დიდი ამერიკელი მოაზროვნე, ემა გოლდმანი ამბობდა, რომ ლიბერალიზმის კორუმპირებულ მანქანას უყვარს ხშირად „ბორბლების“ გამოცვლა, მაგრამ ეს ბორბლების ცვლა არ ცვლის მისი კაბინის შინაარსობრივ მოწყობილობას. ამ კაბინაში ძალიან ცოტა კომფორტული ადგილია და ძალიან ბევრი სატანჯველი, ან პირდაპირ სასიკვდილო. ლიბერალური ეკონომიკური სისტემის არსი სწორედ ეს არის: ერთეულების კორპორაციული მმართველობა _ მათ მიერ დაქირავებული სახელმწიფო მანქანა _ და დანარჩენი მოსახლეობა ან მიზერული ხელფასის მონობაშია, ანაც შიმშილით, ანაც პოლიციური ძალადობით კვდება... პოლიციის ერთადერთი ფუნქცია კი გახლავთ კლეპტოკრატების ქონების დაცვა მრავალხმიანი ხალხისგან. ხალხის სიმრავლის ეშინია ყველა მცირერიცხოვან მმართველ ელიტას, რომელიც სხვადასხვა მაქინაციით არის გამდიდრებული.
მაგრამ აშკარაა, რომ კარლ მარქსის მიერ შემოთავაზებული გზები ამ სისტემის დანგრევისა და მისი ალტერნატივის აშენებისა არ ამართლებს, XX საუკუნემ ეს კარგად დაგვანახვა. თვით მარქსმაც კი თავისი სიცოცხლის ბოლოს თქვა: ძალიან ცოტა რამე თუ ვიცი, ზოგადად, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ მე, კარლ მარქსი, მარქსისტი არ ვარო. XX საუკუნის მარქსისტების მთავარი ნაკლი ის იყო, რომ ვაჟა-ფშაველას „გველისმჭამელის“ მეტაფიზიკას ვერ ცნობდნენ და ვერც მრავალხმიან სიმღერას მღეროდნენ. ამის შედეგად მოუწიათ საშინელ ტერორზე გადასვლა: ჯერ კრონშტატში ლენინმა და ტროცკიმ დაიწყეს თავისივე თანამებრძოლების ხოცვა და შემდეგ უკვე სტალინმა, ეჟოვმა და იაგოდამ გააგრძელეს „წითელი ტერორი“. ამან შედეგი არ მოიტანა. ეს კარგად გამოჩნდა 1980-იანი წლების ბოლოს, როცა პოსტმოდერნის ხანის საბჭოური ნომენკლატურა კიდევ უფრო „ბურჟუა“ და ხარბი აღმოჩნდა, ვიდრე დონალდ ტრამპის მაგვარი ბიზნესმენები დასავლეთიდან.
მარქსისტებს ვერც ალთუსერმა უშველა და ვერც ჟაკ რანსიერმა თავის დროზე. ვერ მოიძებნა ძალაუფლების უკმარისობის გადასაძლევი მეტაფიზიკური გამოსავალი.
„გველისმჭამელის“ მეტაფიზიკა სწორედაც რომ ამ უკმარისობის გადასალახავი მეტაფიზიკაა. ესაა ხალხური ძალა _ რომ დაინახოს სამყარო ჰარმონიულ ადგილას. ნეგრი და ჰარტი ლაპარაკობენ მულტიტუდზე _ ანუ ხალხის სიმრავლეზე, რომელიც მოახდენს რევოლუციურ ტრანსფორმაციას. აი, ეს სიმრავლე კი არის ჩვენი მრავალხმიანი მრავალჟამიერის ფილოსოფია. აი, ეს ფილოსოფია გაათავისუფლებს ხალხს სტრუქტურული და კულტურული ძალადობისგან. ჟაკ დერიდას თქმით, ამ ევროპა-ცენტრისტული და იგივე რუსული იმპერიალიზმის ძალადობის მთავარი მიზეზი ერთხმიანი საზოგადოებრივი სტრუქტურაა. ამას შეცვლა სჭირდება. ჩვენი ქვეყნის მთავარი უბედურებაც სწორედ ეს არის. 1992 წლიდან _ ზვიად გამსახურდიას ძალადობრივი დამხობის შემდეგ _ საქართველოში ყველა მთავრობა ეწევა ევროპა-ცენტრისტული ერთხმიანი სისტემის უნიჭო იმპორტს. ეს ერთხმიანი სისტემა არ მუშაობს და სასწრაფოდ შესაცვლელია მრავალხმიანი და დემოკრატიული სისტემით, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ასეთ საშინელ დღეში არ იქნება.
დღეს უკვე აშკარაა, რომ ორივე მმართველი პარტია ერთი ფინანსური მაფიის წევრია. ღარიბაშვილისა და სააკაშვილის ფინანსური ჯგუფები ერთმანეთში თანამშრომლობენ უბრალო ხალხისა და რიგითი მოსახლეობის ხარჯზე. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, „ქართული ოცნების“ სასამართლო უფრო „ლიბერალურად“ გამოიყურება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ როგორც დიდმა ამერიკელმა საზოგადო მოღვაწემ, მალკოლმ ექსმა თქვა, _ არ აქვს მნიშვნელობა, კონსერვატორი მგელი შეგჭამს თუ ლიბერალი მელაო. თუ მიშა სააკაშვილის დროს სანდრო გირგვლიანი ლამისაა ნაცისტური მეთოდის პირდაპირი გამოყენებით, წამებით მოკლეს, „ქართული ოცნების“ პოლიციამ ქუთაისში მარიხუანის მოხმარებაზე ეჭვის საფუძველზე ფსიქოლოგიური ზეწოლით ადამიანს ისეთი წამლები მიაღებინა, რომლებმაც ის რამდენიმე საათში სიცოცხლეს გამოასალმა. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ოლიგარქების ქონებას პირდაპირი ძალადობისა და აშკარა ტერორის გზით იცავდა, „ქართული ოცნების“ მეთოდი მაფიოზური მკვლელობებია. არც დიქტატურა და არც მაფია გამოსავალი არ არის. სინამდვილეში ეს ორი ჯგუფი ერთმანეთში ფინანსურადაც გადაჯაჭვულია _ ამაზე მიუთითებს ის, რომ ხუდონჰესს ეს ორი დანაშაულებრივი ჯგუფი ერთად აშენებს და ამით საქართველოს დანგრევას ამზადებს! ამაზე მეტყველებს ის, რომ საყდრისი ამ ორმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა ერთად აგვიფეთქა თვალწინ! ამაზე მიუთითებს ის, რომ ორივე ეს ჯგუფი ნეოლიბერალური სისტემის მიმდევარია, რომლის მიხედვითაც კარგად ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1% ან ნაკლები, საშუალო კლასი 20%-საც არ აღემატება და ქვეყნის მოსახლეობის, მინიმუმ, 80% არის თითქმის აბსოლუტურად ღატაკი. „ქართულმა ოცნებამ“, პრაქტიკულად, არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა. „სამართლიანობის აღდგენა“ მხოლოდ ცარიელ სიტყვებად დარჩა. ყოფილი პროკურორი კბილაშვილი დღეს მშვენივრად თანამშრომლობს მის წინამორბედ ადეიშვილთან და იყოფს ქართველი ერის ძარცვით დაგროვილ პროფიტებს. ახლანდელი პროკურატურა არის სრულიად უმაქნისი და მეტიც, დანაშაულებრივად გულგრილი ორგანიზაცია, რომელმაც მთლიანად ფეხზე დაიკიდა ხალხის დიდი ნაწილის უდიდესი ტკივილი. ეს ადამიანები არ იმსახურებენ ხელფასს საკუთარი მოსახლეობისგან. ჯანმრთელობის რეფორმამ თავიდან წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ღარიბაშვილის დანაშაულებრივი ნეოლიბერალური პოლიტიკა ახლა ცდილობს, რომ ჯანდაცვისა და განათლების ხარჯებს ფული ჩამოაჭრას, რაც უეჭველად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამის გამოც უამრავი ადამიანია დაზარალებული უკვე. განათლების მინისტრი საერთოდ გაუგებარი პიროვნებაა, რომელიც არაფერს აკეთებს საერთო განათლების დონის ასაწევად. ჯანდაცვის მინისტრისგან განსხვავებით ის არც განათლების ბიუჯეტის გაზრდისთვის იბრძვის, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
სოციალური პრობლემების მოძალების გამო საქართველოს მოქალაქეთა 80%-ზე მეტი მთლიანად მარგინალიზებულია _ ყველა სიკეთე ამ ქვეყანაში ეკუთვნის მხოლოდ პატარა მმართველ ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტას. ეს ადამიანები მოსახლეობას იპოთეკის ტყვეობაში აგდებენ და ამით კიდევ უფრო აუბედურებენ. 300 ათასამდე ქართული ოჯახი ან უკვე უსახლკაროდ დარჩა, ან ყოველდღე ელის ამას. ამ ქვეყანაში მარტო ოლიგარქებისა და დიქტატორების ოჯახის წევრები გრძნობენ თავს სოციალურად დაცულად. საქართველოში არ არის დემოკრატია _ დამნაშავე ტერორისტები დაუსჯელები დადიან და ყოველდღე ტელეეკრანებიდან დაგვჩხავიან.
ქართველ ერს 1991 წელს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოუპოვებია, რომ 24 წლის შემდეგ ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში ყოფილიყო. დღეს საქართველოს უბრალო მოქალაქეს არათუ სიღატაკეში აცხოვრებენ, არამედ ყოველდღიურად ამცირებენ და დასცინიან ელიტის წევრები და მათი მომსახურე პერსონალი.
სწორედ ამიტომაც არის, რომ უკვე საქართველოს ბევრი მოქალაქის ხელშია იარაღი. ისინი აპირებენ, რომ თვითონ აღადგინონ სამართლიანობა. როდესაც შევარდნაძის, სააკაშვილისა და ღარიბაშვილის რეჟიმების დამნაშავე ოფიციალური ტერორისტები _ გურამ დონაძის, სანოძისა და მათ მეგობართა სიკვდილის ბრიგადები _ დღესაც დაუსჯელად დადიან და ხალხს ისევ ატერორებენ, ადამიანებს აქვთ უფლება, რომ სამართალი საკუთარ ხელში აიღონ. თუ სამართალი მხოლოდ და მხოლოდ მდიდრებისა და პრივილეგირებული პოლიტიკური კლასის დამცველი იქნება დანარჩენი მოსახლეობისგან, მაშინ ხალხს აქვს აჯანყების უფლება. ხალხს აქვს ლეგიტიმური რევოლუციის უფლება.
გველისმჭამელის მოძრაობის მთავარი მიზანია, რომ არ დაუშვას პირდაპირი ძალადობა და მიაღწიოს ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაციას მშვიდობიანი მეთოდებით, მაგრამ მთავარი მიზანია სწორედ ეს ტრანსფორმაცია. ხალხი მშიშარა არ არის. ხალხი უკან არ დაიხევს და თუ ეს ტრანსფორმაცია არ დაიწყება _ და არ დაიწყებს მას ხელისუფლება და ფინანსური ისტებლიშმენტი _ მრავალხმიანი ხალხი შეტევაზე გადავა. გადავა ძალიან მწარე შეტევაზე _ ისე, როგორც გველისმჭამელის მემკვიდრეებს ეკადრება.
ირაკლი კაკაბაძე