QronikaPlus
როგორ შეხვდნენ უგულავას განთავისუფლებას და რა შეიცვალა ენმ-ს გეგმებში?

როგორ შეხვდნენ უგულავას განთავისუფლებას და რა შეიცვალა ენმ-ს გეგმებში?

2015-10-05 07:53:46

გიგი უგულავას თავისუფლების 23 საათი, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს 2016 წლის არჩევნებში და არანაკლებ შესაძლებელია, ამ 23-მა საათმა სრულად გადაფაროს ენმ-ს ყველა საჯარო აქტივობა, ბრიფინგებისა და აქციების ჩათვლით, რაც მას შემდეგ ხდებოდა, როცა პარტიის ორი ლიდერი (ბაჩო ახალაია ენმ-ს ლიდერებს შორის ისედაც არ მოიაზრებს თავს) ციხეში ჩასვეს. სასამართლოს დარბაზიდან განთავისუფლების შემდეგ მეგობრებისა და თანამოაზრეების რკალში აღმოჩენილ გიგი უგულავას ტელეფონით გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა, რომელსაც სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სატელეფონო ლაივში ასმენინებდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავიდანვე უთქვამს, _ გიგის გამოსაშვებად მზად იყავით, მაგრამ იმისთვისაც მზად იყავით, რომ მეორე დღეს ციხეში შეაბრუნებენო. როგორც ხშირად ხდება, სააკაშვილის პროგნოზი გამართლდა. რა მოასწრო და რა ვერ მოასწრო გიგი უგულავამ, ასე თუ ისე, ვნახეთ იმ სატელევიზიო რეპორტაჟებში, რომლებიც „რუსთავი 2“-მა მოამზადა. მაგრამ არსებობს კულუარულ-პარტიული დეტალები, რომლებიც ამ სიუჟეტებში ვერ მოხვდა და არც შეიძლებოდა, მოხვედრილიყო. განთავისუფლებიდან რამდენიმე საათი გიგი უგულავამ თავისი სახლის ვერანდაზე გაატარა, მერე კი, როცა მეგობრები დაიშალნენ, ენმ-ს ვერტიკალი პარტიის ოფისში შეიკრიბა. გიგი უგულავამ პარტიულ ამბებზე მსჯელობა და სამომავლო გეგმებზე თავისი აზრის გამოთქმაც მოასწრო. აღსანიშნავია, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს არ შეთანხმებია. პირიქით, მას უთქვამს, შენ მიხედე იქაურ ამბებს და დაალაგე გეგმები, შენ უკეთ იციო. ასე რომ, ხმები იმის შესახებ, თითქოს გიგი უგულავას აღზევება და მისი რეიტინგის მატება სულაც არ აძლევს ხელს სააკაშვილს, გადაჭარბებულია. პირიქით, სააკაშვილის მესიჯი უგულავას მიმართ სწორედ ის იყო, რომ თვითონ პარტიისთვის დიდხანს ვერ მოიცლიდა და სიტუაცია მას დაერეგულირებინა. არადა, ხმები უგულავასა და ივანიშვილს შორის შესაძლო მოლაპარაკების რაუნდების შესახებ სწორედ ენმ-ს მხარდამჭერებმა გაავრცელეს და არა „ოცნების“ ჭორბიურომ. შეთქმულების მოყვარული ნაცმხარდამჭერები წერდნენ, რომ ივანიშვილმა გიგი უგულავას განთავისუფლება იმის სანაცვლოდ შესთავაზა, რომ ენმ შიგნიდან დაეშალა. თან ამატებდნენ, _ ძალიანაც კარგი, გიგი ამაზე უნდა წავიდეს, ენმ კარგა ხანია, მიშას მერე, დასაშლელიაო. იმის გამო, რომ ენმ-ს „მკვეთრ მიშისტთა“ პოზიცია კარგადაა ცნობილი და მათ ხუშტურებს უკვე თვით პარტიის მხარდამჭერებიც შეეჩვივნენ, ამ განწყობამ მაინც ჰპოვა გამოხმაურება და ენმ-ს მხარდამჭერთა ნაწილი დააბნია. ის კატეგორია, რომლისთვისაც ენმ, პირველ რიგში, სააკაშვილთან ასოცირებული პარტიაა, ხოლო სააკაშვილის გარეშე, უბრალოდ, არაპოპულარულ ადამიანთა ნაკრები არც ისე ცოტაა. ისინი მიიჩნევენ, რომ გიგი უგულავა მიშასგან დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და ენმ-ს წევრებში „მიშისტები“ და „გიგისტები“ არსებობენ. ამ უკანასკნელთა შორის გიგა ბოკერიასაც მოიაზრებენ, რომელსაც, თურმე, კარგად ესმის, რომ მისგან ცალკე ლიდერი არ გამოიძერწება და სწორედ ამიტომ ლიდერად გიგის გამოძერწვას უწყობს ხელს და ეს ყველაფერი ენმ-დან სააკაშვილის ჩამოცილების ხარჯზე. მხარდამჭერთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პირიქით, სწორედ მიშასგან უნდა განთავისუფლდეს ენმ და ცალკე, ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს, ხოლო ისინი, რომლებიც ლიდერად ისევ სააკაშვილს ნატრობენ და მოელიან, ცალკე უნდა წავიდნენ. ამასთან, მიშას გარეშე დარჩენილებმა უნდა სცადონ ყველაფერი, რათა 2016 წელს მნიშვნელოვანი შედეგი დადონ არჩევნებზე, თვით „თავისუფალ დემოკრატებთან“ ალიანსითაც კი. „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ხომ სწორედ მიხეილ სააკაშვილია მიუღებელი და ამას ამბობენ კიდეც, ხოლო დანარჩენთან, მათ შორის, გიგისთანაც, თანხვედრის დაშვება შესაძლებელია... თუ ასე მოხდება, რა მოელის მიშას იმედად დარჩენილებს, არავინ იცის, რადგან ყველაფრიდან ჩანს, რომ სააკაშვილი 2016 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის იმაზე მეტად ვერ მოიცლის, ვიდრე ახლა იცლის აქ მიმდინარე მოვლენებისთვის... მოკლედ, აღდგომა და ხვალეო... რაც შეეხება სხვა შეხვედრებსა და კულუარულ განცხადებებს, გიგი უგულავას თანამებრძოლებისთვის ე. წ. განდგომილი ოთხეულის მიმართ საბოლოო პოზიციის, _ დისტანცირების, _ მაგრამ არა მათთან ბრძოლის ტაქტიკის მიღება უთხოვია. კაცმა რომ თქვას, ასეც ხდება: ეს ორი ძალა კარგა ხანია, ერთმანეთის ბაღჩაში ჭოლოკებს აღარ ისვრის. პირიქით, ოთხეულის წევრებმა თავიანთი კმაყოფილება არ დამალეს გიგი უგულავას განთავისუფლების გამო და, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, კუბლაშვილმა, ჯაფარიძემ და ხაჩიძემ ტელეფონით მიულოცეს კიდეც გამოსვლა, ოღონდ თავაზიანად უთხრეს უარი მიპატიჟებაზე, როცა ის თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა და დროებით თავისუფლებას აღნიშნავდა. როგორია ენმ-ს გეგმები 2016 წლისთვის? რას აპირებს პარტია და როგორ შეხვდა მისი ერთ-ერთი ლიდერი შუალედურ არჩევნებში არმონაწილეობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას? ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი გიგი უგულავა თავიდანვე ყოფილა. მას მიაჩნდა, რომ პარტიას არჩევნებში აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა და ელექტორატთან უშუალო სიახლოვის ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა. მაგრამ მაშინ გიგი დაარწმუნეს, რომ ის ციხიდან სხვაგვარად ხედავდა სურათს და ისიც დაჰყაბულდა. თუმცა თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი ხალხის დანახვისას, გიგის უთქვამს, _ თბილისში თუ ამდენი მხარდამჭერი გვყავდა, ნამდვილად არ მეგონა, მგონი, საგარეჯოშიც ღირდა ძალების მოსინჯვაო... ჩვენი წყაროს თქმით, გიგი უგულავა ალასანიასთან ნებისმიერი ალიანსის წინააღმდეგია. ის მას არასანდო პარტნიორად მიიჩნევს და წლების გამოცდილებას იშველიებს. სწორედ გიგი უგულავას მკვეთრი პოზიციით უნდა აიხსნას ის, რომ სოციალურ ქსელში, ციხეში უგულავას შებრუნების შემდეგ, ირაკლი ალასანიაზე გახშირდა ენმ-ს მხარდამჭერთა შეტევები. ეს შეტევები, ძირითადად, ძველი „ცოდვების“ გახსენებას გულისხმობს და ალასანიას ბოლოდროინდელ განცხადებას, რომ მას არასდროს დაუბრალებია ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა მაშინდელი მმართველი გუნდისთვის, დიდი გამოხმაურებები მოჰყვა. ენმ-ს მხარდამჭერთა გაღიზიანება ალასანიას იმ განცხადებამაც გამოიწვია, სადაც მან თქვა, რომ „ოცნებას“ კი გამოღლეტენ ხელისუფლებას ხელიდან, მაგრამ მას (ხელისუფლებას) „ნაციონალებს“ არ დაუთმობენ... თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უგულავას თავისუფლების 23 საათში ალასანიასთან ალიანსის ვარიანტი მაინც განხილულა: უკვე არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. უგულავას ანალიზით, „ოცნება“ 2016 წლის არჩევნებს ვერანაირად ვერ მოიგებს, რადგან მისი მომხრეების გულაცრუებული ნაწილი ან სახლში დარჩება, ან არჩევანს ბურჯანაძესა და ინაშვილს შორის გააკეთებს. მათი ალიანსის კონტურები არ ჩანს, ცალ-ცალკე კი ისინი თბილისის ყოფილ მერს მნიშვნელოვან ბარიერად არ ესახება. გიგის მსჯელობა ასეთია: რუსეთუმე ამომრჩევლის ხვედრითი წილი, ჰა-ჰა, 20%-ია და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამ ოც პროცენტს როგორ გადაინაწილებენ ბურჯანაძე და ინაშვილი. უგულავას უთქვამს, რომ მთავარია, ხელისუფლებამ მანამდე ბევრი შეცდომა დაუშვასო, რაზედაც გიგა ბოკერიას უხუმრია, _ ამას ჩვენ დაუხმარებლადაც აკეთებს, ისღა დაგვრჩენია, დავსხდეთ და ვითვალოთო... გავრცელებული ხმების საპირისპიროდ, შეხვედრების დროს არც კი განხილულა თემა, უნდა „გაეშვათ“ თუ არა გიგი უგულავა ხელახლა ციხეში. ენმ-ს ლიდერები მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობის ასაკიდან, კარგა ხანია, გამოვიდნენ, ამიტომაც შესანიშნავად უწყოდნენ, რომ სწორედ ეს, გიგის „არგაშვება“ და ხალხით გარშემორტყმა შედიოდა ივანიშვილის მიზნებში. მეტიც, ერთ-ერთ ლიდერს ისიც კი უთქვამს, მეორე დღეს სასწრაფოდ იმიტომ დანიშნეს სასამართლო, რომ აუცილებლად უნდა დაგაპატიმრონ და თქვენი, თქვენი მხარდამჭერების ეიფორიული მდგომარეობა სწორედ იმისთვის გამოიყენონ, რომ ვითომ არ გამოგიშვანო. მოკლედ, საბოლოოდ, შეთანხმებულან, რომ გიგი უგულავას 23-საათიან პატიმრობასა და ხელახალ დაპატიმრებას პარტია მაქსიმალურად გამოიყენებს როგორც შიდა, ასევე გარე პოლიტიკურ ველზე. ეს უკანასკნელი უკვე ამუშავდა, რადგან, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპარლამენტარებმა არნახულად მკვეთრი განცხადებები გააკეთეს _ სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა უგულავას ხელახლა დაკავებას „ბარბაროსობა“ უწოდეს. შეიძლება დავეთანხმოთ გია ხუხაშვილსაც კი, რომელმაც სკანდალური სიმართლე თქვა: ამ ორ დღეში „ოცნებამ“ მნიშვნელოვანი ელექტორატი დაკარგაო... თუმცა გიგი უგულავას საქმე, სავარაუდოდ, ბოლო არ არის: მალე ჩანიშნულია ბაჩო ახალაიას სასამართლო, სადაც მას, რუსეთის ჯაშუშების ჩვენებათა მიხედვით, საბოლოოდ უნდა გამოუცხადონ განაჩენი. ესეც ამ წელს მოხდება, უფრო სწორად, ამავე შემოდგომაზე. და შემთხვევითი სულაც არ იყო, რომ უგულავამაც და ბოკერიამაც ახალაია საჯარო გამოსვლებისას ახსენეს მერაბიშვილთან ერთად _ შესაძლოა, ახალი დაპირისპირებისა და გამოსვლების საბაბად სწორედ ბაჩო ახალაიას მიმართ დამდგარი სასამართლოს გადაწყვეტილება იქცეს, რის შემდეგაც გამორიცხული არ არის, საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს და მას რეგიონებიც შეუერთდეს. თუმცა სხვა ვარიანტიც არ არის გამორიცხული: რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, იმ „მეოცნებეთა“ გულის გასახეთქად, რომლებიც აქტიურად ლობირებდნენ „ახალაიების აივანზე დაბმული მგლისა“ და სხვა ლეგენდებს, ბაჩო ახალაიას რეიტინგი და მის მიმართ თანაგრძნობა უკვე დიდი ხანია, აღმასვლის გზაზეა. ამას ხელს უწყობს ბაჩოს მეუღლე ანი ნადარეიშვილი და თავად ბაჩო, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ეხმიანება მატროსოვის ციხიდან. თუმცა ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ახალაიების თემა“ ისევ იქცეს განხეთქილების ვაშლად „ნაცმხარდამჭერებს“ შორის. ამის ნიშნები უკვე იყო და მაშინ დაპირისპირება იმიტომ არ გაღრმავდა, რომ მამა-ახალაიამ და ვანო მერაბიშვილმა პირისპირ საუბრისას გაარკვიეს ყველაფერი. მაგრამ ახლა უგულავას განთავისუფლებაზე სრულიად პარტიის მონოლითური პოზიციითა და იმის მინიშნებით, რომ უგულავა ივანიშვილის პირადი პატიმარია, შესაძლოა, სიტუაცია ისევ გართულდეს: ენმ-ს მხარდამჭერთა არცთუ მცირე ნაწილი უკვე ალაპარაკდა პარტიის სახეების მხრიდან შერჩევით პრინციპზე და ეს მაშინ მოხდა, როცა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა მასობრივი პარტიული მობილიზება და მეტიც, თუ რამდენიმე ადამიანს არ ჩავთვლით, სასამართლოს სხდომაზეც ბევრი არავინ მისულა ენმ-ს ვერტიკალიდან. არადა, არც ისე ცოტაა ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლების ბირთვი და საყრდენი სწორედ ახალაიები იყვნენ. „რამდენი იყავით ბაჩოს სასამართლოზე? გასაგებია, უგულავასავით თბილისელი არ არის, მაგრამ მაინც, რატომ არ მიხვედით? არ გაინტერესებთ მაინც?“ _ ასეთი შეკითხვაც დაისვა სოციალურ ქსელებში ენმ-ს პოლიტსახეების მიმართ. „არ დაგავიწყდეთ, რომ როცა ივანიშვილის პირად პატიმრებზე საუბრობთ, თავიდან ბაჩო ახალაია ახსენოთ, რომელიც პირველად დააკავეს და თანაც, ყველაზე დიდი ხანია, ციხეში ზის“, _ ეს შენიშვნაც გაისმა. თავად ახალაიები ჯერ ჩუმად არიან და, ზოგადად, ბაჩო ახალაია, რომელიც ცივი გონებით აფასებს მოვლენებს, ამ ეტაპზე ყოველგვარი ღია თუ ფარული დაპირისპირების წინააღმდეგია. ეს მას არაერთხელ დაუმტკიცებია და ახლაც ამ გზას ადგას. თუმცა ახალაიების დუმილი, შესაძლოა, ქარიშხლის წინ ჩამოვარდნილ სიჩუმედაც აღვიქვათ.  

                                                                                                      დოროთე გითოლენდია

     

გაზიარება