ ვალდებულებას, რომ ბოლომდე, ასეთი ხალხი, როგორიც აღმოჩნდა ნიაზ ღადუა... არაერთი გვყავს აღმოჩენილი ჩვენს სამინისტროში ასეთი თემებით დაკავებული. ეს ჩვენი საერთო მუშაობის შედეგია. ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას შესაბამის უწყებებს, ისინი კონკრეტულ პიროვნებებზე გადიან და ფაქტთან დაკავშირებით აკავებენ. ჩემთვის ეს ახლა იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა და მეცინება. აქ უფრო ვხედავ დაინტერესებულ მხარეს. არჩევნების ქარცეცხლი იწყება და ვიღაცას პოპულარული წარმომადგენლობა ზედმეტად აწუხებს. ეს არის ამისი შედეგი. თავის მართლების რეჟიმში ნამდვილად ვერ გადავალ და გამოძიებას მივცეთ საშუალება, სრულყოფილად იმუშაოს.
ნელი ვარდიაშვილი