როცა არჩევნები ახლოვდება, ყველაფერი ყირაზე დგება, ასეა ახლაც, _ არჩევნების მოახლოებასთან ერთად შიდა დაპირისპირებები პარტიულ რგოლებში იზრდება, _ სავარაუდო კანდიდატები ერთმანეთზე კომპრომატების დახარისხებას იწყებენ...
სახელისუფლებო გუნდი დაუყოვნებლივ ბიძინა ივანიშვილსკენ მიაშურებს. მთავარია, ალბათ, ვინ დაასწრებს და ვინ შესთავაზებს საკუთარ თავს ოლიგარქს...
ჩვენ ხომ ის სახელმწიფო ვართ, სადაც პრემიერიც ისეთივე მორჩილია ოლიგარქის, როგორც ოდესღაც ფარაონის მორჩილები იყვნენ მონები. რაღა ფარაონი და რაღა დღევანდელი ოლიგარქი! ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, დემოკრატიულ კორეას ჰგავს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ერთმმართველი კულისებში არ დგას, ჩვენი „ალბათ მეპატრონე“ კი კულისებიდან გვიყურებს და იქიდან გვმოძღვრავს.
ივლისში იმერეთის მზეს გამოერიდა და კახეთში წინანდლის ბაღს მეუღლესთან ერთად ეწვია... როგორც ცნობილია, თან დავით მაღრაძე ახლდა. `ოცნების~ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ივლისის ვოიაჟის დროს არ უნახავს. გულდასმით დაათვალიერა წინანდლის ბაღი, დააჭაშნიკა ღვინო, გაესაუბრა მეზობლებს, გაიარ-გამოიარა, წინანდალსა და ყვარლის საკუთარ ვენახებს გადახედა, შორიდან შეათვალიერა თელავის „ვაზის კომპანია“, ღვინის ქარხანა, რომელსაც მისი ძმა პატრონობს და ასე დაფიქრებული შუშის სასახლეში დაბრუნდა.
აგვისტოში ოლიგარქი კვლავ ჩამოვიდა წინანდალში და უკვე მუშტრის თვალით გადახედა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმს...
ბიძინა ივანიშვილს ახალი მუზა გაუჩნდა და თავისებური მოლაპარაკებებიც დაიწყო. მანამდე კი, სანამ მოლაპარაკებებზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ, ვისია დღეს წინანდალი?
წინანდლის ბაღის მოიჯარეა გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“.
2005 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი სახელმწიფომ 49-წლიანი იჯარით კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „ამბრელა კონსალტინგს“ გადასცა. თავის დროზე, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის გასხვისებამ არა მხოლოდ წინანდალში, არამედ მთელ კახეთში დიდი მღელვარება გამოიწვია... დღემდე წინანდლის მეპატრონე სახელმწიფოა, თუმცა „სილქროუდ ჯგუფი“ _ მოიჯარე.
2011 წელს ,,სილქროუდ ჯგუფი“ წინანდალში 20-მილიონიანი პროექტის განხორციელებას იწყებდა. გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც 110-ადგილიანი სასტუმროს, ასევე ძველი ღვინის ქარხნის რესტავრაციასა და ორი საკონცერტო დარბაზის მშენებლობას ითვალისწინებდა. მისმა სავარაუდო ღირებულებამ ოც მილიონ დოლარს გადააჭარბა.
„სილქროუდ ჯგუფი“ ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმსა და ბაღს იჯარით რამდენიმე წლია, მართავს და ამ ხნის განმავლობაში რეაბილიტაციისთვის თერთმეტი მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. გარდა ამისა, მუზეუმის ტერიტორიაზე ერთი „გესტჰაუზი“ ააშენა.
ასე რომ, დანაპირების მიხედვით, „რედისონის“ „წინანდლის“ სასტუმროს მშენებლობის პროცესი 2011 წელს დაიწყო, თუმცა მხოლოდ საძირკველი აშენდა. „სილქროუდი“ აცხადებდა, რომ 2013 წლის ბოლოს წინანდლის `რედისონს~ გახსნიდა, თუმცა ახლა 2015 წელია და ჯერ „რედისონი“ არსად ჩანს.
კომპანიის მეპატრონე „ზარალა“ _ გიორგი რამიშვილი, საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მის შესახებ ელექტრონულ მედიაში უამრავი ინფორმაცია მოიძებნება _ ნავთობი, გაზი, სარკინიგზო გადაზიდვები, სატელეფონო და ინტერნეტსერვისი, საბანკო სექტორი, მშენებლობა, გაყინული ხორცი და ქათამი, ბრინჯი, შაქარი, სამშენებლო მასალები _ ეს იმ ბიზნესების არასრული ჩამონათვალია, რასაც „ზარალა“ საქართველოში ფლობს. ყოფილ მხედრიონელს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისივე მეგობარი, ასევე, ყოფილი მხედრიონელი, ნიკა რურუა მფარველობდა.
გიორგი რამიშვილის სახელი ნავთობკომპანია „სილქროუდ გრუპს“ უკავშირდება, რომელიც 1998 წელს დაფუძნდა. „სილქროუდ გრუპის“ შემადგენლობაში შედის „სილქნეტი“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „რედისონ ბლუ ივერია“ (თბილისში), „რედისონი“ (ბათუმში), „ბი თი ეი ბანკი“, წინანდლის კომპლექსი და საინვესტიციო კომპანია „დი ესი“.
გიორგი რამიშვილი, ჯამში, საშუალოდ, 200 მილიონზე მეტ ქონებას ფლობს.
დღეს იგი წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისა და უნიკალური ბოტანიკური ბაღის, 4-საუკუნოვანი ღვინის მარნების დროებითი მეპატრონეა...
ოლიგარქისა და „ზარალას“ გარიგება
ალასანიას ოპოზიციაში გადასვლამ, კაბელების საქმემ, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბიძინა ივანიშვილთან არცთუ ისე თბილი ურთიერთობები უფრო დაუძაბა.
რამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ძირითად დამფინანსებლად მიიჩნეოდა, რაც ივანიშვილს არ დავიწყებია...
ამ ეტაპზე „სილქროუდ ჯგუფის“ ლიდერს ყველაზე მეტად ივანიშვილთან ურთიერთობების დალაგება უნდა აწყობდეს და სწორედ ამ დროს ბიძინა ივანიშვილს სურვილი გაუჩნდა, წინანდლის ბაღის მესაკუთრეც გახდეს, თუმცა 2005 წელს 49-წლიანი იჯარით გაცემული წინანდლის ჩამორთმევა ცოტა რთული სამართლებრივი პროცედურაა.
პირველი: ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი სახელმწიფოს საკუთრებაა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა;
მეორე: სახელმწიფომ იგი კომპანიას 49-წლიანი იჯარით გადასცა.
რა ფორმით შეუძლია ივანიშვილს წინანდლის დასაკუთრება?
თუ ეკონომიკის სამინისტრო ივანიშვილს წინანდალს მიჰყიდის, უკვე მესაკუთრე ოლიგარქი იქნება, რომელსაც შეეძლება, რომ საიჯარო ხელშეკრულება ან ცალმხრივად გაუუქმოს მოიჯარეს, ან ორმხრივი მოლაპარაკებით იჯარა შეწყდეს და მესაკუთრემ თავად განაგოს ის, რასაც ასე რუდუნებით უვლიდნენ კახელები.
მოლაპარაკება შედგა, რამიშვილი თანახმაა, ახლა ეკონომიკის სამინისტროს ჯერია, როდის გაყიდის ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმს.
ქვეყნის ნომერმა პირველმა მოქალაქემ კი აგვისტოში უკვე „ოცნების“ გუნდის წევრებს აუწყა, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის მისი რეზიდენცია სწორედ კახეთში, წინანდალში იქნება.
რაც მთავარია, ოლიგარქმა დასავლეთ საქართველოში მოიწყინა და ახლა აღმოსავლეთისკენ მოილტვის, თელავში კი „ოცნების“ ლიდერები ივანიშვილის მეზობლობას გულის ფანცქალით ელოდებიან.
მთავარი კი ის არის, რომ „ზარალაც“ მშვიდად იქნება, ივანიშვილიც ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმით დატკბება და ბოტანიკურ ბაღშიც ისეირნებს...
მაკა მოსიაშვილი