ერთ დროს მშვიდი ქალაქი, სადაც ქუჩაში გასვლის არ ეშინოდათ, დღეს შიშის ქვეშ ცხოვრობს.
თელაველების აზრით, თელავი განგსტერების ქალაქს დაემსგავსა. ე. წ. ქურდული „აბაროტის“ დროც დადგა. სულ რამდენიმე დღის წინ, ყოფილი პოლიციელი სახლის წინ ჩაცხრილეს. ეს ის პოლიციელი იყო, რომელმაც 2012 წელს პოლიციის რიგები დატოვა, საჯაროდ ბრიფინგი მოაწყო, დაგმო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და აი, ასე საჯაროდ და ხმამაღლა შეუერთდა „ქართული ოცნების“ რიგებს.
ერთი წლის წინათ კი ქალაქის ცენტრში არჩილ მაისურაძე ჩაცხრილეს. მაისურაძე არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ყოფლა, თუმცა ახალ ხელისუფლებას თანაუგრძნობდა და მხარდაჭერას უცხადებდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე მის მიმართ მოსალოდნელ საშიშროებაზე ქუჩაში სახალხოდ ლაპარაკობდა, თუმცა ხელისუფლებამ იგი ვერ დაიცვა. ასევე ვერ დაიცვა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ბექა აბულაძეც, ვერც ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილები დაიცვა, როცა მათ პოლიციის თანამშრომელი სახლის წინ მიეჭრა და ძმები საქვეყნოდ დასაჯა _ ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა.
და ბუნებრივია, ჩნდებია კითხვა, _ სად ვართ, რომელ ქვეყანაში, სიცილიაში თუ აქ _ საქართველოში?!!
ესეც თელავის ბოლო ერთი წლის მცირე კრიმინალური სტატისტიკა
2014 წელი 13 ივნისი.
თელავი. 23 საათი. არჩილ მაისურაძე, მეტსახელად „სტარიჩოკა“, გვიან ღამით, დაახლოებით 24:00 საათისთვის, ერეკლე მეორის გამზირზე, კომპანია „ჯეოსელის“ ოფისის წინ ჩაცხრილეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციას მკვლელობის ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებია. საქმე დღემდე გაუხსნელია.
2014 წელი. 16 დეკემბერი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავის რაიონში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ცოლი მოკლა. შსს-მ ბრალდებული დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 16 დეკემბერს, საღამოს, შელაპარაკებისას, ქმარმა ცოლს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა. იგი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. კაცმა საკუთარი თავიც დაიზიანა და მუცლის არეში ჭრილობა მიიყენა. იგი ამ დრომდე სტაციონარში იმყოფება და მკურნალობს. მას ბრალი წარუდგინეს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა.
2015 წელი. 9 მარტი.
თელავში, „სამხედრო ქალაქთან“, მკვლელობა მოხდა. მოკლულია ირაკლი ბოჭორიშვილი, ხოლო მისი ძმა, ანდრო ბოჭორიშვილი, დაჭრილია, ის თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ალექსანდრე საჩიშვილის განცხადებით, სტაციონარში შეყვანისას ირაკლი ბოჭორიშვილი უკვე გარდაცვლილი იყო, მის ძმას კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, დაკავებულია ძმებ ბოჭორიშვილებზე თავდასხმაში ბრალდებული, ახმეტის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, გიორგი იორამაშვილი.
2015 წელი. 30 მაისი.
თელავში 34 წლის მამაკაცი მოკლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს სხვა პირებთან ჩხუბი ჰქონდა, ის სახლში იარაღისთვის წავიდა, უკან დაბრუნებულს კი მაღაზიასთან მათ ნაცვლად სიგარეტის საყიდლად მყოფი ვალერი ვარშალომიძე დახვდა, რომელსაც 3 ტყვია ესროლა. ვარშალომიძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ის აფხაზეთიდან დევნილი იყო და ოჯახთან ერთად თელავში ცხოვრობდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, მ.წ. პოლიციას თვითონ ჩაბარდა. გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
2015 წელი. 28 აგვისტო.
თელავის რაიონის სოფელ სანიორეში 35 წლის ზაქრო ზაქარიაშვილი დაჭრეს. დაჭრილი მსუბუქი ავტომანქანით საავადმყოფოში გადაჰყავდათ, როდესაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ზაქრო ზაქარიაშვილი გარდაიცვალა.
2015 წელი.
თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს ყოფილი პოლიციელი, 36 წლის ბექა აბულაძე. გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა ბექა აბულაძის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდეს. პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა თელავის ყველა შესასვლელი, მაგრამ მკვლელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მკვლელობა გვიან საღამოს მოხდა. ბექა აბულაძეს გარედან დაუძახეს, რის შემდეგაც ის სახლიდან გავიდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, სახლიდან გასვლამდე ბექას ძმამ ჰკითხა, თუ სად მიდიოდა, რაზედაც ბექამ უპასუხა, რომ ერთ-ერთი პირი ეძახდა, რომელიც ადრე, პოლიციაში მუშაობის დროს, დაკავებული ჰყავდა. ბექა აბულაძეს ავტომატიდან ესროლეს, რის შემდეგაც ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბექა აბულაძე თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ საავადმყოფოს დირექტორის, ალექსანდრე საჩიშვილის განცხადებით, აბულაძე უკვე გარდაცვლილი იყო. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთის კომენტარს არ აკეთებენ. ბექა აბულაძე თელავის პოლიციაში და შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლად 2009-2013 წლებში მუშაობდა.
ზემოთ ჩამოთვლილი მკვლელობებიდან ორი გაუხსნელია, ერთი მკვლელობის ავტორი პოლიციელია, ერთი მკვლელობა ჯარიდან ახლად დაბრუნებულმა ადამიანმა ჩაიდინა, ქმარმა კი ცოლი მოკლა, თუმცა ცოლი არაერთხელ მიმართავდა საშველად პოლიციას...
მთავარი პრობლემა კი სულ სხვაა: არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ყოფილი პოლიციელების საჯაროდ, სამაგალითოდ დასჯა იწყება, _ ისინი, რომლებიც 9 წლის მანძილზე ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდნენ და დღეს სახლში სხედან, უნდა დაისაჯონ.
თელავი _ ქალაქი, რომელსაც ქურდიც კი არ ჰყოლია არასდროს, უცხო შავი სამყაროს მორჩილი ხდება.
ჩემმა კონფიდენციალურმა წყარომ დაზუსტებით მომიყვა, რომ ქალაქს ტყავის მეპატრონე ჰყავს, რომელიც თელაველი ბიზნესმენებისგან თანხებს აგროვებს და „ობშიაკში“ შეაქვს, პოლიცია კი ინერტულია. მათ ინერტულობის მთავარი მიზეზი არა თუ არაპროფესიონალიზმი, არამედ შიშია, ყველას ერთი რამ აწუხებს, _ ხვალ მე მომაკითხავენ. აი, ასე იცის, ბატონო ბიძინა, ამნისტიამ და განურჩევლად ყველას განთავისუფლებამ.
სამწუხაროდ, მოსახლეობა ხშირად აწყდება ფაქტებს, როცა ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები, „ქუჩის ბიჭები“, იარაღს საჯაროდ ატარებენ, მათ დასჯას კი არავინ ცდილობს.
ასე რომ, გონივრულ ეჭვს იქით ხვალ კიდევ ერთი მთავარი პრობლემა გველოდება: ვის დაუძახებენ, გაიყვანენ გარეთ და ვის დასჯიან სიკვდილით? და მთავარი, _ ამ სერიული მკვლელობების უკან მყოფი ჯგუფიდან რომელი წევრი გახდება ქურდი? ქალაქი არჩევნებს აღარ ელოდება, ახლა მთვარია გავიგოთ, ვინ იქნება შემდეგი და ვინ გახდება ფინალში ქალაქის მაყურებელი?!.
მაკა მოსიაშვილი