QronikaPlus
„ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია გალის რაიონში გამოჩნდა და თხილის ფასს აკონტროლებს?!

„ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია გალის რაიონში გამოჩნდა და თხილის ფასს აკონტროლებს?!

2015-10-04 08:50:50

„ქრონიკა+“-ს ხელთ ჩაუვარდა სკანდალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლეგენდარული დათო შენგელია, ერთ დროს პარტიზანული შენაერთის, „ტყის ძმების“ ხელმძღვანელი, შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში თხილის მაფიასთან იყოს დაკავშირებული. ამ ინფორმაციას აფხაზური მხარის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ახმიანებენ. ასე მაგალითად, გალის რაიონიდან ყოფილმა დეპუტატმა, სლავიკ ვარდანიამ, რომელიც აფხაზეთის ე. წ. საზღვრებს გარეთ თხილის გატანაზე მოსაკრებლის დაწესების კატეგორიული წინააღმდეგია, ხმამაღლა მიმართა ოფიციალურ სოხუმს, მიწაზე დაეშვას და რეალობას თვალი გაუსწოროს. მან დათო შენგელიაც ახსენა და მინისტრთა კაბინეტი კრიმინალებთან კავშირში დაადანაშაულა: „დაეშვით მიწაზე, მოსაკრებლის შემოღება თხილის გატანაზე ბარბაროსული მეთოდია იმ გლეხების წინააღმდეგ, რომელთა ოჯახის ერთადერთი შემოსავალი თხილია. საერთოდაც, ეს გალის რაიონის მოსახლეობის გენოციდს ჰგავს: ჯერ იყო და, აქაურებს პირადი დოკუმენტაციის გაცემაზე, ანუ ხმის მიცემაზე უთხრეს უარი, ახლა მოსაკრებელს უწესებენ. რას იზამთ ხვალ?“ _ კითხულობს ვარდანია. სწორედ ვარდანიამ გაახმიანა სკანდალური ვერსია, რომელიც შემდეგ „ქრონიკა+“-ს გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველებმაც დაუდასტურეს: „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერი გალის რიონის სოფლებში გამოჩნდა. ვარდანიამ ამასთან დაკავშირებით ისიც კი განაცხადა, რომ შენგელიას 15-კაციანი, შეიარაღებული დაცვა დაჰყვებოდა, რომელიც, ცხადია, ენგურსგაღმიდან არ გადმოუყვანია. ვარდანია ამბობს, რომ გალის რაიონში თხილზე ახალი ფასების დაწესება რეგიონში ე. წ. პრემიერ-მინისტრის ჩასვლას დაემთხვა: „ჩამოვიდა პრემიერ-მინისტრი და მაშინვე დაწესდა ახალი ფასები თხილზე. ორი დღის განმავლობაში რაიონში იმყოფებოდა დათო შენგელია და მას 15-კაციანი დაცვა აცილებდა, ვის შეხვდა ის, ამას არ ვიტყვი, მაგრამ ამის შემდეგ თხილზე ფასი კატასტროფულად დაეცა. თუ მანამდე ფასი იყო 180 რუბლი გალში და 210 _ ზუგდიდში, ახლა უკვე 110-120 რუბლია (5-6 ლარი)“. ვარდანია უფრო შორსაც წავიდა: მან ცალსახად განაცხადა, რომ სოხუმში ჩავიდა ბიზნესმენი, რომელიც თხილის ფასის კლებით იყო დაინტერესებული. ამ დაინტერესების მიზეზი მარტივია _ მას მარაგის დაგროვება უნდოდა და, ცხადია, დაბალი ფასი აწყობდა. რადგან თხილის ძირითადი მწარმოებელი გალის რაიონია, ცხადია, ფასი გალის რაიონში უნდა დაწეულიყო, ამისთვის კი სადამსჯელო ექსპედიცია, იქ მილიციის რაზმების გაგზავნა და ა. შ. არ გამოდიოდა, რადგან, ჯერ ერთი, ეს თვალში საცემი იქნებოდა და მეორეც, ისეთი ქმედებების დაშვება გალის რაიონში, რაც აშკარად ასოცირდება ქართველი მოსახლეობის ჩაგვრასთან, არც ოკუპანტებს აწყობთ. საჭირო იყო ე. წ. რბილი ხელი, ან ისეთი ფიგურა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაუჯერებდა და დაჰყვებოდა. არც მეტი, არც ნაკლები, ასეთად დათო შენგელია მიიჩნიეს, მას დაუკავშირდნენ და ჩაიყვანეს კიდეც გალის რაიონში: „სწორედ ამიტომ, დათო შენგელიამ დაიარა გალის სოფლები და მოსახლეობა დაიყოლია. ახლა ის ცნობილი ბიზნესმენი საჭირო რაოდენობის თხილს შეიძენს და 15 ოქტომბრიდან თხილის ფასი ისევ აიწევს, ის 350 რუბლამდე (10 ლარამდე) ავა. ამის თაობაზე იციან როგორც ჩვენმა, ასევე რუსეთის სპეცსასახურებმა“, _ ამბობს ექსდეპუტატი. ვინ არის საიდუმლოებით მოცული უცნობი ბიზნესმენი, რომელიც თხილის ფასის კლებითაა დაინტერესებული, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან საკმაოდ კარგი გავლენა აქვს და პლუს, იმდენად ახლოსაა დათო შენგელიასთან, რომ ის გალის რაიონის სოფლებშიც კი ჩადის ამ ბიზნესმენის დასახმარებლად? ან კიდევ, ვის უნდა მიეცა უსაფრთხოების გარანტია დათო შენგელიასთვის ისეთს, რომ მას ნდობოდა და ერთ დროს პარტიზანი, რომელიც აფხაზური მხარის მიერ ძებნილიც იყო და მის მოკვლაზე ჯილდოც კი იყო დაწესებული, გალში ჩასულიყო ასე აშკარად? ან როდის მოასწრო დათო შენგელიამ, დამეგობრებოდა აფხაზ სეპარატისტებს? აკი, როცა „ტყის ძმები“ განიარაღდა, ინტერვიუში აცხადებდა, რომ პარტიზანები არ არიან საჭირო, რადგან ისინი ორ ფრონტზე ვერ იბრძოლებენო (მეორე ფრონტში ხელისუფლებასთან დაპირისპირებას გულისხმობდა)? ბევრი უკვე იმასაც ამბობს, რომ „ტყის ძმების“ ლიდერი შეკრული იყო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სიგარეტისა და ჯართის კონტრაბანდას სწორედ ის აკონტროლებდა. ვერსიები ვერსიებად, მაგრამ თუ გადავხედავთ დათო შენგელიას განვლილ ცხოვრებას, მისი მოაზრება ქართველებისადმი მტრულად განწყობილი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ირგვლივ ძალიან გაჭირდება. სწორედ „ტყის ძმებისა“ და „თეთრი ლეგიონის“ (ზურაბ სამუშია), ასევე „სატურნის“ (ზურაბ ძოწენიძე) აქტიურობას უკავშირდება ერთ დროს გალის რაიონის სოფლებზე აფხაზური მხარის მიერ, ფაქტობრივად, ხელის აღება: იყო დრო, როცა აფხაზ მებრძოლებს და ე. წ. მილიციის რაზმებს, რომლებიც გალის რაიონის სოფლებში პატრულირებისთვის იგზავნებოდნენ, იმდენად უფრთხოდნენ პარტიზანებს, რომ სოფლებში არა კონკრეტულ სახლში, არამედ საფლავებზე ეძინათ იმ იმედით, რომ ქართველები თავიანთი მიცვალებულების საფლავთა მიმართულებით ცეცხლს არ გახსნიდნენ (ეს მეთოდი ამართლებდა, სხვათა შორის). და თუ იმდროინდელ პარტიზანთაგან სწორედ დათო შენგელიას სახელი ქუხდა, ახლა რა მოხდა? რამ შეუცვალა დამოკიდებულება შენგელიას? „ქრონიკა+“-მა დათო შენგელიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ვერ მოახერხა _ მის მობილურზე სხვები პასუხობენ და ამბობენ, რომ ეს ნომერი შენგელიას არასდროს ჰქონია _ „ტყის ძმების“ ყოფილმა მეთაურმა კარგად იცის, როდისაა საჭირო კონსპირაცია, რათა პრესისგან მიუწვდომელი დარჩეს. რაც შეეხება თხილის გატანაზე მოსაკრებლის დაწესებას, რაზედაც „ქრონიკა+“ წინა ნომერში წერდა, ამ დამატებითი გადასახადის დაწესებით უკმაყოფილოთა რაოდენობა გალის რაიონში იზრდება. სოხუმის ხელისუფლების მტკიცება, თხილის გამტანი გლეხი კი არა, შუამავალია, რომელიც მერე მას ენგურსგაღმა სარფიანად ყიდისო, არ გამართლდა. გალის რაიონის დაბალ ზონაში უამრავი გლეხი ცხოვრობს, რომელსაც თხილი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე მოჰყავს და ზუგდიდის რაიონში აბარებს, რადგან იქ 1 კგ. თხილის ფასი 1-2 ლარით მაღალია. ეს სხვაობა არაფერს ნიშნავს მცირე რაოდენობის დროს და სქელჯიბიანებისთვის, მაგრამ გლეხისთვის, რომელიც 100, 200, ზოგჯერ 500 კგ. თხილს აბარებს, უმნიშვნელო თანხა ნამდვილად არ არის. რა გამოვა ახალი რეგულაციებით საბოლოოდ გალის რაიონში, ჯერ არ ვიცით. ცხადია, რომ გლეხების უკმაყოფილება მატულობს, აფხაზ პოლიტიკოსთა და თვით დეპუტატთა ნაწილიც კი თხილზე მოსაკრებლის შემოღების წინაღმდეგი არის. გალში მოსახლეობის ნაწილი კი დაჰყვა დათო შენგელიას მცდელობას და თხილის ფასი დააგდო, მაგრამ დარჩენილ შუალედში, ანუ 2015 წლის 15 ოქტომბრამდე, სანამდეც სოხუმთან დაახლოებულ ბიზნესმენს ვადა მისცეს, კიდევ რა მოხდება, ჯერ არავინ იცის.  

                                                                                             დოროთე გითოლენდია

 

გაზიარება