QronikaPlus
„თბილისის მიკროავტობუსის” მძღოლები ზეწოლაზე საუბრობენ...

„თბილისის მიკროავტობუსის” მძღოლები ზეწოლაზე საუბრობენ...

2015-10-03 10:35:04

„სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია“ თბილისის მოკროავტობუსების თემაზე დაწყებულ კვლევას აგრძელებს. „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ კვლევის სკანდალურ შედეგს _ როგორ მდიდრდება „თბილისის მიკროავტობუსი“ და როგორ მიმდინარეობს იქ დასაქმებული მძღოლების ყვლეფა? შპს „თბილისის მიკროავტობუსი“, რომელიც 2011 წელს დაარსდა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის: შპს „თბილ ლაინის“, შპს „კაპიტალ გრუპის“, შპს „ფაბლიქ ქარისა“ და შპს „თბილ ქარის“ მართვას ახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიებმა 20 წლის ვადით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს. ამ კომპანიაში დასაქმებული სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვებმა პერმანენტული სახე მიიღო. გაფიცვების ტალღა მას შემდეგ უფრო აგორდა, რაც მოქმედმა ხელისუფლებამ მძღოლებს დაპირებები არ შეუსრულა და კომპანიასთან დადებული კაბალური ხელშეკრულება არ გადაიხედა. აგვისტოში დიდი დიღმიდან და დიღმის მასივიდან თბილისის უბნებში მოძრავი სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მხრიდან რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. მძღოლებს სულ 8 მოთხოვნა ჰქონდათ. კერძოდ: კომპანიასა და მძღოლებს შორის დადებული ხელშეკრულებების გადახედვა; მიკროავტობუსების ზუსტი ღირებულებისა და გადასახადის თანხის გასაჯაროება; მიკროავტობუსის საპატიო მიზეზის გამო გაჩერების შემთხვევაში ფულადი თანხის არდაგროვება; ავტომანქანის მოიჯარის მიერ მინდობილ პირზე გადაფორმების შემთხვევაში ნამუშევარი წლების განმავლობაში თანხის ჩათვლა ახალ მეწარმეზე; შაბათ-კვირას და უქმე დღეებზე შესატანი თანხის დღიური გეგმის დაკლება სეზონურად ზამთარსა და ზაფხულში; ზეთის შეცვლის, ტექნიკური მომსახურების, რემონტის დადგენილ ვადებში განხორციელება მძღოლის მიერ არჩეული ტექმომსახურების ობიექტზე; გაჩერებულ დღეებზე ძველი ვალების ჩამოწერა და უსაფრთხოების სამსახურის უფლებების გადახედვა. გაფიცვიდან ორი დღის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიასა და მძღოლებს შორის შეთანხმება მიღწეულია. სამსახურის დაკარგვის შიშით მძღოლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, პრობლემა კი პრობლემად დარჩა. „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია“ თბილისის მიკროავტობუსების თემაზე დაწყებულ კვლევას აგრძელებს. ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, გიორგი რურუა, „ქრონიკა+“-თან კვლევის სკანდალურ შედეგებს ასაჯაროებს და ამჯერად მკითხველს უყვება, თუ როგორ მიმდინარეობს „თბილისის მიკროავტობუსში“ ტექდათვალიერება, მანქანის ნაწილებისა და ზეთის შეცვლა? როგორ აქვს კომპანიას აწყობილი დასაქმებული მძღოლების გაყვლეფისა და ვალებში გადავარდნის სქემა?   გიორგი რურუა: _ ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს თბილისის მიკროავტობუსების თემაზე დაწყებულ კვლევას. ტრანსპორტის ბიზნესი ერთ-ერთი ძვირადღირებული შემოსავლიანი სექტორია, რისთვისაც მიდის დაუნდობელი ბრძოლა, ხოლო ბიზნესის შიგნით მიმდინარეობს დასაქმებულთა უღმერთო ყვლეფა. გავასაჯაროებთ ამ ყვლეფის მორიგ ეპიზოდს: მანქანას რომ ნაწილების შეცვლა, ტექდათვალიერების გეგმური ჩატარება, მოვლა-პატრონობა და ზეთის შეცვლა უნდა, ყველამ კარგად ვიცით. რადგან ასეა, ამჯერად შევჩერდეთ ზეთის შეცვლაზე და ტექდათვალიერების გეგმურ ჩატარებაზე. გაჭირვებულ მძღოლებს არ აქვთ არჩევანის თავისუფლება მანქანის მოვლის დროს აუცილებელი ხარჯის გაწევის ნაწილში _ კონკრეტულად ზეთის შეცვლაში. მძღოლს არ შეუძლია თავისუფლად აირჩიოს პროფილაქტიკა, სადაც მას შეღავათიან ფასად შესთავაზებენ მომსახურებას. ზეთი აუცილებლად უნდა შეცვალოს ფარეხში, სადაც 3-ლარიანს ყიდიან 15 ლარად. შიდა ინფორმაციის მიხედვით, ზეთი მოთავსებული აქვთ კასრებში, რომელიც განთავსებულია ფარეხის ტერიტორიაზე, რომელიც ჩაკეტილი სისტემაა, სადაც