აღვირახსნილობა და ბაკქანალია საერთო სასამართლოებში გრძელდება, რასაც ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. ადვოკატი მამუკა ნოზაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასთან მიმართებით მომხდარ ფაქტს ქვეყნის იმიჯის შელახვად და სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანად მიიჩნევს.
მამუკა ნოზაძე:
_ უნდა დამთავრდეს საქართველოში ღამის პროცესები, ადამიანების გასამართლებები „ეშმაკთა თავყრილობებზე“ მიღებული გადაწყვეტილებებით და ა. შ. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ტარდება სასამართლო პროცესები ღამით. საზოგადოებას, სამართალს მოსამართლეები პატივს არ სცემენ და ასე ამიტომ იქცევიან. ქართული სასამართლო პოლიტიკური გავლენის კლანჭებიდანაც ვერ განთავისუფლდა. გიგი უგულავას ადვოკატად, ცხადია, არ გამოვდგები, რადგან `ნაციონალური~ მოძრაობის დროს პირადად განვიცადე მათგან რეპრესიები, მაგრამ ის, რაც ხდება სასამართლოებში, უნდა დარჩეს წარსულად და მასზე ყველა ხელისუფლებამ უნდა თქვას უარი. ამ მდგომარეობის გაგრძელება მომავალში მეტ ზიანს მოგვიტანს.
_ კონკრეტულად გვითხრათ, ამ შემთხვევაში რას გულისხმობთ?
_ როცა განსასჯელი ითხოვს სიტყვის მომზადებისთვის ერთ ან ორ დღეს, მოსამართლე ვალდებულია, მას ეს ვადა მისცეს. ადამიანს შეფასებისთვის და გაანალიზებისთვის მართლაც სჭირდება ეს დრო და როცა მას მხოლოდ ნახევარ საათს უსაზღვრავ, ამით არღვევ ბრალდებულის უფლებებს. სამართლიანი სასამართლოს უფლება კი განსაზღვრულია ევროპული კონვენციით, რაც მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ღია სასამართლო სხდომა ტარდებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეები პროცესზე იყვნენ თანაბარი უფლებებით. უგულავას საქმეზე მოსამართლეს არ უნდა გაეჩინა კითხვის ნიშნები, რადგან ეს საქმე აუცილებლად წავა ევროპულ სასამართლოში. უცხოური ორგანიზაციებიც გამადიდებელი ლუპით უყურებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, სასამართლო პროცესებს და მათზე მძაფრი რეაქცია აქვთ. ასე რომ, რაც მოხდა, დიდი შეცდომა იყო.
_ არაკანონიერი სასამართლო სისტემის დამკვიდრება ხომ ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან დაიწყო? ვწერთ კიდევაც ამ რუბრიკაში, რომ სააკაშვილის პერიოდის დამნაშავე მოსამართლეები ზემოდან წამოსულ ყველა დავალებას ახლაც უსიტყვოდ ასრულებენ და კვლავ არღვევენ კანონს. ამჯერად ისინი ახალ ხელისუფლებას ემსახურებიან. მგონი, „ნაციონალებს“ სასამართლოს უკანონობები არ უნდა უკვირდეთ და აოცებდეთ...
_ უკანონო გადაწყვეტილებების შეკვეთა სწორედ „ნაციონალებისგან“ მოსამართლეებისთვის მათრახის რტყმევით დაიწო, ამიტომ მე ამ ხალხისგან ვერ მივიღებ შენიშვნებს. „ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, არ შეეცადა მიიღოს კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც შეტანილი იქნება ცვლილებები საერთო სასამართლოების კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა კანონმდებლობებში. ამ ცვლილებებით მოსამართლეებს დაუწესდებოდათ მკაცრი ნორმები, რომ არ დაარღვიონ საქმის განხილვის ვადები, მათი გადაწყვეტილებები დაეყრდნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და ა. შ. ასეთი რამ პირდაპირ უნდა იდოს კანონმდებლობაში და არა ისე, როგორც დღეს არის. „ოცნების“ დიდი დანაშაული სწორედ ის გახლავთ, რომ მოსამართლეებს მკაცრად არ გაუწერა ის წესები, რომელიც უნდა შეასრულონ და მერე არ მოსთხოვა მისი დაცვა. ამიტომაც არის, რომ მოსამართლეები ალიმენტის, ან სხვა მარტივ დავებზე გადაწყვეტილების გამოტანას, რომელზედაც პრაქტიკა არსებობს, ანუ წინასწარ არის ცნობილი, როდის რა გადაწყვეტილება უნდა გამოვიდეს, მაინც 3-4 თვე უნდებიან. დისციპლინური სამართალწარმოების კანონში როცა ნორმას შეიტანენ, რომ მარტივი დავის საქმეებზე ვადის დარღვევის დროს, ანდაც განხილვის დროის არაგონივრულად გამოყენების შემთხვევაში მოსამართლე დაისჯება, ის ამას ვეღარ გააკეთებს, მაგრამ, რატომღაც, არც ამ ხელისუფლებას უნდა კანონში ასეთი ნორმების შეტანა და სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება. როცა მოსამართლეს ეცოდინება, რომ თუ ის დროულად არ განიხილავს საქმეს, გააჭიანურებს, ან განხილვის დროს დაუშვებს შეცდომას, მას მოეთხოვება პასუხი და ამაზე არ გავრცელდება ხანდაზმულობა, ეს იქნება ის ბერკეტები, რომლითაც მოსამართლე გამოიჩენს მეტ სიფრთხილეს, დაბეჯითებას და არ ჩაიდენს დანაშაულს, რადგან მას ეცოდინება, რომ ამის გამო, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად მოეთხოვება პასუხი.
სამწუხაროდ, ეს მექანიზმები არ დევს ჩვენს კანონმდებლობაში, თუმცა იქ წერია, რომ მოსამართლეს არ შეიძლება, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მოეთხოვოს პასუხი, ან დაისაჯოს. ამიტომ გრძელდება ეს ბაკქანალიაც _ მოსამართლეები, მოუნდებათ, ჩანიშნავენ პროცესს და მოუნდებათ, არ ჩაინიშნავენ. ის არგუმენტი, რომ სასამართლოები არის საქმეებით გადატვირთული, არასაკმარისია. იქ უკვე ჩამოყალიბებულია ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც გარკვეული საქმეების გადაწყვეტა რამდენიმე საათშია შესაძლებელი და მას 4-5 თვე არ სჭირდება. ასეთი საქმის გამჭიანურებელ მოსამართლეზე კი ვერ ვიტყვით, რომ კანონს იცავს და გონივრულ ვადებში ეტევა.
_ მოსამართლეების ასეთ ქმედებებს მასობრივი ხასიათია აქვს?
_ დიახ, ამას აქვს მასობრივი ხასიათი და მდგომარეობის გამოსწორებასაც არავინ აპირებს. მოსამართლეებს მკაცრად გაწერილი ნორმები და მოთხოვნა კი არა, ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ. ეს თუ არ შეიცვალა, „ბარდაკი“ გაგრძელდება. საზოგადოებამ აუცილებლად ხმამაღლა უნდა ისაუბროს სასამართლოებში მიმდინარე კონკრეტულ დარღვევებზე.
არ აქვს მნიშვნელობა, ლაშა ჩხიკვაძე იქნება ეს თუ სხვა ვინმე, როცა მის მიმართ სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ პრეტენზია გარკვეული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, ასეთი მოსამართლე არ უნდა ახორციელებდეს სამოსამართლეო უფლებამოსილებას და სხვას არ უნდა ასამართლებდეს. მოსამართლე, რომელსაც ბრალდებულის სტატუსამდე ერთი ნაბიჯი აკლია, შეუძლებელია იყოს ობიექტური. ბუნებრივია, რომ ის იქნება პროკურატურის მონა-მორჩილი და გამოიტანს მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას.
რუსთავის სასამართლოს მოსამართლეზე, გიორგი გოგიჩაიშვილზეც მინდა ვისაუბრო:
მას 2016 წელს უფლებამოსილება ეწურება. ეს პიროვნება სხვადასხვა რაიონულ სასამართლოში ახორციელებდა სამოსამართლეო საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს კვლავ დანიშნავენ მოსამართლედ, თუმცა არ გააჩნია ღირსეული მოსამართლის უნარ-ჩვევები. მას 4 თვეა, წარმოებაში აქვს მარინა დემეტრაშვილის სამოქალაქო საქმე. სასარჩელო მოთხოვნა არის ძალიან მარტივი და ამდენი ხანი ნამდვილად არ სჭირდება საქმის შესწავლას. ამ ქალბატონზე გაცემულია ორი ქორწინების მოწმობა, _ თბილისის სამოქალაქო რეესტრიდან და გარდაბნის რეესტრიდან. მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ პირს არ შეუძლია ჰქონდეს ორი ქორწინების, ან დაბადების მოწმობა, სადაც სხვადასხვა მონაცემია შეტანილი. ასეთი საქმე მოსამართლისგან მხოლოდ ბათილობას მოითხოვს, მეტს არაფერს. თუმცა გოგიჩაიშვილს უკვე კარგა ხანია ვეხვეწებით, ვემუდარებით, ვეაჯებით, რომ საქმე განიხილოს. სისტემატურად უკავშირდება ერთ-ერთი ადვოკატი მის თანაშემწეს, რათა სასამართლოს სხდომა დაინიშნოს. ვუხსნით, რომ ქალბატონ მარინას აქვს მიზეზები, რომელსაც აქ ვერ გავაჟღერებთ, მაგრამ სასამართლოზე აუცილებლად ვიტყვით, რომ საქმის განხილვისთვის ერთი საათიც საკმარისი იქნება და დიდ დროს არ დაკარგავს, მაგრამ პროცესს მაინც არ ინიშნავს. ადვოკატმა შალვა დოლიძემ, რომელიც მარინა დემეტრაშვილის წარმომადგენელია, ორჯერ უკვე მიმართა უზენაეს სასამართლოს იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება უცხოეთშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდად, მაგრამ დოკუმენტებია მოსაწესრიგებელი და სასწრაფოდ ამიტომაც არის საჭირო საქმის განხილვაო.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამავდროულად, გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც. მასაც სთხოვეს ამ საქმეზე კანონის დაცვა. ის უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ მოსამართლეებმა არ დაარღვიონ კანონი. მართალია, ის ვერ მიუთითებს კონკრეტულ მოსამართლეს ამა თუ იმ საქმეზე, რა სახის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ ჩვენ მას უკანონობას არ ვთხოვთ, თუმცა ის, რომ ნინო გვენეტაძე უნდა უზრუნველყოფდეს სასამართლოებში საქმეების დროულ განხილვას, ადამიანის უფლებების დაცვას, არის აქსიომა. ორჯერ მიმართა ადვოკატმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლე გოგიჩაიშვილთან დაკავშირებით, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გოგიჩაიშვილისთვის თანაშემწის საშუალებით ცნობილია ისიც, თუ როგორი მძიმეა მარინა დემეტრაშვილის მდგომარეობა, მაგრამ პროცესს მიზანმიმართულად არ ნიშნავს. რამდენიმე დღის წინათ კი გვითხრეს, _ როცა რიგი მოუწევს, მაშინ ჩაინიშნება სასამართლო პროცესიო. 21-ე საუკუნეში რომელ სასამართლო რიგზეა ლაპარაკი? ადამიანი რატომ უნდა ეხვეწებოდეს მოსამართლეს პროცესის ჩანიშვნას და მართლმსაჯულების განხორციელებას? მოსამართლის უპირველესი ვალდებულება მართლმსაჯულების განხორციელებაა და ამაზე უარის თქმა, დაბრკოლება დასჯადი ქმედებაა.
ცხადია, მარინა დემეტრაშვილის ფაქტი არ არის ერთჯერადი და ამას აქვს სისტემატური ხასიათი. თითზე ჩამოსათვლელი არიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც არ არღვევენ ვადებს, გადაწყვეტილებასაც დროულად გაბარებენ და პროცესსაც მყისიერად ნიშნავენ, მაგრამ 10-მდე ასეთი მოსამართლე ამინდს ვერ ქმნის. ამ მოსამართლეებსაც ბევრი საქმე აქვთ განსახილველი, გადატვირთულები არიან, თუმცა მაინც ახერხებენ ვადების დაცვას და კანონის ფარგლებში მოქცევას, ანუ ეს შეუძლებელი არ არის. ზოგჯერ მოსამართლეები პროცესებს საერთოდ არ ატარებენ და უსაქმოდ სხედან. დღეს სასამართლო სისტემაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იდეალურია. იქ მუშაობენ თანაშემწეები, მდივნები, აქვთ ტექნიკა და რაც მთავარია, არსებობს შესაბამისი პრაქტიკა, ანუ მსგავსი საქმეები, რომელზედაც სხვა გადაწყვეტილება არ მიიღება და ამით ხელმძღვანელობას თვეობით დროის გაწელვა რად უნდა? აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საქმეები საერთო სასამართლოებში შეგნებულად ჭიანურდება.
_ აქ მოსამართლეს რა ინტერესი აქვს?
_ ის, რომ საზოგადოებას ზიანი მიაყენოს, გამოწვიოს მისი პარალიზება და გაღიზიანება. ამ ხალხს მინიჭებული აქვს პრივილეგიები და ადამიანები არაფრად მიაჩნია. მათ განაჩენი, გადაწყვეტილება გამოაქვთ საქართველოს სახელით და უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას, მაგრამ ამჯერად ასე არ არის და საერთო სასამართლოები კვლავ ემსახურებიან ხელისუფლებას, კვლავ ასრულებენ მათ დაკვეთებს. მოსამართლეებს მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს იმიტომ არ უწესებს, რომ როცა უნდა, დასჭირდება ისინი, თავისუფლად მისცემს დავალებას და გამოიყენებს. აი, ამიტომ არ აქცევენ მათ ჩარჩოებში და ეს გახლავთ ხელისუფლების ბრალეულობაც.
_ კიდევ რა არის საერთო სასამართლოებში ძირეული პრობლემა?
_ მოსამართლეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების ფაქტებს იხილავენ ძალიან ცუდად და, ძირითადად, ითვალისწინებენ პოლიციელების მიერ მიცემულ სუბიექტურ ჩვენებებს. ანუ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ისევე დარჩა, როგორც წინათ იყო. ისინი დადგენილებაში პირდაპირ წერენ: პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, რადგან ამ სამსახურში მყოფი ადამიანები წარმოადგენენ ობიექტურ პიროვნებებსო. ეს მაშინ, როცა ყოველდღიურად ვხვდებით ისეთ პოლიციელებს, რომლებიც საკუთარ საქმიანობას არაკეთილსინდისიერად ახორციელებენ, დაინტერესება აქვთ, უკანონობას სჩადიან, ადამიანების ძირითად უფლებებს არღვევენ და ა. შ. როგორ შეიძლება, მათი ჩვენება გაიზიარონ და აპრიორად მიიჩნიონ? ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ, საბჭოთა საქართველოს დროს არის მიღებული. მასში მხოლოდ მცირე ცვლილებებია შეტანილი, მაგრამ ამ კანონის ცვლილებაზე არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე არის სპეციფიკური და ასეთ დროს მოსამართლემ ყურადღება უნდა მიაქციოს არა მარტო პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებას, არამედ იმ მტკიცებულებებსაც, რომელიც საქმეში არსებობს. პატრულის მიერ სამართალდარღვევის წარდგენის დროს სასამართლო ვალდებულია, კონკრეტული ინციდენტის ჩანაწერი მოსთხოვოს მას. პატრულს მიზეზად ხშირად მოაქვს ის, რომ ტექნიკა გაფუჭდა, ელემენტი დაჯდა და ამიტომ ვერ ჩაიწერა, _ მეგონა ვიდეოკამერა ჩართული იყოო და ა. შ. ეს არ არის რეალური არგუმენტები. ასეთ დროს სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მტკიცებულებების გარეშე არ მიიღოს მოქალაქის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. სახელმწიფომ ვიდეოკამერაზე იმიტომ გაიღო ხარჯები, რომ ის ჩართული უნდა იყოს, როდესაც პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადის, მან უნდა შეამოწმოს მისი მზადყოფნაც, თუ არადა, მისი კეთლსინდისიერების საკითხი ეჭვქვეშ უნდა დადგეს. ამაზე სასამართლოები უნდა რეაგირებდნენ, რაც ასევე არ ხდება. მოსამართლის მოვალეობა მხოლოდ ის არ არის, რომ სასამართლოს განაჩენში მიუთითოს კანონის ნორმა, მან სიღრმისეული აზროვნების საფუძველზე უნდა შეაფასოს ყველა ქმედება, ასევე შეამოწმოს ოქმი, რეკვიზიტები და ა. შ., რაზედაც მოსამართლეები საერთოდ არ ინტერესდებიან და ტრაფარეტული გადაწყვეტილებები გამოაქვთ.
ნელი ვარდიაშვილი