QronikaPlus
არჩევნებიდან 3 წელი, ანუ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?..

არჩევნებიდან 3 წელი, ანუ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?..

2015-10-09 10:56:03

3 წლის წინათ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, საქართველოში მეორედ ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა. ეს იყო ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ არჩევნებს შიდა და გარე კონტექსტები ჰქონდა _ მოლოდინები საქართველოს შიგნით და მოლოდინები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. შიდა კონტექსტი დიდწილად არ ემთხვეოდა გარე კონტექსტს, ვინაიდან ვითარება თავად ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული იყო და ნებისმიერ ფასად მმართველი გუნდის დამარცხებას ითვალისწინებდა. შიდა კონტექსტი უშვებდა ხელების გადაგრეხისა და წელსქვემოთ დარტყმების ყველა შესაძლო საშუალებას. ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების მიერ ოპოზიციაზე ზეწოლა და პირიქით, ოპოზიციის მხრიდან ნაგროვები კომპრომატების წინასაარჩევნოდ გასაჯაროება, ან საზარელი, პატარა ბავშვის მკვლელობის ხელისუფლებისთვის დაბრალება პირდაპირ ეთერში, არჩევნების წინა საღამოს. ამის გამო საქართველოს შიდა კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავდებოდა საგარეო მოლოდინების კონტექსტისგან და საბოლოოდ სრულიად ასცდა ერთმანეთს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგ. შიდა კონტექსტი დაიტვირთა რევანშის მოლოდინით ყოფილი ხელისუფლების მიმართ, ხოლო საგარეო კონტექსტი დაიტვირთა პროგრესული ნაბიჯების მოლოდინის რეჟიმით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება გააგრძელებდა რეფორმებს და გაამართლებდა იმ მოლოდინებს, რომელიც ამ არჩევნებზე დაუსახა ქვეყანას. თუმცა ეს ასე არ მოხდა. არ მოხდა სწორედ იმის გამო, რომ ახალ ხელისუფლებას სხვა მიზნები ჰქონდა და როგორც 3 წლის შემდეგ ჩანს, მისი მიზნები არ ემთხვევა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოდინებს. ახალმა ხელისუფლებამ თავისი მოღვაწეობა დაიწყო პოლიტიკური დაჭერებით. დააპატიმრეს გენშტაბის მოქმედი უფროსი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი. თუმცა ტენდენცია ამისკენ იყო აღებული და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ახალი ხელისუფლება ემზადებოდა პოლიტიკური ველის მოსასუფთავებლად, რაც თავისთავად შეუსრულებელი ამოცანა იყო, ვინაიდან პარლამენტში წინა ხელისუფლება საკმაოდ სოლიდურად გახლდათ წარმოდგენილი. ერთი მიმართულება, რაზედაც ახალი ხელისუფლება ძალიან მყარად ჩამოყალიბდა, იყო ის, რომ შეძლებისდაგვარად წინა ხელისუფლების მეტი ლიდერი დაეპატიმრებინათ «სამართლიანობის აღდგენის» ლოზუნგით: დააპატიმრეს დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა; ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი; საქმე აღიძრა და ძებნა გამოცხადდა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. მიუხედავად დასავლეთის საკმაოდ სერიოზული გზავნილებისა პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ, ხელისუფლება ყურად არ იღებდა ამ ყველაფერს. ხელისუფლება ცდილობდა (და ცდილობს), რომ დასავლეთში შეექმნა განცდა, რომ წინა ხელისუფლება იყო ჰიტლერის რეჟიმზე უარესი რეჟიმი, რაშიც დღემდე ვერავის არწმუნებს. ეს ერთი მიმართულებაა, რომელშიც მოქმედი ხელისუფლების გათვლებმა საკმაო ზიანი განიცადა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამკაცრდება მოთხოვნა, რომ საქართველომ დაიცვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და სხვა საერთაშორისო აქტებით აღებული ვალდებულებები. რაც უფრო ნაკლებ ადეკვატურად გაიგებს ხელისუფლება მოწოდებას, მით უფრო დაზარალდება თავად. დასავლეთთან ურთიერთობაში არსებობს ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც გულისხმობს ინტეგრაციას საერთო ღირებულებების ქვეშ, რაც დღეს იგნორირებულია და ძალიან დიდი ეჭვებს აჩენს, _ ხომ არ ჰგავს ეს სიტყვით დასავლური ღირებულებების აღიარებას და საქმით ამ ყველაფრის უგულებელყოფას და ორმაგ თამაშს? შესაძლოა, აღნიშნული რეკომენდაციები მავანმა დირექტივებად გაიგოს, მაგრამ სულ ტყუილად: ეს არის ნამდვილი რეკომენდაციები, ვინაიდან ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც ისტორიულად თვითიდენტიფიკაციას ახდენდა ევროპასთან, როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე ღირებულებებით. შესაბამისად, უმთავრესად ჩვენი ინტერესია, ვიყოთ ევროპის ნაწილი, სადაც იხსნება უდიდესი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციისთვის, თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისათვის, რომლის ეგზისტენციურ საფრთხეს ყოველდღიურად ვგრძნობთ რუსეთის აგრესიის პირობებში. ამიტომ ხელისუფლების სიჯიუტე, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებს ვნებს. 3 წლის წინათ ბევრი განცხადება გაკეთდა, რომელიც ხელისუფლებას არ უნდა, რომ გაიხსენოს. თუმცა მაშინ შექმნილი რეალობა ის რეალობაა, რომელსაც მოსახლეობა მოგთხოვს. მაგალითად, საქართველოს მოსახლეობას დღემდე ახსოვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დანაპირები ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, რომ მესამე წელი იქნებოდა კარგი, ხოლო მეოთხე წელი იქნებოდა საუკეთესო. „ქართული ოცნების“ მიერ და თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ ან მისი სახელით, წინასაარჩევნო პერიოდში, უხვად გაიცა სოციალური თუ სხვა დაპირებები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ძალიან არარაციონალური იყო და სახელმწიფოს არ შეეძლო ასეთი დაპირებების შესრულება, ან ამხელა სოციალური ვალდებულებების აღება. მიუხედავად ამისა, ამომრჩეველში ძალიან დიდი მოლოდინი გაჩნდა, რომ ვითარება რადიკალურად კარგისკენ შეიცვლებოდა. ასეთი მოლოდინების გაჩენა პირდაპირპროპორციული ხდება ფრუსტრირების, იმედგაცრუების, რომელიც აუცილებლად დადგება, ვინაიდან დაპირებებს აქვს ზღვარი, ხოლო სახელმწიფოს ცხოვრება ექვემდებარება რეალობებს, რომელიც იქმნება როგორც შიდა ვითარებით, ასევე მას განაპირობებს საგარეო ფაქტორები. ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ შეძლო ამ დაპირებების შესრულება. პირიქით ვითარება გაცილებით დამძიმდა სწორედ იმ კარგ წელს (მესამე წელი), როდესაც ყველას ჯიბეზე უნდა ეგრძნო ახალი ხელისუფლების სიკეთეები. ამიტომ საზოგადოებაში ფრუსტრირება იზრდება. შეიქმნა ტენდეცია, რომ წინა ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს ცუდს. ეს ჯდებოდა ახალი ხელისუფლების რიტორიკულ კონტექსტში, ვინაიდან, როგორც ეტყობა, გაჩნდა სურვილი, რომ ხელისუფლებას შავ ფონად ჰყოლოდა წინა ხელისუფლება თავისი რეიტინგის შესანარჩუნებლად. სახელმწიფო მართვის გამოუცდელობამ გამოიწვია ის, რომ (თუმცა ამას არ ამხელდნენ) ეგონათ, მათ მიერ ჩაბარებული სახელმწიფოს ეკონომიკური პარამეტრები თავისით შენარჩუნდებოდა და დიდი ძალისხმევა არ დასჭირდებოდა მის დაჭერას, შემდეგ კი განვითარებას. პირველსავე წელს მათ მიერ ბიუჯეტი, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით გაირღვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში წარმოუდგენელი მოვლენა იყო. გაჩნდა განცდა, რომ ახალი ხელისუფლება საბიუჯეტო ნაწილში საკმაოდ დილეტანტურად იქცეოდა, რაც მმართველობის მეორე წლის ბოლოსაც გამოჩნდა, როდესაც საბიუჯეტო ხარჯვა ვერ დაიგეგმა და ბოლო თვეში ჭარბი ლარის შემოსვლამ საფინანსო ბაზარზე ბიძგი მისცა საგარეო და შიდა ფაქტორებით ისედაც დევალვაციის გზაზე დამდგარ ლარს. არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს არც წინა ხელისუფლებისგან, არც ექსპერტებისგან. პრაქტიკულად, პოლიტიკური დივიდენდების გამო ქვეყნის ეკონომიკას მიადგა ძალიან დიდი ზიანი. აღნიშნული დევალვაცია გრძელდება დღესაც და ის უკვე გადადის ინფლაციურ რეჟიმში, რაც კატასტროფულად მძიმე იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. თუმცა ამაზე პასუხისმგებლობის აღებას არავინ აპირებს. ლარის დევალვაციას დიდწილად შეუწყო ხელი ე. წ. ვიზა-ლიბერალიზაციის ეგიდით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შეცვლამ. იმის მაგივრად, რომ ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის, საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის საქართველო გამხდარიყო ხელმისაწვდომი ქვეყანა, ის პირიქით _ ჩაიკეტა: გამკაცრდა სავიზო პოლიტიკა, რამაც ძალიან დააზარალა საქართველო და ლარის დევალვაციის ერთ-ერთ კომპონენტად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ აღიარებდა აღნიშნულ შეცდომას, საბოლოოდ იძულებული გახდა, ეს პოლიტიკა ისევ ძველ ნიშნულზე დაებრუნებინა, თუმცა სავიზო პოლიტიკა გამკაცრდა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიც არის ირანი და ჩინეთი, რაც ძალიან გაუგებარია და ვფიქრობთ, ის უკავშირდება იუსტიციის მინისტრის მენტალურ ახირებას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო რუსეთის ეკონომიკური ბაზრის გახსნა. პიარის თვალსაზრისით ეს იყო მომგებიანი თემა, თუმცა წმინდა ეკონომიკური გათვლებით ამ მიდგომამ სრულიად დააზარალა ქართული ბიზნესი და განსაკუთრებით ღვინის წარმოება, ასევე ყურძნის მომყვანი გლეხი. რუსეთის ბაზრის ათვისებისას, რასაც ხელისუფლება დიდად ლობირებდა (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ბაზარი ნებისმიერი ხელისუფლების დროს გაიხსნებოდა, ვინაიდან ის გახდა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ეს მისი ვალდებულება იყო), აბსოლუტურად არ გაითვალისწინეს საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა რუსეთთან და მისი გამწვავებული რეალობა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიო თანამეგობრობასთან, რამაც 2015 წელს ღვინის ექსპორტი 60%-ით შეამცირა, რაც ასევე გახდა ლარის დევალვაციის ერთ-ერთი კომპონენტი. არ შეიძლება ყურადღება არ დავუთმოთ სასამართლო რეფორმას, რომელიც ყველაზე დიდი კრიტიკის საგანი იყო წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს. ქართული მართლმსაჯულება ახლაც დიდი პრობლემაა და ამას მიუთითებს 2015 წლის 1-ლ ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც აღიარებულია, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებულია პოლიტიკური ნიშნით, რაც, ევროსაბჭოს რეზოლუცია რომ არა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა. ეს ნიშნავს: დასავლეთის აღქმით, საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები, რაც ამძიმებს ჩვენს მომავალ დასავლურ პერსპექტივას, იგივე ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომელიც წარმოადგენს მთელი ქართველი ხალხისთვის მისანიჭებელ სიკეთეს. საქართველოში ამ სამი წლის განმავლობაში არ მომხდარა მართლმსაჯულების რეფორმირება თუნდაც მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების გზით. ამაზე არაერთხელ მიუთითეს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა არავინ გაითვალისწინა. ამის კონტექსტი არის რევანში. მაგალითად, დასავლელი პარტნიორებისთვის ძნელი გასაგებია საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ „მისი მიზანია ნაციონალური მოძრაობის განადგურება“. პრობლემა არის ის, რომ საქართველოში დასავლეთის მხრიდან არსებობს არა მხოლოდ განცდა მართლმსაჯულების პოლიტიზებისა, არამედ ისეთი ხელშესახები ფაქტისა, როგორიც იყო გიორგი უგულავას 24-საათიანი თავისუფლება და ყოველგვარი პროცესუალური ნორმების დარღვევით მისთვის განაჩენის გამოცხადება. აუცილებლად გახდება პრობლემა და მიიღებს დიდ რეზონანსს სასამართლოს მიერ საეჭვო გადაწყვეტილებების მიღება სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მისამართით, რომელიც მწვავეა ხელისუფლების მიმართ. ეს პროცესი ვერ იქნება ისე აღქმული, რომ ხელისუფლებას ამ საქმეზე გავლენა არ გააჩნია. ამას მრავალი გარემოება მოწმობს, მათ შორის ის, რომ აღნიშნულ თემაზე ძალიან ბევრი ისაუბრა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არ მალავდა თავის უკმაყოფილებას ამ ტელეკომპანიის მისამართით, ასევე მას ნასაუბრები აქვს იმ თემებზე, რომლებზედაც დღეს სასამართლოში საქმე მიმდინარეობს, _ ყოფილ მოწილეებზე. საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი, ეროსი კიწმარიშვილი. ბევრჯერ გამოთქვეს უკმაყოფილება სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც. ფაქტია, რომ აღნიშნულ თემას ვერ განვიხილავთ დანაწევრებულად, ხოლო ერთიან სურათში ნათელია, რომ ხელისუფლების დაინტერესება „რუსთავი 2“-ის მისამართით ძალიან მაღალია, მით უმეტეს სქემა, რომელიც საქართველოში თამაშდება საოცრად ჰგავს პუტინის მიერ ტელეკომპანია ნტვ-ს განადგურების სქემას. ამიტომ უახლოეს მომავალში ამაზე საზოგადოებისა და დასავლეთის რეაგირება იქნება ძალიან მწვავე და თუ ხელისუფლება ამასაც გაუკეთებს იგნორირებას, მას შეექმნება ლეგიტიმაციის დიდი პრობლემა. ამას გარდა, სხვა ტელეკომპანიებში დაიხურა ათამდე რეიტინგული ტოქშოუ, ანუ თუ დავაკვირდებით ტენდენციას, ხელისუფლება ცდილობს თავისი წარუმატებლობის დაფარვას სატელევიზიო გაშუქების დამალვის გზით და ამით მთელი მედიასივრცის გაკონტროლებას და მისთვის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელებას, რაც შეუსრულებელი ამოცანაა XXI საუკუნეში,  საინფორმაციო ღიაობისა და ინტერნეტის ეპოქაში. ასეთი ფაქტები იძენს რეზონანსს და ის არ რჩება რეაგირების მიღმა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ნაწყენდება დასავლეთზე და, პრაქტიკულად, ხდება საქართველოს იზოლაცია. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ „საქართველო გაქრა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის რადარებიდან“. ასევე მან განაცხადა, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს აქტიური საგარეო პოლიტიკა. ფაქტია, რომ საქართველო დასცილდა საერთაშორისო საგარეო პოლიტიკურ აქტიურობას. ყველასთვის შესამჩნევია, იგი აღარ არის ის აქტიური ქვეყანა, რომელიც იყო წლების განმავლობაში, რომლის დღის წესრიგი ემთხვეოდა მსოფლიო თანამეგობრობის დღის წესრიგს. დღეს საქართველოს წარუმატებლობა ყველა ასპექტში ჩანს _ საქართველომ ვერ მოახერხა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის დემოკრატიული წინსვლის გაგრძელება, რა მოლოდინიც არსებობდა. ამის გადაფარვა მედიის კონტროლით შეუძლებელია და ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი დაუშვია ხელისუფლებას. ყველა ეს კომპონენტები ერთ მთლიანობას ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ის აზიანებს ქვეყანას, მის იმიჯს, მის მისწრაფებებს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. დღეს, 3 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისთვის მიყენებული ზიანი იმხელაა, რომელმაც მისი რეიტინგი 25%-ს ჩააცილა. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ხელის შემშლელი ფაქტორის გამოგონება მარცხის შემცველი იქნება. 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ქვეყანას ვერ შესთავაზა რაიმე პოზიტიური. მისი განხორციელებული ნაბიჯები დილეტანტურია და ხშირად ამოვარდნილია კონტექსტიდან, ამიტომ მე-3 „კარგი წელიწადი“ ნეგატიურ ფონზე მიილია, ხოლო „საუკეთესო წელიწადი“, დიდი ალბათობით, ვერ დადგება, ვინაიდან ამ პრობლემების აღმოფხვრის რესურსი, უბრალოდ, ხელისუფლებას არ გააჩნია, მით უმეტეს დაძაბულ საარჩევნო წელს. ამ წერილის წერის დაწყებამდე ილია ჭავჭავაძის 1887 წლის 31 დეკემბერს დაწერილი წერილი „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ წავიკითხე. როგორც ყოველთვის, ზუსტია მისი მესიჯები, როგორც ყოველთვის, აქტუალურია, ვინაიდან ის არის გზა საკუთარ თავთან მისვლისა და ჩაღმავების, საკუთარი შეცდომების გათავისებისა და გამოსწორების და არა ეშმაკების გამოგონების, როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია, რომ ჯოჯოხეთი _ ეს არის სხვები. ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, რომ პრობლემები დამალოს, ან სხვას გადააბრალოს, იმთავითვე მარცხისთვისაა განწირული. საქართველო დღეს სხვა გამოწვევაა, სხვა მდგომარეობაა, ვინაიდან ეს არის ის ისტორიული მომენტი და ფონი, როდესაც უნდა შევძლოთ საუკუნეებში ჩაკარგული ქართული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც იქნება აქტიური, რეგიონული ლიდერი სახელმწიფო და რომელიც ამ რეგიონში გახდება გეოპოლიტიკური სუბიექტი. ყველა ხელისუფლება, რომელიც ვერ შეხედავს ამ პერსპექტივას და არ განახორციელებს მას, განწირულია მარცხისთვის. ეს გზა არ გადის უკან ხედვაზე, ეს გზა გადის წინ ხედვაზე, სადაც ქართული სახელმწიფოს მომავალი ჩანს.  

                                                                                  ირაკლი მარგველაშვილი

 

გაზიარება