QronikaPlus
ბანკები იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას ვეღარ გაყიდიან?!

ბანკები იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას ვეღარ გაყიდიან?!

2015-10-02 08:24:33

რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ეხება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას. ამიერიდან ბანკებსა თუ კერძო პირებს აღარ შეეძლებათ იძულებით გაუყიდონ ქონება იმ მსესხებლებს, რომელთაც იგი სესხის უზრუნველსაყოფად ჩადეს. ვინც ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მსესხებლისთვის ქონების იძულებით გაყიდვა უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაეთვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი, მარიკა არევაძე. იგი უშუალოდ არის ჩართული საბანკო სექტორსა და კლიენტებს შორის არსებული პრობლემების კვლევაში, რომელსაც მათი ორგანიზაცია აწარმოებს. _ მარიკა, რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას ბანკის მიერ. გთხოვთ, პუპულარულ ენაზე აგვიხსნათ ამ გადაწყვეტილების შინაარსი და რამდენად მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯი იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბანკის ვალებში იხრჩობა და მათ შორის დიდი ნაწილი ბინიდან გამოსახლების მოლოდინშია?.. _ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე აკეთებს აქცენტს. სასამართლომ ხაზი გაუსვა სამართალში მოქმედ უმნიშვნელოვანესს  _ კეთილსინდისიერების პრინციპს და განმარტა, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამართლებრივი ურთიერთობების მხარეებს შორის ერთმანეთის უფლებების პატივისცემას და მიუთითა, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია, უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისთვის. სასამართლომ მოცემულ საქმეში ბანკის ქმედება _ უძრავი ნივთების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების უკიდურესი ფორმის გამოყენება, შეაფასა ბანკის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებად. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მიერ გაკეთებული განმარტება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ მართლმსაჯულებაში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ეს პრობლემა ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს. იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ძალიან დიდ შვებას მისცემს. _ კიდევ დავაკონკრეტოთ. უზენაესი სასამართლო მიუთითებს ასეთ რამეს: ბანკის მხრიდან უძრავი ნივთების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების უკიდურესი ფორმის, გამოყენება შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან. რას მიუთითებს სამოქალაქო კოოექსის 115-ე მუხლი? _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი ამბობს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. _ კიდევ რითი არის მნიშვნელოვანი უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და შემდგომ როგორ დარეგულირდება კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობა? როგორ შეძლებს ბანკი თანხის ამოღებას მოქალაქისგან, რომელიც ვალს ვეღარ იხდის? _ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. თუმცა მინდა გამოვყო ერთ-ერთი, კერძოდ, მოცემული გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს, რომ სასესხო ურთიერთობისას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვალე ვეღარ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ბანკის მხრიდან გათვალისწინებული უნდა იქნას მოვალის მდგომარეობა და მას ხელი უნდა შეეწოს, რომ რეალურად შეძლოს ვალდებულების შესრულება. ამასთან, ამ ტიპის ურთიერთობები დამყარებული უნდა იყოს კეთილსინდისიერების პრინციპზე და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა, რათა ეს ურთიერთობი ნორმალურად განვითარდეს. საკმაოდ ბევრ მოქალაქეს ვხვდები და კონსულტაციას ვუწევ სასესხო საკითხებთან დაკავშირებით. არც ერთი მათგანი არ გაურბის პასუხისმგებლობას და ვალდებულების შესრულებას. თითოეული მათგანი ვალდებულებას ასრულებდა ჯეროვნად, მანამ, სანამ არ დაუდგათ უმუშევრობის პრობლემა. თუმცა რთული მდგომარეობის შემდეგაც არ გაურბიან ვალდებულების შესრულებას და ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მიმართავენ ბანკებს და სთხოვენ თანხის ნელ-ნელა, გახანგრძლივებულ დროში გადახდას, რომ რეალურად შეძლონ ყოველთვიურად თანხის შეტანა. მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის ყველა შემთხვევაში ისინი ღებულობენ უარს. ასევე ვიცნობ საქმეს, სადაც ბანკმა არამცთუ კეთილსინდისიერების პრინციპი დაიცვა მსესხებელთან ურთიერთობისას, არამედ, პრაქტიკულად, მიზანმიმართულად გამოიყენა მისი დომინირებული მდგომარეობა და კონკრეტული მსესხებელი გააკოტრა, რამაც საკმაოდ დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა მსესხებელს. ვფიქრობ, სწორედ ამ ტიპის სასამართლო გადაწყვეტილებები მიიყვანს საქართველოში მოქმედ ბანკებს იმ აზრამდე, რომ პატივი სცენ თავიანთ კლიენტებს, მათ უფლებებს და სამართლებრივი თუ საქმიანი ურთიერთობისას მათი ინტერესები გაითვალისწინონ. _ ე. ი. უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ის ადამიანები, რომლებსაც სესხის უზრუნველსაყოფად უძრავ-მოძრავი ქონება ჩადეს, თუ ვერ გადაიხდიან ვალს, ბანკს უფლება არ აქვს, გაუყიდოს მათ ქონება? _ არა! აღნიშნული გადაწყვეტილებით ნათქვამია, რომ ბანკმა უფლების დაკმაყოფილებისას უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც მეტად იქნება შესაბამისობაში მოვალის ინტერესებთან და არ მოახდინოს ქონების რეალიზება, თუ არსებობს უფლების დაკმაყოფილების სხვა ალტერნატივა, რომ ამით ზიანი არ მიადგეს მოვალეს. თუნდაც ისეთ მოვალეს, რომელიც ვეღარ ასრულებს ჯეროვნად ნაკისრ ვალდებულებას.  

                                                                                                              თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება