QronikaPlus
„გლობალური ალიანსის“ ხელშეწყობით დაავადებათა კონტროლისა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

„გლობალური ალიანსის“ ხელშეწყობით დაავადებათა კონტროლისა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2015-10-05 07:42:20

კონფერენცია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა, მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სფეროში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა არის იმ ხანგრძლივი სამუშაო ციკლის ერთ-ერთი რგოლი, რომლის საბოლოო ამოცანაც გახლავთ, უახლოეს პერიოდში საქართველოში დაინერგოს ისეთი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხნიან და ხელმისაწვდომ მედიკამენტებს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. სამინისტრო ამ მიზნით უახლოეს მომავალში გეგმავს „წამლის კანონში“ და სხვა რეგულაციებში შესწორებების შეტანას, რათა წამლის რეგისტრაცია და ლიცენზირება ევროპული  სტანდარტების შესაბამისად  განხორციელდეს და შედეგად მომხმარებლამდე გარანტირებულად მხოლოდ ხარისხიანი და, იმავდროულად, ხელმისაწვდომი მედიკამენტები მივიდეს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხარისხის კონტროლის კომპონენტი, სამწუხაროდ, აქამდე ჯანდაცვის სისტემაში საკმაოდ სუსტად იყო წარმოდგენილი: „ასეთი სისტემის შექმნა მხოლოდ გამართული და მძლავრი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ. იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენთან მალე მოხდება...“. კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო საკოსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსისა“ (GAHშჩ) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ეგიდით ჩატარდა. „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტის, ჟან-ელი მალკინის თქმით, საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა გაუმჯობესებას საჭიროებს: „ჩემთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრო, ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს. „გლობალური ალიანსი“ ყოველმხრივ გვერდში უდგას სამინისტროს ფარმაცევტული რეგულაციების გაუმჯობესების საკითხში და ჩვენი შესაბამისი მიმართულების ექსპერტების აქტიური მონაწილეობით ვუწევთ სათანადო კონსულტაციას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წამლის ხარისხი კრიტიკული კომპონენტია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი, რომლის გაუმჯობესებამაც მთლიანად სისტემის გაჯანსაღება უნდა გამოიწვიოს. მარტივია, _ რომც გქონდეს ხარისხიანი წამალი, თუ მას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმი სწორად არ დანიშნავს, ცხადია, შედეგის ნაცვლად მივიღებთ დამატებით გართულებებს. და ერთიც, ხარისხიანი წამალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს წამალი აუცილებლად უნდა იყოს ძვირი. თუ კონტროლის პროცედურები სათანადოდ იქნება დაცული, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგი წამალი შესაძლოა იყოს, ამავდროულად, იაფი და ხელმისაწვდომი“, _ განაცხადა მალკინმა. კონფერენციაზე პრეზენტაცია წარმოადგინა „გლობალური ალიანსის“ ექსპერტმა, პროფესორმა კაროლინ მასკრემ. პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილებულიდა იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც საქართველოს დაეხმარება წამლის ხარისხის კონტროლის ამაღლებასა და ფალსიფიცირების თავიდან აცილებაში. კაროლინ მასკრეს განცხადებით, საუბარია მედიკამენტებში აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე, სხვა ასევე უშუალო ინსტრუმენტებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია შემოწმდეს, რამდენად სწორად არის ნაწარმოები ესა თუ ის მედიკამენტი და არის თუ არა ის ფალსიფიცირებული: „ამ პროცედურების დანერგვა არ არის რთული, თუკი ქვეყნის მთავრობა სათანადო ნებას გამოხატავს“, _ აღნიშნა „გლობალური ალიანსის“ ექსპერტმა. „გლობალური ალიანსის“ ექსპერტის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეთა შორის დისკუსია გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია და დისტრიბუცია; ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრება რეგისტრაციის, ლიცენზირების, ფარმაკოზედამხედველობის, GMP-ის, ხარისხის კონტროლისა და სხვა მიმართულებებით. ამ თემებზე მუშაობა აუცილებელია იმისათვის, რათა საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე NჩDჩ-ის, „გლობალური ალიანსის“, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფილური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.  

გაზიარება