QronikaPlus
 ქართული თავდაცვა და „ქართული ოცნება“

ქართული თავდაცვა და „ქართული ოცნება“

2015-10-10 07:54:20

ქვეყანა ჯერ კიდევ თვითგამორკვევის რეჟიმშია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალა ძალიან ბევრს საუბრობს სტრატეგიული კურსის შენარჩუნებასა და ვეროსტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებლობაზე, არსებული რეალობა მაინც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. „ქრონიკა+“ შეეცდება ექსპერტებთან ერთად პასუხებიც მოისმინოს. ირაკლი მენაღარიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: _ რადენიმე მომენტზე აქცენტის გაკეთება შეიძლება. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ქვეყანამ თავისი სტრატეგიული კურსი შეინარჩუნა. მიუხედავად არაერთი მწარე კრიტიკული განცხადებისა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან ქვეყანას არ გადაუხვევია. მეორე, რაც უდავოდ უნდა აღვნიშნოთ როგორც მნიშვნელოვანი მომენტი, ის არის, რომ მოხერხდა დაძაბულობის ტემპერატურის დაწევა რუსეთთან; დიალოგის გააქტიურება და ამას გარკვეული შედეგი მოჰყვა. აქ ტერმინი `გარკვეული~ მკაფიოდ უნდა ითქვას და აღინიშნოს. იმიტომ, რომ ხშირად ჩვენს საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ დიალოგის ამ ფორმატისგან. არადა, მისი როგორც ამოცანა, ისე რეალური შედეგები ბევრად უფრო მოკრძალებულია და ასეც უნდა იყოს. უფრო სწორად, სხვანაირად შეუძლებელია იყოს. გახლდათ სხვა წარმატებებიც. მაგალითად, ამ პერიოდში ხელი მოეწერა ცნობილ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან; აქტიური კონტაქტია მრავალ სახელმწიფოსთან, რომლებთანაც ეს აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მუშაობის თვალსაზრისით. და ეს უდავოდ აქტივის კალათაშია გასათვალისწინებელი. პრობლემებთან დაკავშირებით, ერთი და უმთავრესი პრობლემა, რომელიც, სამწუხაროდ, საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა თავიდანვე და დღემდე მოუგვარებელია, ეს არის სათანადო კომუნიკაციის დეფიციტი _ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ახლა ამის მიზეზებზე ბევრი საუბარი შეიძლება, რისი საშუალებაც ჩვენ, ალბათ, არ გვაქვს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა დასაძლევია. საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილ პარტნიორებთან, ძირითადად, ევროპაში საქართველომ უნდა მოახერხოს საერთო ენის მოძებნა. ამისთვის უფრო მეტი, შემოქმედებითი და აქტიური მიდგომა არის საჭირო. _ იყო დაპირება, რომ ჩვენ ნატოშიც შევიდოდით და, პარალელურად, რუსეთთანაც შევძლებდით რთული ურთიერთობების დალაგებას... _ დავაზუსტოთ: ამგვარი გაცხადება არ მახსოვს, რომ ჩვენ ნატოში შესვლას შევძლებდით. ვინმეს ასეთი განცხადება რომ გაეკეთებინა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცის დაპირებით ქვეყანა არჩევნებიდან ოთხი წლის განმავლობში ნატოს წევრი გახდებოდა. ეს სრულიად არარეალისტური და უპასუხისმგებლო განცხადება იქნებოდა. ამიტომ მსგავსი არაფერი გამიგონია. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, აქ უკვე მოგახსენეთ და ტერმინებთან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია, თუკი რუსეთი არ შეიცვლის პრინციპულად თავის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი. ანუ რუსეთი თუ ხელს არ აიღებს ჩვენი მიწაწყლის ოკუპაციაზე, არავითარ დალაგებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. საუბარი იყო იმაზე, რომ ის მეტისმეტად მწვავე ურთიერთობა, რომელიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა, ნაწილობრივ უნდა განმუხტულიყო, რათა რუსეთიდან მომდინარე საფრთხე (რომელიც უდავოა და დღესაც არსებობს), მისი ალბათობა შემცირებულიყო. მივიჩნევ, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური დინამიკა გვაქვს. თუმცა ის, რაც თქვენ ბრძანეთ, არ მომხდარა და, უბრალოდ, ვერც მოხდებოდა. _ ამ ფონზე, რამდენად რეალურია ევროპასთან უვიზო რეჟიმისა და ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის მიღება უახლოეს პერსპექტივაში? _ ეს ცოტა უფრო ფრთხილ შეფასებებს მოითხოვს. თუმცა თუ დღევანდელ სიტუაციას გავითვალისწინებთ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, სიმართლე რომ გითხრათ,, მაპი შეიძლება ისეთი აუცილებელი ინსტრუმენტი აღარც იყოს ჩვენი ალიანსში გაწევრიანებისთვის. იმიტომ, რომ სიტუაცია, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ, პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ ახლა წინა პლანზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არის წამოსული ალიანსის მხრიდან. ამისთვის, ამგვარი გადაწყვეტილებისთვის, მაპი აუცილებელი არ გახლავთ. როდის იქნება ამის პირობები მზად, როდის შეძლებს ალიანსი ამგვარი გადაწყვეტილებისთვის მზადყოფნას, ეს ცალკე საკითხია. მაპი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის გადაუდებელი აუცილებლობა შეიძლება არც იყოს. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროკავშირის ქვეყნებთან, ეს სრულიად რეალისტური მომავალია, სრულიად რეალისტური ამოცანაა. ამისთვის ჩვენს ქვეყანას ის საკითხები აქვს გადასაწყვეტი, რომელიც ევროკავშირის შესაბამისმა სამსახურებმა ჩამოაყალიბეს. და ამ მიმართულებით გაწეული მუშაობა წლის ბოლოს უნდა შეჯამდეს. თუმცა ერთიც უნდა გავითვალისწინოთ და რეალისტები უნდა ვიყოთ: შესაძლოა, იმ სიტუაციამ, რაც ევროპაში ლტოლვილების დიდი მასის მოდინებამ შექმნა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგად, ინტეგრაციის პროცესი ცოტა დააყოვნოს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეს საქართველოს მიზეზით ნამდვილად არ მოხდება, რადგან უვიზო რეჟიმი ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების თემა გახლავთ და იგი სერიოზულად დამოკიდებულია ევროკავშირში შიდა განწყობებზე, რასაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისი სერიოზულდ ართულებს.   ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი: _ შეიძლება კითხვა ასე დაისვას: ჩვენ კი არა, თვითონ ნატომ ამ წლების განმავლობაში რა პროგრესი განიცადა? რადგან ეს ბოლო სამი წელი გადამწყვეტი იყო არა უფრო საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვის იმ გაგებით, რომ ალიანსი მიხვდა იმას, რომ გამოფხიზლების დროა. ნატომ გაიღვიძა ან ახლა იღვიძებს. ნატოს აქამდე ეძინა და ამ ბოლო სამ წელიწადში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ნატო და დასავლეთი მიხვდა, რომ ყველაფერი სხვანაირადაა და არა ისე, როგორც მათ ეგონათ. უფრო ადრე მათ სიგნალი ჰქონდათ 2008-ში, საქართველოში რუსეთის აგრესიისას. მაშინაც ნატოს უნდა გაეღვიძა. არ გაიღვიძეს, მარტო აღშფოთდნენ, შეშფოთდნენ და უკრაინის მოვლენებმა კი ალიანსი, ბოლოს და ბოლოს, გააღვიძა. ახლა რაც სირიაში ხდება, ამან არათუ გააღვიძა, არამედ, მგონი, უფრო ცივი შხაპი გადაასხა. მიხვდნენ, რომ რუსეთმა რეალურად დაიწყო ის, რასაც ჰქვია აგრესიული პოლიტიკა. ეს არის ღიად გამოხატული აგრესიული საერთაშორისო პოლიტიკა. ნატოს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს, ეგონა, რომ რუსეთი ჩარჩენილია 90-იან წლებში, ელცინის პერიოდში; ამაში მწარედ მოტყუვდნენ, რადგან პირიქით _ რუსეთი ახლა ინციატორია მოვლენების წარმართვის, ხოლო ნატო და აშშ ცდილობენ, რომ როგორმე მას ფეხი აუწყონ. _ ამის გათვალისწინებით, ჩვენ რა პერსპექტივა გვაქვს ნატოს მომავალ ვარშავის სამიტზე? _ ჩვენი პერსპექტივები მიზერულად გამოიყურება. განა იმიტომ, რომ საქართველო მზად არ არის ნატოს წევრი გახდეს. მით უმეტეს, ბოლოს ისეთი ქვეყნები გახდნენ ნატოს წევრები, რომ საქართველოზე უკან დგანან: გინდ დემოკრატიის თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ შეიარაღებული ძალების გაწვრთნისა და მისი თავსებადობის მხრივ. ისინი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ. აქ მთავარი რა არის _ ის ქვეყნები ევროპაში არიან, მათი მეზობელი არ არის რუსეთი. ჩვენი მეზობელი კი რუსეთია, რაც დანარჩენ ყველაფერს საზღვრავს. ანუ ნატო, ნატოს წევრი ქვეყნები პრაქტიკოსები არიან და ხვდებიან, რომ თუ საქართველოს ნატოს სრულუფლებიან წევრად მიიღებენ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე იღებენ საქართველოს დაცვას, თუ ქვეყანაზე შეტევა მოხდება. ალიანსის დებულების მეხუთე პუნქტის მიხედვით, ნატოს წევრ ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს ყველა წევრზე თავდასხმას და კოლექტიური თავდაცვის სისტემა უნდა ამოქმედდეს. ჰოდა, არ უნდათ მათ ამის აღება, რაც ბუნებრივია. ჯერ ერთი, პოლიტიკური მოსაზრებით და მეორე, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით. სამხედრო-ტექნიკურადაც რომ ვთქვათ, დღეს ნატომ ძალიანაც რომ მოინდომოს, მთელი გულითა და სულით, უბრალოდ, ვერაფრით დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანას, იგივე რუსეთის შეიარაღებული შემოტევისგან. იმიტომ, რომ სანამ ნატო მოინდომებს საქართველოში ძალების გადმოსროლას მის დასაცავად, ამას ერთ კვირიდან ორ კვირამდე დასჭირდება. ამასაც ვერ განახორციელებს, რადგან ძირითადი სატრანზიტო მიმართულებები, ეს იქნება საზღვაო თუ საჰაერო, რუსეთს ჩაკეტილი ექნება. შავ ზღვაში, ბათუმისა და ფოთის პორტების მისადგომები, ასევე საჰაერო სივრცე. ხოლო რაც შეეხება სახმელეთო გზას, თურქეთიდან ტრანზიტს, დიდი ეჭვი მაქვს, რომ თურქეთი ნატოს წევრობის მიუხედავად, რამე სამხედრო კოლონები იგივე ამერიკული არმიის, გამოუშვას საქართველოს დასაცავად. რაღაც ამის მაგვარი ვნახეთ 2008 წელს, როდესაც რუსეთმა შეაფერხა, ან სცადა შეეფერხებინა რამდენიმე სამხედრო ხომალდის შემოსვლა შავ ზღვაში, ფოთისა და ბათუმის პორტებისკენ. _ რა გზები რჩება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? _ საკითხავია, რა მოხდება თვითონ მსოფლიოში, იგივე სირიის მოვლენებიდან გამომდინარე? ანუ აქ ის ვარიანტია, რომ ნელ-ნელა უფრო ჩანს რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება. უკრაინასთან დაკავშირებით ეს ჩანდა, მაგრამ სირიასთან მიმართებით ეს უფრო გამოჩნდა, რადგან რუსეთმა თავისი თამაში დაიწყო: შეიძლება ამ ეტაპზე უფრო ეფექტური, ვიდრე ეს იყო დასავლური კოალიციის შემთხვევაში, რაც აშშ-სა და ნატოს წევრ ქვეყნებს ჰქონდათ, სამოცზე მეტ ქვეყანას, სირიისა და ერაყის ტერიტორიზე ისლამური სახელმწიფოს გასანადგურებლად, ერთწლიანმა კოალიციამ რეალურად ვერაფერს მიაღწია ამ ხნის განმავლობაში. ანუ დღეს აღლუმი რუსეთს მიჰყავს, ეს გვინდა თუ არა. აქედან გამომდინარე, თუ დასავლეთი უფრო აქტიურად ამოქმედდა, შეიძლება გადადგას ასეთი ნაბიჯი, რასაც იგივე საქართველოს ნატოს წევრად მიღება ჰქვია. როდესაც უკვე თვითონ ნატო დაინტერესდება, რომ გაძლიერდეს რესეთის სამხრეთის მიმართულებით, საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ ის, რაც ცივი ომის დროს ხდებოდა. ეტყობა, ეს ნიშნავს, რომ ახალი ცივი ომი დაწყებულია. ამიტომ საქართველომ ძალიანაც რომ მოინდომოს, მისმა ხელისუფლებამ, ნატოში არ მიიღებენ. ხოლო თუ ნატოს დასჭირდა, ეს ერთ დღეში თუ არა, შეიძლება ერთ კვირაში მოხდეს. აი, ასეთი რეალობის წინაშე ვიმყოფებით. ნოდარ ნათაძე, ყოფილი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე: _ რასაც გეტყვით, შეიძლება განსხვავდებოდეს ფართო აზრისგან სააკაშვილის პოლიტიკაზე ამ მიმართულებით. ის რასაც აკეთებდა სამხედრო თვალსაზრისით, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდა, რომ ეს სასურველი იყო დემოკრატიული მსოფლიოსთვის, რომელიც მისგან, მეტ-ნაკლებად, დამოუკიდებელ პოლიტიკას მოელოდა. ხალხს დღემდე ჰგონია, რომ სააკაშვილი არმიას მაინც აშენებდა. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, ეს არის პირდაპირი, დაუფარავი უგულებელყოფა ყოველგვარი სამხედრო ამოცანისა. თინა ხიდაშელის ნაკლი ის კი არ არის, რომ ქალბატონია და ამ დარგში ბევრი არაფერი ესმის _ მთავარი პრობლემა ის არის, რომ პიროვნება ვერ არის განვითარებული ეროვნული პასუხისმგებლობის სრულ გააზრებამდე. მას სხვა საზომი არ აქვს, გარდა იმისა, თუ როგორ შეხედავენ ისინი, ვისზედაც მისი ბედია დამოკიდებული. სხვა საზომი არ აქვს და არც ექნება. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველოს ხელისუფლების ქცევაზე, ამ მიმართულებით, რაღაც გარეგანი ფაქტორები მოქმედებს, რომლებიც დადებითია. არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას იმის მინიმალური სურვილი მაინც ჰქონდეს, რომ ქვეყანა დაიცვას ყველაზე კატასტროფული შედეგებისგან _ უყურადღებობის, უვიცობის, კორუფციის, სხვადასხვა არასაპატიო ფაქტორის შედეგად. რაც შეეხება ნატოში შესვლას და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ეს მხოლოდ ერთი ფაქტორის წყალობით შეგვიძლია _ ეს ფაქტორი არის ძალა. თუ ჩვენ რუსეთის კბილებისთვის მიუწვდომელი ვიქნებით, მაშინ შეგვეძლება, მასთან პრაქტიკული ურთიერთობები ვიქონიოთ. მეტსაც გეტყვით: ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან პირდაპირი ბეჭედდარტყმული ხელშეკრულება გვქონდეს, მაგრამ ამათ ხელში ეს არ გამოვა. ამათ არანაირი გაანგარიშების, გათვლის უნარი არ გააჩნიათ, იციან ერთი _ რუსეთს ბრძანება უნდა შეუსრულონ.  

                                                                                             გელა მამულაშვილი

 

გაზიარება