QronikaPlus
ლტოლვილების კრიზისი: ევროპული ოცნების ძიებაში

ლტოლვილების კრიზისი: ევროპული ოცნების ძიებაში

2015-10-03 10:24:45

ორი ზღვა, ორი ნახევარკუნძული და 1700 კილომეტრი ბალკანეთიდან დასავლეთისკენ _ ამ გზას სირიელი, ერაყელი, ავღანელი და ერიტრეელი ლტოლვილები ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად ჯერ ნავით, შემდეგ კი ფეხით გადიან. შენგენის ზონის საზღვრებთან დღეს 120 ათასი ლტოლვილი თავშესაფარს ელოდება, თუმცა მიგრანტების ნაკადი არ წყდება. საბერძნეთისა და იტალიის კუნძულები მათთვის ერთგვარ ტრანზიტულ ზონას წარმოადგენს, სადამდეც ისინი ნავებით მიდიან, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ ევროპაში გადასვლას ცდილობენ. ამ დროისათვის იტალიასა და საბერძნეთში, სულ მცირე, 65 ათასი ლტოლვილია რეგისტრირებული, რომლებიც სპეციალური სტატუსის მისაღებად ევროკავშირისგან პასუხს ელოდებიან.   ევროკავშირის დილემა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ლტოლვილების მასშტაბური კრიზისის წინაშე პირველად 90-იან წლებში, იუგოსლავიის ომის პერიოდში, აღმოჩნდა, მეორედ კი ახლა, სირიის სამოქალაქო ომიდან ოთხი წლის თავზე... თუმცა დღეს, შესაძლოა, ევროპა გაცილებით მძიმე სურათის წინაშე იდგეს, ვიდრე 20 წლის წინათ. შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა წელს, 2013-2014 წლებთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც ნორვეგია და შვეიცარია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად კრიზისის დაძლევის გზებს რამდენიმე თვეა, ეძებს. თუმცა საემიგრაციო კრიზისმა ბოლო პერიოდში თავად ევროგაერთიანებაში არსებული კრიზისი წარმოაჩინა, რაც ოთხ პოსტსოციალისტურ ქვეყანასა და დანარჩენ 24 წევრ სახელმწიფოს შორის არსებული, მკვეთრად განსხვავებული პოზიციებით გამოიხატა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა, შექმნილ ვითარებას „სხვა ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა“ უწოდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა კი _ „ერთობაში ერთობის არარსებობა“. ევროკავშირის საგანგებო მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ოთხშაბათს, ბრიუსელში ევროგაერთიანების ლიდერებმა ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად რამდენიმეპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. გეგმა, პირველ რიგში, ითვალისწინებს: სირიელი ლტოლვილების ბანაკისთვის მილიარდი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, თურქეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და პირდაპირ დიალოგს, ბალკანეთის ქვეყნების თანადგომასა და შენგენის ზონის საზღვრების გაძლიერებას. თუმცა ანგელა მერკელმა ლიდერების შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში ბუნდესტაგში კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კრიზისის დასაძლევად ევროკავშირმა და მისმა მოკავშირეებმა, ჯერ კიდევ, დიდი შრომა უნდა გასწიონ. შემუშავებული გეგმის ფარგლებში ოფიციალურ ანკარასთან თანამშრომლობა ბრიუსელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ლიდერების გადაწყვეტილებით, თურქეთმა, რომელიც მიგრანტებისთვის ევროკავშირში გასასვლელ ერთ-ერთ მთავარ და ნაკლებად სახიფათო დერეფანს წარმოადგენს, თავშესაფრის ძიებაში მყოფთათვის სათანადო პირობები უნდა შექმნას. ხსენებული გეგმის განხორციელება ევროპაში წამსვლელთა რაოდენობის შემცირებასთან პირდაპირ პროპორციულია. ევროკავშირმა გაეროს ლტოლვილთა საბჭოსა და კვების მსოფლიო ორგანიზაციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერით თურქეთის, ლიბანისა და იორდანიის ტერიტორიაზე არსებული ლტოლვილთა ბანაკები უნდა უზრუნველყოს. ოთხშაბათს, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თურქეთი კრიზისის დაძლევაში ევროპული გაერთიანების მთავარ მოკავშირედ უნდა იქცეს. ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩანიშნულ მორიგ სხდომას თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანიც დაესწრება. 23 სექტემბერს გამართულ სხდომამდე ორი კვირით ადრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, კრიზისთან გამკლავების ფარგლებში კვოტირების სისტემით ლტოლვილების გადანაწილების გეგმა შესთავაზა, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მეტად მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის. იუნკერის ინიციატივა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის 160 ათასი სირიელი, ერაყელი, ავღანელი და ერიტრეელი ლტოლვილის კვოტირების სისტემით გადანაწილებას მოიცავდა. 40 ათასმა თანხმობა უკვე მიიღო. მათი უმრავლესობა გერმანიაში, ავსტრიასა და შვედეთში განათავსეს, ხოლო დანარჩენი 120 ათასი ლტოლვილის ბედი დღეს კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კვოტებით მიგრანტების მიღება-განთავსების საკითხმა ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობასთან ერთად მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. ბოლო პერიოდში ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების მოხსენებისას სიტყვა „სოლიდარობა“ არაერთხელ გაისმა. ამ გზავნილის ადრესატი ევროკავშირის წევრი ოთხი პოსტსოციალისტური ქვეყანა იყო: ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი. არც ერთ მათგანს პოზიცია არც ბოლო შეხვედრის შემდეგ შეუცვლია. სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიკომ 23 სექტემბრის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ კვოტებით მიგრანტების მიღების საკითხს მისი მთავრობა ლუქსემბურგში, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოში გაასაჩივრებს. ლტოლვილების კრიზისსა და ევროკავშირის დილემაში ყველაზე დიდი ანტიგმირი მაინც უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანია, _ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკით მოხიბლული ევროსკეპტიკოსი და ანტისაემიგრაციო პოლიტიკის მომხრე პოლიტიკოსი, რომელსაც დასავლურ მედიაში ხშირად დიქტატორადაც მოიხსენიებენ. ვიქტორ ორბანმა ლტოლვილების კრიზისი თავდაპირველად გერმანიის პრობლემად შეაფასა, მინისტერიალის დასრულებისას კი ევროკავშირი საემიგრაციო კრიზისის ესკალაციაში დაადანაშაულა. ორბანის ბრძანებით, უნგრეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლტოლვილების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, შემდეგ კი, გაეროს ლტოლვილთა საბჭოსა და უფლებადამცველი ორგანიზაციების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის საზღვრებს მავთულხლართები შემოარტყეს და მიგრანტებს უნგრეთის ტერიტორიზე შესვლა აუკრძალეს. ბუდაპეშტში, მსგავსად ევროპის სხვა ქალაქებისა, ლტოლვილების მხარდამჭერი აქციები გაიმართა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია უნგრელი ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსი ლასლო ტოროსკაისთვის, რომელმაც ვიდეომიმართვა გაავრცელა და უნგრეთში შესვლის შემთხვევაში ლტოლვილებს თავისუფლების აღკვეთით დაემუქრა. სამი დღის წინ კი ვიქტორ ორბანმა მეზობელ ხორვატიას მოუწოდა, საკუთარი უსაფრთხოება მიგრანტების ნაკადისგან საზღვრების ჩაკეტვითა და მავთულხლართების დამონტაჟებით დაიცვას. მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობს ხორვატიაც. ამ უკანასკნელმა სერბეთთან საზღვარი ჩაკეტა, სადაც ერთი კვირის განმავლობაში 14 ათასზე მეტი ლტოლვილი შევიდა, ხოლო თავშესაფრით მხოლოდ 1500 ლტოლვილი დააკმაყოფილეს. ოფიციალური ზაგრების განცხადებით, ხორვატიას მეტი მიგრანტის მისაღებად რესურსი არ ეყოფა. საემიგრაციო კრიზისში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოკაციას სერბეთი წარმოადგენს. ევროკავშირის არაწევრი და, თავის დროზე, მილოშევიჩის ულტრანაციონალისტური რეჟიმისგან განთავისუფლებული ბრატისლავა ლტოლვილებისთვის უსაფრთხო დერეფნად იქცა, საიდანაც სირიელი, ერაყელი და ავღანელი მიგრანტები ფეხით გადაადგილდებიან ქალაქ ტოვარნიკში, შემდეგ კი ავტობუსებით ზაგრების მიმართულებით მიემგზავრებიან. ხორვატიის დედაქალაქიდან მათ დასავლეთისკენ მიმავალი ორი გზა აქვთ _ სლოვენია, ან უნგრეთი. ლტოლვილების ნაკადის შემცირების მიზნით მეზობელი სახელმწიფოების გადაწყვეტილება საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით სერბეთის მთავრობამ 70 წლის წინათ ნაცისტების მიერ ებრაელების დევნას შეადარა. ევროპის სხვა ქვეყნებისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვს გაერთიანებულ სამეფოს. საემიგრაციო პოლიტიკისადმი სკეპტიკურად განწყობილმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა, 2016 წლის ბოლომდე 20 ათასამდე სირიელი და ერაყელი ლტოლვილის მიღება-განთავსება დააანონსა, თუმცა პრემიერის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე NGO-მ ქემერონს პრესის საშუალებით მოუწოდა, ორჯერ მეტი ლტოლვილი მიიღოს, რადგან ბრიტანეთის ეკონომიკა ამის საშუალებას იძლევა. გაერთიანებული სამეფოს განსხვავებული პოზიცია კი ის გახლავთ, რომ თავშესაფარს არა ევროპაში მყოფი ლტოლვილები, არამედ ლიბანისა და იორდანიის ბანაკებში მცხოვრები სირიელები მიიღებენ. მათ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა თავად შეარჩევს. რამდენიმე დღის წინათ ქემერონი ბეირუთის ლტოლვილთა ბანაკს ეწვია, სადაც მან ლტოლვილების განსახლებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა. ბრიტანეთის მემარცხენე პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ გადაწყვეტილება 20 ათასამდე ლტოლვილის მიღების შესახებ ევროსკეპტიკოსმა ქემერონმა მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის ბავშვის, აილან კურდის, ფოტოსურათები გავრცელდა. მართლაც, სირიელი აილან კურდის სიკვდილმა, რომელიც ოჯახთან ერთად საბერძნეთის საზღვრებამდე მიღწევას ნავით ცდილობდა და ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო, მსოფლიოსთვის ლტოლვილთა კრიზისის დრამატული და, ამავდროულად, რეალური სურათი წარმოაჩინა.   ლტოლვილების კრიზისი ციფრებში სირიის სამოქალაქო ომის შედეგად 2 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა, 9 მილიონამდე კი იძულებით გადაადგილებული პირია. გაეროს ლტოლვილთა საბჭოს ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული 60 მილიონი ლტოლვილიდან ყოველი მეხუთე სირიელია, ისევე როგორც ევროპაში მყოფი ლტოლვილების თითქმის 80%. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სირიელი ლტოლვილების დიდი ნაწილი ლიბანის, თურქეთისა და იორდანიის ბანაკებში ცხოვრობს. თურქეთი, ამ მხრივ, პირველ ადგილს იკავებს, სადაც 2 მილიონზე მეტი სირიელია რეგისტრირებული; მეორე ადგილზეა ლიბანი მილიონ-ნახევარი სირიელით, იორდანიის ქალაქ ზაათარში კი მსოფლიოში ყველაზე დიდი ლტოლვილთა ბანაკია გაშენებული. მიუხედავად გაეროს ლტოლვილთა საბჭოს ფინანსური მხარდაჭერისა, ამ ქვეყნების მთავრობებს ლტოლვილთა ბანაკების დაფინანსება რამდენიმე მილიარდზე მეტი დაუჯდათ. 2015 წლის იანვრიდან დღემდე ხმელთაშუა ზღვაში სულ 2700-მდე მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ როგორც სირია-ერაყის, ასევე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები. საერთაშორისო ორგანიზაციების უახლესი სტატისტიკა მართლაც შემაშფოთებელია: ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ევროკავშირის საზღვრები 473 ათას 887 ლტოლვილმა გადაკვეთა, წლის ბოლომდე კი მარტო გერმანიაში 800 ათასზე მეტი ადამიანის ჩასვლას ვარაუდობენ. კვოტების მიხედვით, ყველაზე მეტი ლტოლვილი გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა უნდა მიიღოს. კვოტირებაში ევროკავშირის არაწევრი შვეიცარია და ნორვეგიაც მონაწილეობს. ევროპაში მძვინვარე კრიზისის ფონზე ცხელ წერტილებად კვლავ ბალკანეთი და იტალია რჩება. ბოლო მონაცემებით, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე 20 ათასამდე ლტოლვილია რეგისტრირებული, რომელთაც ერთი მიზანი აერთიანებთ, _ კონტინენტურ ევროპაში დანიშნულების ადგილას ჩასვლა. ეს ადგილი, უმეტესწილად, გერმანია, ან შვედეთია. სწორედ ამიტომ, თავიდანვე კრიზისის ესკალაციის პროცესში, დუბლინის რეგულაციებმა, ისევე როგორც ევროპული თავშესაფრის სისტემის ფარგლებში მოქმედმა მექანიზმმა, მნიშვნელობა დაკარგა. დუბლინის ხელშეკრულება მესამე სამყაროს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ქვეყანაში თავშესაფრის მიღების წესებსა და პროცედურებს განსაზღვრავს. დუბლინის მესამე რეგულაციის თანახმად, თავშესაფრის ძიებაში მყოფი ლტოლვილი, ან იძულებით გადაადგილებული პირი ევროკავშირის იმ ქვეყანაში უნდა დარჩეს, სადაც საზღვარი პირველად გადაკვეთა. კანონს, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, მოწინააღმდეგეები ევროკავშირში თავიდანვე ჰყავდა, მაგრამ დღეს, ევროპაში არსებული მასშტაბური კრიზისის პირობებში, ევროკავშირის ლიდერებმა დუბლინის რეგულაციების უძლურება აღიარეს.   ტერორიზმისა და ნეონაციზმის საფრთხე პარასკევს გამთენიისას ფინეთის ქალაქ ლაჰტიში სირიელი და ერაყელი ლტოლვილებით სავსე ავტობუსი ჩავიდა, სადაც მათ მცირერიცხოვანი ანტიისლამური აქცია დახვდა. ომს გადარჩენილ სირიელებს უცნობმა პირებმა ქვები და ცეცხლმოკიდებული ჩვრები დაუშინეს, ფინური პრესის მიერ გადაღებულ ფოტოზე კი კუ კლუკს კლანის სამოსში გამოწყობილი აქციის მონაწილეა აღბეჭდილი. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის მთავრობამ ინციდენტი რასისტულ გამოვლინებად შეაფასა, მიგრანტების ნაწილი კვლავ შვედეთის მიმართულებით გააბრუნა. ფინეთი, ისევე როგორც დანია (შვედეთისა და ნორვეგიისგან განსხვავებით) ლტოლვილების მიღება-განთავსების პროცესისადმი თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ოფიციალური სტოკჰოლმისთვის. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვალსტრომმა, ფინეთის ცენტრისტულ მთავრობას წარსული შეახსენა: „მეორე მსოფლიო ომის დროს შვედეთმა 70 ათასი ფინელი შეიფარა! ნუ დაგავიწყდებათ!“ ლაჰტიში გამართული 40-კაციანი აქცია არც ევროკომისიის ყურადღების მიღმა დარჩენილა. ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანმა აღნიშნა, რომ ფინეთის შემთხვევა შესაძლოა, ევროპაში ნაცისტური მოძრაობის ჩამოყალიბების მომასწავებელი სახიფათო ნიშანი იყოს. ევროპაში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ 2014 წლის შემოდგომაზე აგორდა ტალღა, როდესაც გერმანიის ქალაქ დრეზდენში ულტრამემარჯვენე, ანტიემიგრაციული მოძრაობა დაარსდა, სახელწოდებით „პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ“ (PEGIDA). გარდა იმისა, რომ გერმანიის მთავრობა „პეგიდას“ ქსენოფობიურ, რასისტულ და ისლამოფობიურ პარტიად აღიარებს, მილიონობით გერმანელი მსგავსი პარტიის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ნეოფაშისტურ მოძრაობადაც მიიჩნევს. დასავლელი ანალიტიკოსების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ულტრამემარჯვენე მოძრაობა „პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ“ დღევანდელი ევროპისთვის მეტისმეტად სახიფათო გზავნილია. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორმა ისტვან რევიმ ზემოთ ხსენებულ პრობლემას „ნიუ-იორკ თაიმსის“ საავტორო სვეტში ანალიტიკური სტატია მიუძღვნა. პროფესორი აღნიშნავს, რომ მუსლიმი ლტოლვილების წინ მავთულხლართების აღმართვა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ევროპული ცივილიზაციის დაცვის იდეით იაფფასიანი პოპულიზმის გარდა, ნეონაცისტური მოძრაობისთვის სულისჩამდგმელი მაგალითია. მან ვიქტორ ორბანის სტრატეგიას სიძულვილის პოლიტიკა უწოდა. მართლაც, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის საზღვრებში ევროსკეპტიკოსებისა და ანტიემიგრაციული პოლიტიკის მომხრეების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოძრაობა „პეგიდას“ დაარსებამდე გაცილებით ადრე დაიწყო საუბარი „დიდ წმენდაზე“ საფრანგეთის ნაციონალისტური ფრონტის პრეზიდენტმა, მარინ ლე პენმა, ხოლო მისმა ისლამოფობიურმა და ანტიემიგრაციულმა რიტორიკამ მეტი სიმძაფრე ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ შეიძინა, ლე პენის რეიტინგი კი გაიზარდა. ლტოლვილების მიღება-განთავსება და საემიგრაციო პოლიტიკა ევროპის მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებისთვის დიდი ხანია, ცხარე დებატების საგანს წარმოადგენს. დღეს არსებული კრიზისის ფონზე ნაციონალისტური პარტიები სირიელი, ერაყელი და ავღანელი ლტოლვილების მიღებას ტერორისტული აქტების გახშირების საფრთხეს უკავშირებენ. მათ მტკიცე არგუმენტები აქვთ: ნაციონალისტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ლტოლვილების ნაკადთან ერთად ევროპის საზღვრებს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებიც გადაკვეთენ; მეტიც, თავშესაფარს მიიღებენ. „ლტოლვილების ნაკადი ევროპულ კულტურას, ევროპულ ღირებულებებს, მთელ ევროპულ ცივილიზაციას საფრთხეს უქმნის. მათ ისეთივე გარეგნობა აქვთ, როგორც ტერორისტებს და მათ მსგავსად მზად არიან, ალაჰის სახელით უდანაშაულო ადამიანები დახოცონ“, _ ეს სიტყვები ჰოლანდიელ პოლიტიკოსს, ულტრამემარჯვენე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, იერტ ვილდერს ეკუთვნის. ვილდერი და მისი თანამოაზრეები საერთაშორისო ორგანიზაციებმა მწვავედ გააკრიტიკეს, დასავლურ მედიაში კი ნაციონალისტების მცდარი თეორიის შესახებ არაერთი სტატია დაიბეჭდა. ახლო აღმოსავლეთის მედიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ალბერტო ფერნანდესმა აღნიშნა, რომ ევროპელი ნაციონალისტები ლტოლვილების მხრიდან მომდინარე ტერორისტულ აქტებზე მითებს თხზავენ და საზოგადოებაში აბსტრაქტულ შიშს ნერგავენ. „ეს ადამიანები ისლამური სახელმწიფოს მასობრივ ხოცვას გადაურჩნენ. მათ არ ისურვეს