ზეთს კი არა, საერთოდ, იქაურ ხელმძღვანელობასაც კი ვერ დალანდავთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ციხეს შიგნიდან ვტეხავთ. შეცვლის შემდეგ გამოცვლილი ზეთი მძღოლს არ გადაეცემა, არამედ, იმ გამოცვლილ ზეთს იტოვებს „გარაჟი“, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ლარნახევრად, ხან ლარადაც ყიდიან. _ სად მიაქვთ გამოცვლილი, მოსახმარებლად უვარგისი ზეთი, რისთვის იყენებენ? _ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაკეთებული ანალიზით, ის გამოცვლილი ზეთი, რომელიც საერთოდ უვარგისი ხდება, ერევა იმ „ძვირფას“ ზეთში, რომელიც კასრებშია ჩასხმული. _ რა გამოდის, კომპანია შეგნებულად აზიანებს მანქანებს? ეს რისთვის სჭირდებათ? _ მოგახსენებთ: მანქანები ფუჭდება იმაზე ხშირად, ვიდრე ახალ ტრანსპორტს შეეფერება. ამის საფუძველზე, გამოკვლევის მიხედვით, ჩნდება უტყუარი ეჭვი, რომ გამოცვლილი ზეთი ერევა ვარგის ზეთს, რაც აზიანებს მანქანის მოტორს. ამის გამო მძღოლები უკიდურეს გაჭირვებაში ვარდებიან. კერძოდ, მათ მანქანის შეკეთება უჯდებათ, მინიმუმ, 7000 ლარი, რასაც მძღოლები იღებენ  ბანკიდან სესხად და ვარდებიან ვალებში, ხოლო კომპანია მდიდრდება, მინიმუმ, ორჯერ, თუ მეტჯერ არა. _ ამ დროს რას აკეთებს სახელმწიფო, არ არსებობს კონტროლის მექანიზმი? _ სახელმწიფო არსებულ მონოპოლიას, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს, ეს ყველაფერი თვალსაჩინოა! იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში ფინანსური პოლიცია შევა, მისთვის ძალიან მალე ყველაფერი ნათელი გახდება, რომ კომპანია უკანონო შემოსავლებს იღებს, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და დასაქმებულებს კაბალურ პირობებში ამყოფებს. სამწუხაროდ, კომპანია მძღოლებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც, ამ და სხვა კონკრეტულ ინფორმაციებზე ისინი საუბარს ღიად ვერ ბედავენ სამსახურის დაკარგვის შიშით. ამ კვლევა-ძიების პროცესში კონკრეტული მონაცემები გვაქვს, თუ რა ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან გარკვეული სამარშრუტო ტაქსები. მაგალითისთვის გამოდგებაTMC -688-ც, რომელსაც სერიოზული ცვეთა აქვს მიღებული. _ ამის თაობაზე თქვენმა ორგანიზაციამ თუ მიმართა ტრანსპორტის კომპანიას? _ „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის“ სახელით შევიტანეთ განცხადება, რომ მიგვეღო პასუხი, თუ რამდენად უსაფრთხოა მგზავრობა, კონკრეტულად, თბილისის მიკროავტობუსების საშუალებით? ასევე მივწერეთ ტექდათვალიერებაზე, _ თუ რა ვადებში კეთდება ტრანსპორტის შემოწმება? თუმცა უშედეგოდ. კომპანიიდან პასუხი არ მოდის და არც მოვა! ვიმეორებ შეკითხვას: მოგვაწოდეთ ინფორმაცია ტრანსპორტის ტექდათვალიერებაზე, რა ვადებში ტარდება ტექნიკური დათვალიერება, თუ საერთოდ ტარდება იგი? რა ხარისხისა და ფასის ზეთს ცვლით ტრანსპორტში? ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ზედნადები, რათა დოკუმენტური ინფორმაცია გვქონდეს საზოგადოებისთვის გასაცნობად. ამ შეკითხვებზე მათგან პასუხის გაუცემლობის მიუხედავად, შემიძლია გითხრათ, რომ დოკუმენტი, რომლის გადმოცემასაც ვითხოვთ, საკუთარი თვალით ვნახე შიდა წყაროსგან, თუმცა მის ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან დარწმუნებული ვარ, მასაც შეექმნება სამსახურებრივი პრობლემა. მე კი კვლავ შევახსენებ შპს „თბილისის მიკროვატობუსს“, რომ ეს მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა _ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს უპასუხონ! ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა შპსთბილისის მიკროავტობუსისსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ნათია მიქიაშვილს: „შეგიძლიათ, „ქრონიკა+“-ის სხვა ნომრები აიღოთ და გადაწეროთ სიტყვა-სიტყვით ჩემი კომენტარი. ერთი და იგივე თემაზე ერთი და იგივე კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ“.  

                                                                                                          თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება