როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა რამდენიმე ოდიოზურ მოსამართლეს არ გაუგრძელა, რომლებსაც საზოგადოება „ზონდერ მოსამართლეებს“ უწოდებს. ამის გამო ზოგი მიიჩნევს, რომ სასამართლოების წმენდის პროცესი დაიწყო, თუმცა ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ ეს აზრი სიმართლეს არ წარმოადგენს და თავის მოტყუება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს.
მამუკა ნოზაძე:
_ სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი საკადრო პოლიტიკაა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სასამართლო ხელისუფლებასაც. შევარდნაძის, სააკაშვილისა და `ქართული ოცნების~ დროსაც სასამართლოებში თანამდებობებზე ინიშნებიან ისეთი კადრები, რომელთაც, როგორც იტყვიან, ორ ბატს ვერ ჩააბარებ და სამარცხვინოც კი არის ამ ხალხის თანამდებობებზე ყოფნა. საქმე ის არის, რომ მონური ფსიქოლოგიის პრინციპით ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა, ქვეყანაში დემოკრატიის ოაზისიც რომ იყოს, კონკრეტულ სფეროში წარმატებას და სიკეთეს ვერასდროს მოგვიტანს. მონური ფსიქოლოგიის ადამიანი ყოველთვის მანქურთია და ვერასდროს მიიღებს ისეთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც დემოკრატიის უპირველესი ამოსავალია. ის ყოველთვის თვალებში შესცქერის მასზე იერარქიულად ზემდგომ თანამდებობის პირს და ცდილობს, ასიამოვნოს. ამ პროცესის დროს ის ვერ ხვდება, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება ქვეყანას აზიანებს და იმიჯს ულახავს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში როცა გასაუბრება ხდება მოსამართლეობის კანდიდატებთან, ამ პროცესში მართალია ფსიქოლოგებიც არიან ჩართული და წერენ დასკვნას, არის თუ არა ღირსეული კანდიდატი, მაგრამ ეს ერთჯერადი ხასიათისაა. ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული ფსიქოლოგები, ყოველდღიური დაკვირვება უნდა ხდებოდეს მოსამართლეობის კანდიდატებზე, რაც იმის საწინდარი გახდება, რომ მოსამართლეებად არ მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც მათი შემდგომი ქმედებებიდან გამომდინარე, საზოგადოების მტრებად შეიძლება მოვიაზროთ.
_ გავრცელებული ინფორმაციით, ე. წ. ზონდერ-მოსამართლეები სასამართლო სისტემას 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდგომ ტოვებენ (ჯემალ კოპალიანი, ანჟელი ხუროძე, ლია ავალიშვილი...) საქმე არც ისე ცუდად არის?!
_ ჯემალ კოპალიანი ცნობილი ოდიოზური მოსამართლეა და მის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ის არა მხოლოდ „კაბელების საქმით“ არის „ცნობილი“, არამედ მან შეუფარდა გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება, რამაც მისი რამდენიმეთვიანი უკანონო პატიმრობა გამოიწვია. მეტიც, მან განაჩენი გამოიტანა მუხროვანის საქმეზე და ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე იყვნენ დაპატიმრებულნი, დამნაშავედ ცნო, თუმცა ეს ხალხი შემდგომ პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა. ეს მოხდა 2015 წლის დეკემბერს და მიუხედავად ამისა, ჯემალ კოპალიანი დღემდე ახორციელებს სასამართლო უფლებამოსილებას. მას მხოლოდ ახლა, სექტემბერში შეუწყდა უფლებამოსილება და აღარ გაუგრძელეს, მაგრამ ისიც კი მიუღებელია, მას კიდევ რომ აქვს პრეტენზია, მოსამართლედ გაამწესონ. მან ამისთვის კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა.