ჯიჰადისტების კონტროლქვეშ გადასულ ქალაქებში დარჩენა და სისხლიანი ხალიფატის შენებაში მონაწილეობის მიღება“, _ ამბობს ფერნანდესი. კავშირს ევროპის ქვეყნებში სირიელი და ერაყელი ლტოლვილების თავშესაფრით უზრუნველყოფასა და ტერაქტების საფრთხეს შორის ვერც აღმოსავლეთმცოდნე სიმონ გურეშიძე ხედავს. ის ამბობს, რომ თვითგამოცხადებულ ხალიფატს, იგივე ისლამურ სახელმწიფოს, თავშესაფრის ძიებაში მყოფ სირიელებსა და ერაყელებს შორის მოკავშირის პოვნა გაუჭირდება, რადგან მათი დიდი ნაწილი სწორედ ჯიჰადისტებს გამოექცა. „სავარაუდოდ, რომელიმე სახელმწიფოს (და ეს სახელმწიფო შესაძლოა იყოს რუსეთი) აწყობდეს ევროპაში გარკვეული სახის დესტაბილიზაციის შექმნა და ამ გზით  გამოუვიდეს კიდეც, მაგრამ არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ევროპაში ახალი პლაცდარმი შექმნას. გარდა ამისა, მათ არც თავიანთ რუკაზე და არც მიზნებში არც ერთხელ არ უხსენებიათ მთლიანი დასავლეთ ევროპა, მცირე ნაწილის გარდა (ესპანეთის სამხრეთ ავტონომია ანდალუსია) და არც აცხადებენ ამ ტერიტორიებზე პრეტენზიას. გარდა ამისა, "ხალიფატში" უკვე ისედაც იბრძვიან ისინი, ვინც ევროპაში  ინტეგრაცია ვერ მოახერხა და ამ მოძრაობას ახლო აღმოსავლეთში სწორედ ამ მიზნით შეუერთდნენ“, _ ამბობს სიმონ გურეშიძე. ლტოლვილების კრიზისის თაობაზე გამართულ მინისტერიალამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ამ უპრეცედენტო კრიზისის დასაძლევად ერთ-ერთ აუცილებელ პირობას ლტოლვილების დიფერენცირება წარმოადგენს. „ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ის ადამიანები, რომლებიც ევროპაში მშვიდობისა და თავშესაფრის მისაღებად მოდის და ისინი, რომლებიც უკეთეს სამუშაო პირობებს ეძებენ“, _ თქვა ოლანდმა, თუმცა თავშესაფრის ძიებაში მყოფ პირთა დიფერენციაციაზე საუბრისას მას ტერორიზმის საფრთხე ლტოლვილთა კრიზისის კონტექსტში არ უხსენებია.   როგორ აისახება ლტოლვილთა კრიზისი ვიზალიბერალიზაციის პროცესზე? ბოლო პერიოდში ევროპაში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მღელვარებამ იმატა. თუმცა როგორც პოლიტიკოსები, ასევე ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შენგენის ზონაში მიმდინარე დრამატული პროცესები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე არ აისახება; შესაბამისად, არც საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ემუქრება საფრთხე. ევროკავშირის ლიდერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ორი ქვეყანის პერსპექტივა, რომელიც სამოქმედო გეგმის იმპლიმენტაციის ტექნიკური პროცესის დასრულებას ელოდება, კრიზისთან მიმართებით არ განუხილავთ. გამონაკლისია 9 სექტემბერს ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვით გამოსვლა. იუნკერმა დონბასში მიმდინარე პროცესების ფონზე უკრაინიდან ლტოლვილების ნაკადის პოტენციურ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ საქართველოს შესახებ მას სიტყვაც არ დასცდენია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში მძვინვარე საემიგრაციო კრიზისი ევროკომისიისა და ევროკავშირის მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არავითარ უარყოფით გავლენას არ მოახდენს. „მიგრანტების პრობლემამ, რაც არის ახლა ევროპაში და გამომდინარე ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან, არ უნდა იმოქმედოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე“, _ განაცხადა საქართველოს პირველმა დიპლომატმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. იმავეს ადასტურებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. ორი კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰერმანმა იმ ანგარიშზე ისაუბრა, რომელსაც ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნიშნულების შესრულებაზე ამზადებს. „ევროკავშირი ძალისხმევას არ იშურებს, შეიმუშაოს საერთო პოლიტიკა მიგრაციის პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ აისახება ევროკომისიის მუშაობაზე, შეაფასოს საქართველოს მიღწევები“, _ აღნიშნა იანოშ ჰერმანმა. მიუხედავად ოფიციალური პირების განცხადებისა, კითხვები მედიაში ვიზალიბერალიზაციასა და საემიგრაციო კრიზისს შორის არსებულ შესაძლო კავშირზე მაინც აქტუალურია. ევროპათმცოდნე გივი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ბრიუსელი ახლა ლტოლვილების კრიზისის გადაჭრაზეა ორიენტირებული. ამ ფაქტმა შესაძლოა, ყველაზე უარეს შემთხვევაში, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმების სისრულეში მოყვანის პროცესი გარკვეული დროით შეაფერხოს, თუმცა დღის წესრიგში მაინც დარჩება. „ევროპაში შექმნილი ლტოლვილთა კრიზისი, თავისი ხასიათიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, უნიკალურია, რამაც ბრიუსელის დღის წესრიგი საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა. ექნება თუა არა ევროკავშირში შექმნილ კრიზისს გავლენა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბარი რთულია. ევროპელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ არა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ბრიუსელი დევნილთა ნაკადის ზრდის პარალალურად, ჯერჯერობით, შიდა კავშირული პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული, მით უმეტეს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა რამდენიმე დღის წინ შიდა საზღვრებზე კონტროლის აღდგენაზე საუბარი უკვე ღიად დაიწყეს“, _ ამბობს გივი ბარამიძე და მაგალითად მოჰყავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროგაერთიანებასთან უვიზო რეჟიმის დაწესებას შესაძლოა, მომავალი წლიდან მიაღწიოს. გივი ბარამიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციული საკითხების განხილვა ხშირად ერთ კონტექსტში მიმდინარეობს და შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება საქართველოსთანაც ანალოგიურ ვადებში მოხდეს. მრავალი ანალიტიკოსისა და ევროპელი პოლიტიკოსის ღრმა რწმენით, ევროპა დღეს უპრეცედენტო ლტოლვილთა კრიზისის წინაშე დგას, რომელიც ევროპული გაერთიანებისთვის გაცილებით რთულად მართვადი პროცესია, ვიდრე ეს იუგოსლავიის ომის დროს იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი არ მალავს, რომ შენგენის ზონის მომავალი დღეს სწორედ ლტოლვილთა კრიზისის გადაჭრასა და დასავლურ ფასეულობათა სისტემის შენარჩუნებაზე გადის. ომს გამოქცეულ ლტოლვილებს აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებთან ღამეების ღია ცის ქვეშ გატარება უწევთ. მათ პირველადი მოხმარების საგნებით და საკვებით გაეროს ლტოლვილთა საბჭო ამარაგებს. ახლო აღმოსავლეთიდან გამოქცეულმა ლტოლვილებმა ევროპაში გამგზავრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარმა არაბულმა ქვეყნებმა, ისევე როგორც არაბულმა ლიგამ, სირიის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე მათ მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გამოავლინა.  

                                                                                                       ქეთი თუთბერიძე

 

გაზიარება