QronikaPlus
„ეჭვი ჩნდება, საერთოდ, ვინ მართავს ამ ქვეყანას?“

„ეჭვი ჩნდება, საერთოდ, ვინ მართავს ამ ქვეყანას?“

2015-09-24 08:39:54

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, სოციალურ აფეთქებამდეც მივიდეს იგი. „საჭიროა, ზრუნვა იმაზე, რომ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს. განსაკუთრებით კი ისინი, რაზედაც ჩვენ ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია. შეიძლება, გზავნილებზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვერ მოვახდინოთ, მაგრამ რაც შეეხება ინვესტიციებს, ექსპორტის ზრდას, ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება აუცილებელია. უნდა დაჩქარდეს მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომლებიც საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება“. ის, რომ დღეს მოსახლეობას, ბიზნესს გაუარესებული, პესიმისტური მოლოდინები აქვს, ეს არავისთვის არის უცხო. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად იმუშაონ და როგორც ინვესტორებს, ისე მოსახლეობასაც აჩვენონ, რომ სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანას ცდილობენ, პრობლემის გადაწყვეტაზე ზრუნავენ, პირიქით დაპირისპირების რეჟიმში არიან და ერთმანეთს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან. ალბათ ამიტომ არის, რომ დარგის ექსპერტები და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებს, თუმცა ვარაუდობს, რომ ინფლაციური პროცესები გაღრმავდება: „მიზნობრივ ინფლაციას ჩვენ აგვისტოში უკვე გადავცდით. დღეს ინფლაცია 5.4%-ია. სამწუხაროდ, ფასები იმატებს, ძირითადად, პირველადი საჭიროების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ჯანდაცვაზე. ინფლაციაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა, ამ პროცესის გაღრმავებას, რა თქმა უნდა, ველოდებით, თუ დროულად არ გადაიდგა ნაბიჯები. შესაძლოა, ანალიტიკოსებმა ბევრი ვერსია და ვარაუდი გამოვთქვათ, მაგრამ მთავარია, მათი მუშაობა, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ ქვეყნის ფინანსებს, ვალუტის შემოსვლასა და გადინებას. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, რამდენიმე ანალიტიკოსის აზრს გაითვალისწინებს, რადგან, მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, სოციალურ აფეთქებამდეც მივიდეს იმიტომ, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ძალიან გაუარესებულია, შემცირებულია შემოსავალი, ხარჯი გაზრდილია, რაც ისეთი მყიფე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის მქონე ქვეყანას, როგორც ჩვენ ვართ, კარგს არაფერს მოუტანს. ამაზე უნდა იზრუნოს მთავრობამ. მოდის საარჩევნო წელი. ეს ეკონომიკისთვის დამატებითი ზეწოლაა. აუცილებელია, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან პრაგმატული და სწორი გზავნილები მოდიოდეს“. უკვე ცნობილი ხდება სამწუხარო რეალობაც _ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა და მოსახლეობის მდგომარეობაც არცთუ სახარბიელოა. რა გამოსავალი არსებობს და ზრუნავს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება პრობლემების გადაჭრაზე, ამ თემებზე ქრონიკა+“-პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება. _ ბატონო სოსო, მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში სოციალური აფეთქება? _ სოციალური აფეთქება ყოველთვის დასაშვებია, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, მოსახლეობის