QronikaPlus
საერთაშორისო ორგანიზაციები „პანორამა თბილისის“ მშენებლობის წინააღმდეგ

საერთაშორისო ორგანიზაციები „პანორამა თბილისის“ მშენებლობის წინააღმდეგ

2015-10-04 08:44:44

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე წამყვანი ბრიტანული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები „პანორამა თბილისის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. „მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნულ წინადადებაზე უარი ითქვას და თბილისის ისტორიული უბნები დაცული იყოს მშენებლობისგან“, _ ნათქვამია წერილში. ათზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის, ორგანიზაცია „დავიცვათ ევროპის მემკვიდრეობა“ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს წერილით მიმართავენ. მიმართვის ადრესატები არიან ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრები და თბილისის მერი დავით ნარმანია. „თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ისტორიული დედაქალაქი, ამჟამად საფრთხის ქვეშაა“, _ ნათქვამია წერილში, რომლის ხელმომწერთა მოსაზრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებული ახალი სამშენებლო პროექტები ჩრდილავენ მის ისტორიულ ნაწილს. წერილის ავტორების მოსაზრებით, თუ თბილისი ისტორიულ იერს დაკარგავს, ის ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება. საერთაშორისო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობის წევრებს, დაიცვან ქალაქის ისტორიული ნაწილი და აღნიშნავენ, რომ დედაქალაქის მომავალს საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდება. ამ პრობლემატიკაზე „ქრონიკა+“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ ლიდერს, ნატა ფერაძეს ესაუბრება:  _ ქალბატონო ნატა, როგორ აფასებთ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე წამყვანი ბრიტანული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების „პანორამა თბილისის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლას? _ ამ ორგანიზაციების კომპეტენციაში ეჭვი არავის შეუტანია მსოფლიოს მასშტაბით. მათი შეფასება, ასე ვთქვათ, კრიტიკის მიღმაა და განხილვას არ ექვემდებარება. ეს არის მაღალპროფესიონალი ისტორიკოსებით, ხელოვნებათმცოდნეებით, ქალაქმგეგმარებლებით და ა. შ. დაკომპლექტებული ორგანიზაციები, რომლებიც სრული კვლევისა და ანალიზის გარეშე დასკვნებს არ წერენ. ამიტომ ჩვენთვის მათი დასკვნა სერიოზული სიგნალი უნდა იყოს. _ ხელმომწერთა მოსაზრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, დედაქალაქში განხორციელებული ახალი სამშენებლო პროექტები ჩრდილავენ მის ისტორიულ ნაწილს. თქვენი დაკვირვებით, კონკრეტულად რომელ პროექტებს გულისხმობენ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი, რასაკვირველია, ქართული არასამთავრობოების კრიტიკულ ანგარიშებსაც ეყრდნობიან? _ რად უნდა სამთავრობო ან არასამთავრობო დასკვნა იმის დანახვას, რაც ბოლო წლებში ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხდება?! ეს სავსებით თვალსაჩინოა. ასეთი მასშტაბის ორგანიზაციები არ მისცემენ თავს უფლებას, გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე, მხოლოდ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადი გააკეთონ. არაერთხელ იყვნენ ჩამოსული თბილისში, თავად გაეცნენ ვითარებას, საბუთებს, გააანალიზეს და მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს საქართველოს მთავრობას წერილით. _ თუ თბილისი ისტორიულ იერს დაკარგავს, ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი რატომ გახდება? _ თბილისის ხიბლი მის ისტორიულ ნაწილშია, მეტი მომზიდველი არაფერი გააჩნია ტურისტებისთვის. ეს არ არის კაზინოებისა და აზარტული თამაშების ქალაქი; ეს არ არის კულტურული ცენტრი, რომ მხოლოდ ფესტივალებითა და გამოფენებით მოიზიდოს ტურისტები. ყველა ტურისტული ბუკლეტის მთავარი ღირსშესანიშნაობა თბილისის ისტორიული ნაწილია. საეჭვო ხარისხის თანამედროვე არქიტექტურული შედევრების სანახავად, რომლებიც ისტორიული ქალაქის ხარჯზეა აშენებული, არ მოხერხდება ტურისტების მოზიდვა. _ რა რეაქციას ელოდებით უცხოური ორგანიზაციების ქართველი ადრესატებისგან _ პრეზიდენტისგან, პრემიერისგან, მინისტრებისგან, მერისგან?.. _ სამწუხაროდ, ადრესატებისგან ადეკვატურ რეაქციას არც ველოდებოდი და არც მოჰყოლია. თუმცა ეს გასაკვირი არც არის, მათ ეს ისედაც იცოდნენ და ერთი ახირებული ადამიანის კაპრიზის მონები არიან. ეს მიმართვა საზოგადოების იმ ნაწილს უფრო დაეხმარება ჭეშმარიტების დანახვაში, რომელიც ორჭოფობდა ორ პოზიციას შორის და ვერ წყვეტდა, რა უფრო მნიშვნელოვანია ქალაქისთვის _ ისტორიული ნაწილის შენარჩუნება, თუ თანამედროვე მშენებლობა ისტორიულ ნაწილში? _ რა სტადიაზეა ახლა „თბილისი პანორამის“ მშენებლობა და რეალურად რა გზები რჩება მის შესაჩერებლად?.. _ რეალურად გზა მხოლოდ ერთია _ საზოგადოების ფართო მასების პროტესტი!  

                                                                                                             გელა მამულაშვილი

 

გაზიარება