QronikaPlus
„პედაგოგთა ხელფასი, არათუ გაიზარდა, ვერც კი მიუახლოვდა ძველ ნიშნულს“

„პედაგოგთა ხელფასი, არათუ გაიზარდა, ვერც კი მიუახლოვდა ძველ ნიშნულს“

2015-10-09 10:50:30

სხვა დარგების მსგავსად, კოალიცია „ქართული ოცნება“ განათლების მიმართულებითაც, თავის დროზე, უხვი დაპირებებით გამოვიდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან განათლება ის საყრდენი ხერხემალია, რომელზედაც ქვეყანა და მისი მომავალი დგას. თუ რა შედეგებით ხვდება მეოთხე წელს „ოცნების“ მთავრობა, ამის ანალიზი დარგის ექსპერტებს ვთხოვეთ. ქრონიკა+“-ის პირველი რესპონდენტია მარიამ რამინაშვილი, ა/საგანმანათლებლო ალიანსის დამფუძნებელი, დედაქალაქის 53-სკოლის ყოფილი დირექტორი: _ განათლების სისტემაში მეოთხე „საუკეთესო წელთან“ დაკავშირებით არსებული სიტუაციის ანალიზი, მიკერძოებასა და დაინტერესებაში რომ არ ჩათვალოს მავანმა, თავად „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში არსებული თეზისების მიხედვით დავიწყოთ. თეზისი: „განათლების სისტემა პოლიტიზებულია“ _ ამ თეზისის ქვეშ განმარტებულია, რომ „უკიდურესად შეზღუდულია საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტონომია; პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე ინიშნები ან აირჩევიან პირები საგანმანათლებლო დაწესებულებათა საკვანძო თანამდებობებზე“. საინტერესოა, რა მოხდა ამ მიმართულებით და რა სიტუაციაა დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ თვალსაზრისით? 2014 წელს სკოლის დირექტორების შესარჩევმა კონკურსმა აჩვენა, რომ სკოლის დირექტორების არა არჩევის, არამედ მინისტრ სანიკიძის პირდაპირი მითითებით დანიშვნის პროცესთან გვქონდა საქმე. კერძოდ: _ სკოლების უმრავლესობაში დირექტორები კონკურსგარეშეა „არჩეული“, რადგან სამინისტრომ სამეურვეო საბჭოებს მხოლოდ ერთი კანდიდატი წარუდგინა; _ პირველ ეტაპზე, თბილისის 215 სკოლიდან 57 სკოლაში მინისტრმა სანიკიძემ საერთოდ არ წარადგინა დირექტორობის კანდიდატი, რადგან „ქართული ოცნების“ ადგილობრივ წარმომადგენლებთან და შესაბამისი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან სასურველი ფავორიტის ვინაობა ვერ გაარკვია; _ თბილისის დანარჩენი 158 სკოლიდან 95 სკოლაში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, ხოლო იქ, სადაც რამდენიმე კანდიდატი წარადგინეს, სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრ მშობლებზე მერიამ, გამგეობებმა, სხვადასხვა საჯარო სამსახურის გენერალურმა ინსპეციებმა (სადაც ეს მშობლები არიან დასაქმებულნი) პირდაპირი შანტაჟი და მუქარა განახორციელეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მერის მიერ 3 სექტემბერს გამოცემული ბრძანებით, სამეურვეო საბჭოებში მოხდა გაურკვეველი პირების ჩართვა და მათი ხმის უფლებით აღჭურვა. ანალოგიური მდგომარეობა იყო საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში. სკოლის დირექტორობის „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი კანდიდატების ჩამოშორებას განათლების სამინისტრო 2013-14 წლების განმავლობაში ეტაპობრივად ახდენდა. ნაწილი სერტიფიცირების ეტაპებზე (ტესტირება+გასაუბრება) დაიბლოკა, ნაწილი _ იმ გასაუბრებაზე, რომელიც სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენას უძღოდა წინ. უშუალოდ სამეურვეო საბჭოების სხდომის გამართვის წინ განათლების მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სამეურვეო საბჭოს მხრიდან დირექტორის წარდგენილი კანდიდატის დაწუნების შემთხვევაში სამინისტროს ეძლევა უფლება, 6 წლით დანიშნოს სკოლის დირექტორი. ამით სამინისტრომ, ფაქტობრივად, სამეურვეო საბჭოები გააფრთხილა, რომ სამინისტროსთვის სასურველი კანდიდატის არარჩევის შემთხვევაში მინისტრი თავად დანიშნავდა დირექტორებს... დადგა შედეგი: პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე დაინიშნენ პირები საგანმანათლებლო დაწესებულებათა საკვანძო თანამდებობებზე. თეზისი: „განათლების საერთო ხარჯების ზრდასთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვნად მოიმატებს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ამაღლდება მათი სოციალური სტატუსი და პრესტიჟი; მასწავლებელს ექნება ღირსეული ცხოვრების პირობები; გადაიხედება განათლების დაფინანსების „ვაუჩერული“ წესი (როგორც დაფინანსების ძირითადი წყარო) და იგი შეივსება საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების სხვა კომპონენტებით“. პრემიერი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამს პედაგოგთა კორპუსის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებულ სიკეთეებს და მათ შორის აქცენტს აკეთებს სახელფასო პოლიტიკაზე _ მასწავლებლისთვის ხელფასის ზრდაზე, რაც, თამამად შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფს მთლიანად პედაგოგიურ კორპუსს. ჯერ იყო და მთავრობამ ძლივს გამოიმეტა გადაწყვეტილება, დაფიქრებულიყო მასწავლებელთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მერე _ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, სექტემბრიდანო და ისიც შეურაცხმყოფელი 50 ლარით, ახლაა და _ „ჯანსაღი“ ლარის პირობებში, სექტემბრიდან „მომატებული“ ხელფასი, თავისი მსყიდველუნარიანობით, მესამედით ნაკლები იქნება... ესაა მთავრობისა და მისი პრემიერის პედაგოგების ცხოვრებისთვის გასაუმჯობესებლად გაკეთებული საქმე. სექტემბრიდან 45000-ზე მეტი პედაგოგის საბაზისო ხელფასი, „ჩვენი ეფექტური მთავრობის“ დიდი შრომითა და რუდუნებით, 355 ლარს მიაღწევს! მაგალითისთვის მხოლოდ ერთ შედარებას გავაკეთებ: 2012 წლის 1-ლი სექტემბრის ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარის კურსის მიხედვით მაშინდელი საბაზისო 305-ლარიანი ანაზღაურება 183 დოლარის ეკვივალენტი გახლდათ. რაც შეეხება მომატებულ საბაზისო 355 ლარს, იგი 150 დოლარის ეკვივალენტია. ასეთია თანაფარდობა ყველა კატეგორიისთვის. შესაბამისად, პედაგოგთა ხელფასი არსებული მოცემულობით არათუ გაიზარდა, არამედ ვერც კი მიუახლოვდა ძველ ნიშნულს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელთა იმ ნაწილს, რომელსაც 2010 წლიდან ჰქონდა 1000-ლარიანი და 200-ლარიანი დანამატები, არანაირი სახელფასო ცვლილება, ვგულისხმობ დანამატს, არ შეხებია. აუცილებლად უნდა გავიხსენო პრემიერის კიდევ ერთი კომენტარი, რომელმაც პედაგოგთა დიდი ნაწილის სერიოზული გულისწყრომა გამოიწვია: „ჩვენ შევძელით და მასწავლებელთა ხელფასები იქნა კორექტირებული, გაზრდილი, რაზედაც 300 მლნ ლარი მივმართეთ“, _ განაცხადა პრემიერმა. რეალობა კი ასეთია: 2013 წლის ბიუჯეტში პირველად განხორციელდა, და ამ დრომდე უკანასკნელად, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა შემდეგი პრინციპით: სრულ განაკვეთზე საბაზო ხელფასი _ 60 ლარით; კლასკომპლექტით სწავლების დანამატი _ 6 ლარით; კლასის დამრიგებლის დანამატი _ 15 ლარამდე; 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი. შეგახსენებთ: 300 მლნ-ით არათუ მასწავლებელთა ხელფასი არ გაზრდილა, თავად განათლების სამინისტროს ბიუჯეტის (მთლიანად თავისი უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების დაფინანსებიანად) სამივე წლის განსხვავებათა ჯამიც კი არ შეადგენს ასეთ თანხას 2012 წელთან მიმართებით. ამგვარად, სახეზეა აშკარა სიცრუე პრემიერის მხრიდან. ახლა რაც შეეხება მასწავლებელთა სოციალურ სტატუსსა და პრესტიჟს. ერთი აქტივობაც კი არ განუხორციელებია სახელმწიფოს, რომ ამ მიმართულებით პედაგოგს ხელისუფლების თანადგომა, ან სახელმწიფოს მადლიერება ეგრძნო. მეტიც, ახალი  რეგულაციების შემოღებით არასტაბილური გარემო შეუქმნა მასწავლებელს. 2014 წლის 30 დეკემბერს „მნიშვნელოვანი“ ბრძანება გამოსცა მინისტრმა, რომელშიდაც ასევე ძალიან „მნიშვნელოვანი“ შინაარსია გადმოცემული და როგორც დოკუმენტი აგრძელებს ტრადიციას _ იყოს გაუმართავიც და შეურაცხმყოფელიც. უპირველეს ყოვლისა, ასეთი დოკუმენტები, ძირითადად, კვლევას ეფუძნება და მოიცავს იმ ხარვეზების პრევენციას, რომელიც დაწესებულებათა უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი. დოკუმენტის სახელწოდებაა: მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი. დისციპლინურ გადაცდომათა ნუსხაში კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნასა და მათი მიღების შემთხვევაში, ასევე, შინაგანაწესის შეუსრულებლობასა და არაჯეროვანი შესრულების დროს განსახორციელებელ ღონისძიებებს სახდელის დაკისრების თვალსაზრისით (ეს „არაჯეროვანი“ ძალიან ფარდობითი სიტყვაა და, ვინ რას გულისხმობს, ცალკე განმარტებებსა და ბრძანებას ითხოვს). ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვის შეუძლია იყოს დისციპლინური წარმოების წამომწყები: „ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა“; ეს უკანასკნელი მანდატურია, რა საჭირო იყო ამხელა წინადადების ჩაწერა, გაუგებარია?! და კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი: „მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა“. ყოველივე ეს სცდება არაკომპეტენტურობის ფარგლებს და ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ ქმედებას. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით დირექტორების 70% სამინისტროს ხელდასხმულია და სკოლის უნდობლობას იმსახურებს. ეს ცენტრალიზებული მართვის მოდელია და უფრო მნიშვნელოვანის გასაკეთებლად დაწყებული მზადებაა _ მასწავლებელმა ხმა ვერ ამოიღოს ვერაფერზე ვერასდროს. დანარჩენი კი მკითხველმა განსაზღვროს _ როგორ შეუწყობს ხელს ყოველივე ზემოთქმული მასწავლებლის პრესტიჟისა და ღირსების ზრდას საზოგადოებაში. ახლა რაც შეეხება დაპირებულ „ვაუჩერული დაფინანსების“ ზრდას. 2015 წლის 14 სექტემბრის #476 დადგენილებით განისაზღვრა ერთ მოსწავლეზე გათვლილი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა. ამავე დადგენილებით ამ მომატებულ ვაუჩერში შევიდა მასწავლებელთა საბაზისო ხელფასისათვის განკუთვნილი თანხის ოდენობაც (50 ლარი), რამაც გამოიწვია, აბსოლუტურად საქართველოს ყველა სკოლისთვის ხელფასის გარდა დარჩენილი თანხის მნიშვნელოვანი შემცირება. სკოლებში დაბრუნდა 2003 წლამდე არსებული პრაქტიკა _ „ფონდის ფული“, რომელიც მშობლების მხრიდან გროვდებოდა და ხმარდებოდა გადაუდებელ აუცილებლობებს _ გაზის, დენის გადასახადსა და რემონტს. საუბარი საერთოდ აღარაა იმაზე, რომ სკოლებს არანაირი საშუალება აღარ ექნებათ, სასკოლო რესურსებისა თუ წამახალისებელი აქტივობებისათვის გაითვალისწინონ თანხები. შემდეგი თეზისი: „სკოლამდელი დაწესებულებებისათვის შემუშავდება და დაინერგება საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმა და პროგრამები; უზრუნველყოფილი იქნება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა სათანადო კვალიფიკაცია“. ყველას გვახსოვს, როგორი მღელვარება მოჰყვა პირველკლასელთა ასაკთან დაკავშირებულ რეგულაციის შემოღებას, რომელიც მართლაც გაუაზრებელი და ახირებით გამოწვეული გადაწყვეტილება იყო და ძალიან ბევრი ცუდი შედეგი მოიტანა. ვისარგებლებ შემთხვევით და ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ფართო გასაქანი მიეცა ნეპოტიზმს/კორუფციას _ საჯარო სკოლის დირექტორები ნაცნობობით, თავისუფალი მსმენელის სტატუსით, ასეთ მოსწავლეებს სასწავლო პროცესში სვამენ. ერთი მხრივ, ეს ბავშვები ემზადებიან ექსტერნის გამოცდისათვის ყველა კანონის დარღვევით, მეორე მხრივ, ექსტერნის გამოცდის ჩაბარება არათანაბარ პირობებში მოუწევთ შემდგომში. ისმის კითხვა, _ რატომ ხდება ეს? პასუხი მარტივია, _ ჯერაც არ არსებობს ბრძანება მოსამზადებელი საფეხურის ეტაპის სკოლებში განხორციელების შესახებ. არ ჩატარებულა მსურველთა რეგისტრაცია. პროგრამა, რომელიც სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმითაა ცნობილი, მრავალი წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების ბოლო საფეხურის ახალი რედაქციაა, რომელშიც მხოლოდ გამოცემის წელია განსხვავებული. სიტუაცია ამ ნაწილშიც ქაოსური და დაუგეგმავია! აქ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სეგმენტს შევეხეთ „ქართული ოცნების“ პროგრამის განათლების მიმართულების ნაწილიდან. თუმცა სხვადასხვა დროს შესაძლებელია პუნქტობრივად და ზედმიწევნით ზუსტად გავიაროთ თითოეული დეტალი და ვნახავთ, რომ განსხვავება შედეგსა და შეფასებებში სულაც არაა _ ერთნაირად არაორგანიზებული, არაკომპეტენტური, გაუაზრებელი ქმედებებით, კონკრეტული ადამიანების პირად ამბიციებსა და ახირებებს გადაყოლილი განათლების სისტემის მართლაც შეუდარებელი ნგრევისა და განადგურების „მეოთხე საუკეთესო წელიწადი“ დაიწყო.   რაც შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ სკოლამდელი აღზრდის სფეროში საარჩევნო დაპირებებს, დღეს არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს, ამაზე „ქრონიკა+“ ესაუბრება „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის“ თავმჯდომარეს _ მზია ფაილოძეს: – კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, საბავშვო ბაღების უფასო სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მართლაც შესრულდა. ეს იყო ერთადერთი წინასაარჩევნო დაპირება, რაც „ოცნებამ“ სკოლამდელი სისტემისთვის გაიმეტა. რაც შეეხება ახალი ბაღების მშენებლობას (თბილისის მერისა და ბაღების სააგენტოს თაოსნობით ხორციელდება), ეს პროცესი დედაქალაქში საბავშვო ბაღების უკმარისობითა და ამასთან დაკავშირებული პრობლემებით არის გამოწვეული. მართალია, ნელ-ნელა და ეტაპობრივად კეთდება და შენდება ახალი საბავშვო ბაღები, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადგილები მაინც შეზღუდულია. ჯგუფებში 25 აღსაზრდელის ნაცვლად, 50 და მეტი ბავშვია, რაც ყოვლად დაუშვებელია. საბავშვო ბაღებში კვების ახალმა მენიუმ, რომელიც სექტემბრიდან თბილისის ბაღების სააგენტოს დაკვეთით შემუშავდა და ჩაეშვა ქსელში _ მშობლების დიდი კმაყოფილება გამოიწვია.  ახალ მენიუში, სადაც ბავშვის კვება 300 კალორიითა გაზრდილი, შეტანილია: ბანანი, იოგურტი (რისიც მე პირადად წინააღმდეგი ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროდუქცია გაჯერებულია ქიმიური დანამატებით, რაც შენახვის ვადის ხელოვნურად გაზრდას იწვევს), გოგრის სხვადასხვა სახეობა. ახალი მენიუ მართლაც მრავალფეროვანია... მაგრამ ბევრი პროდუქტიც იყრება, ანუ ნარჩენები „პამოიში“ მიდის. ლამის ნახევარი საქართველო შიმშილობს და ამდენი საკვების ნარჩენი რომ იყრება, ნორმალურია?! კი, ადრეც რჩებოდა საკვები, მაგრამ ნაკლებად. კატასტროფა არის ის, რომ დღეს არსებული რესურსი ვერ ასრულებს და ვერ აკმაყოფილებს ახალი მენიუს მოთხოვნებს. კერძოდ, საბავშვო ბაღებს არ აქვთ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გარდა ამისა, საკმარისი არ არის ადამიანური რესურსიც! ვგულისხმობ მზარეულს და მის დამხმარეებს, რომლებიც ამ „მრავალფეროვანი“ მენიუს გამო მთელი დღე  საქმეს ვერ აუდიან და ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ. თანაც, დღევანდელი მენიუ პროფესიონალ მზარეულს ითხოვს. მენიუში აქცენტი უნდა გაკეთებულიყო მრავალფეროვნებაზე კი არა, ნორმაზე. სადილზე რომ ბავშვს ბორშს, ოლივიეს სალათას, კატლეტს გარნირით და სამხარზე ყველის „ვარენიკებს“ აჭმევ, როგორღა უნდა იყოს ეს ბავშვი დღის განმავლობაში აქტიური და კონცენტრირებული? ამდენი საკვების მიღების შემდეგ მოზრდილი ადამიანიც კი მოთენთილია. ფაქტობრივად, ბავშვი ჭამის რეჟიმშია მთელი დღე. კარგი იქნება, ამ „მრავალფეროვანი“ მენიუს შემდგენელი მოვიდეს და ერთი დღის მენიუ პრაქტიკულად განახორციელოს ორ დამხმარესთან ერთად, შეძლებს?! მონიტორინგი, რომელიც ბაღების სააგენტო ატარებს, არასწორია _ სანაგვე ყუთების შემოწმებასა და კარადების ქექვას („ობეხეესის“ თანამშრომლებივით), სჯობს  ტენდერებისა და ახალი მენიუს გამო ბაღებში შექმნილი ქაოსი  დაალაგონ. უმჯობესია, მონიტორინგის ჯგუფის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდეს, რადგან ზოგიერთი მათგანის არაადეკვატური მოქმედება სერიოზულ ეჭვს იწვევს მათ ფსიქიურ  გაუწონასწორებულობაზე. დავიჯერო, „ქართული ოცნება“ ასეთ კადრებზე „ოცნებობდა?“ იმედს ვიტოვებ, რომ პროცესი გამარტივდება. უნდა დამთავრდეს   ჩასაფრებულის პოზიცია  ბაღებთან და მის ხელმძღვანელობასთან მიმართებით. ჩემი აზრით, როგორც ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტისა, მთავრობას უნდა გაეგზავნოს მიმართვა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება  მენიუს დახვეწა და კვების  ნორმის გაზრდა კალორაჟის ხარჯზე. ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქტის ხარისხი, სამწუხაროდ, თანდათან დაეცა. შემოტანილი პროდუქტის ნაწილს კი სერტიფიკატი არ ახლავს. ხშირ შემთხვევაში ბაღის დირექციას უწევს ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობა _ გაბრუნებული უვარგისი საკვების ჩანაცვლება სხვა საკვებით, ანუ მენიუს იძულებითი შეცვლა. რაც შეეხება გამოსავალს, ახლო მომავალში, სამწუხაროდ, მას ვერ ვხედავ. არ გამომდის ოპტიმისტურ ნოტზე დავამთავრო „ქრონიკა+“-თან საუბარი. გაგრძელება კი იქნება, მაგრამ საკითხავია, როგორი?!  

                                                                                                    გელა მამულაშვილი

   

გაზიარება