„ივანიშვილს არაკვალიფიციური მრჩევლები ჰყავდა და ამიტომ გაიცა არარეალური დაპირებები“, _ ასე აფასებს „ქრონიკა+“-თან ენერგეტიკის სფეროს ექსპერტი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს. ტარიფების განახევრება, დიდი სიმძლავრის ჰესების მშენებლობაზე უარის თქმა, გარემოს დაცვის სფეროს პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარება, რომელიც ენერგეტიკასთან პირდაპირ კავშირშია _ ეს დაპირებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც 3 წლის წინათ გაიცა. რატომ არ თუ ვერ შესრულდა დანაპირები? ამის შესახებ „ქრონიკა+“-ის რესპონდენტებისგან შეიტყობთ.
ლაშა ჩხარტიშვილი _ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ეკოლოგი:
_ ალბათ, გახსოვთ, მე ვმუშაობდი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაზე და გახლდით გარემოსდაცვითი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც შეიმუშავა საქართველოს გარემოსდაცვითი კონცეფცია. გარემოს დაცვას და ენერგეტიკას ბევრი საერთო აქვს, ეს ის დარგია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება საარჩევნო დაპირებებს, ნამდვილად მოვახერხე მაშინ და ასე თუ ისე მქონდა მხარდაჭერა, რაც გამოიხატა კიდევაც დოკუმენტში, რომ გარემოს დაცვა ყოფილყო პირველად საქართველოს ისტორიაში, შემდგომში სახელისუფლო პარტიის პროგრამის ძირითადი ნაწილი და ცალკე თავიც კი მიეძღვნა გარემოს დაცვას. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა. ეს პროგრამა ძალაშია მანამ, სანამ შემდეგი არჩევნები არ ჩატარდება. სამწუხაროდ, დეკლარირებულ დონეზე, მაგრამ ხელისუფლებამ გარემოს დაცვა მაინც აღიარა პრიორიტეტულ მიმართულებად. ხელისუფლება ამ შემთხვევაში არღვევს საკუთარ დაპირებას, მაგრამ ჩვენ, უკვე მის ოპონენტებად ქცეულ ადამიანებს, საშუალება გვაქვს, რომ მათ მოვთხოვოთ ის, რასაც დაგვპირდნენ. არადა, ჩემი ხელმოწერით და ჩემი ავტორობით შესრულებულ დოკუმენტში, რომელიც ძალაშია მომავალ არჩევნებამდე, მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის გარემოს დაცვა იქნებოდა პრიორიტეტი. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება. მართალია, არის თემები, სადაც რიგ საკითხებში წინა ხელისუფლებასთან შედარებით პროგრესია, თუმცა ეს დიდი ვერაფერი სატრაბახოა.
ამომრჩევლის პირდაპირი მოტყუება გახლდათ დიდ ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით გაცემული დაპირება. დოკუმენტში პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველოში დიდი ჰიდროელექტროსადურებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვა მოხდება. აკრძალვა ქართულ ენაში განიმარტება, როგორც საბოლოოდ უარის თქმა. სამწუხაროდ, ამ დაპირებაზე პირველივე თვეებში უარი თქვა ხელისუფლებამ, დაიწყო გაურკვეველი თავის მართლება და პირიქით, დიდი ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირება, განსაკუთრებით, ხუდონისა. ეს შეეხება, პირველ რიგში, კახი კალაძეს, რომელიც შორიდან და ახლოდანაც ჩანს, როგორც პირველი ლობისტი და რეალურად, ეს ადამიანი ქვეყანაში პირველ ენერგეტიკოსად გვევლინება. ის თავისი ფუნქციების შესრულების ნაცვლად, დაკავებულია ენერგოკომპანიების ლობირების თემით, ხელს უწყობს დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას და, სამწუხაროდ, ხელისუფლებაში არავინ გამოდის ამის წინააღმდეგ. თუ რატომ არ უნდა აშენდეს დიდი ჰიდროელექტროსადგურები, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოკლედ ვიტყვი: ამ ჰესების მშენებლობა გამოიწვევს დატბორვას, რაც საფრთხეს შეუქმნის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას _ იგი დაიკარგება და დაზიანდება. ამ ტერიტორიებზე ტენიანობის შედეგად გახშირდება მეწყრები, ზვავები და ა. შ.; გაიზრდება საფრთხეები, დაიკარგება ტურისტული პოტენციალი და გარემოს ცვლილება პირდაპირ გავლენას მოახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმისა, რის გამოც არ უნდა აშენდეს დიდი ჰესები. იმ რეალობაში, როდესაც საქართველოს არ სჭირდება დიდი ჰესები, ეს ყველაფერი მიუღებელია. ჩვენ არ გაგვაჩნია ელექტროენერგიის დეფიციტი და თუ ეს საჭიროება დადგება, მაშინ მრავალი უსაფრთხო წყარო არსებობს, თუნდაც საშუალო ჰიდროელექტროსადურების რეაბილიტაცია, გადაიარაღება, რაც მოგვცემს 2,5-ჯერ მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე ხუდონჰესი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ მიიღებდა პირად თუ მოკლევადიან ფინანსურ მოგებას და სამწუხაროა, რომ ამ სფეროში, ჯერჯერობით, პირად ინტერესებზე აგებულ პოლიტიკას ატარებს ქვეყნის ყველა ხელისუფლება.
რამდენიმე დადებით ასპექტსაც შევეხები: ერთი დაპირება, რომელიც ნამდვილად შესრულდა, თუმცა ნაწილობრივ, ეს გახლავთ ის, რომ საქართველოში აიკრძალა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანა. საუბარია თესლეულ მასალაზე, რომელიც შეიძლება, რომ გამრავლდეს. მართალია, კანონში ცოტა ბუნდოვანი ჩანაწერი გაკეთდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებადია. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტექნოლოგიის გამოყენებაზე. ეს სახიფათოა ეკონომიკური თავისუფლების კუთხითაც. თუმცა ხელისუფლებაში არსებობს ჯგუფი, რომელიც ამგვარი თესლეულის შემოტანას ლობირებს და ამ კუთხით აგორებული სკანდალიც გვახსოვს. მაინც მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, ამ მიმართულებით დაპირების 80% მაინც შესრულდა. ამ დაპირების ავტორი მე გახლავართ პოლიტიკურ ჯგუფთან შეთანხმებით და მეამაყება კიდეც. ამის გარდა, გარკვეული პროგრესი იყო თუნდაც ის, რომ წითელ ნუსხაში მყოფ სახეობებზე ლიცენზიის გაცემის ბარბაროსულ წესზე უარი თქვეს, მაგრამ პრობლემები მაინც ბევრი დარჩა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ხელისუფლება ისევ ბენდუქიძის ეკონომიკურ ნაბიჯებს მისდევს კვალდაკვალ და ეს პრაქტიკამაც აჩვენა, რომ მოკლევადიანი ხედვა აქვთ. ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერსებზე მაღლა მათი პირადი ინტერესები დგას. ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი გარემოს ზედამხედველობის შეფასების თვალსაზრისით, რაც არ განხორციელებულა, ასევე გარკვეული თანხების ჩადება გარემოს სხვადასხვა კომპონენტის პოტენციალის შესაფასებლად, რომელიც ასევე გახლდათ დაპირება. ეს მხოლოდ მცირე მასშტაბით შესრულდა, არადა, 4 საარჩევნო წელი თითქმის იწურება. პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფისა და ალტერნატივის შექმნის კუთხით ძალიან დიდი პრობლემაა. წინსვლა არ გახლავთ გარემოს კომპონენტების დაბინძურების მონიტორინგის მაჩვენებლების გაზომვის კუთხითაც. არის ცალკეული მცირემასშტაბიანი პროექტები, ხშირ შემთხვევაში, უცხოელთა დახმარებით, მაგრამ დღემდე არ ვიცით, რამდენად არის ჰაერი დაბინძურებული თუნდაც თბილისში, ან სხვა ქალაქებში, სარწყავი წყალი და თუნდაც ნიადაგი. უაღრესად ცუდი მდგომარეობაა ქალაქის რეკრეაციული ზონების ტერიტორიების მართვის კუთხით. კვლავ გრძელდება მავნებლური მიდგომა სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით. მაფიისა და მათი ბოსების ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მაგალითებიც კი არსებობს თბილისელთა ჯანმრთელობის ხარჯზე ტერიტორიების განადგურების კუთხით.
ერთი დადებითი საკითხი კიდევ შეიძლება ვახსენოთ: მართალია ფორმალურად, მაგრამ ბუნებრივი რესურსების მართვა გადავიდა გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციებში და აღარ არის ისეთი ოდიოზური მიდგომა, როგორც იყო წინა ხელისუფლების დროს, როცა ენერგეტიკის სამინისტროს უნდა გადაეწყვიტა დაწყებული ტყის მასივით, დამთავრებული რეგულირების საკითხებით. ნარჩენების მართვის სფეროში კანონის მიღება წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისი. ბუნებრივი რესურსების მიმართ მიდგომა არის მოკლევადიანი და არ ითვალისწინებენ იმას, რომ ტყეს მეტი სარგებლობა შეუძლია მოგვიტანოს მერქნის გაყიდვის ნაცვლად, ეს იქნება წყალი, ჟანგბადი თუ სხვადასხვა რეკრეაციული ფუნქცია. მთლიანობაში, შეიძლება ასეთი რამე ვთქვათ, რომ მცირედი წინსვლა არის გარემოს დაცვით სფეროში, მაგრამ, სამწუხაროდ, პრიორიტეტული ნამდვილად არ გახლავთ და ამ მიმართულებით უშუალოდ საარჩევნო პროგრამის დარღვევებსაც აქვს ადგილი, უფრო პირდაპირები რომ ვიყოთ, მოტყუებასაც!
სოსო შატბერაშვილი _ „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე:
_ რადგან ენერგეტიკის სფეროს ვეხებით, მოგახსენებთ, რომ სემეკის სხდომაზე სულ ორი პარტიის წარმომადგენელი ვიყავით, რომლებიც ვიბრძოდით დენის, ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფის შენარჩუნებისთვის. გაზზე და წყალზე მოხერხდა, სამწუხაროდ, დენზე გაზარდეს ტარიფი, რასაც ხმაურით ვაპროტესტებდით, მაგრამ ერთადერთი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაზღვრული იყო მომატება 6-7 თეთრით და მოუმატეს 4,5 თეთრი, თუმცა ეს ვერაფერი შეღავათია. ამიტომ ამან ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში. სამაგიეროდ, „სოკარმა“ განაცხადა, რომ არ აპირებს გაზის ტარიფის მომატებას, ამით შესაძლებელია შედარებითი სტაბილიზაციის მოხდენა, მაგრამ ჩვენი პარტია მაინც უკმაყოფილოა. 3 წლის წინათ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, ტარიფების განახევრების დაპირება იყო და სწორედაც ამიტომაა ხალხი უკმაყოფილო. ასეთი დაპირება რომ არ ყოფილიყო, მათთვის ეს ამბავი ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. უმტკივნეულოდ კი არ ჩაივლიდა, მაგრამ როცა ჰპირდები, რომ გავანახევრებ ტარიფსო და პირიქით, მატულობს, ეს ძალიან სამწუხარო და დამაფიქრებელია. აქვე მინდა ვთქვა, რომ დენის ტარიფის მომატების არანაირი აუცილებლობა არ იყო, ჩვენ ჰაერზე არ ვისვრით სიტყვებს, გავაკეთეთ ანალიზი. არა მარტო ჩვენი ანალიზი, ექსპერტები ჩავრთეთ ამ ამბავში და გარწმუნებთ, არანაირი აუცილებლობა არ იყო, რომ დენის ტარიფი აწეულიყო, რომ არა ბანდიტური ორგანიზაციების: „თელასის“, „ენერგო პრო ჯორჯიას“ და სემეკის შეთანხმებული, ერთობლივი მოქმედება, რომელიც დივერსიის ელემენტებსაც კი შეიცავს. ამიტომ მოვითხოვთ, რომ სემეკი საერთოდ გაუქმდეს! ამდენი ხნის განმავლობაში ეს ორგანიზაცია ქართველი ხალხს წურბელასავით აზის და ხან დენს უმატებს ტარიფს, ხან წყალს, ხან გაზს იმ დროს, როცა ამის წანამძღვრები არ არსებობს. როდესაც განხილვაზე ვიკითხეთ, თბოელექტროსადგურებს დენის გამომუშავებული ტარიფის მომატების უფლებას რომ აძლევთ, რამდენად ყიდულობთ საქართველოს საზღვარზეო, გვპასუხობენ, _ 140 დოლარად ვყიდულობთ გარდაბანში გაზსო. ვეკითხებით, _ გარდაბნამდე, აზერბაიჯანის საზღვარზე რა ღირს გაზი? პასუხად, იცით, რა მივიღეთ? გამაოგნებელი რამ, _ ეს არის კომერციული საიდუმლოებაო! ჩვენი ინფორმაციით, გაზის ტარიფი, დაახლოებით, 40-დან 60 დოლარამდეა გაორმაგებული და უფრო მეტი, 110%-ის დანამატით იყიდება გარდაბნის თბოელექტროსადგურზე. ეს ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციაა, მაგრამ რომ ვთხოვთ სემეკის სხდომაზე ოფიციალურად გვითხრან, არ გვეუბნებიან! რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ისევ ის ენერგომაფიაა ჩაბუდებული საქართველოში, რომელიც გასული წლების განმავლობაში იყო, ახლაც ხალხის ხარჯზე ისქელებენ ჯიბეებს და მილიარდებს აკეთებენ.
რაც შეეხება ჰესებს, უნდა შენდებოდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გრანდიოზული ჰესები, როგორიც არის ენგურჰესი, ჟინვალჰესი... გახსოვთ, ალბათ, თქვენც და თქვენი გაზეთის მკითხველსაც, როგორ შეაჩერა ეროვნულმა მოძრაობამ, ზვიად გამსახურდიამ და სხვა ეროვნულმა მოღვაწეებმა ხუდონჰესის მშენებლობა, რომელიც ქვეყანას კატასტროფით ემუქრებოდა. ეს ხელისუფლება კი, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცდილობს ხუდონჰესის მშენებლობა განაახლოს. დანარჩენი საქართველოც თანაუგრძნობს, რადგან ასეთმა გრანდიოზულმა ჰესმა შესაძლებელია, დატბოროს ჩვენი მიწა-წყალი, ასევე ნიადაგის ტექტონიკური პროცესები გამოიწვიოს, ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია! მე, როგორც პროფესიით ინჟინერ-ეკოლოგს, მიმაჩნია, რომ უნდა შენდებოს მცირე, იშვიათ შემთხვევაში, საშუალო ჰესები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს საქართველოში გრანდიოზული ჰესები, რომელმაც დიდი მიწისძვრის შემთხვევაში, შესაძლებელია, საერთოდ დატბოროს საქართველო. ღმერთმა ნუ ქნას ეს ამბავი, მაგრამ მარტო უფლის იმედზე ნუ ვიქნებით, ჩვენც ხელი უნდა გავანძრიოთ და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ევროპის განვითარებული ქვეყნები. ახლა სადღა შენდება ასეთი გრანდიოზული ჰესები?! ამას წინათ ნახევარი ევროპა მოვიარე და ვნახე, ჩვენთანაც არის ეს პროექტი, მაგრამ, რატომღაც, არაფერი კეთდება. 2 წლის წინათ თქვეს, ქარის ჰესები უნდა აშენდესო, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი მინახავს. ეკოლოგიურად სუფთა ჰესები უნდა აშენდეს, ქარის, მზის ენერგიაზე, რაღა დროს გრანდიოზული ჰესებია? აი, ამას ვეწინააღმდეგებით!
რევაზ არველაძე _ ენერგეტიკის სფეროს ექსპერტი:
_ მიწოდების თვალსაზრისით ენერგეტიკის სფეროში დღეს მდგომარეობა ნორმალურია, ვინც იხდის, ის იღებს ელექტროენერგიას, ბუნებრივ გაზს... რაც შეეხება ტარიფებს, რაც დაპირებები იყო, ის არ შესრულდა. არ შესრულდა იმიტომ, რომ ვინც ჰპირდებოდა, ისინი არ იყვნენ სპეციალისტები და მანამ, სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, დაპირებების პერიოდში, არაერთხელ ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს არაკვალიფიციური მრჩევლები ამ მიმართულებით და ვასაბუთებდი კიდეც, რომ ტარიფების კლება, რასაც ჰპირდებოდა ხალხს, შეუძლებელი იყო. როგორც ჩანს, ჩემს რჩევას ერჩივნათ, მეტი დაპირება ყოფილიყო, რომ მეტი ხალხი შემოეკრიბათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დაპირებები იყო არასწორი, ამას მერე თვითონვე მიხვდნენ. ამიტომ ვერ შესრულდა დაპირებები. რაც შეეხება დიდი ჰესების მშენებლობას, მისი აკრძალვა, ესეც არასწორი დაპირება იყო. თუ მარეგულირებელი ჰესები არ აშენდა, საქართველო ყოველთვის იქნება ჩამოკიდებული ელექტროენერგიის იმპორტზე იმიტომ, რომ ჩვენი მდინარეების სპეციფიკაზეა დამოკიდებული. რა არის ეს სპეციფიკა _ მდინარეების წყლის ჩამონადენი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში უფრო მეტია, ვიდრე ზამთარში, ელექტროენერგიის მოხმარება კიდევ პირიქით არის, ზამთარში მეტია, ზაფხულში _ ნაკლები. აქედან გამომდინარე, ზამთარში ყოველთვის იქმნება დეფიციტი. ეს დეფიციტი რომ აღმოვფხვრათ, ან შევამციროთ მაინც, ამისთვის აუცილებელია წყალსაცავიანი რამდენიმე ჰესის მშენებლობა, კი არ ვლაპარაკობ, რომ ყველგან გაკეთდეს წყალსაცავი, არამედ იქ, სადაც ამის საშუალებაა, რომ ზაფხულის ჭარბი წყალი იყოს შენახული ზამთრისთვის და წყალსაცავი გაკეთდეს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის დაპირებაც არ იყო სწორი და დასაბუთებული. სხვა საკითხია, სად უნდა აშენდეს და როგორ. როდესაც ხუდონზეა ლაპარაკი, ის იმიტომ იყო და არის კარგი, რომ ყველაფრით უკვე მზად არის. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ რაღაც ინფორმაცია საზოგადოებამდე არასწორად მივიდა, ამაზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ეს ხელისუფლება თითქოს ფეხს ითრევს, სხვათა შორის, წინა ხელისუფლებაც, თუმცა, იმათ ლამის დაიწყეს კიდეც მშენებლობა, მაგრამ გადადგომა მოუწიათ და ვეღარ გააგრძელეს, თორემ 2007 წელს გაფორმდა მემორანდუმი, უკვე 8 წელიწადი გავიდა და ტყუილად დაიკარგა ეს დრო. ამ პერიოდში აშენდებოდა და საქართველოს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაზე სახვეწი არ ექნებოდა.
თამარ ბატიაშვილი