QronikaPlus
ბუბა ჩივაძე: „ეს არის სამართლიანობის აღდგენა და ამაზე ოცნებობდით, ბატონო პრემიერო?!“

ბუბა ჩივაძე: „ეს არის სამართლიანობის აღდგენა და ამაზე ოცნებობდით, ბატონო პრემიერო?!“

2015-10-04 09:11:40

„ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა საინფორმაციო სააგენტო „Kutaisi Today “-ს დამფუძნებელი, ბუბა ჩივაძე. მან იმ ინფორმაციების გაჟღერება გადაწყვიტა, რომელიც იმერეთის რეგიონის ძალოვან უწყებებში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. კერძოდ, ბუბა ჩივაძე საუბრობს: როგორ აჩერებენ საქმეებს ფინანსურ პოლიციაში, იღებენ თუ არა ქრთამს ცალკეული პირები და რამდენად კვალიფიციური გამომძიებლები არიან? ასევე საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელი საუბრობს დასავლეთ საქართველოსა და ქუთაისის პროკურატურებში არსებულ სიტუაციაზე, _ რა კავშირია ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებსა და პალატის თავმჯდომარეებს შორის? ხდება თუ არა კორუფციულ გარიგებები და სისხლის სამართლის დანაშაულებები? ბუბა ჩივაძე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან თევზაძესა და მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძეზე. რატომ აპირებს საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელი შიმშილობის დაწყებას და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას გერმანიის საელჩოსთვის? ამ და სხვა დეტალებზე „ქრონიკა+“-ბუბა ჩივაძე ესაუბრება: _ მთელი ზაფხული გამოვიყენე ინფორმაციების მოსაძიებლად. ჩავრთე ყველანაირი რესურსი იმ კორუფციული გარიგებების გამოსააშკარავებლად, რომელსაც ,,მევახშე პროკურორ-ფინასისტები“, გამომძიებლები და მოსამართლეები ახორციელებენ. ვინ შედის ამ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფში, მინდა უფრო ვრცლად ვამცნო საზოგადოებას; თქვენი რეიტინგული გაზეთის საშუალებით სინათლეზე გამოვიტანო კორუფციული გარიგებების სქემა. უფრო გამოწვლილვით დავიწყებ თითოეული დეტალის გაშიფვრას ისე, რომ საზოგადოებას რაიმე დამატებითი შეკითხვები არ გაუჩნდეს მასალის ირგვლივ. ცხოვრებაში თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა, არ მეგონა. როდესაც ყველა ინფორმაციას თავი მოვუყარე, რამდენიმე დღე ლოგინად ჩავვარდი, თუ რისთვის გამიძლია და გაუძლია ჩემი ქალაქის გაუბედურებულ მოქალაქეებს. მაგრამ ძალა მოვიკრიბე, რათა რეგიონის ხმა მთავრობას მივაწვდინო. ესენი წლების მაძილზე ამწარებდნენ საზოგადოებას და დღეს შევეცდები, მათი პორტრეტები საჯარო გავხადო. ,,მევახშე პროკურორ-ფინანსისტების“ ორგანიზებული ჯგუფის წევრები და თანაპარტნიორები გახლავთ ქუთაისის რაიონული პროკურორი გიორგი ცხოვრებაძე, მისი მოადგილე ირაკლი კოძახიძე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი ილია ჯალაღანია, მისი მოადგილე და, ამავე დროს, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი გიორგი გვარაკიძე, დასავლეთ საქართველოს ფინანსური პოლიციის ზედამხედველი პროკურორი დიმიტრი ჩაფიჩაძე. _ ბუბა, იქნებ, კონკრეტულ საქმეებზე და ფაქტებზე გადავიდეთ... _ ათეულობით გახმაურებული საქმეა, მაგალითად, _ სვეტლანა ახალაიას, ზურაბ ფილიპიას, გულნარა ვაჩიბერაძის, მარინა დახუნდარიძის, გაუბედურებული დედის, ნათელა გიორგაძის შვილის ბურუსით მოცული საქმე, ციცინო მდივნიშვილის, ასევე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივი საქმეები და ა. შ. უამრავი ასეთი საქმე შევისწავლე. საინტერესოა, სად მიდის კვალი, ხომ?! გვარაკიძე, ჩაფიჩაძე, ცხოვრებაძე, კოძახიძე _ ეს ის გვარებია, რომელთა უკანაც ათეულობით გაუბედურებული ოჯახი დგას. ჩემი სისხლის სამართლის საქმე #092101292, რომელსაც იმერეთის ფინანსური პოლიცია იძიებს და ზედამხედველობას ახორციელებს დიმიტრი ჩაფიჩაძე, და რომლის ქონებაც, დაახლოებით, 14 მილიონი ლარია. საგულისხმოა ასევე სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი. ბოლო განცხადებაში (ნ/13/28-82887), რომელსაც პროკურორი ჩაფიჩაძე მიგზავნის 2013 წლის 15 აგვისტოს, მწერს, რომ 2010 წლის 12 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში, წერეთლის ქ. 186-ში განთავსებულ ,,სილკიმპექს ჯორჯიას“ შენობაში მომხდარი ხანძრის შედეგად განადგურდა ს/ს ,,სარკმელის“ სრული საბუღალტრო დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ ხერხდება ზუსტი რაოდენობის ქონების განსაზღვრა. ასევე დაიკითხნენ აღნიშნული ორგანიზაციის მესაკუთრეები, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს და ვერ აღწერეს, რა ქონება ჰქონდა ორგანიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცნობია, რა სახის ზიანი მიადგა აქციონერებს. გთხოვთ, ჩემი სიტყვები არ შეცვალოთ და ზუსტად დაწეროთ: ჩაფიჩაძე, შე „დურაკო“! დადგება დრო და ამ საბუთებს დაგაღეჭინებ, იცოდე! საკუთარ დაბადებას გაწყევლინებ! რა ქონებებიც დაიკარგება ამ ორგანიზაციაში, იცოდე, საკუთარი ქონების ფასად გაზღვევინებ! ამ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო, როდესაც მთელი ქონება, თითოეულ ჭანჭიკამდეც კი, დაცულია ქუთაისის სამეწარმეო რეესტრში, თუ, რა თქმა უნდა, იქიდანაც არ გააქრეს, მაგრამ არქივში ხომ არის?! დოკუმენტები, დამოწმებული რეესტრის ორიგინალი ბეჭდით, ადასტურებს, რომ ასლები დედანთან სწორია. ასევე მაქვს დამოუკიდებელი ექსპერტიზების დასკვნები; ასევე მაქვს ჩანაწერი, სადაც საქმეს მირჩევს ქუთაისის მაშინდელი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ახლა უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის, ლევან თევზაძის სიმამრი _ გოჩა კუპრაშვილი. აღნიშნულ აუდიოჩანაწერს ვინახავ ერთ-ერთ ოჯახში. _ რას ეხება ჩანაწერი? რაზეა იქ საუბარი? _ ამ ჩანაწერში კარგად „ჭიკჭიკებენ“, თუ რა დაჯდა საქმის შეჩერება, ანუ საუბარია ქრთამზე. ტერიტორია, რომელიც წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც ხანძარი განჩნდა და დოკუმენტები დაიწვა, მათი საკუთრებაა. დასკვნა თავად გააკეთეთ. მეტსაც გეტყვით: იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, თემურ შაშიაშვილი, მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას გადასცეს დამატებითი მასალები და ასევე მიაწოდოს სხვა დოკუმენტები. ის ამ დრომდე არც კი დაკითხულა. მეტიც _ რადგან ოლქის პროკურორს ხშირად ვაწუხებდი და მოსვენებას არ ვაძლევდი, გამოსავალი ნახეს _ დაჩქარებული წესით დაანგრიეს აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთ უზარმაზარ ქონებასთან ერთად, სადაც მათ ლიმონათის ქარხნის აშენება სურდათ. ქარხანა, რომელიც სახელმწიფოსთვის და, კერძოდ, ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის წარმოადგენდა სტრატეგიულ ობიექტს. ამ ადგილზე, მიწის კომუნიკაციიდან _ 1 საათში, ნებისმერ დროს, 800 ტონა სასმელად ვარგისი წყლის ამოტუმბვა არის შესაძლებელი. ტერიტორიის დანგრევის შემდეგ რკინის მესრები მოჭრეს, შენობა-ნაგებობა ღამის საათებში დაანგრიეს, როდესაც ქალაქიდან გასული ვიყავი. ყველაზე გამაოგნებელი ის ფაქტია, რომ ე. წ. სიმკარის დემონტაჟის დროს მათ მიერ მოყვანილი ტრაქტორი დაეჯახა სიმკარს, რომლის გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა(!!!). ამ ფაქტს ყველა ტელევიზია აშუქებდა, ორივე გარდაცვლილის ოჯაში მივედი. ისინი ისე დააშინეს, არც ერთი წევრი ურთიერთობაში არ შემოდიოდა. ვითხოვდი დაკითხვას, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძროდა. მივაკითხე ფინანსური პოლიციის ზედამხედველ პროკურორს, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირი შენობა-ნაგებობა არ ყოფილა და, თურმე, გარდაცვლილები სიმკარს ტეხდნენ „ზუბილათი“ და უროთიო. არადა, ნგრევამდე მოვასწარი შენობების დასურათება. _ რა რეაგირება მოჰყვა ამ ყველაფერს პროკურატურის მხრიდან? ხომ არ ყოფილა ან მოლაპარაკების, ან მუქარის შემცველი საუბრები თქვენი მისამართით? _ რა თქმა უნდა! გაჩუმებისა და დაჭერის მიზნით პროკურატურამ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პროკურორმა ირინა მჟავიამ, რომელიც ჩემს არაერთ საგაზეთო მასალას გაეცნო, მისი ოჯახის წევრის საშუალებით შემომითვალა: რა ვქნა, რასაც ჩემი ზედამხედველი პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ქალაქის პროკურორი მავალებენ, იმას ვაკეთებ. თუ ბრძოლა გინდა _ მათ ებრძოლე, მე არაფერ შუაში ვარ, დამიბარებს ვინმე და ვიტყვი ყველაფერსო. გარდაცვლილი მამაჩემის ქონების პირველი რიგის მემკვიდრე ვარ, ამავე დროს მამის ყველა აქტივი, ქონებების, ობიექტებისა და ასე შემდეგ, მემკვიდრეობით დამრჩა. ქონების გადმობარების პროცესებში ვატარებდი სრულ აღწერას და აუდიტის შემოწმებას. _ რაზე იყო საქმე აღძრული? _ საქმე აღძრეს მამაჩემის კუთვნილი და, ამავე დროს, ჩემს საკუთრებაში მემკვიდრეობით მიღებული ვაგონისა და ტრაილერის ასაწონ სასწორზე. სასწორი, რომელიც მე გავყიდე, ქარხნის გამოშვებული იყო 1987 წელს და გახლდათ 150 ტონა ტვირთწონის. აღნიშულ შპს ,,სარკმელთან“ ფინანსურ პოლიციაში 2010 წლის 4 სექტემბრიდან სხვა ქონებებზეც მაქვს დავა. რამდენიმე დღეში პროკურატურამ ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრა, რათა ამ საქმის გამოძიებას შევშვებოდი. ფინანსურ პოლიციაში შპს „სარკმელმა“ განაცხადა, რომ ეს სასწორი არის მისი საკუთრება. ვერ გათვალეს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ სამეწარმეო რეესტრში ინახებოდა მათი დოკუმენტები, სადაც წერია, რომ „სარკმელს“ 85 ერთეული სამშენებლო ტექნიკა დღემდე აწერია, თანაც 1985 წლიდან ბალანსზე ერიცხებოდა სარკინიგზო ვაგონების ასაწონი _ 50 ტონა ტვირთწონის სასწორი. პროკურატურამ ეს მარტივი ციფრები ვერ, ან არ განასხვავა. სად 1987 წლის 150 ტონაჟობისა და 1985 წლის 50 ტონაჟობის სასწორები? საინტერესოა, საიდან არის ეს ნივთი „სარკმელის“ საკუთრება? ამ სასწორის მიმყიდველის მიერ გაფორმებულ ზედნადებსა და ფინანსურ დოკუმენტებშიც ასახულია 1987 წლის 150 ტონაჟობის სასწორი. ექსპერტიზის დასკვნაშიც იგივეა, რადგან პროკურატურამ მოითხოვა, ნივთი იმ ორგანიზაციისთვის დამებრუნებინა, რომლის ბალანსზეც აღნიშული ნივთი საერთოდ არ ირიცხებოდა. პროკურატურის მაღალჩინოსნების არაკეთილსინდისიერი მოქმედების გამო ს/პ „სიგმას“ და მეც ზიანი მოგვადგა, რის გამოც ,,სიგმამ“ სასამართლოში მიჩივლა. თუმცა აქ არის ერთი გარემოება, რომელიც საყურადღებოა _ საჩივრამდე „სიგმას“ დირექტორს გაუგზავნეს ფინანსური პოლიციის მიერ თაღლითობისთვის გამოჭერილი ადვოკატი. პროკურორმა გვარაკიძემ და ჩაფიჩაძემ აიძულეს ის, სარჩელი შეეტანა. აღნიშნული კომპანიის დირექტორმა მთხოვა, მომეძებნა ვინმე პატრონი 3 დღეში, რომ თავიდან აეცილებინა ბინძური თამაში. ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვასახელებ იმ იურიდიულ ფირმას, რომლის დამფუძნებლების ცოლებსაც დაკისრებული აქვთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უფლებამოსილებები _ ეს საადვოკატო ფირმა სააპელაციო სასამართლოში 2000 დოლარად ყველანაირ საქმეს აკეთებს (რა თქმა უნდა, აუდიოჩანაწერი მაქვს). დღემდე ყველა დონეზე ვასაჩივრებ ამ თაღლითების ქმედებებს _ მთავარი პროკურატურიდან დაწყებული, გენერალური პროკურატურით დასრულებული. სამწუხაროდ, კორუფციის ბუდე ვერ გავარღვიე, რომელსაც ერთი კურატორი _ შოთაძე ჰყავს. _ რა სქემაზე საუბრობთ, იქნებ, უფრო დეტალურად გვითხრათ?.. _ იმერეთის ფინანსური პოლიციის „სტავკები“ ასე გამოიყურება: საქმის აღძვრა პროკურატურის მეთვალყურეობით _ 700 დოლარი; საქმის გამოძიება მოწინააღმდეგის დაკავებით _ 2000 დოლარი; ამას ემატება 45% გახსნილი საქმის ამოღებული ზიანიდან... ამ უწყებაში დღემდე არის თაროზე შემოდებული აღძრული საქმეები, სადაც საუბარია სახელმწიფოს თანხების დიდი ოდენობით მითვისებაზე; ასევე  საქმეები, რომლებიც გვარაკიძის ნათესავების წინააღმდეგ აღიძრა და რომელიც ეხება ათეულობით ათასი ლარის გაფლანგვის საკითხს. აი, ასეთია პროკურორების ქუთაისური შერჩევითი სამართალი. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც _ ამ ეტაპზე ჟურნალისტის ეთიკიდან გამომდინარე ვიცავ წყაროს კონფიდენციალობას, თუმცა მზად ვარ, საზოგადოებას კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი გავუმხილო: ერთ-ერთ უწყებაში ფარულად იყო დაწყებული გვარაკიძისა და სხვა პროკურორების საქმეების გამოძიება, რათა კონკრეტულ ფაქტებზე ემხილებინათ და, სავარაუდოდ, ქრთამის გადაცემის მომენტში ადგილზე დაეკავებინათ. უწყებიდან ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ეს „დაგეგმილი“ ოპერაცია ჩავარდა. ინფორმაციამ იმ უწყებიდან გაჟონა, სადაც გვარაკიძის ნდობით აღჭურვილი მოკავშირე მუშაობდა და ამიტომ განიცადა ოპერაციამ კრახი, მაგრამ დარჩა მნიშვნელოვანი ფაქტები, რითაც საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყება უპატაკა მის ხელმძღვანელებს. გამოძიების დაწყების დროს არაერთი ხელმოსაჭიდი მტკიცებულება არსებობდა და არსებობს დღესაც. ეს აუდიოჩანაწერები თუ სხვა მოკვლეული მასალები ისევ კორუფციის ბადეშია გახვეული და არც არავინ ჩქარობს სიმართლის გამოაშკარავებას. _ გასაგებია, რომ მათ ინტერესში არ შედის სიმართლის დადგენა და ობიექტური გამოძიება, მაგრამ თქვენ რა ზომებს მიმართეთ? _ აღნიშნული საქმეები სასამართლოს წესით გავასაჩივრეთ, ჯერ ლევან თევზაძის დაქვემდებარებულ სასამართლოებში, როგორიც არის ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობდა მევახშეების დამცველი მოსამართლე, რომელსაც ვადა ეწურება და ისეთი განაჩენები გამოაქვს, ჭკუიდან გადაჰყავს საზოგადოება. ეს გახლავთ დურმიშხან ჟორჟოლიანი, რომელმაც მოსამართლის მანტია ბიზნესმანტიად შეცვალა. კერძოდ, ის ფლობს რამდენიმე რესტორნისა და სასადილოს წილებს. ქონების უმრავლესობას განკარგავს მისი ძმა, ოჯახი, რომელიც ფულის გამო საკუთარ გვარს გაყიდის. ასევე ამ საქმის ერთ-ერთი მოსამართლე გახლავთ სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარე _ დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც მოსამართლეებიდან ითხოვდა, სარჩელზე სასამართლოს უარი ეთქვა და აღნიშნული სამოქალაქო დავა განუხილველი დარჩენილიყო. სასამართლოს თავმჯდომარეობდნენ  დურმიშხან ჟორჟოლიანი და სიმონ ჩხეიძე. ისინი ვერ წავიდნენ შეფის, გვრიტიშვილის წინააღმდეგ. თევზაძის უშუალო ჯიბის მონა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, თემურ გოგოხია, დესპანად აფრინეს სააპელაციო სასამართლოში, რათა იუსტიცის უმაღლესი საბჭოს კორუმპირებული წევრის  მუქარაშემცველი დანაბარები გადაეცათ. იმ დღის სკანდალი სასამართლოს კედლებს გასცდა და დღემდე მოსამართლეებს შორის განხილვის საგანია. საქმემ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა გვრიტიშვილმა განსახილველი გადაწყვეტილების აცილება მოითხოვა. მის მაგივრად მოსამართლედ ჯერ გოჩა აბუსერიძე ჩაანაცვლეს და მათი ზემდგომის დანაბარების უპირობო აღსრულება დაავალეს. სამოქალაქო საქმეზე ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარის ჩასმა პარადოქსულ ფაქტად რჩება. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ეს მოსამართლე მისივე სოფელში „პლანით“ გადაბიბინებული მინდვრების მფლობელია, აქ კომენტარიც ზედმეტია. ისე, კარგი იქნებოდა, თუ მოსამართლე აბუსერიძე ნარკოტიკულ შემოწმებას გაივლიდა. ჩემი წყაროს ინფორმაციით, გიორგი ცხოვრებაძეს, ილია ჯალაღანიასა და გიორგი გვარაკიძეს ერთობლივად აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელიც მევახშეობას ეწევა. ეს შპს-ები შესანიღბად გაფორმეული გახლავთ საოლქო პროკურორის პირველი მოადგილის, გიორგი გვარაკიძის ოჯახის წევრების სახელზე, რომლებსაც ვასახელებ „ქრონიკა+“-სთან: საიდენტიფიკაციო კოდი: 60002013505 ჯულიეტა აწყურელი; საიდენტიფიკაციო კოდი: 60001006689 გოჩა აწყურელი;  საიდენტიფიკაციო კოდი: 60001031201 სოფიო აწყურელი. სამივე ეს პიროვნება ცხოვრობს ქუთაისში, გრიბოედოვის 44 ნომერში. სამივე გვარაკიძის ე. წ. ცოლოურობაა. თუ გადახედავთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის, ილია ჯალაღანიას ქონებრივ დეკლარაციას, ნახავთ, რომ პროკურორის ბანკების ვალი, საერთო ჯამში, 46000 დოლარს შეადგენს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაინტერესდა აღნიშნული კორუფციული გარიგებების თემით და გადაღება მალე დაიწყება, თუმცა როცა თბილისში მივდიოდი, ტელევიზიაში წასვლის წინ, ჩემს მანქანაზე მუხრუჭები გადაჭრილი აღმოჩნდა და სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს. მეორე ფაქტზეც მოგიყვებით: ერთ დღეს ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა, უცნობი ქალბატონი დაჟინებულად ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. საღამოს საათებში შევხვდი. სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში უშუალოდ გადავცემ ყველანაირ მტკიცებულებას და აუდიომასალებს პირადად ვახტანგ გომელაურს. ქალბატონის ოჯახს გრიგოლეთში ჰქონდა, დაახლოებით, ნახევარ მილიონად შეფასებული ვილა, რომლის მიტაცებით დაინტერესებული ყოფილან ეს მევახშე პროკურორები: გიორგი ცხოვრებაძე, ირაკლი კოძახიძე, ილია ჯალაღანია, გიორგი გვარაკიძე და დიმიტრი ჩაფიჩაძე. როგორც ამ ქალბატონმა მითხრა, რადგან ოჯახი მტკიცე უარზე იყო, დააკავეს ქალბატონის მეუღლე, მერე კი ოჯახს შეჰპირდნენ, რომ საპროცესოს გაუფორმებდნენ. გამოატანინეს მათი კონტროლირებადი ფირმებიდან პროცენტიანი თანხა. ოჯახის ვილა ჯერ დააყადაღეს და შემდეგ თანხა მისცეს, რათა საკუთარი ქმარი ეხსნა ციხიდან. მოვლენები კი განვითარდა შემდეგნაირად: გამოტანილი თანხა დაიხარჯა საადვოკატო ფირმებისთვის და ამ ქალბატონის ქმარი ციხიდან მაინც ვერ გამოვიდა. მასთან ერთად ყველა დაკავებულს გაუფორმდა საპროცესო, მაგრამ ეს კაცი ციხეში ამ დრომდე რჩება. ქალბატონს, რომელსაც უნდოდა, სიმართლის პოვნაში დავხმარებოდი, დაემუქრნენ ქმრის ციხეში განადგურებით, რომ სათანადოდ გაუსწორდებოდნენ, თუკი მე კვლავ შემხვდებოდა. შეშინებულმა ქალბატონმა ყველაფერი მიამბო, სადაც დეტალურად არის ასახული მუქარის, ზეწოლის, ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რაც, ბუნებრივია, ჩავიწერე. _ რას აპირებთ? _ დღეს ჩემი ოჯახი საფრთხის ქვეშ იმყოფება, ჩვენ წინააღმდეგ ხორციელდება მიზანმიმართული პროვოკაციები. ხვალ ან ზეგ, ალბათ, მეც შემომივარდებიან და მათგან სიკეთეს არ უნდა ველოდო. მე და ჩემი ოჯახი თავშესაფარს გერმანიის მთავრობას ვთხოვთ, თუმცა ვიდრე სამშობლოს დავტოვებ, მანამდე რაც აქამდე მაქვს მამის ქონებიდან დარჩენილი, საკუთარი წვალებით შექმნილი, ყველაფერს ცეცხლს მოვუკიდებ და დავწვავ. უკვე მივმართე საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ნადარეიშვილს. დაველოდები, რა ზომებს მიმართავს და მერე უკვე დავიწყებ შიმშილობის აქციას კანცელარიასთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით, რომ პირადად მას დავუსვა ერთი კითხვა, როდესაც ჩემს საქმეს გაეცნობა, _ ეს არის სამართლიანობის აღდგენა და ამაზე ოცნებობდით, ბატონო პრემიერო?!  

                                                                                                 მარიამ ბალანჩივაძე

   

გაზიარება