QronikaPlus
„ჩვენი სოფლის მეურნეობა შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი!“

„ჩვენი სოფლის მეურნეობა შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი!“

2015-10-09 10:47:24

2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ განსაკუთრებული გულუხვობით სოფელში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ გაცემული დაპირებებით გამოირჩეოდა. რომ არაფერი ვთქვათ, თითოეულ სოფელზე ჩამორიგებულ 5 მილიონ ლარზე, დღემდე სანთლით საძებარია ის 100 ახლად გახსნილი საწარმო, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, უკვე 110-ს შეადგენს. როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველოს სოფლის მეურნეობა შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი და თუ პირველ რიგში საკანონმდებლო დონეზე არ მოგვარდა ის პრობლემები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, სოფლის მეურნეობას ფეხზე ვეღარ დავაყენებთ. ფიქრია ჩიხრაძე _ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი: _ სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, სოფლის კუთხით „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი დაპირება ჰქონდა გაცემული. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვიყავით ჩვენ, ვისაც რეალისტურად გვქონდა დათვლილი _ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო არსებული რეალური ბიუჯეტის პირობებში სოფლისთვის, მაგრამ როგორც კი „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბაზარზე შემოვიდა, ჩვენი დათვლილი რიცხვები 10-ზე, 20-ზე გაამრავლეს და არარეალური დანაპირები გასცეს. თავი დავანებოთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მათი წარმომადგენლები სოფლებს სათითაოდ ჰპირდებოდნენ 5 მილიონ ლარს და ასეთ აბსურდულ დაპირებებს, იქ მათ შორის იყო ერთი _ სოფლად გადამამუშავებელი საწარმოების გაჩენა და მცირე საწარმოების ხელშეწყობა. რაღაც ფონდებიდან ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა, გაჩნდა კონკრეტული საწარმოები. ძირითადად, არსებული და არა ახალი საწარმოები, მაგრამ ის რაოდენობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ სოფლად მცხოვრებ ხალხს ჰპირდებოდა, რა თქმა უნდა, არ გაკეთებულა. ყბადაღებული 100 საწარმო ნამდვილად არ შექმნილა და თუ უკვე არსებული საწარმოები გრანტის სახით რაღაცას აწარმოებდნენ, ცხადია, ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი საწარმო, ახალი სამუშაოები შეიქმნა და ა. შ. სამუშაო ადგილები დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემაა. ეს პრობლემა იყო და კიდევ უფრო დამძიმდა ახალი ხელისუფლების პირობებში. ცხადია, აქედან გამომდინარე, მათი დაპირება აბსოლუტურად არ აღმოჩნდა რეალიზებული. ის, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებდა, რომ ე. წ. ვაუჩერიზაციის პრინციპით საგაზაფხულო ხვნა-თესვაში ეხმარებოდა სოფლის მოსახლეობას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ოჯახში თუნდაც როცა თოხი და ბარი შედის უფასოდ, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს ესეც გულს ეფონება. შხამ-ქიმიკატის თანადაფინანსება, ან რაღაც მსგავსი ტიპის დახმარება, ესეც შეღავათი იყო კონკრეტული ადამიანებისთვის, მაგრამ ეს იყო ერთჯერადი, ან თუნდაც მრავალჯერადი, მაგრამ ეს იყო წყალს გატანებული ფული, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ დახარჯული და ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რომ ამით უნდოდათ მოეცვათ მთელი მოსახლეობა და ძირითადად ასეთი რამეები, როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდებში ხორციელდებოდა ხოლმე. რეალურად, აქედან სოფელმა და სოფლის მეურნეობამ შედეგი ვერ მიიღო, ეს თანხა სჯობდა ჩადებულიყო მართლაც კონკრეტული საწარმოების გაჩენაში, სასაწყობე მეურნეობები იქნებოდა, სადურგლო სახელოსნოები... ათასი სხვა რამე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა ამ კუთხით და სჯობდა, 10-15 საწარმო ამუშავებულიყო, დასაქმებულიყვნენ ადამიანები და ამას ჰქონოდა გრძელვადიანი ეფექტი, რაც უკეთესი იქნებოდა ხალხისთვისაც და ბიუჯეტისთვისაც. ჩვენ წავედით სრულიად უკუღმართი გზით, ბიუჯეტიდან დაიხარჯა ამდენი თანხა და უკუგება ვერაფერი ნახა. ძალიან სერიოზული პრობლემა გახლავთ ის, რომ რუსული ბაზრის თემა კვლავ აქტუალური გახადეს. იმის სანაცვლოდ, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ, ბაზრები მოგვეძიებინა, არსებული ბაზრები გაგვეფართოებინა და ელემენტარულად, ის აგვეთვისებინა, რომელიც ამ ხელშეკრულების წყალობით გვაქვს, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ აბსოლუტურად არ იმუშავა, ისევ და ისევ დააბრუნა რუსული  ბაზრის თემა. ამით წელს პირველი დარტყმა უკვე მივიღეთ და ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რომ რუსეთი ხან პოლიტიკური მოსაზრებებით, ხან იქ შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ყოველთვის სახიფათო და არასტაბილური ბაზარია. ამ პერიოდში მთელმა მოსახლეობამ, იგივე კახეთის რეგიონში, ბუნებრივია, ყურძენი ჩააბარა არსებულ ქარხნებს და არსებულის გარდა, უამრავი სხვა ადამიანი მიაწყდა ამ სფეროს, საერთოდ რომ არ ჰქონდათ შეხება, ისეთმა ადამიანებმა ჩამოასხეს ღვინო და გაიტანეს რუსულ ბაზარზე. შარშან იყო ამის შესაძლებლობა, სახელმწიფო ძალიან სერიოზულად მიეხმარა სოფელს ყველანაირი გაგებით და წელს უკვე აღმოჩნდა, რომ შარშანდლიდანაც ფული ვერ აიღეს სწორედ ამ ეკონომიკური კრიზისის გამო და გლეხობა უკვე იმედმოცემული, რომ ყოველწლიურად ასე იქნებოდა, სოციალური კოლაფსის პირას აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო აბსოლუტურად გაუთვლელი, მოკლევადიანი, უჭკუო გადაწყვეტილებები და ამით საკუთარი თავიც დააზარალა. მოგეხსენებათ, ძალიან ნეგატიური ტალღა წამოვიდა ამასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, კიდევ და კიდევ დაზარალებულები აღმოჩნდნენ ადამიანები, კონკრეტული მეურნეები, გლეხები, რომლებმაც კრედიტები აიღეს, ბევრი ყურძნის მოყვანაზე, ბევრი ღვინის რეალიზაციაზე გათვალეს და ეს ყველაფერი აბსოლუტურად არარეალიზებული დარჩა. ასე რომ, ამ კუთხითაც ძალიან ბევრი ჩავარდნა ჰქონდა ამ ხელისუფლებას და იმას აღარ ვიტყვი, რამდენი პრობლემაა სოფლად, სკოლებში, გზების, წყლის... მაგალითად, რაჭის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყლის უზრუნველყოფა დღევანდელი დღის ჩათვლით, მაშინ როდესაც იგივე წყალმომარაგების სისტემაზე დახარჯულია უამრავი თანხა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების, მერე ახალი ხელისუფლების პირობებში, საზეიმოდ გახსნილი ახალი სათავე ნაგებობები, პრემიერ-მინისტრი იწონებდა თავს სწორედ ამით და მე პირადად რასაც ვარ შესწრებული, წელს, აგვისტოში, მნიშვნელოვან ტურისტულ სეზონში, ძალიან დიდი პრობლემა იყო წყლით მომარაგება. წარმოიდგინეთ, ეს რაჭაში ხდება და ხომ გესმით, რა მდგომარეობაა კახეთში ამ თვალსაზრისით, სადაც ამ მხრივ ძალიან რთული ვითარებაა, ასევეა სხვა რეგიონებსა და სოფლებში.   ირინე ფხოველიშვილი _ საქართველოს მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი: _ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, მოძრაობა „გადავარჩინოთ მამულის“ ეგიდით, ვიბრძოდით უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით. გავაკეთეთ ძალიან სერიოზული მონახაზი 2006-დან 2012 წლის ნოემბრამდე არსებულ მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი გადავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრსა და ახლად არჩეულ პარლამენტს. აქ დეტალურად იყო შესწავლილი ყველა საკითხი, როგორი დეგრადირება განიცადა სოფლის მეურნეობამ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობაში განვითარების კი არა, ელემენტარულად, ათვლის წერტილი გვეპოვნა. წარმოიდგინეთ, ათვლის წერტილიც არ გვქონდა, მეტსაც გეტყვით, შუა საუკუნეების სოფლის მეურნეობაში ვიყავით გადაჩეხილები. თავდაპირველად, შეიძლება ითქვას, სერიოზული შეჯახებები გვქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მაგრამ შემდეგში ჩვენი ურთიერთობა უფრო თანამშრომლური გახდა. თუმცა, ამ ურთიერთანამშრომლობის შედეგად, ყველა საკითხი ნამდვილად არ გადაწყვეტილა. ყველაზე მწვავე, მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი გლეხისთვის, ფერმერისთვის გახლდათ უაზროდ, შეუსაბამოდ გაზრდილი მიწის გადასახადი, რაც გაკეთდა ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს, მათ 400%-ით გაზარდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის და 500%-ით საძოვრის გადასახადი. სამწუხაროდ, 2012 წლის 28 დეკემბერს, როდესაც პარლამენტში ცვლილებები შევიდა, ახალმა ფინანსთა სამინისტრომ ისე შეიტანა პარლამენტში მიწის გადასახადის დაკანონების კანონპროექტი, რომ არც ერთ დეპუტატს შიგ არ ჩაუხედია. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ მათ ხმა მისცეს დისკრიმინაციული გადასახადის დაკანონებას _ მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორ რაიონს გაუორმაგდა საძოვრის გადასახადი, დანარჩენ რაიონებს, ანუ მუნიციპალიტეტებს, 500%-ით გაეზარდათ საძოვრის გადასახადი. ასევე კანონში მითითებულია, მიწის განსაზღვრება ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულისა და მიწის ხარისხის მიხედვით, ანუ კატეგორიების მიხედვით. 2000 წლის შემდეგ არანაირი კადასტრი, აღწერა და მით უმეტეს, მიწების კატეგორიებად დაყოფა არ მომხდარა, ამდენად, შეუსაბამოა საგადასახაო კოდექსის ამ ნაწილისთვის ეს გადასახადი, რომელიც საერთოდ არ უნდა მიეღოთ და ამ გადასახადის შემცირებისთვის, უფრო სწორად, კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის, ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიბრძვით. ამ დღეებში გვაქვს ძალიან სერიოზული სამუშაო შეხვედრა, ალბათ, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურა ერთად დასხდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ეტაპობრივად გავივლით სწორედ დღეს არსებულ მდგომარეობას სოფლის მეურნეობასა და მიწათსარგებლობაში. ეს არის ერთ-ერთი დიდი მიღწევა, რომ შეგიძლია პრობლემა არა მარტო დააყენო, არამედ, გადაჭრის ერთობლივი გზები მოძებნო. ეს ერთი, რაც არ გაკეთებულა და რაზედაც ჩვენ ისევ ვიბრძვით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აგრარულია, სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტული, დღემდე მოუწესრიგებელია სასოფლო-სამეურნეო მიწების მდგომარეობა. მე თვითონ ვარ ფერმერი, ვიცი, რა პრობლემა იქმნება ფერმერისთვის თუ უბრალო გლეხისთვის, როდესაც აკეთებს მიწის რეგისტრაციას, რამდენი ბარიერია გადასალახავი, ამიტომ ჩვენ არა მარტო ვაძლევთ იმ წინადადებას, რომ ეს ცუდია, არამედ, ვაძლევთ უკვე კანონში შესატან მზა ცვლილებას საჯარო რეესტრს, როგორ უნდა მოხდეს პრივატიზებული მიწების რეგისტრაციის გამარტივება.  2000-2002 წლებში, UშAD-ის პროგრამით მიწების აზომვების ელექტრონული ვარიანტები გაკეთდა. სამწუხაროდ, ეს იმდენად უხარისხოდ ჩატარებული პროექტი აღმოჩნდა, რომ მასზე დაყრდნობით რამის გაკეთება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, რაღაცით მაინც ვსარგებლობდით, მაგრამ მას შემდეგ ათასი კატაკლიზმა მოხდა, თუნდაც 2008 წლის ომი, ის, რაც ჩვენ სისხლით დავკარგეთ, თვალხილულია, მაგრამ სხვაა, რასაც უსისხლოდ ვკარგავთ ჩვენი დაუდგენელი და დაუმტკიცებელი საზღვრების გამო, მდინარის მიერ ეროზიის გამო, ეს არის აღურიცხავი და აუწერელი მიწის ნაკვეთები. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, რეალურად არ ვიცით, რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობს ქვეყანა. ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, თუ ეს არ გაკეთდა, აგრარული სექტორის განვითარების რაიმე პერსპექტიული და შორს მიმავალი პროექტების განხორციელება არის შეუძლებელი. რაც ყველაზე მთავარია _ სასოფლო-სამეურნეო მიწას ჰყავს, ასე ვთქვათ, 4 პატრონი. ეს არის, პირველი, ყველაზე მთავარი _ ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც ეკონომიკური თვალსაზრისით სჭირდება სასოფლო-სამეურნეო მიწები და ყიდვა-გაყიდვის ობიექტი გახდა; ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც გადასახადის დაკაბალების ძალიან რეალური საშუალება აქვს; იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც უნდა დაარეგისტრიროს, ვერ არეგისტრირებს და არის პრობლემები; ამას ემატება გარემოს დაცვის სამინისტროსა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაკრძალების ტერიტორიებზე მოხვედრა და განსაკუთრებით ალპურ საძოვრებზეა საუბარი და ფაქტობრივად, ის სამინისტრო, რომელსაც ჰქვია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აბსოლუტურად გვერდზეა გაწეული, არანაირი შეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებთან არ აქვს. ეს არის პარადოქსი! ამიტომ ჩვენ ამ საკითხსაც ვაყენებთ, რომ მიწას უნდა ჰყავდეს ერთი პატრონი, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან! ეს უნდა იყოს სოფლის მეურნეობასთან არსებული მიწების მართვის სამსახური, ან სახელმწიფომ პირდაპირ ცალკე უნდა გამოყოს როგორც ევროპის ქვეყნებშია მიღებული, რამე ისეთი დამოუკიდებელი სამსახური, არ არის აუცილებელი სამინისტრო ერქვას, შეიძლება დეპარტამენტი იყოს, რომელიც უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო მიწების მკაცრად განმკარგველი იქნება და ვერავინ ჩაერევა უხეშად მის საქმიანობაში. ყველაზე მთავარი _ ქვეყანამ უნდა მიიღოს მიწის კოდექსი. თუ ქვეყანას არ ექნება მიწის კოდექსი და არ ეყოლება სასოფლო-სამეურნეო მიწის რეალური მეპატრონე, ჩვენ სოფლის მეურნეობას ფეხზე ვეღარ დავაყენებთ! ამ საკითხებზე კიდევ ვკამათობთ, კიდეც ვმსჯელობთ და ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცას მაინც ვაღწევთ. ელემენტარულად, არ შემიძლია არ აღვნიშნო პროექტი, რომელიც ახლა ხორციელდება კახეთის რეგიონში, ეს გახლავთ ურწყავი მიწების გასარწყავიანების საპილოტე პროექტი და სწორედ ამ პროექტის განხორციელებისას წამოიჭრა რეგისტრაციის ადგილების მეთოდი, რომელიც ჩემი შეთავაზება იყო და ძალიან კარგად მიიღო სამინისტრომ. ორ დიდ სოფელში კეთდება ვენახების გასარწყავიანება ეკონომიური წყლის მეთოდით, ანუ რწყვის მეთოდით, მაგრამ ეს დიდი პროექტი რომ განხორციელდეს არაპრივატიზებულ მიწაზე, ანუ სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწაზე, აქ უკვე იქმნება პრობლემა. ჩვენ ვართ უკვე ჩაკეტილ სივრცეში, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იმდენი ბარიერია გადასალახავი, რომ, ჩემდა გასაკვირად, გამოვედი უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინტერესების დამცველი. მისი ინტერესების დაცვით ფერმერების ინტერესების დაცვა გვიწევს, სხვანაირად არაფერი გამოდის. სოფლის მეურნეობა ეს არ არის მარტო ხვნა-თესვა, ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე ვაღიარებთ, რომ გლობალური დათბობის გამო, საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი გადადის გაუდაბნოების ზონაში. სახელმწიფო მიდგომა უნდა მიიმართოს გაუდაბნოებასთან ბრძოლის პროექტებზე. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვაქვს დაცული სახელმწიფო საზღვარი, ვაძლევთ წინადადებებს, როგორ და რა გზით უნდა გაძლიერდნენ საზღვრისპირა ფერმერები, რომ საზღვარი დავიცვათ. ხაზგაუტარებელი, ოფიციალურად აღიარებული საზღვარი მაინც როგორმე ფერმერების საშუალებით დავიცვათ მესაზღვრეებთან ერთად. თუკი რამეს შევეხებით სოფლის მეურნეობაში, აბსოლუტურად ყველა დარგი არის შესასწავლი, დარგობრივად ყველასთვის არის დასაწერი განვითარების პროგრამები, მაგრამ დაწერილს შესრულება უნდა! მძიმე მდგომარეობაშია მეცხოველეობა, კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: გასული წელი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. გვალვის გამო განადგურდა კახეთის 2 უდიდესი რაიონი _ დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯოს ნაწილი, ეს იყო უდიდესი კატასტროფა, მსგავსი არ ახსოვს საქართველოს ისტორიას და სხვა ქვეყნებში, სადაც ასეთი რამ მომხდარა, სახელმწიფო ძალიან მობილურად ჩარეულა არა მარტო ფერმერის, არამედ ქვეყნის გადასარჩენად. თუ არ შეიგნეს და არ გაითავისეს, რომ პური დახლზე არ მოდის, არამედ, მინდორში და ხორბალს თუ არ დათეს, პურს ვერ მიიღებ, არაფერი გამოვა! არ უნდა გაედინებოდეს ქვეყნიდნ მილიარდობით ვალუტა კვების პროდუქტების შემოსატანად ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, სადაც ერთ მტკაველ მიწაზე იმაზე მეტი შეგიძლია მიიღო, სადაც სხვაგან ჰექტარზე ვერ მიიღებ. ეს არის დარგის განვითარების არასწორი მიდგომა! გასული წლის გვალვის გამო არც ერთი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ არ გასცა ოფიციალური ცნობა, რომ ნამდვილად მუნიციპალიტეტები განადგურდა გვალვის გამო და ეს გამოიხატა არა მარტო საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურებისა და საშემოდგომო ნათესების განადგურებით, არამედ მრავალწლიანი ნარგავების განადგურებითაც, მარტო ყურძნის მოსავალი 80%-ით შემცირდა, ეს კატასტროფაა! ამავე დროს განადგურდა საძოვრები, რამაც გამოიწვია მეცხოველეობის დარგების დაკნინება, მხოლოდ სიღნაღის რაიონში, ყვავილის ახალი სახეობის შემოსვლამ 150 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სიკვდილიანობა გამოიწვია, იძულებით დაკვლაზე აღარ ვლაპარაკობ, როცა არაფერი ეშველება. ანალოგიურად განადგურდა ცხვარი და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა მეღორეობა. ამ დროს არსებობს საგადასახადო კოდექსში 206-ე მუხლი, მიწის გადასახადის განთავისუფლების თაობაზე, ელემენტარული საკითხია, აქ კომპენსაციაზე ლაპარაკიც არ არის, კოდექსი გეუბნება, რა დროს უნდა განთავისუფლდეს ფერმერი მიწის გადასახადიდან, მით უმეტეს, იმ უაზროდ გაზრდილი გადასახადების ფონზე, როდესაც კარგავს მოსავლის 50%-ზე მეტს. აქ განადგურება იყო 80-100% და იმის გამო, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელებს პრემიები და ხელფასები არ მოჰკლებოდათ, ცნობები არ გასცეს, რომ ქვეყანა ინგრეოდა. ამიტომ იძულებული ვხდებით, კონფერენციის სახით, მრგვალ მაგიდასთან გადავწყვიტოთ ეს საკითხი, დავიყვანოთ გონივრულ ნიშნულამდე და შესაბამისობაში მოვიყვანოთ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე არსებობს სხვა, სამართლებრივი გზები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია _ ვინ უნდა განკარგავდეს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რადგან ჩვენ დავდგებით ძალიან ცუდი ფაქტის წინაშე, როდესაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობებს. უკვე არსებობს იმის მცდელობა, რომ მუნიციპალიტეტმა ეს სათავისოდ გამოიყენოს. ჩვენ ვიცით, რომ ამაზე მოგვიწევს ძალიან სერიოზული ბრძოლა მომავალ წელს და იმის გამო, რომ ეს ბრძოლა ხელჩართულ ომში არ გადაიზარდოს, ახლავე პრევენციისთვის ვაყენებთ იმ კანონიერ მოთხოვნას, რაც ჩვენ გარეშეც უნდა გაკეთებულიყო, მიწას გამოსჩენოდა ნორმალური, რეალური პატრონი!  

                                                                                                        თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება