QronikaPlus
რა ელით წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით მყოფ პირებს?

რა ელით წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით მყოფ პირებს?

2015-10-02 08:12:06

საკონსტიტუციო სასამართლომ 15 სექტემბერს გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც დავის საგანი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უშვებს პატიმრობის 9-თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც პირს ბრალი ედება პატიმრობის გამოყენებამდე ჩადენილ დანაშაულში, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ჩანაწერი არაკონსტიტუციურად ცნო. „სასამართლოებში ცალკე არ აღირიცხება იმ პირების რაოდენობა და ვინაობა, რომლებიც ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინასწარი პატიმრობისათვის განსაზღვრული 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით იმყოფებიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე მოკლებულნი ვართ ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის #3/2/646 გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე დაიწყება მუშაობა და, შეძლებისდაგვარად, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პარალელურად მოგეწოდებათ ინფორმაცია“, _ ნათქვამია ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განმარტებაში. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ #7 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავრობას დაწესებულების დახურვის რეკომენდაციას აძლევს. „ჯერ კიდევ 2013 წელს განხორციელებული ვიზიტისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების შემდგომ, სახალხო დამცველმა #7 დაწესებულებაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გასცა. ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არათუ არ გამოსწორებულა ვითარება, არამედ გაუარესდა კიდეც. ამდენად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით. ანგარიშის ძირითადი მიზანია, დაწესებულებაში ამჟამად არსებული მდგომარეობის დოკუმენტირება და დაწესებულების დახურვამდე, დროებითი ღონისძიების სახით, პატიმართა მძიმე მდგომარეობის გარკვეულწილად შესამსუბუქებლად იმ კონკრეტული ზომების შეთავაზება, რომელთა დაუყოვნებლივ მიღება სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს აუცილებლად მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის, ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. თუმცა დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, უსაფრთხოების ღონისძიებების გადაჭარბებული გამოყენების პრაქტიკა, არასათანადო სამედიცინო მომსახურება, სარეაბილიტაციო აქტივობების არარსებობა, ოჯახის წევრებთან და, ზოგადად, გარე სამყაროსთან საკმარისი კონტაქტის არარსებობა შეუძლებელს ხდის პატიმრების მიერ სასჯელის მოხდას მათი ღირსების პატივისცემის პირობებში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ყოველივე აღნიშნული საფრთხეს უქმნის დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ფიზიკური ძალადობის რისკიც იმატებს. 2015 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილსა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ანგარიშში აღწერილი პრობლემები პირადად გააცნო და ისაუბრა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ზომების მიღების მზაობა გამოხატა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო მოკლე ვადებში გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა #7 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს შეექმნათ ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პატიმრობის პირობები“, _ ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. ამ საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ა/ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გელა ნიკოლაიშვილს: _ ბატონო გელა, რა ელით წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით მყოფ პირებს? _ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ეხება არა მხოლოდ უგულავას, ვისაც ცხრათვიანი ვადის გასვლამდე ბოლო მომენტში წარედგინა სხვა ბრალდება და ამით აღნიშნული ვადის ახალი ათვლა დაეწყო. თუ მათ მიმართ განაჩენი ჯერ დადგენილი არ არის იმ პირველ საქმეზე, ან სხვა ნებისმიერ (ანუ თუ ისევ ბრალდებულები არიან და მსჯავრდადებულებად ჯერ არ მიიჩნევიან), მაშინ მათაც უნდა შეეცვალოთ აღკვეთის ღონისძიების ეს სახე. საერთოდ უნდა განთავისუფლდნენ, როგორც ეს უგულავას შემთხვევაში იმ ერთი დღით მოხდა. ოღონდ ეს ერთი დღე უგულავას საქმეს დაემთხვა, რადგან მას განაჩენი სწორედ მეორე დღეს გამოუტანეს; ბოლოში იყო მისული სასამართლო განაჩენის გამოტანა. თუ სხვების მიმართაც საერთოდ არ არის განაჩენი გამოტანილი, ისინი განთავისუფლდებიან, აღკვეთის ღონისძიება შეეცვლებათ, სასამართლოზე სახლიდან ივლიან და მერე რა განაჩენსაც სასამართლო შეუფარდებს, იმის მიხედვით მოიხდიან სასჯელს. ამავე დროს, თუ სასჯელი უკვე შეფარდებული აქვთ, მაშინ, რასაკვირველია, არაფერი ელით _ ჩვეულებრივად გააგრძელებენ სასჯელის მოხდას. _ ეს სამართლებრივი პროცედურები სხვებთან მიმართებითაც დაწყებულია და მიმდინარეობს? _ იცით, ეს კონკრეტულად დამოკიდებულია თითოეული ასეთი პიროვნების ადვოკატზე _ შეიტანა თუ არა მან სასამართლოში შუამდგომლობა ასეთი პირის განთავისუფლების შესახებ. მე არ ვიცი, ასეთები არიან თუ არა, ან რამდენი არიან, რომლებსაც ამგვარად სასჯელი ჯერ მისჯილი არ აქვთ. მაგალითად, ერთი ასეთი პირი იყო ოქროპირიძე, რომლის ადვოკატებმა სასამართლოში შეიტანეს, შუამდგომლობით შევიდნენ, რომ ის გაეთავისუფლებინათ, მაგრამ სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა. ეს იმ მოტივით გააკეთა, რომ ამ ადამიანს ის მეორე დანაშაული, რომლითაც მეორე ცხრათვიანი ვადის ათვლა დაიწყო, ჩადენილი ჰქონდა არა დაპატიმრებამდე, არამედ სწორედ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მოსამართლე არ არის ვალდებული, ის გაათავისუფლოს. მოსამართლე წყვეტს, აღკვეთის ღონისძიების რა სახეობა უნდა შეუფარდოს. ამ შემთხვევაში მოსამართლემ მიიჩნია, რომ ოქროპირიძე უნდა დარჩეს დაწესებულებაში. ვიმეორებ, სასამართლომ ოქროპირიძე საპატიმროში იმიტომ დატოვა, რომ მას ედავებიან დანაშაულს, რომელიც ჩადენილია უკვე დაპატიმრების შემდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ ამ მეორე შემთხვევაში პატიმარი უპირობოდ არ უნდა განთავისუფლდეს. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ _ დატოვოს პატიმრობაში თუ შეუცვალოს აღკვეთის ღონისძიება? ბოლო შემთხვევაში მოსამართლე ხათუნა ფანცულაიამ დაადგინა, რომ ოქროპირიძე პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო. _ ხომ არ იცით, დაახლოებით ამ კატეგორიის რა რაოდენობის წინასწარ პატიმრებზე არის საუბარი, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება? _ ბევრი არ იქნება, არა იმიტომ, რომ ახალ ბრალდებას არ უყენებდნენ, თუ ცხრათვიან ვადაში ვერ ახერხებდნენ განაჩენის გამოტანას, არამედ იმის გამო, რომ უკვე იმ პირველი ბრალდებისთვის მათ სასჯელი უკვე მისჯილი ექნებათ. ამიტომ უკვე არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, იჯდა თუ არა ცხრა თვეზე მეტი ხანი ბრალდებულის სტატუსით. მაგალითად, ბაჩო ახალაიას საქმეს მოგიყვანთ: მის შემთხვევაშიც ასე იყო, რომ მას ახალი ბრალდება წაუყენეს და ახალი ათვლა დაეწყო ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ. მაგრამ დღეს უკვე მისი პრობლემა არ დგას, რადგან უკვე მისჯილი აქვს. ისევე როგორც აღარ დგას გიგი უგულავას პრობლემა, რადგან მასაც მიესაჯა. თუ ადამიანს ამგვარად უკვე მისჯილი აქვს, იქ შეიძლება დააფიქსირო, რომ მის მიმართ დაირღვა ეს საკონსტიტუციო ნორმა _ საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხი საბოლოოდ ასე განმარტა. თავის დროზე უნდა გაეშვათ, მაგრამ გაიარა იმ პერიოდმა და არ გაუშვეს, უკან ხომ ვერ შემოაბრუნებენ აღნიშნულ სიტუაციას? დღეს ისინი არიან მსჯავრდადებულები. მით უმეტეს, რომ მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი განმარტება არ არსებობდა. ეს პრაქტიკა „ნაციონალებმა“ დაამკვიდრეს თავის დროზე, როცა მმართველობაში იყვნენ და დღევანდელებმა ეს პრაქტიკა გააგრძელეს. უბრალოდ, მიიჩნიეს, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. რეალურად კი ეს პრაქტიკა სწორი არც „ნაციონალების“ დროს ყოფილა და არც _ ახლა. მაგრამ ვის წინააღმდეგაც ეს მიუღებელი ფორმა გამოიყენეს, ამან უკვე ჩაიარა, რადგან ამ ადამიანებს უკვე მიუსაჯეს. როდესაც ადამიანი მსჯავრდადებულია, უკვე აღარ არის საუბარი ბრალდებულის ვადაზე. მსჯავრდადებული არის იმ ვადით, რაც მას სასამართლომ მიუსაჯა _ ორი წელი იქნება, თუ 7-8 წელი. ათვლა იქიდან იწყება, როდესაც სასამართლომ სასჯელის მოხდის კონკრეტული ვადა დააფიქსირა. _ უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა მათ, ვინც, თავის დროზე, კანონმდებლობის ამგვარი მიუღებელი ინტერპრეტაცია მიიღო და 9 თვის შემდეგაც ადამიანები წინასწარ პატიმრობაში რჩებოდნენ? _ ასე არ დგას საქმე და, ალბათ, არც უნდა მოხდეს. ეს იყო კანონის ნორმის ინტერპრეტაცია და ამაში ეჭვი არ შეჰქონდათ. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომდე მივიდა ეს საქმე, სასამართლომ განმარტა, რომ ასე კი არა, სხვაგვარად უნდა განიმარტოს აღნიშნული მუხლი, მაგრამ აქამდე ასე რატომ იყო, ამაზე სასჯელი არავის დაეკისრება. იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვცა, თუ კიდევ ვინმე გამოიყენებს აღნიშნულ ინტერპრეტაციას, რასაკვირველია, მას შესაბამისი პასუხისმგებლობაც დაეკისრება. _ სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულების დახურვის რეკომენდაცია გასცა. იქნებ, განმარტოთ, რა არის ამგვარი მოწოდების მიზეზი ომბუდსმენის ოფისის მხრიდან? _ დახურვასთან დაკავშირებით აღნიშნულ პოზიციას მეც ვიზიარებ. სწორი რეკომენდაციაა, რადგან ეს დაწესებულება სათანადო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს _ იმ ნორმებს, რომელსაც საერთაშორისი და ადგილობრივი ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს, მაგრამ, რატომღაც, სასჯელაღსრულების სამინისტროს ასეთი პოზიცია აქვს, რომ სანამ ჩვენ ახალ დაწესებულებას არ ავაშენებთ ე. წ. მძიმე კატეგორიის პატიმრებისთვის (სახიფათო კონტინგენტად რომ მიიჩნევენ), მანამდე მეშვიდეს ვერ დავხურავთო. ვფიქრობ, რომ ეს არასწორი პოზიციაა. იქ არის, სულ რაღაც, 30-40, მაქსიმუმ, 50 კაცი და ზოგჯერ 20 კაცზე მეტიც არ არის ხოლმე. 30-40 კაცის განთავსება თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ საპყრობილეში, იქნება ეს მერვე თუ სხვა. განსაკუთრებით რუსთავის მეექვსე საპყრობილეში, რომელიც უზარმაზარია. თუ მაინცდამაინც ამათთვის ცალკე უნდათ სრული იზოლაცია, შესაძლებელია ერთი ცალკე განყოფილება გამოიყენონ ამ ბრალების მქონე პატიმრებისთვის და ეს მეშვიდე დაწესებულება, ბოლოს და ბოლოს, დაიხუროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის ეს რეკომენდაცია დაუყოვნებლივ შესასრულებელია და ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. არ არის არგუმენტირებული მოტივი, როდესაც ამბობენ, რომ აი, ჩვენ რომ ავაშენებთ ციხეს დასავლეთ საქართველოში, მერე დავხურავთ მეშვიდესო.  

                                                                                                  გელა მამულაშვილი

 

გაზიარება