ანჟელი ხუროძეც მთელი ცხოვრების მანძილზე მოსამართლე იყო. ეს არის კაცი, რომელსაც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია დამოუკიდებლად. მას სამართლებრივ აზროვნებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, თუმცა მოსამართლეობის სურვილი კვლავ ჰქონდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მანტია ისევ მოესხა. ქვეყნის სირცხვილია ისიც, რომ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ, დღეს კიდევ აქვთ უფლება, შეეცადონ მოსამართლეები გახდნენ, რათა ძველი საქმეები გააგრძელონ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კვოტირება მოხდა. ნინო გვენეტაძემ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ერთ ჯგუფად მოიაზრებიან, მხარი არ დაუჭირეს მათ კანდიდატურებს, მაგრამ, ჯერ ერთი, ასეთი გარეთ დარჩენილები ცოტაა, ბევრი კვლავ მოსამართლის სავარძელში მოხვდა და მეორეც, ეს ხალხი ასეთივე მონური შემართებით ემსახურებოდა ახალ ხელისუფლებასაც. როგორც გითხარით, უგულავას სწორედ კოპალიანმა მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა და მათ ეს დანაშაულებები რატომ უნდა შერჩეთ?! კოპალიანმა კონსტიტუცია რა არის, არ იცის, კანონი ფეხებზე კიდია და მხოლოდ იმ პრინციპით მუშაობს, „ზემოთ“ ვის რა მოსწონს. ის ვერ ფლობს სასამართლოს წაყვანის პროცედურებსაც. მოუხედავად ამისა, არ გასჭირვებია ყოფილიყო მოსამართლე. მის წარმოებულ პროცესზე გგონია, ციხეში ზიხარ და ზედამხედველად ბადრაგი გადგას. სასამართლო პროცესზე ნამდვილად ვერ გრძნობ თავს და ამიტომაც აღვნიშნე დასაწყისში, რომ ფსიქოლოგებმა მეტად უნდა იმუშაონ მოსამართლეებად გამწესებულ კანდიდატებთან, რათა ასეთი მონები არ მოხვდნენ ამ სისტემაში.
_ მანამ, სანამ ფსიქოლოგებისთვის ბოლომდე შეუსწავლელია ეს სფერო, იქნებ, იმ მოსამართლეების ფსიქოპორტრეტები ჩამოგვიყალიბოთ, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოსამართლეებად ხვდებიან?
_ ერთი კატეგორიის მოსამართლეები არიან „ზუბრიაჩკები“ და მათ გაზეპირებული აქვთ გარკვეული კანონები. როდესაც მათ ესაუბრები, კანონს სხაპასხუპით ჩამოგირაკრაკებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან ეს კანონი იცის. ასეთი მოსამართლე საშიშია, იმიტომ, რომ მას არ გააჩნია სამართალშემოქმედებითი უნარი; მოსამართლეების მეორე კატეგორიაში არიან „შემძრომი ადამიანები“, რომლებიც როცა იუსტიციის საბჭოში წარდგენაზე მიდიან, იციან, კონკრეტულად რა ქმედებები მოსწონთ მის წევრებს და თავადაც ასე იქცევიან, ანუ თამაშობენ, რეალურად კი სულ სხვანაირები არიან; მესამე კატეგორიას განეკუთვნებიან იუსტიციის საბჭოს ლობირების ქვეშ მყოფი მოსამართლეები და საბჭოდან მათ ესა თუ ის დაჯგუფება მფარველობს. ამიტომაც შეუძლებელია, მოსამართლედ გახდნენ დამოუკიდებელი, მცოდნე და წესიერი ადამიანები. ასეთი კატეგორია იუსტიციის საბჭოსთვისაც იმიტომ არის მიუღებელი, რომ მცოდნე ადამიანის დამონება, მართვა ძნელია, უცოდინარის კი _ ადვილი. აქედან გამომდინარე, სხვების მსგავსად, მე არ მჯერა, რომ ზონდერმოსამართლეების სასამართლო სისტემიდან გამოყრის პროცესი დაწყებულია. მართალია, ახლა არ გაუგრძელეს მოსამართლეობის ვადა, მაგრამ მათ კვლავ აქვთ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება და არ არის გამორიცხული, ეს ადამიანები კვლავ გამწესდნენ მოსამართლეებად. იმას, რაც რამდენიმე ოდიოზური მოსამართლის თავს მოხდა, ნამდვილად ვერ ვუწოდებ პროცესის დაწყებას, იმიტომ რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობებზე დანიშნა ისეთი მოსამართლეები, რომელთა წარსულზეც საზოგადოებას სერიოზული კითხვები აქვს. ერთ-ერთი ასეთი არის მოსამართლე მალხაზ ენუქიძე, რომელიც ახალქალაქის მოსამართლედ დაინიშნა, ასევე დამნაშავე და კრიმინალი გოდერძი გიორგაშვილი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშნეს და ა. შ. ასეთი კატეგორიის ადამიანები კვლავ ინიშნებიან მოსამართლეებად და მათი წარსულიც არ არის შეფასებული.
