საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიხედვით საქართველოს რკინიგზამ უნდა დანერგოს 8 ძირითადი დირექტივა და რეგულაცია. სწორედ ამ მიზნით ევროპის სარკინიგზო კავშირის წარმომადგენლებმა, აღმასრულებელი დირექტორის, ლიბორ ლოხმანის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონში“ სემინარი გამართეს და იმ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, რაც გასათვალისწინებელია საქართველოში სარკინიგზო სფეროში ევროდირექტივებისა და რეგულაციების დანერგვა-განხორციელებისთვის.
სემინარი გახსნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც უკვე განახორციელეს ევროკავშირთან ინტეგრაციის დროს მიღებული მსგავსი დირექტივები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი შვილობილი კომპანიის წარმომადგენლები.
დავით ბაქრაძე:
_ ევროპის სარკინიგზო კავშირის წევრი საქართველოს რკინიგზაც არის. მნიშვნელოვანია, რომ იმ გზაზე, რაც უკავშირდება ევროპულ სტანდარტთან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, კანონმდებლობის, ამ შემთხვევაში კი რკინიგზის ფუნქციონირების მიყვანას, აუცილებელია ევროპული გამოცდილების გაზიარება. საგულისხმოა, რომ ამ გზაზე მარტო არ ვართ, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის, რომ ამ სტანდარტებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარებითა და მათი ხელშეწყობით მივაღწიოთ. რეგულაციების ამოქმედება იწყება 2019-2022 წლებში. ჯერჯერობით ჩვენ მოსამზადებელ პერიოდში ვართ. ზოგადად, ეს რეგულაციები იოლი არც ერთი არ არის _ ყველა საჭიროებს დიდ ძალისხმევას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იმ პერიოდში მზად ვიყოთ, როდესაც მისი ამოქმედება იქნება საჭირო.
როგორც საქართველოს რკინიგზის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიხედვით საქართველოს რკინიგზამ 8 ძირითადი დირექტივა და რეგულაცია უნდა დანერგოს.
აკაკი საღირაშვილი:
_ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ცხადია, გათვალისწინებულია სარკინიგზო დარგისა და, ზოგადად, ტრანსპორტის დარგის თანამშრომლობა ევროკავშირთან. რკინიგზაზე ვრცელდება 8 ევროდირექტივა და რეგულაცია, რომელიც უნდა დავნერგოთ ეტაპობრივად, წლების მიხედვით. ამ მხრივ რკინიგზაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა: ჩვენ შევქმენით სპეციალური ჯგუფი, გაიწერა სამუშაო დებულება. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ევროპის სარკინიგზო კავშრის (CER ) აღმასრულებელი დირექტორი. CER -ის პარტნიორი საქართველოს რკინიგზაც არის. ეს ადამიანი ატარებს სემინარს, თუ როგორ უნდა დავნერგოთ ევროდირექტივები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ზოგადად, კარგად გავიაზროთ, რკინიგზისთვის რა პრიორიტეტები არის ამ მომენტში გამოკვეთილი. ვგეგმავთ, რომ 2019, 2020, 2021 წლები ეს არის ის საბოლოო ვადა, როდესაც დირექტივები უნდა ამოქმედდეს. გამოვყოფდი სარკინიგზო დირექტივების ძირითად ასპექტებს _ ეს არის: უსაფრთხოება, ბაზრის გახსნა, ინფრასტრუქტურის მენეჯერის _ რკინიგზის ინფრასტრუქტურული კომპანიის ტარიფის დადგენა და მასთან დაკავშირებული საკითხები, მგზავრთა უფლებები, სატვირთო გადაზიდვის მოთამაშეები, ოპერატორებისა და სხვა სარკინიგზო ოპერატორების უფლებები; ასევე გარემოს დაცვის კუთხით არსებობს მნიშვნელოვანი დირექტივები, რომელიც ეტაპობრივად დაინერგება. საერთო ჯამში, ამ ევროდირექტივების დანერგვით რკინიგზა იქნება ოპერაციებში უფრო მოქნილი, უფრო მაღალი სტანდარტის და გამართული.
ევროპის სარკინიგზო კავშირის (CER ) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლიბორ ლოხმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელი კონფერენცია უმთავრესად მიმართულია იმის განმარტებისკენ, თუ როგორ მოერგოს ეროვნული საკანონმდებლო სისტემა ევროპულს, რათა მივაღწიოთ ევროკავშირის შედეგებს: „რკინიგზისთვის ხელის შეწყობა უკეთესად მუშაობაში მას დაეხმარება, მომხმარებლებისთვის მეტად მიმზიდველი იყოს“, _ განაცხადა ლოხმანმა.
ცნობისთვის: ევროპის სარკინიგზო კავშირის (CER) მიზანს წარმოადგენს, მხარი დაუჭიროს გაუმჯობესებულ ბიზნესს და ჯანსაღი გარემო შეუქმნას ევროპული რკინიგზის ოპერატორებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კომპანიებს უფრო მკვეთრი და წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად. ევროპის სარკინიგზო კავშირი აერთიანებს 70-ზე მეტ ინფრასტრუქტურის მენეჯერსა და სარკინიგზო ოპერატორს. საქართველო არის CER -ის ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა.
თამარ ბატიაშვილი