QronikaPlus
დიმიტრი შაშკინი: "ჩვენ უკვე მსოფლიო პოლიტიკის რადარებზე აღარ ვიმყოფებით!"

დიმიტრი შაშკინი: "ჩვენ უკვე მსოფლიო პოლიტიკის რადარებზე აღარ ვიმყოფებით!"

2015-10-02 08:07:41

  თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით, _ ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, "ბიბისის" გადაცემა "ჰარდთოლქში" განაცხადა. "ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან მას ჩვენს ქვეყანაში 2016 წელს დაგეგმილი არჩევნები ემთხვევა. თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამაზე მიანიშნებს. ეს არის დემოკრატია, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და არ ვიჭერთ პოლიტიკურ ოპონენტებს", _ განაცხადა თინა ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა: "რუსეთი ხელშეკრულებებს არა მარტო აფორმებს ე. წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, მათ 6000-კაციანი საოკუპაციო ჯარები ჰყავს განთავსებული ამ ტერიტორიაზე, რომლებიც თითქმის ყოველდღე იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. გლეხს, რომელიც ტყეში სოკოს მოსაგროვებლად მიდის, რუსი ჯარისკაცები იტაცებენ. 24, 48, ან 72 საათის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ხასიათზე იმყოფება რუსი სამხედრო, მათ უკან აბრუნებენ. რუსები განმარტავენ, რომ გლეხებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო აკავებენ და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. გარდა ამისა, რუსები ყოველდღიურად ახორციელებენ მცოცავ ანექსიას. რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ არ არსებობს 2008 წლის განმეორების საფრთხე, თუმცა თუ მსოფლიო საქართველოს შემთხვევაშიც ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, თუ მსოფლიო ხელს არ შეუშლის თავისუფლების ექსპანსიას, მაშინ წააქეზებს რუსეთს აგრესიულ ნაბიჯების განხორციელებისკენ", _ აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. რაც შეეხება შეკითხვას, ის, როგორც თავდაცვის სისტემის ხელმძღვანელი, რას გააკეთებს ომის განახლების შემთხვევაში, ხიდაშელის თქმით: "აგრესიის შემთხვევაში ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება: გმირებად დავიღუპოთ. თუმცა მაინც არსებობს კითხვები, შეუძლია თუ არა მსოფლიოს რამე დადებითის გაკეთება ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ეს არ იქნება მარტო საქართველოს ტრაგედია. რუსეთს შერჩა 2008 წლის საქართველოს მოვლენები და შემდეგ მივიღეთ უკრაინა. თუ ახლა რუსეთს შერჩება უკრაინაში განხორციელებული უკანონობა და თუ ნატო მკაფიოდ არ განაცხადებს, რომ ისინი არ შეეგუებიან მსგავს ფაქტებს, რუსეთი არ შეჩერდება", _ განმარტა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, საქართველო არ სთხოვს ნატოს, განახორციელოს ინტერვენცია რუსეთში, "მან, უბრალოდ, შემაკავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს". "ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სადაც ნატო შედის, იქ ომი აღარ ხდება", _ დასძინა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.   "ქრონიკა+" ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და რეალობაზე ყოფილ თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინს ესაუბრება. _ ბატონო დიმიტრი, რას უნდა ველოდოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტისგან? მოგვცემენ გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას, თუ მორიგი "მაპზე უკეთესით" დაყაბულდებიან? _ სამწუხაროდ, არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. არა იმიტომ, რომ ინფორმაციას არ ვფლობ, არამედ იმის გამო, რომ ყველაფერი, რაც სამი წლის განმავლობაში გაკეთდა და კეთდება საქართველოში, სამწუხარო საფუძველს გვაძლევს, რომ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება გვქონდეს. რატომ? ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი პრობლემა გვაქვს. გვყავს ჩრდილოეთის ძალიან მძიმე, მოუსვენარი მეზობელი და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დასავლური სამყაროს მუდმივი ყურადღება გვქონდეს. სამწუხაროდ, სამ წელიწადში ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დასავლეთის ეს ყურადღება გამქრალიყო. ჩვენ უკვე მსოფლიო პოლიტიკის რადარებზე არ ვიმყოფებით და ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა. ძალიან მარტივად, ანალიტიკურად შევაფასოთ, თუ რაზეა დამოკიდებული ჩვენი წინსვლა ნატოში? _ ეს დამოკიდებულია სამ კომპონენტზე: პირველი _ ეს არის იმ საშინაო დავალების შესრულება, რომელსაც ნატო გვაძლევს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დავნერგოთ ალიანსის სტანდარტები და მივუახლოვდეთ მას. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომლის შესრულებაც დამოკიდებულია იმ კონკრეტულ უწყებებზე, რომლებიც ამ საშინაო დავალებას იღებენ. მაგალითად, ეს არის თავდაცვის სამინისტრო; მეორე _ ეს არის ფართო სპექტრის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ტარდება და ამით იზომება, თუ რამდენად არის ქვეყანა დემოკრატიული; და მესამე _ პოლიტიკური ნება იმ ქვეყნებისა, რომლებიც ახლა ნატოს რიგებში არიან. აი, ეს სამი მარტივი კომპონენტია. ახლა თქვენ თვითონ ნახეთ, თუ რა წინსვლა გვაქვს ამ სამივე კომპონენტში. დავიწყოთ ტექნიკური სამუშაო დავალებით. ეს არის ის, რასაც თავდაცვის სამინისტრო ასრულებს, მაგრამ აქ გვაქვს პრობლემა, რადგან რასაც 2012 წლამდე ვაკეთებდით, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საშინაო დავალებას წარმატებით ვასრულებდით). თავდაცვის სამინისტროში ყველაფერს ნატოელ პარტნიორებთან შეთანხმებით ვაკეთებდით, მაგრამ ჩვენ მიმართ ახალი ხელისუფლების მხრიდან იმხელა ზიზღი იყო, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, თურმე ცუდი იყო და თავისებურად გაკეთება დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატო ამ საშინაო დავალების შესრულებაში ყველანაირად პოზიტიურად გვაფასებდა. რაც შეეხება მეორე, ფართო დემოკრატიას, აქ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით კვერცხებისა და ქვების სროლა მოსამართლეების წინააღმდეგ; ქალაქის არჩეული მერის განთავისუფლება, 23 საათში მისი დაკავება; სტრასბურგი ემზადება გადაწყვეტილების მისაღებად ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ უკანონო წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით; ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ და მაქსიმალურად ცდილობენ, ეს პროცესი გაწელონ და პრეზიდენტის ბებიის ქონებაც კი დააყადაღეს. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია, იგივე მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ა. შ. და მესამე კომპონენტი _ პოლიტიკური მხარდაჭერა. იცით და არ არის საიდუმლო, რომ ნატოში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი. მაგალითად, ასეთია გერმანია. იმისთვის, რომ გერმანია დავარწმუნოთ, ჩვენი მთავარი იარაღის გამოყენება გვჭირდება. ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი _ ამერიკის შეერთებული შტატები და იმ პარტნიორი ქვეყნების ჩართვა, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერენ. ამისთვის საჭიროა, რომ დღე და ღამე პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი აწუხებდნენ ამ ქვეყნების პირველ პირებს. ეს არ არის თავდაცვის მინისტრის დონე, ეს, უპირველესად, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საზრუნავია. ეს ორი ადამიანი მუდმივად უნდა აწუხებდეს აღნიშნული ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერებს, რომ გვჭირდება თქვენი დახმარება არა მარტო მხარდაჭერის კუთხით, არამედ სხვა, ე. წ. სკეპტიკოსების დარწმუნების თვალსაზრისითაც. ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ ორ დელეგაციას გაეროში, ჭიდაობას პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, საერთოდ გაუგებარ მესიჯებს _ ერთი ერთს ამბობს და მეორე _ სულ სხვას. არ მინდა, ძალიან შორს წავიდე, ეს სამი მთავარი კომპონენტი ჩამოგითვალეთ და თქვენ მითხარით, სად გვაქვს წინსვლა? _ ამ ფონზე რას გვეტყვიან ვარშავის სამიტზე, თქვენი პროგნოზი როგორია? _ ვიმეორებ: სკეპტიკურად ვარ განწყობილი. სავარაუდოდ, სამიტი შემოიფარგლება ჩვენი მხარდამჭერი განცხადებით. სამიტის ძირითადი ყურადღება მაინც უფრო უკრაინისკენ იქნება მიმართული და ეს კიდევ ერთი შეცდომაა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დაუშვა. ჩვენ ბევრად მეტი შანსი გვქონდა, როდესაც მუდმივად უკრაინასთან წყვილში ვიდექით. ახალმა ხელისუფლებამ ჩვენსა და უკრაინას შორის ეს ჯაჭვი გაწყვიტა პოლიტიკურ ასპარეზზე და აბსოლუტურად მცდარი განცხადებები გააკეთა, კერძოდ, როდესაც მსოფლიოს მოუწოდა, რომ იარაღი არ მისცენ უკრაინას. თქვენ თუ გგონიათ, რომ უკრაინელებს ეს დაავიწყდათ, ცდებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინასთან წყვილში არ განვიხილებით, რაც დიდი შეცდომაა, რადგან უკრაინა ამჟამად მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამიტომ იქნება მხარდამჭერი განცხადება, მაგრამ ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, სამწუხაროდ, წინსვლას ვერ ვნახავთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რეალობა და დაკარგული დროა. _ სამომავლოდ შესაძლებელია თუ არა გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (მაპი) გარეშე საქართველოს ალიანსის რიგებში მიღება? ამაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ... _ როგორც დასაწყისშივე ვთქვი, ნატოსთან ინტეგრაცია სამ კომპონენტზე არის დამოკიდებული, სადაც შეგნებულად მაპი არ დავასახელე. მაპი ეს არ არის რესურსი და მიზანი ინტეგრაციის კუთხით, ეს არის პროცესი, რომელიც ზემოაღნიშნულ სამ მთავარ კომპონენტზეა დამოკიდებული: საშინაო დავალების შესრულება, ფართო დემოკრატიული რეფორმები და პოლიტიკური ნება, განსაკუთრებით სკეპტიკოსი ქვეყნების მხრიდან. მაპი მხოლოდ ერთ-ერთი მექანიზმია, რომლითაც ნატოში შევდივართ. თუ ის სამი კომპონენტი არ მოგვარდება, გინდ მაპი იყოს, გინდ ნებისმიერი სხვა სახის პროცედურა, შინაარსობრივდ ეს საკითხს ვერ წყვეტს. იმ სამ კომპონენტთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების დროს ყველაფერს ვაკეთებდით და უკვე ბოლო კომპონენტი იყო გასაკეთებელი _ ეს არის სკეპტიკოსების დარწმუნება. თქვენ გახსოვთ, ბუქარესტის ცნობილი სამიტის წინ რამდენად დიდი მხარდაჭერა იყო ჯორჯ ბუშის მხრიდან; ის ბოლომდე ცდილობდა სკეპტიკოსების დარწმუნებას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მაპი და შეუფერხებელი წინსვლა უნდა ყოფილიყო ალიანსის რიგებში... მაგრამ ის პირველი ორი კომპონენტი მოგვარებული იყო _ საშინაო დავალება და დემოკრატიული რეფორმები. ანუ აქ ძალიან მარტივადაა _ როდესაც მესამე კომპონენტზე ვსაუბრობდით, პოლიტიკური სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ამათთან დემოკრატია არ არის და როგორ შეიძლება, ნატოში მივიღოთო? როდესაც ამერიკა ამაში, მაგალითად, გერმანიას არწმუნებდა, გერმანული მხარე ვერ ეწინააღმდეგებოდა და მხოლოდ სხვა ფაქტორები იყო გამოყენებული. ახლა პირდაპირ გვეუბნებიან, _ პოლიტიკური პატიმრები გყავთ, მედიაზე ხორციელდება ზეწოლა და ა. შ. წერილებს ვიღებთ, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ვერ შიფრავს კი არა, საერთოდ ვერ კითხულობს; ანუ დიპლომატიურ წერილში პირდაპირ კი არ შეგაგინებენ, გეტყვიან და მიგანიშნებენ, თუ სად გაქვს რეალური პრობლემა. რატომღაც მათ ჰგონიათ, რომ სანამ ხმამაღლა არ შეგვაგინებენ, ყველაფერი წესრიგშიაო, მაგრამ ასე არ არის, ისინი სხვა ენით საუბრობენ. როდესაც შეერთებული შტატების ელჩი გამოდის და ამბობს, რომ ყურადღებით ვაკვირდებით არჩეული მერის სასამართლო პროცესსო, ეს ნიშნავს, რომ იქ პრობლემებია. ეს ამ დიპლომატიური ენით იშიფრება. როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი გამოდის და საქართველოში მედიის პრობლემებზე საუბრობს, პირდაპირ კი არ გეტყვის, თქვენი დედაც ვატირე, ამას რას აკეთებთო, დიპლომატიური ენით მიგანიშნებს, რომ პრობლემა გაქვს, რომელიც, როგორც ფაქტორი, ქმნის დაბრკოლებებს ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. _ ამ გზაზე როგორ უნდა განვიხილოთ ნატოს საწვრთნელი ცენტრის მნიშვნელობა, რა არის მისი რეალური სარგებელი? _ ნატოს საწვრთნელი ცენტრი ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ნატოში სრული ინტეგრაციის კუთხით. იმ პირობებში, როცა ჩვენ არ ვართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა, ეს ერთ-ერთი საშინაო დავალებაა, რომელსაც ნატოს ხელმძღვანელობა გვაძლევს. რაც უფრო მეტი სასწავლო ცენტრი და მეტი ყურადღება იქნება ნატოელი სამხედროების მხრიდან ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, მით უკეთესი. მაგრამ ვიმეორებ, ეს არსებითად პრობლემას ვერ წყვეტს. როდესაც შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ავღანეთში ნატოს სამხედროებს ვხვდებოდი, ოფიცრების, ჯარისკაცების მხრიდან ჩვენდამი კეთილგანწყობა ძალიან დიდი იყო. ისინი არ ერიდებოდნენ საკუთარი მთავრობების კრიტიკას, თუ რატომ არ არის საქართველო ნატოს რიგებში. მე ვსაუბრობ ნატოელ სამხედროებზე, ისინი ჩვენს მხარეზე არიან. ჩვენი ბიჭები მათთან ერთად გმირულად იბრძვიან და ბუნებრივია, ეს ნატოს ღია მხარდაჭერის გამოხატვაა. აქედან გამომდინარე, სამხედროებს შორის ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს. ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლება იჭერს გაერთიანებული შტაბის უფროსს, რომელიც, მათ შორის, სხვა ქვეყნების სამხედროებთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება. ეს არის პრობლემა, რადგან ასეთ ქმედებას ნებისმიერი სამხედრო სხვანაირად აღიქვამს. როდესაც გაერთიანებული შტაბის უფროსს, ანუ ქვეყნის მთავარ სამხედროს ღამის ოთხ საათზე ტუალეტთან იჭერ, თან აბსოლუტურად გაუგებარი და უგუნური ბრალდებით, ეს ძალიან დიდი ზიანს აყენებს ნებისმიერ ურთიერთობას იგივე სამხედროებს შორის. _ თადაცვის მინისტრმა განცხადა, თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, საშიშროებაა, რომ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენო... _ ამაზე პირდაპირ უნდა გითხრათ, რადგან არ მიყვარს საკითხისთვის გვერდის ავლა: თავდაცვის მინისტრის ასეთი განცხადებები პროცესს ავნებს. ამით მინისტრი ავლენს არაკომპეტენტურობას ასეთ საკითხებში. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც შეიძლება ვაშანტაჟოთ შეერთებული შტატები, გერმანია, იტალია თუ სხვა რომელიმე ქვეყანა, ვთქვათ კანადა. მუშაობა აბსოლუტურად სხვანაირად არის საჭირო. _ ამდენი ლოდინის გათვალისწინებით, ფიქრობთ, რომ ასეთი ხისტი მიდგომა პოლიტიკური დივიდენდის მომტანი არ არის? _ ვცდილობ, ძალიან კორექტული ვიყო. როგორ ფიქრობთ, დიპლომატიაში, საერთაშორისო ურთიერთობებში შანტაჟის ენით ჩვენი მხრიდან საუბარი მოსულა? ვინც მსგავს ნაბიჯებს დგამს თანამედროვე მსოფლიოში. ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც დასავლეთს შანტაჟის ენით ელაპარაკება. მაგალითად, დასავლეთს შანტაჟის ენით ელაპარაკებოდა კადაფი, _ თუ ამას არ გამიკეთებთ, ამას და ამას ვიზამო და ა. შ. ჩვენ პუტინისა და კადაფის რიგებში უნდა ჩავდგეთ და შანტაჟის ენით ვესაუბროთ?! ასეთი ღია მესიჯები ვესროლოთ დასავლეთს?! _ პრეზიდენტის სასახლესთან პრორუსული ძალები გამოვიდნენ და სახელმწიფო მეთაურს ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოსთხოვეს... _ ეს არის შედეგი იმისა, რომ სახელმწიფო გაიწია თავისი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებისგან, რომელიც სახელმწიფო იდეოლოგიის განვითარებას გულისხობს. ის, რომ საქართველოში პრორუსული ძალები იყვნენ, ეს არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენდა. როდესაც ნატოსთან ინტეგრაციაზე რეფერენდუმი იყო და 75%-მა ამას მხარი დაუჭირა, 25% დარჩა და აქედან დიდი ნაწილი პრორუსულად განწყობილი ელექტორატია. მაგრამ ეს დე ფაქტო მოცემულობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს ხალხი არსებობს, მათ ახლა რუსეთი ფულით ეხმარება და ისინი, ბუნებრივია, აქტიურობენ. ამ ფონზე სახელმწიფო გვერდზე გაიწია და ამბობს, რომ მე სახელმწიფო იდეოლოგია არ გამაჩნიაო, ანუ მე ასეთ პროცესებში არ ჩავერევიო. ამიტომ მათ თავი წამოსწიეს და რუსული ფულით აქტიურობენ კიდეც _ ცდილობენ, უკან შეგვათრიონ იქ, სადაც 90-იან წლებში ვიყავით. _ გამოსავალი? რა პოლიტიკა უნდა გატარდეს ჩრდილო მეზობელთან მიმართებით, რომ ევროპული სვლა რეალური საფრთხის წინაშე არ დადგეს? _ უდიდესმა პოლიტიკოსმა, უინსტონ ჩერჩილმა თქვა, რომ ერთადერთი, რასაც რუსეთი პატივს სცემს, ეს არის ძალა. რუსეთი აბსოლუტურად აზიური ქვეყანაა, აზიური პოლიტიკის მატარებელი სახელმწიფოა, სადაც შენი რაღაც საკითხებში უკანდახევა ყოველთვის აღქმულია, როგორც სისუსტე. არსებობს ევროპული და აზიური პოლიტიკა. ყველაფერს თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს. თუ ევროპაში შენი ერთი ნაბიჯით უკანდახევა რაღაც საჭირო, კეთილ ნაბიჯად ჩაითვლება, აზიურ პოლიტიკაში უკანდახევა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ შენს სისუსტედ აღიქმება. ჩვენ რუსეთთან მიმართებით რიტორიკა კი არ შევცვალეთ, რეალურად უკან დავიხიეთ და რუსეთს მოფერება დავუწყეთ. შევარდნაძე რუსეთს წლების განმავლობაში ეფერებოდა. შედეგად რა მივიღეთ? _ თუ ვინმე რამე პოზიტივს მეტყვის, ჩავთვლი, რომ საკითხში ვერ ვერკვევი. ეფერებოდა წლების განმავლობში მოსკოვს, მივიღეთ დაკარგული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ერთადერთი, რაც რუსეთთან ჭრის, ეს არის მტკიცე პოზიცია, მუდმივი ჩვენება, რომ მისი არ გეშინია და როცა მუდმივად საერთაშორისო საზოგადოების რადარებზე რჩები; რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა და რომ ჩვენ ღიად გვიჭერს მხარს დასავლეთი. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ბოლო სამ წელიწადში დავკარგეთ და ახლა უკვე იმის გამო, რომ რადარებზე აღარ ვართ, რა დონეზე დავედით, იცით, რუსეთთან ურთიერთობაში? _ ვიღაც პროპორშიკის დონეზე ცხინვალის რეგიონში. ვიღაც პროპორშიკს რაღაც რომ მოუნდება და მისი ნამოქმედარის ჩაყლაპვა გვიწევს, სხვაზე რაღა უნდა ვისაუბროთ?!  

                                                                                                              გელა მამულაშვილი

   

გაზიარება