QronikaPlus
ნარმანიას უწყებამ ხეების დარგვისთვის მარტოხელა დედა 10 000 ლარით დააჯარიმა!

ნარმანიას უწყებამ ხეების დარგვისთვის მარტოხელა დედა 10 000 ლარით დააჯარიმა!

2015-10-02 08:21:24

დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნებს სამოხელეო დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს და პროკურატურაში უჩივიან. ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რას დაადგენენ სამართალდამცველი სტრუქტურები და მიუჩენენ თუ არა ადგილს თბილისის თავკაცებს ჯოკია ბოდოკიას გვერდით? მანამდე კი „ქრონიკა+“-ს ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე და თბილისის მკვიდრი დავით რობაქიძე უყვებიან იმ ფაქტის შესახებ, რაშიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები. მათი თქმით, ერთი ოჯახის ირგვლივ განვითარებული ისტორია ნათლად მეტყველებს დედაქალაქის მერიაში დასაქმებული ხალხის არაკომპეტენტურობაზე, არაპროფესიონალიზმზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე და ბოროტად გამოყენებაზე. ასეთი ფაქტები კი მრავლადაა თითქმის ყველა სტრუქტურაში. დავით რობაქიძე: _ ჩემმა ძველმა მეზობელმა, ხათუნა ელიოზიშვილმა, რომელიც ცხინვალიდან დევნილი გახლავთ, არის სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ამჟამად ცხოვრობს საგარეჯოში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში, 90-იან წლებში, როდესაც თბილისში, კერძოდ, ვარკეთილში ცხოვრობდა, შემოფარგლა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც შემდეგ მრავალწლიანი ნარგავები გააშენა. ნაკვეთი არის დასახლებული პუნქტის გარეთ, ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე, სადაც დღესაც ყრიან მის გარშემო ნაგავს. პატარა ფიცრული ნაგებობაც ჩადგა, მაგრამ ხანძარი გაჩნდა და განადგურდა, ამიტომ, სამუშაო იარაღის შესანახად, დაწვის თავიდან არიდების მიზნით, ნაკვეთში განათავსა ავტომანქანის 1,25 სმ ძარის ნაწილი. ნაკვეთის შემოფარგვლა და ხეების დარგვა არ მგონია, დიდი დანაშაული იყოს იმ ფონზე, როცა თვით მერიის სამსახურს ხეების დარგვა-გახარებაზე ბიუჯეტის სახსრების დიდი ოდენობით გახარჯვა უხდება. ხათუნა რომ საგარეჯოში გადასახლდა, მას შემდეგ მე ვპატრონობ ამ ნაკვეთს. ასეთი შემოღობილი ნაკვეთი სხვებსაც აქვთ, მაგრამ ჩვენთან პრობლემა იმიტომ გაჩნდა, რომ ეს ნაკვეთი შედარებით დიდია. როგორც ჩანს, ვიღაცას თვალი ჰქონდა დადგმული. _ რას გულისხმობთ? _ იქვე, წითელ კორპუსში, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ხათუნამ ეს ადგილი რომ შემოღობა, მერე ერთის გამოტოვებით ვიღაცამ შემოღობა, იქით კიდევ ვიღაცამ, 2014 წელს მოვიდნენ დევნილები და უნდოდათ, ჩემი ადგილიც დაეპატრონებინათ. თან ის პერიოდი იყო, როცა ნარმანია მერად უნდა მოსულიყო და იფიქრეს, რომ მეგრელებს ნაკვეთის დაკანონების პრივილეგია მიეცემოდათ. იშვიათად ავდივარ ხოლმე ამ ნაკვეთში. ხათუნას ამ ნაკვეთის დაკარგვა არ უნდა, მით უმეტეს, 2007 წლის პრეზიდენტის დადგენილებით, შემოღობილი ნაკვეთების დაკანონება შეიძლებოდა. 2014 წლის ზაფხულში, როცა ბატონი ნარმანია არჩევნებზე მეორე ტურის შეხვედრებს ატარებდა ვარკეთილის მოსახლეობასთან, ზედამხედველობის სამსახურის ისანი-სამგორის რაიონის წარმომადგენლებმა ღობე სულ მოამტვრიეს და გაბმული მავთულები დაჭრეს. 15-20 დღე განადურებულ ღობეს ხელი არ ვახლე, მაგრამ როცა დავინახე, რომ ხეები იღუპებოდა, მეზობელი დავიხმარე და დარჩენილი სარებით ღობე აღვადგინე. სწორედ ამ დროს მოვიდნენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. როგორც განაცხადა, იყო სამსახურის უფროსი გელაშვილი და ერთიც მძღოლი. სურათი გადაიღეს და დღემდე ატრიალებენ, სარებზე გაბმულ მავთულებთან რომ ვდგავარ. მკითხეს, ვისი ნაკვეთი იყო. მათივე თანდასწრებით, სათავსიდან საბუთი ავიღე, პატრონს დატოვებული ჰქონდა, მითხრა, თუ ვინმე იკითხავს, აჩვენეო. მივაწოდე ეს საბუთი, რომ გვარები ჩაეწერათ. ჩაიწერეს ჩემი გვარი, ხათუნა ელიოზიშვილის მონაცემები და მეორე პიროვნების, რომელსაც სოციალურად დაუცველის ცნობა ჰქონდა, არ ჩაიწერეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ნახეს, მე რაღაც ქონება მქონდა, ხათუნასაც მისცა სახელმწიფომ ბინა დევნილთა თავშესაფარში და იფიქრეს, ფულს ამოიღებდნენ. ამის გამო ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა და სიტყვიერი შეპასუხება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გასაშველებლად ჩვენი მეზობელი ჩაერია, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მუქარითა და დაშინებით წავიდნენ. ამ ინციდენტის შემდეგ ოფიციალურად, წერილობით მივმართე რაიონულ სამსახურს და მოვითხოვე პასუხი ღობის მოშლის კანონიერების შესახებ. 2014 წლის 22 ივლისს ხდება ეს ამბავი, 31-ში უკვე მირეკავენ ზედამხედველობის რაიონული სამსახურიდან და მეუბნებიან, რომ ხათუნა ელიოზიშვილთან ერთად გამოვცხადებულიყავი. მივედით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მომაწოდა შევსებული ფორმა, როცა ამოვიკითხე ჩემი გვარი, როგორც კანონდამრღვევის, ვუთხრი, რომ არ ვეთანხმებოდი, რადგან ფორმაში აღნიშნული იყო, _ ამ ნაკვეთს შემოვლებული ჰქონდა რკინის ბოძები, მავთულბადე და იდგა ვაგონი, შესაბამისად, არც ხელს მოვაწერდი. სამსახურის უფროსმა მითხრა, _ მე დავწერ და შენი სიმართლე მერიაში ამტკიცე, შენმა განცხადებამ შენ მიმართ საქმის წარმოება დააჩქარაო. დაძაბულობა რომ განმუხტულიყო, ხათუნას არც წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. როგორც წესი, ზედამხედველობის სამსახურს „დამრღვევისათვის“ უნდა ჩაებარებინა მითითება. მოკლედ, ასეთი დაძაბულობის ფონზე დავტოვეთ სამსახური. რამდენიმე დღის შემდეგ ნაკვეთში სათავსზე გაკრული ვნახე შემოწმების აქტის სრულიად თავისუფალი ფორმა, სადაც წერტილიც კი არ იყო დასმული და არაფრისმთქმელ დოკუმენტს წარმოადგენდა. შემდეგ ზედამხედველობის სამსახურიდან დამიკავშირდა ვინმე კოკა და საქმის განსახილველად მერიაში დამიბარა. მივედი და ვთქვი, რომ დარღვევის ფაქტებს არ ვეთანხმებოდი. როგორც დავადგინე, ამ დროს ხათუნა ელიოზიშვილიც იქ უნდა ყოფილიყო. მართლაც, შევხვდით ერთმანეთს და 5-10 წუთის დაგვიანებით მეორედ მივედით, თუმცა, სამსახურის წარმომადგენლები არ შეგვხვდნენ. შეხვედრა მსურდა სამსახურის უფროსთან, გეგი ნიჟარაძესთან და ვერაფრით მივაღწიე, არადა, ერთი კვირის მანძილზე ყველას ხვდებოდა, მე კი უარს მეუბნებოდა 20 დღის მანძილზე. მხოლოდ მაშინ ჩანიშნეს შეხვედრა, როდესაც დავით ნარმანიას ვაუწყე ამის შესახებ. 19 აგვისტოს მე და ელიოზიშვილი მერიაში ისევ გამოვცხადდით განხილვაზე. ელიოზიშვილის განმარტების საფუძველზე დამრღვევთა სიიდან ამომიღეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა უფროსის მოადგილე, დავით მედულაშვილი, რომელიც ნიჟარაძესთან ჩანიშნულ შეხვედრაზე 22 აგვისტოს თვითონ შემხვდა. ამ შეხვედრისას მედულაშვილს ვუთხარი, _ ვინაიდან სათავსის არსებობას მიიჩნევდნენ მშენებლობად და მისი არსებობა დარღვევად ითვლებოდა, იმ ტერიტორიაზე კანონიერების ფარგლებში მოექცია. ვუთხარი, ქონების მართვის სამსახურს მივმართავ, დროებით სარგებლობაში ავიღებ მიწის ნაკვეთს-მეთქი. შევაგროვე დოკუმენტები, აზომვითი ნახაზები, ფოტომასალა და ჩავაბარე. იმ მოტივით, რომ მიწების გასხვისება შეჩერებული იყო, უარყოფითი პასუხი მივიღე 9 სექტემბერს. ეს მაშინ ხდება, როცა 29 აგვისტოს თარიღით სამსახურმა უკვე გამოსცა დადგენილება და 11 სეტემბერს გადასცეს ელიოზიშვილს. შესაბამისი კოდექსის თანახმად, დადგენილება დამრღვევს უნდა ჩაბარდეს 24 საათში. ჩემი აზრით, ზედამხედველობის სამსახურს გაეპარა ორთვიანი ვადა მითითების გაცემიდან, მოგვიანებით გაახსენდათ, სახელდახელოდ გამოსცეს დადგენილება ძველი რიცხვით და ამის გამო გადაეცა ადრესატს დაგვიანებით. სწორედ ამ დადგენილებით მარტოხელა დედას, დევნილს, სოციალურად დაუცველს დაკისრებული აქვს ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, რაც აშკარაა, რომ ზედამხედველობის რაიონულმა სამსახურმა გაღიზიანების ფონზე ჩემი დასჯისთვის გაამზადა, ვინაიდან მე მათი ქმედებების კანონიერებას ვსწავლობდი. _ ხეების დარგვა და ნაგვისგან ტერიტორიის გასუფთავება ნარმანიას მილიონი ხის ფონზე 10 000 ლარი ჯარიმა ჯდება? _ ეს დადგენილება მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც წესი, გაამართლა და გაამყარა მერის მოადგილის ბრძანებით. არადა, კანონში, კოდექსში პირდაპირ წერია: თუ შენ დარღვევად მიიჩნევ რაღაცას, გამოსწორების ვადა უნდა მისცე! არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, არც ერთ შეხვედრაზე არ დაფიქსირებულა ის, რომ გეძლევა 10-20 დღის ვადა, ან ერთი თვის, ამ ხანში აიღე, თორემ დადგენილებას გამოვცემთო. მსგავსი არაფერი ყოფილა. პატარა ბავშვებივით სურათებს აფრიალებდნენ, _ აი, შენ ხომ ხარ გადაღებულიო. ვეუბნები, _ ეს არ არის ის ნაკვეთი, რომელზედაც ლაპარაკობთ-მეთქი. საერთოდ ყურადღება არ ექცევა არაფერს. ატაცებული ჰქონდათ მხოლოდ ის, რომ 10 000-ლარიან ჯარიმას გამოვწერთ, მერე იქიდან ხელფასსა და პრემიას ავიღებთო. _ ახსენეთ, რომ სასამართლოში ვიჩივლეო... _ წავედი და სასამართლოში გავასაჩივრე, მაგრამ მოსამართლე ფარქოსაძეს საერთოდ არ უფიქრია ამ საკითხზე, ყველაფერზე თავს კი აქნევდა. იურიდიულ სამსახურს ისეთი აბსურდული რაღაც ჰქონდა დაწერილი, სასამართლოში ძირითად განხილვაზე იურისტი საერთოდ არ მოვიდა იმიტომ, რომ ეტყობა, თავმოყვარე გოგონაა. ზედამხედველობის სამსახურს არაფერი უთქვამს, არავითარი ფაქტები არ წარმოუდგენია, კითხვა რომ დავუსვი, პასუხი არ გაუცია, რაღაც ჩაიკრუტუნა, მოსამართლემ კი მაინც იმის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა არ იყო ჩვენი ობიექტის, მაგრამ რა?!. თეიმურაზ მაისურაძე _ ხათუნა ელიოზიშვილის ადვოკატი: _ ამ ფაქტების კონსტატაცია მოვახდინეთ და პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება. ეს არის თანამდებობრივი დანაშაული, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სამოხელეო დანაშაული ჰქვია, ასეთი ქმედება დასჯადია, რადგან მათ წინასწარი განზრახვით მოიფიქრეს, თუ როგორ დაეჯარიმებინათ პიროვნება. განზრახვა იყო, როდესაც დავით რობაქიძე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს წაეკამათა და მერე მერიაში დაწერა განცხადება, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოინდომეს მისი დასჯა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენებაც არის, ყალბი დოკუმენტაციაც სახეზეა, ასევე კანონის არასწორი გამოყენება. ეს ყველაფერი გახლავთ დოკუმენტურად დადასტურებული, რომელიც განმტკიცდა სასამართლო პროცესზე. მართალია, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, მაგრამ სასამართლოს აუდიოჩანაწერი პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს სისხლის სამართლის გამოძიების დროს და კარგად ჩანს, ზედამხედველობისა სამსახურის და მოსამართლე, როგორ უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მოსამართლე ამ საკითხს ძალიან გულგრილად მოექცა, ისეთი წარმოდგენა შეგექმნებოდათ, რომ ის იქ მოსამართლე არ იყო, კანცელარიის თანამშრომელივით რაღაც დოკუმენტებს ღებულობდა და არავითარ ანალიზს არ უკეთებდა. მოსამართლე შესანიშნავად გრძნობს შექმნილ სიტუაციას, ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას, რაც, ასე თუ ისე, ზეგავლენას ახდენს სასამართლოებზე და განსაკუთრებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაზე. მოსამართლეებს სულაც არ სჭირდებათ დარეკვა, საკუთარი ტყავი რომ გადაირჩინონ და ასიამოვნონ, რადგან ირიბად, ამა თუ იმ გზებით, მაინც მივა მისი პატრონის ყურამდე. ამიტომ ცდილობენ, მათი საამებელი გადაწყვეტილება მიიღონ. პირთა ჯგუფმა რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და ამ ყველაფერს ორგანიზება გაუკეთეს, რომ დავით რობაქიძე დაესაჯათ. ვითომ ხათუნა ელიოზიშვილს დაუწერეს ჯარიმა, მაგრამ ირიბად ბატონ დავითს დაუწერეს, რადგან ქონება მას ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან არ გამოუვიდათ. ხათუნა ელიოზიშვილი მივიდა და განაცხადა, რომ ეს ნაკვეთი ჩემიაო. თუ არ ჰქონდათ ჯერ გამოკვლეული, რა უფლებით დაწერეს ჯარიმა?! პირადი ინტერესი აქაც კარგად ჩანს! სახეზე გვაქვს სამოხელეო დანაშაული, რაც ყველგან და ყველაფერში ვლინდება ამ უნიათო მმართველობის პერიოდში! საერთოდ, ყველა სფეროში გაურკვევლობაა და არ იგრძნობა, რომ ეს ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანაა! აბსოლუტურად დაუცველნი ვართ! ბიუროკრატები რასაც უნდათ, იმას აკეთებენ! სასამართლოში ჩვენი წარდგენილი მტკიცებულელებით, რომელიც სადავოდ არავის გაუხდია, დავამტკიცეთ, რომ მერიის წარდგენილი მტკიცებულებები არის ყალბი, ექსპერტიზის შედგენილი კი არ იყო მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები, არამედ დაინტერესებული მხარის, მათივე თანამშრომლების მიერ. ჩვენ წარვადგინეთ ნეიტრალური პიროვნების. მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო კატეგორიული ხასიათის დოკუმენტაცია, რომელიც გამორიცხავდა მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობას და იყო ყალბი. მოსამართლე ფარქოსაძემ ეს საქმე განიხილა კანონისა და ზნეობის შეუსაბამოდ! აქ მოხდა შემდეგი: მერიის სამსახურის დამსჯელი ღონისძიება ასახავს მათ ქურდულ-ქუჩურ საქმიანობას, უკვე ამ მორალზე გადავიდნენ! „ქრონიკა+“ კომენტარისთვის თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.

                                                                                               თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება