აშშ-ში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრა. ერთს პრემიერ-მინისტრი, მეორეს კი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ღარიბაშვილი აშშ-ს 25 სექტემბერს ესტუმრა, მარგველაშვილი კი _ 27 სექტემბერს. პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწრება. მისი სიტყვით გამოსვლა 1-ლი ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. გარდა ამისა, პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა.
პრეზიდენტი კი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში, დისკუსიაში „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება“ მონაწილეობს, სადაც ის ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია. მარგველაშვილი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია მისი საჯარო გამოსვლები.
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთ ორმხრივ შეხვედრას უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან მართავს.
ორივე ვიზიტი 2 ოქტომბერს დასრულდება.
ორმაგი ვიზიტის აუცილებლობასა და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრება:
_ ბატონო თორნიკე, რამდენად იდგა ამის აუცილებლობა?
_ აშშ-ში ორი დელეგაციის გამგზავრების არანაირი აუცილებლობა არ იდგა. გამგები გაიგებს და უცხოეთში _ მით უმეტეს, რომ საქმე გვაქვს სიტუაციასთან, როცა პრეზიდენტსა და მთავრობას, მინისტრთა კაბინეტს შორის ძალიან ცუდი ურთიერთობაა. იმ შეთანხმების მიღწევაც კი არ შეუძლიათ, თუ რომელი დელეგაცია სად უნდა წავიდეს. ისიც კი არ ძალუძთ, რომ ერთმანეთში უფლებამოსილებები გაიყონ და მისიებიც გაინაწილონ. თავისუფლად შეიძლებოდა ერთი დარჩენილიყო, მეორე წასულიყო და პირიქით.
მაგრამ რას ვიზამთ? ჩვენ დღეს ასეთი რეალობა გვაქვს!
_ მსგავსი ტიპის ნაბიჯები რა შედეგებს იწვევს, ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულების თვალსაზრისით?
_ რასაკვირველია, ქვეყანა ამით არ დაიქცევა, მაგრამ კარგი ამბავი ჩვენს თავს ნამდვილად არ არის. როდესაც 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდა და ამის გამო საქართველო, როგორც ქვეყანა, აქ არსებული დემოკრატიული პროცესის გამო დააფასეს, მერე უკვე მსგავს კომედიებამდე მივდივართ _ ორი დელეგაცია მიემგზავრება პარალელურ რეჟიმში, ერთი იქით და მეორე აქეთ. როდესაც დიდი შანსია, რომ ამ დელეგაციებს შორის ელემენტარულად მესიჯებიც არ იყო შეთანხმებული. ბუნებრივია, ძირითადად ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ, მაგრამ ხშირად მინახავს, რომ სხვადასხვა შეხვედრებზე გამოსვლისას მათი საუბარი, შინაარსი არა, მაგრამ აი, ტონალობა აშკარად განსხვავდება ხოლმე ძალიან ბევრ რამეში.
_ ამ კონტექსტში რა საფრთხეების წინაშე იმყოფება ქვეყანა? უპირველესად, საგარეო უსაფრთხოების პრობლემებს ვგულისხმობ...
_ მადლობა ღმერთს, ჩვენი საგარეო პოლიტიკა მარტო ზემოაღნიშნულ პრობლემატიკზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ამით, რასაკვირველია, ქვეყანა მაინც ზარალდება. რესურსები იხარჯება ტყუილად, როცა ორი დელეგაცია მიემგზავრება თანმდევი ხარჯებით. ეს ფული შეიძლებოდა სხვა, უფრო აუცილებელ საქმეებში დახარჯულიყო. ეს, საბოლოო ჯამში გვაკლდება, რადგან ქვეყანას ჰაერში დასახარჯი ფული ნამდვილად არ მოეპოვება.
მაგალითად, ვერანაირად ვერ ვხედავ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების ლობირებას შეერთებულ შტატებში. არაფერი მსგავსი და ხელშესახები არ ჩანს, რაც სამწუხარო ფაქტია. და რას მივაღწევთ ამერიკაში ორი დელეგაციის ვიზიტით? ამას არ სჯობდა, ფული დაგვეზოგა და, სიტყვაზე, დაგვექირავებინა სერიოზული საკონსულტაციო ფირმები, ლობისტები და მათთან უფრო აქტიურად გვემუშავა? რასაკვირველია, ასე სჯობდა, მაგრამ ეს არ კეთდება.
_ რატომ არ კეთდება, ამის საჭიროება სათანადოდ გააზრებული არ არის?
_ თქვენ იცით, რომ არც ერთ მთავრობას კრიტიკა არ უყვარს. ახლანდელ მთავრობასაც ჰგონია, რომ გენიოსებით არის დაკომპლექტებული. ამ მხრივ ეს მთავრობაც საერთო სურათიდან გამონაკლისი არ არის. არანაირ შეცდომას არ აღიარებენ და რაციონალურ კრიტიკას არ იღებენ. ასე რომ, ამაზე მეც ბევრი მისაუბრია, სხვებსაც გაუკრიტიკებიათ, მაგრამ არ მგონია მათ ამაზე ყურები შეიბერტყონ.
_ ამ ფონზე, დგას თუ არა გამოწვევის წინაშე ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, თუნდაც პრეზიდენტის სასახლესთან ბოლო პრორუსული გამოსვლის გათვალისწინებით?
_ ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
პირველი _ საქართველოს მთავრობა, ბოლო და ბოლოს, მიხედავს თუ არა სერიოზულად იმ პრობლემას, რომელსაც რუსული პროპაგანდა ჰქვია. ეს ნაკლებად შუაშია დელეგაციების გამგზავრებასთან. აქ უშუალოდ შიდა პოლიტიკის გატარებასთან გვაქვს საქმე.
მეორე _ საქართველოს მთავრობა დაიწყებს თუ არა სერიოზულ კამპანიას, რომ აუხსნას საკუთარ მოსახლეობას, თუ რას ნიშნავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და რა ხეირი მოაქვს ამ ინტეგრაციის პროცესს ჩვენი მოსახლეობისთვის.
აქაც, სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა ძალიან პასიურ პოზიციას იკავებს. აი, ეს უფრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე ორი დელეგაციის ვიზიტი, რადგან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას.
_ ამ ნაბიჯების გადაუდგმელობა რით არის გამოწვეული?
_ არ მსურს რაღაც შეთქმულების თეორიების შექმნა. როდესაც ასეთი პრობლემებია, მისი სათავე, საფუძველი ყოველთვის უფრო კომპეტენციის ნაკლებობაა, ვიდრე რაღაც შეთქმულების არსებობა. ამიტომ ყოველივეს უფრო კომპეტენციის ნაკლებობას ვაბრალებ; დაულაგებელ პოლიტიკას, რომელიც ამათ ვერაფრით დაალაგეს ბევრი მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ სამი წელი უკვე გავიდა.
_ გამოსავალი არჩევნები და პოლიტიკური ცვლილებებია?
_ ღმერთმა ქნას, რომ ბოლო წელიწადში „ქართულმა ოცნებამ“ გამოასწოროს ყველა შეცდომა და მართებული პოლიტიკა გაატაროს. მაგრამ ნეტარ არიან მორწმუნენი! მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
გელა მამულაშვილი