ამას წინათ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა, „ფეისბუქზე“ შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
„სექტემბერიც მოვიდა... და ახალი ტალღა წამოვიდა: ვის პირდაპირ ვიზებიო, ვის დახმარება, ვის მხოლოდ რჩევა, იმ თუ ამ ქვეყანაში როგორ წავიდეო? ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მთელი ხალხი ამოძრავებულია ერთადერთი სურვილით და მიზნით: როგორ დატოვოს ქვეყანა, სად გაექცეს, სად შეაფაროს თავი?
ოე, ხელისუფალნო!.. არ გესმით ერის ხმა? არ ხედავთ ხალხის გაჭირვებას და არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პირველი მოვალეობა სწორედ ამ განწყობის შეცვლა, იმედის დაბრუნებაა?! თუ ვერ ახერხებთ დღესვე (და უკვე 3 წელიც გავიდა) მდგომარეობის გამოსწორებას, ლარის გამყარებას და ეკონომიკის ადგილიდან დაძვრას, თუ კეთილდღეობას დღესვე ვერ ჰპირდებით და არც ხვალ, ყოველ შემთხვევაში, ხვალინდელი დღის რაღაც მოლოდინი და ნდობა არ უნდა შექმნათ? სრულიად გაუგებარია, რა სტრატეგიას მიჰყვება ხელისუფლება, კიდევ უფრო გაუგებარია მათი გზავნილი ხალხისადმი (არარსებული)...
იმის მაგივრად, რომ ყველანი, ცალ-ცალკე თუ ერთად, გარბიხართ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსასვლელად (იქ რა გაქვთ სათქმელი, ის მაინც რომ ვიცოდეთ!), არ სჯობს აქ, ადგილზე, სანამ დროა, მოიფიქროთ, რა ზომები არის მისაღები, რა პრიორიტეტები დასაგეგმი, რა შედეგი სასწრაფოდ მისაღწევი?.. თუ არადა, წასვლას არაფერი უნდა, დაბრუნებაა ყველაფერი!“
***
რაც შეეხება ხელისუფლების ხალხისადმი დაპირებას, სოციალურ ქსელებში პოპულარულია 2012 წლის წლის საარჩევნო კამპანიის დროს გადაღებული ბიძინა ივანიშვილის ვიდეო _ იგი დეპუტატ თინა ხიდაშელთან ერთად მოსახლეობას ხვდება და ჰპირდება, რომ დაიწყება 10-20-წლიანი უპროცენტო კრედიტების გაცემა:
„ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის, 10-დან 20 წლამდე. არანაკლები 10 წლისა საშუალება იქნება ფულის. ეს იქნება, უმეტესწილად, უფასო და სადაც იქნება პროცენტი, მაქსიმუმ, ერთი, ორი და სამი პროცენტი იქნება გადასახადი და უმეტესი წილი იქნება უფასო ფული.
რეალურად გლეხებს თანხის დაბრუნება არ მოუწევთ. ერთადერთი, რაზეც კონტროლი დაწესდება იქნება ის, რომ ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს“, _ აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.
არჩევნების მოგებიდან სამი წლისთავზე „მადლიერი“ ამომრჩევლის შეფასებები ასეთია: „ცრუპანტელა“; „ივანიშვილი, ვერ გევიგე?!!“
„ოსტაპ ბენდერი სიცილით მოკვდებოდა“; „საუკუნის აფერისტი და დაბეცებული, პირდაღებული საქართველო...“
***
„საერთო პრობლემები, რაც რეგიონებში იკვეთება, იპოთეკური კრედიტებია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქდეს. ამ პრობლების გადაჭრას აჭარიდან ვიწყებთ, სადაც მას უახლოეს ერთ კვირაში მოვაგვარებთ და შემდეგ მუშაობის დაწყება მთელ საქართველოშიც იქნება შესაძლებელი“, _ ეს განცხადებაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა 2012 წელს.
***
ყველასგან მივიწყებულ იპოთეკარებს რომ შევეშვათ, უფასო და დაბალპროცენტიანი კი არა, დღევანდელი ქართული საბანკო სისტემა, ალბათ, ყველაზე შავბნელ-შავრაზმულია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გატიალებული სიტუაცია ჩვენს უახლოეს სამეზობლოშიც არ არის. მაგალითად, აზერბაიჯანში, ნებისმიერ კერძო ბანკში სამომხმარებლო სესხის აღება ნორმალური პროცენტით საკმაოდ გაადვილებულია. ნებისმიერი სოფლის მცხოვრებს, პენსიონერსა და ა. შ. შეუძლია გარკვეული თანხის გამოტანა და ე. წ. შავი სიების სისტემაც არ არის ისეთი დახურული და ბნელით მოცული, როგორც საქართველოში.
უფასო და დაბალპროცენტიანი კი არა, აბა, ადექით და მიაკითხეთ ნებისმიერ ჩვენებურ ბანკს, თუნდაც ერთი, ორიათასლარიანი კრედიტის მისაღებად. განაცხადსაც არ შეგივსებენ, სადღაც ინტერნეტში შეძვრებიან-გამოძვრებიან და ღიმილიანი სახით უარს გეტყვიან. თუმცა რა პრობლემაა? _ დიდი სურვილის შემთხვევაში განაცხადს კი შეგივსებენ, მაგრამ წინასწარ დაგარწმუნებენ, რომ ამას აზრი არ აქვს, ტყულიად დროს დაკარგავ.
მიზეზი? ოდესღაც, სადღაც, რომელიღაც ბანკს შენატანის რამდენიმე დღის დაგვიანებისთვის ავადსახსენებელ შავ სიაში შეუყვანიხარ. მერე რა, რომ იმ რამდენიმე დღეში საკრედიტო გადასახდელი სრულად დაფარე, ბოლო საარსებო კაპიკები მოიკელი და ჯარიმის ოცი ლარიც ზედ მიაყოლე?! _ მაინც არ გაპატიეს ეს მიუტევებელი შეცოდება და ამქვეყნიურ საბანკო ჯოჯოხეთში, შავ სიაში დაუკითხავად შეგათრიეს. აქ ხომ ქრისტიანული მონანიებაც არ ჭრის, _ ფული ჯოჯოხეთს ანათებს. მერე ეს შავი სია იმდენად შავია, რომ მხოლოდ ეშმაკმა უწყის, მას როდის დააღწევ თავს. შესაძლოა, ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და შანსი არ გაქვს, ამ ქვეყანაში ნორმალური საბანკო სესხი აიღო.
მერე ეს ბანკები ისე გაერთიანებულნი და პირშეკრულნი არიან, რომ ნებისმიერი მოქალაქის მცირედ წაბორძიკებაზე ინფორმაციას ერთმანეთში ელვის უსწრაფესად ავრცელებენ. ამ მიუღებელ რეალობაზე მოქალაქეთა პროტესტს შედეგი არ მოაქვს. თუ ერთ ბანკთან განვადებაზე გადააცილე, მერე ჯარიმიანად გადაიხადე და მაინც მის შავბნელ სიაში მოხვდი, ამან სხვა ბანკთან, საფინანსო ორგანიზაციასთან ურთიერთობაში რატომ უნდა შეგიშალოს ხელი? ჩვენ ვქმნით ქვეყანას, სადაც მთავარი ფასეულობა ბანკების აღუვსებელი საწყაულის ამოყორვაა, თუ ისედაც გაღატაკებულ მოქალაქეთა ელემენტარული ინტერესების დაცვა?
ჩარლზ ბუკოვსკის ეკუთვნის ფრაზა, _ მონობა არ გაუქმებულა, ის მხოლოდ ყველა ფერის კანს მოარგესო... ეს სწორედ დღევანდელ ქართულ რეალობას შეეხება. მოსახლეობის უმეტესობის ინტერესები გათელილია, მათ შორის, საბანკო სფეროში. შედარებით ნორმალურ სესხს ვერ აიღებ, ხელფასი ათასი ლარიც რომ გქონდეს და ამ დროს ბანკები, სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაცია, ლამის, ყოველდღიურად მდიდრდებიან. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რას შოულობენ ისინი ლარის დევალვაციით და თანმდევი პროცესებით?! ნუთუ, ამისთვის გვინდოდა ჩვენ ყველას დამოუკიდებელი საქართველო და თავისუფლება, რომ ერთ მუჭა ბანკირებსა და მათ სახელისუფლებო პატრონებს ებოგინათ? არა მგონია, ერს მსგავსი სურვილები ჰქონოდა, ასე, 25 წლის წინათ.
საფინანსო „ინსტიტუტების“ ბოგინის ფონზე მოსახლეობის უმეტესობა „ქოცების“ სამწლიანმა მმართველობამაც კიდევ უფრო გააღატაკა. არც ადრე ულხინდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის პოსტი სიმბოლოა დღევანდელი მიუღებელი რეალობისა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები ორასლარიან კრედიტებსაც ვეღარ ფარავენ, თვეში ოცი ლარიც ვეღარ შეაქვთ. ეს ერთ-ერთი ბანკის „პროდუქტია“, ორასლარიანი კრედიტები (ისიც ოცი ლარის დაკავებით) მოსახლეობას ისე მისცეს, რომ წესიერად არც აუხსნიათ, ეს რამდენ ხანში და როგორი წესით უნდა დაებრუნებინათ! აღმოჩნდა, რომ თანხა სრულად ერთ თვეში უკან უნდა დაბრუნებულიყო, ხოლო გაჭირვებულ ადამიანებს ეგონათ, რომ ყოველთვიურად ოცლარობით შეეძლებოდათ ვალის გადახდა. ამის გამო ძალიან ბევრმა მორიგ ვალში გაყო თავი და ორასი ლარის მაგივრად რამდენიმე ასეულის, ათასის თუ არა, დაბრუნება მოუწია.
არავის შეარჩენს ბანკი თეთრსაც კი. ამისთვის კი კარგად მომზადებული ე. წ. საპრობლემო სამსახურები აქვთ, სადაც, ძირითადად, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჰყავთ დასაქმებული, რომლებმაც იციან მოქალაქეების მიმართ „სათანადო მიდგომის“ გამოჩენა.
ერთი, დაინტერესდით და შედით რომელიმე ბანკის ცალკე, ე. წ. საპრობლემო, ან ამოღების განყოფილებაში. ზის ერთი ასი კაცი და ამ გაღატაკებული ქვეყნის ბოლომდე ჯიბეგაღლეტილ მოქალაქეებს დაუნდობლად „აკაჩავებს“. გატიალებულ „ქურდებს“ შეშურდებათ ის მჩქეფარე ჟარგონი, რასაც აქ მოისმენთ! _ მიზანი ერთია, _ ნებისმიერ ფასად მოქალაქისთვის ბოლო თეთრების ამოძრობა. მერე რა, რომ ამ ქვეყანაში სამსახური არ არის? თუ რამეს გააკეთებ, ვთქვათ, მოსავალს მოიყვან, მაინც არ დაგიფასდება. სამაგიეროდ, წელზე ფეხი უნდა დაიდგა, სადმე უფრო მაღალი პროცენტით ისესხო და ბანკს გადაუხადო. თუ არადა, სასამართლო ძალის გამოყენებით ამოღება არ აგცდება, _ შენ ეს გინდა, ძმაო?! ჰოდა, მიდი დატრიალდი, ბანკს ნუ აწყენინებ, თორემ მე რიგითი შემსრულებელი ვარ, ისევ შენ ნუ გაიუარესებ მდგომარეობას!
მოკლედ, თუ გაინტერესებთ, საბანკო სისტემაში ყველაზე ცხოველი მუშაობა ამ საპრობლემოებში შეინიშნება _ იქ მოსახლეობისთვის ტყავის გაძრობა ყველაზე ღია და დაუნდობელი ტემპებით მიმდინარეობს, თორემ „სათავო ოფისებში“ გაგიღიმებენ, გაგესაუბრებიან და ასევე ღიმილით გაგისტუმრებენ უარით.
ჩვენი რესპონდენტი იძულებული გახდა, რომ ერთ-ერთი ბანკის საპრობლემოში საკუთარი ფეხით მისულიყო, იმისთვის, რომ ადგილზე გაერკვია თავისი მდგომარეობა (სრულად დაფარვა სურდა დავალიანების) და საქმეც მოემთავრებინა. ზედ აღმაშენებელზე მდებარეობს ეს პრობლემური ოფისი, ბანკს არ ვასახელებთ. აი, რას ჰყვება რესპონდენტი (რომელიც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან ასევე უარს ამბობს):
„შევედი და ქალბატონი ვიკითხე, ვინც მირეკავდა. მიმიყვანეს და ისე შემომხედა, თითქოს წყალწაღებული სიკვდილმისჯილი ვყოფილიყავი. არც მაცია, არც მაცხელა და, _ აქ რატომ მოხვედიო?! _ „ნაგლად“ მეკითხება. _ მინდა, ზუსტად გავიგო, რამდენი დამრჩა გადასახდელი და იქნებ, გამარკვიოთ-მეთქი? _ მე ვიცი, აქ რისთვისაც მოხვედიო! _ გამჩენი არ ასვენებდა იმ საცოდავს. _ რატომ მოვედი-მეთქი? _ გაოცებულმა ვკითხე, _ შენ კიდევ უფრო უარეს დღეში აღმოჩნდი, ოქროს ნივთები შეიტანე სხვაგან ლომბარდში და გინდა, ვალი აქ მაინც მოიშოროო, სხვა შემთხვევაში აქ არ მოხვიდოდიო, _ შენი რა საქმეა, შე ყეყეჩო, მე სად რას შევიტან, აქ ფულის შემოსატანად მოვედი და საქმეს მიხედე-მეთქი! ამაზე შურაცხყოფილად იგრძნო თავი და მთლად უფროსთან გავარდა. იმედი მქონდა, რომ ახსნის შემდეგ ეს უფროსი ობიექტურ პოზიციას დაიკავებდა. ნურას უკაცრავად, შავი დედალივით გადაეფარა თავის წიწილას. მხოლოდ ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, რომ იქ, მორალსა და ადამიანურ დამოკიდებულებაზე „გავჭედე“.
ჩვენმა მეორე ინკოგნიტოდ დარჩენილმა რესპონდენტმა რომელი ბანკი არ შემოიარა, მაგრამ შედარებით ნორმალური სესხი არ მისცეს. ამბობს, რომ, მინიმუმ, 10 ბანკის საკრედიტო განაცხადი შეავსო, ზოგი ადგილზე, ზოგი ინტერნეტით, ყველასგან უარი მიიღო იმის გამო, რომ ადრე „პრივატბანკში“ იყო გაშავებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ბანკს დავალიანება ორმაგად დაუფარა, ეს ავი სიშავე წლების განმავლობაში ვერ ჩამოირეცხა. სასწაულია, პირდაპირ, ბანკს ჯარიმებიანად ორმაგ თანხას უხდი, ამით კიდევ უფრო ამდიდრებ და მაინც შენ შავდები იმდენად, რომ ყორანივით შემდგომ ცხოვრებაში მონანიება-გათეთრების შანსი მიზერული გაქვს. ეკლესია გვეუბნება, სიღარიბეს ნუ შეურიგდებითო... რა უნდა ქნა, როცა ამ ქვეყანაში შანსი არ გაქვს? ამ სიტუაციას ხომ ოტია იოსელიანმა დაუსვა დიაგნოზი, _ აქ რომ რამეს მიაღწიო, ან ხელიდან უნდა წახვიდე, ან ქვეყნიდანო, _ ასეა ეს...
ჰოდა, ჩვენი რესპონდენტი ქვეყნიდან ვერ წავიდა და ამავე ქვეყნის აწ უკვე სოკოებივით მომრავლებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელში აღმოჩნდა! ხოლო ეს ორგანიზაციები, როგორც ჩანს, ამავე ბანკების მიერ შექმნილია, წარმოუდგენლად მაღალი პროცენტით, კიდევ უფრო დიდი ფულის საშოვნელად. გახდა ჩვენი რესპონდენტი სხვადასხვა ნეტკრედიტების, ემასკრედიტების, სისილოუნებისა და ვივუსების აშკარა მსხვერპლი. ეს ის კრედიტებია, რომელთა ნიხრები ასტრონომიულ მაჩვენებელს აღწევს! არ აიღებ და შიმშილით სული გაგძვრება ამ ქვეყანაში. ამ უცხოეთში წასვლასაც ხომ ფული სჭირდება, ამას კი _ რაიმე დიდი ქონების, მანქანის, ბინის გაყიდვა. ამის შესაძლებლობა თუ არ გაქვს? ჰოდა, ვივუსი გელოდება ფართოდ გაშლილი ხელებით და ას ლარში თვეში 40-ლარიანი საპროცენტო გადასახდელით.
ამ დროს ერთი კი გაგიელვებს ბიძინას ბრწყინვალე გამოსვლა მოსახლეობის წინაშე და დაპირება იაფ ფულზე, დაბალპროცენტიან სესხზე, მის არდაბრუნებაზე, სოლარიუმებზე, მიწიერ სამოთხეზე... მაგრამ გვიანია კბილთა ღრჭენანი. არ შეიტან პროცენტს თვის ბოლოს და ბანკების „პრობლემურ ქურდებს“ სხვა საქმე კი არ აქვთ, _ სად ხარ, ძმაო, სად დაგვეკარგე, შენი ხმა მაინც არ უნდა გაგვაგონო, ამ კაი ხალხს?..
ჰოდა, ეს ქვეყანაც ცუდ დღეშია, გამოსავალი კი არ ჩანს. სხვათა შორის, კახელ მევენახეებსაც, უმეტეს შემთხვევაში, კრედიტები აქვთ აღებული _ იაფ სესხს, არდაბრუნებას, ან დაბალპროცენტიან ფულს კი აღარ ითხოვენ, მხოლოდ ათასგზის დაპირებული ლარი უნდათ კილოგრამში, რომ ეს ბანკის სესხი მაინც დაფარონ! მაგრამ სამი წლისთავზე ვისღა ახსოვს შენი დაპირებები? ივანიშვილი კი დღემდე გაკვირვებული კითხულობს, _ ჩვენ ხომ ყველა დაპირება შევასრულეთ, აბა, მედიამ გამახსენეთ, რა ვერ შევასრულეთო?.
ამ დროს რა უნდა გავიხსენოთ, თუ არა მიშა და მისი საქმეები? ჩვენი მორიგი რესპონდენტი იხსენებს, თუ როგორ გამოაცხადა სააკაშვილმა მოსახლეობის დასაქმების მორიგი სამთვიანი ეტაპი და როგორ გადაუხადა მოსახლეობას ექვსასი ლარი არაფერში:
„ყველამ ყველაფერი იცოდა, უბრალოდ, მაშინაც რთული სოციალური მდგომარეობა იყო, ხელისუფლება ვერაფერს აკეთებდა იმპერატიულად და დასაქმების პროგრამა გამოცხადდა. გახსოვთ, მთელი ქვეყანა მიაწყდა სახელდახელო ბიუროებს, რეგისტრაცია გაიარა და თვეში ორასი ლარი, სამ თვეში ექვსასი ლარი მიიღო. სხვათა შორის, მაშინ ბევრს საუბრობდნენ ამის გამო მოსალოდნელ ინფლაციაზე, მაგრამ ლარი იმ ვითარებში მაინც მდგრადი აღმოჩნდა. მივდიოდით ე. წ. დასაქმების ობიექტზე. ასე ამოვისუნთქეთ ცოტა. მაგრამ იმ დროსაც იყვნენ ავი სულები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდაც არ გვიღებდნენ და ორას ლარს გვაკარგვინებდნენ. სააკაშვილი ეძახეთ და რაღაცას მაინც აკეთებდა, ცდილობდა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ამოესუნთქა და მომავლის იმედი ჰქონოდა ამ ქვეყანაში. ამათ სამი წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ და რა დღეშიც ვართ, ეს ყველასთვის უკვე ნათელია.
მარიამ ბალანჩივაძე