_ ამჯერად რომელი მოსამართლის დარღვევებზე გვესაუბრებით?
_ საზოგადოებაში ხშირად ლაპარაკობენ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლეებზე, მაგრამ, რატომღაც, ყურადღება არ ექცევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სპეციფიკურობას და მისი განმხილველი მოსამართლეების ქმედებებს. ამჯერად სწორედ ასეთ ფაქტზე მოგიყვებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, გიორგი ტყავაძე, ამჟამად მცხეთის რაიონის სასამართლოშია კვლავ მოსამართლედ. მან ბევრი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეზე გესაუბრებით.
2009 წელს მან განიხილა ერთ-ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე დომენტი ფანჩულიძის მიმართ ორი ბრალდების _ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო. ცხადია, ორივე მუხლი დასჯადია. როდესაც მოსამართლე რაიმე საქმეს იხილავს, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ადამიანის წარსული, ჩაიდინა თუ არა მან უკანონო ქმედება, რა მტკიცებულებები არსებობოს ამის თაობაზე და ა. შ. არ შეიძლება, რომ გამოტანილი დადგენილება ემყარებოდეს, მხოლოდ და მხოლოდ, თუნდაც, პასუხისგებაში მიცემული პირის, ანდაც პოლიციელის ჩვენებებს.
დომენტი ფანჩულიძე არის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი. მართალია, ამჟამად პენსიონერია, მაგრამ ათეული წლის მანძილზე პოლიციაში მუშაობდა და თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი გახლავთ. მოგეხსენებათ, რომ ყოფილმა პოლიციელებმა, რომლებიც ორგანოდან დისციპლინური წესრიგის დარღვევის გამო არ არიან გამოშვებული, ძალიან კარგად იციან საზოგადოებაში მოქცევის წესები და მით უფრო ის, რას ნიშნავს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ფანჩულიძე, ამავდროულად, სპორტსმენია, რამდენიმე წიგნის ავტორი და გამოირჩევა განსაკუთრებული წესიერებით. ასეთ ადამიანს დააბრალეს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
_ რას ნიშნავს დააბრალეს? იქნებ, უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რა მოხდა?
_ ის ავტოსადგურ „ოკრიბაში“ დაცვის უფროსი იყო, როცა იქ ინციდენტი მოხდა. პოლიციელებმა მის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს, რამაც აურზაური გამოიწვია. ფანჩულიძე, როგორც დაცვის სამსახურის უფროსი, ამ საქმეში ჩაერია და ეს ადამიანები დააშოშმინა, მაგრამ შემდგომ მას კაბინეტში მიაკითხეს პოლიციელებმა და ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. იქ შეუდგინეს ოქმი, თითქოსდა მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა. კანონის მიხედვით, თუ პირმა ჩაიდინა რამე სახის დანაშაული, ოქმი უნდა შედგეს ადგილზე და არა პოლიციაში, თუ არ არის განსაკუთრებული შემთხვევა. ოქმის შემდგენელი პოლიციელი, რომელიც დომენტი ფანჩულიძეს ვითომდაც ამხელს სამართალდარღვევაში, ამბობოს, რომ თითქოს ამ ადამიანმა, კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიციელებს ხელი შეუშალა პირის დაკავებაში. თუ ასეა, მაშინ ისიც ხომ უნდა ეწეროს, ვის დაკავებაში შეუშალა ხელი, ვის აკავებდა პოლიცია _ შაქროს, ზაქროს, მიხოს თუ სხვა ვინმეს? ასეთი რამ ოქმში არ წერია. რაში გამოიხატებოდა ფანჩულიძის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, ესეც უნდა იყოს დაფიქსირებული. ასეთი შეთითხნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმის საფუძველზე განიხილა საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ტყავაძემ და დომენტი ფანჩულიძე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ცნო დამნაშავედ. ამიტომ ვამბობ, რომ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობაც _ კარგად შესწავლილი, რამდენად დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღებაში, ან რამდენად ითვალისწინებს გარეფაქტორებს და ა. შ. ტყავაძეზე ფსიქოლოგებს დაკვირვების შედეგად შესაბამისი დასკვნა რომ დაეწერათ, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი მოსამართლეობას ვერასდროს ეღირსებოდა და, შესაბამისად, ვერ მიიღებდა უკანონო გადაწყვეტილებას დომენტი ფანჩულიძის მიმართ. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უდანაშაულო ადამიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით და მას ჯარიმის სახით განუსაზღვრა 400 ლარის გადახდა.
ფანჩულიძემ, სასამართლო სხდომაზე, თანმიმდევრულად და მკაფიოდ ახსნა, რომ ის იყო უდანაშაულო. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს მოსამართლემ გულდასმით ობიექტურად, სრულყოფილად, ყოველმხრივ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება; მოსამართლე ტყავაძე არ დაინტერესებულა, ბრალდებულმა კონკრეტულად ვის დაკავებაში შეუშალა ხელი პოლიციას? რატომ არ მოითხოვა მათგან შესაბამისი მტკიცებულებები და რატომ მიიღო ასეთი ცალმხრივი, გაყალბებით შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი? მან ფანჩულიძეს ის უფლებებიც კი არ განუმარტა, რომელიც
მისი დაკავებით ტყავაძემ უხეშად დაარღვია _ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლი, იმიტომ რომ კონსტიტუცია იერარქიულად არის ყველაზე მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტი. მე-40 მუხლში კი პირდაპირ წერია: სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ფანჩულიძის საქმეზე არანაირი უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობდა, პოლიციელის არასრულფასოვნად შედგენილი ოქმის გარდა. დომენტი ფანჩულიძე დღემდე იბრძვის სამართლიანობის აღდგენისთვის, ვის აღარ მიმართა, _ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარლამენტს, სახალხო დამცველს, შინაგან საქმეთა მინისტრს, დასჯილიყვნენ ის პოლიციელები, რომელთაც ოქმი გააყალბეს, რის გამოც ის პასუხისგებაში მიეცა. ასევე მოითხოვა მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება, მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც, ბოლო პერიოდამდე დიმიტრი ტყავაძე საქართველოს იუსტიციის დისციპლინურ საბჭოში საბჭოს წევრის უფლებამოსილებას ახორციელებდა. მას არაერთი ინტერვიუც აქვს მიცემული სადისციპლინო საბჭოს წევრის რანგში, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ თურმე მოსამართლის დისციპლინური დევნა აღიქმება მოსამართლის საქმიანობაში უხეშ ჩარევად და აქედან გამომდინარე, გასაგებია, ამ რანგშიც ის რას გააკეთებდა. ეს ადამიანი კვლავ მოსამართლეა, ამჟამად მცხეთის საქალაქო სასამართლოში და ახლა თქვენ გეკითხებით, შეიძლება ეს სასამართლოს წმენდის პროცესად მივიჩნიოთ?
ნელი ვარდიაშვილი