სიღატაკის ზღვარი კრიტიკულ ნიშნულს სცდება. ამ დროს გამორიცხული უკვე არაფერია, მაგრამ აფეთქებას, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქარიზმატული ლიდერი ესაჭიროება. ლიდერი, რომელიც ამ, ჯერჯერობით მდუმარე, უკმაყოფილებას, რაც საქართველოშია, ფეთქებად მასად გადააქცევს. ასეთი ლიდერი ქვეყანაში, ჯერჯერობით, არ ჩანს. ამის გამო ხალხი ქუჩაში არ გამოდის. უკმაყოფილება არის, იქნება კიდეც. _ მოსახლეობას რამდენად აქვს რეალური საფუძველი, რომ ამგვარი მასობრივი პროტესტი გამოხატოს? _ რასაკვირველია, მოსახლეობას ეს საფუძველი აქვს, როცა მისი ყოფითი მდგომარეობა მუდმივად უარესდება. ფასები მაღლა იწევს, თან ზოგიერთი გაუგებარი მომენტის თანხლებით; იგივე პური რომ ავიღოთ, ორი კვირის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრი სულ დედას იფიცებოდა, რომ საქართველოში პური არ გაძვირდება, ვინაიდან ფქვილის მარაგი, ყველაფერი გვაქვს და მსგავსი საშიშროება არ არსებობსო. ამ დროს გაძვირდა და თან ერთი და ორი პროცენტით კი არა, ეს მთელი 10%-ით მოხდა, ზოგან მეტითაც. რასაკვირველია, ამ ფონზე მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლის მიზეზები აქვს. _ რამ გამოიწვია დღევანდელი სურათი, თქვენ რაზე გაამახვილებთ ყურადღებას? _ ეკონომიკურ მდგომარეობას თუ გულისხმობთ, აქ ზუსტ შემფასებლად არ გამოვდგები, რადგან ამას ეკონომიკის დარგის ექსპერტი სჭირდება. ასეთს კი ორი თვისება უნდა ჰქონდეს, ერთი მაღალპროფესიულობა და მეორე _ მიუკერძოებლობა. ჩვენთან დღეს, როგორც ვხედავთ, ორივე კომპონენტის დეფიციტია. თუ გნებავთ, ევროპის დონის ეკონომისტები არ გვყავს. ქართული ეკონომიკური სკოლა, დაწყებული ლომაიათი და განათლების დღევანდელი მინისტრით დამთავრებული, დიდი წარმატებით ჩაკლეს. და მეორე _ ახლანდელ საქართველოში ძალიან ცოტა მიუკერძოებელი ადამიანია. _ ამ სიტუაციაში პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თუ არა არსებული მდგომარეობის სწორი, პროგრესული მიმართულებით წაყვანა? _ აქაც იგივე ხდება. მარტო პოლიტიკოსის ნიშა რას იზამს, აქაც სათანადო კვალიფიკაცია, კომპეტენცია არის საჭირო, ისეთი ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვება. მაგალითად, პოლიტიკოსი იცვლის პოზიციებს, ხალხი მაინც მიჰყვება. იგივე საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ. ალექსის ციპრასმა იქ არჩევნები ისევ მოიგო. იანვარში გაიმარჯვა სულ სხვა ლოზუნგებით, ახლა, სექტემბერში, სულ სხვა გამოსვლებით. ხალხს მისი მაინც სჯერა. კი, ნაკლები მხარდაჭერა იყო, ვიდრე იანვარში, მაგრამ ბერძენთა უმრავლესობამ მაინც დაუჯერა. აი, ასეთი პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ გვყავს. ოპოზიციას არ ჰყავს ასეთი ლიდერი. გარდა ამისა, სახეზეა დაქსაქსულობა, ორკაციანი, სამკაციანი პარტიები, სადაც მხოლოდ ლიდერი ჩანს, პარტია, ორგანიზებული ძალა არსადაა. პარტიას მხოლოდ ერთი ლიდერი ჰყავს. ასეთი სიტუაცია იმას განაპირობებს, რომ ოპოზიცია ვერა და ვერ იქცა რეალურ, ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ანგარიშს შეიძლება უწევდეს, თუ გნებავთ, ხელისუფლება. ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლება საკუთარი სურვილით კი არა, უბრალოდ, იძულებულია, ანგარიში გაუწიოს პოლიტიკურ ოპოზიციას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ გამორიცხავს ამ ოპოზიციის მოსვლას ხელისუფლებაში და მერე თვითონ აღმოჩნდება მის ადგილას. ამიტომ რასაც დასთესს, იმასვე მოიმკის. გარდა ამისა, იქ სულ სხვა ფასეულობები და ღირებულებებია. ამიტომ მსოფლიოს ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ ნახავთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ასე უდიერად იხსენებდნენ ოპოზიციას, როგორც ეს საქართველოში ხდება. თუმცა ოპოზიცია ვალში არ რჩება და ხურდას იგივე მონეტებში უბრუნებს. _ ის, რომ ოპოზიციას არ ჰყავს ქარიზმატული ლიდერი, რომელიც მოსახლეობის რეალურ განწყობებს გარკვეული მიმართულებით წაიყვანს, ეს რეალობა ქვეყნისთვის დადებითის მომტანია თუ უარყოფითის? _ იცით, ეს ქარიზმატული ლიდერი ორლესული მახვილია. რასაკვირველია, დემოკრატიულ ქვეყნებში ქარიზმატულ ლიდერს არავინ ეძებს. შეიძლება იყოს პრეზიდენტი, პრემიერი, რომელიც არც ქარიზმატული იყოს, წესიერად ვერც ლაპარაკობდეს, მაგრამ პარტია ძლიერია და არჩევნებში უპირველესად ის იმარჯვებს. ჩვენთან ყველაფერი პერსონიფიცირებულია, მხოლოდ ერთი კაცი იმარჯვებს. თავის დროზე ერთმა კაცმა, ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა, შემდეგ შევარდნაძემ, მერე სააკაშვილმა, ბოლოს ივანიშვილმა. რა ვქნათ, ეს არის რეალობა, რომელიც ცუდია. ჯობია, არ იყოს ქარიზმატული ლიდერი, მაგრამ იყოს ძლიერი პოლიტიკური პარტია. ქარიზმატული ლიდერი არც ფრანსუა ოლანდია და დიდი ქარიზმატულობით არც გერმანიის კანცლერი მერკელი გამოირჩევა, მაგრამ ერთმაც და მეორემაც გაიმარჯვა. სჯობს, ქვეყანა ამაზე არ იყოს აგებული. ქარიზმატული ლიდერი ისეთი დაბალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ადვილად იქცევა მესიად _ განმათავისუფლებელი, მერე კი მამა-მარჩენალი ხდება; იქცევა ადამიანად, რომელიც, არც მეტი _ არც ნაკლები, ერს ღმერთმა მოუვლინა. ყოველთვის ასე ხდება. მერე იწყება ზღვარგადასული მლიქვნელობა _ ეს გენიოსია, სასწაულია და ა. შ. როგორც წესი, მერე ამ მლიქვნელების დრო დგება, ხოლო პარტიას არავინ უძვრება, ყოველთვის ერთი პიროვნების მიმართ მლიქვნელობენ. _ ამ სიტუაციაში ჰქონდა თუ არა რეალური პოლიტიკური შანსები გიგი უგულავას და ამის გამო ხომ არ აღმოჩნდა კიდევ იქ, სადაც აღმოჩნდა? _ არ მგონია, რადგან თვითონ „ნაციონალებს“ არ აქვთ გამოკვეთილი შანსები, რაც, თუ გნებავთ, მათი საპარლამენტო ფრაქციის დაშლით გამოვლინდა. ამიხსენით, ერთი, რას წარმოადგენს ახალი პოლიტიკური ცენტრი, ჯაფარიძემ, ხაჩიძემ და კუბლაშვილმა რომ შექმნეს? ამან რა, „ნაციონალური მოძრაობა“ გააძლიერა? ისინი მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებად არიან ცნობილნი. შექმნეს რაღაც ვირტუალური ძალა, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს _ ეს ოპერაცია, ახალი პოლიტიკური ცენტრი, კრახით დასრულდა, მაგრამ წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამიტომ მის შანსებს 2016 წლის არჩევნებში მაღალი მაჩვენებლით ვერ შევაფასებ. _ არსებული სოციალური გარემო, მისი გაუარესება ქვეყნისთვის მთლიანობაში რა გამოწვევებს შეიცავს, თუნდაც უსაფრთხოების პრობლემების თვალსაზრისით? _ აქ საფრთხეების მთელი თაიგულია წინა პლანზე. როდესაც ქვეყანაში სიღატაკე ქრონიკულ ხასიათს ატარებს, მაშინ, რასაკვირველია, ეს მეტასტაზები ყველა სფეროს შეეხება; მათ შორის საგარეო პოლიტიკას, თავდაცვისუნარიანობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლება-მეცნიერებას... თუ სახელმწიფოს ერთ ორგანიზმად წარმოვიდგენთ, სიღატაკე ამ ორგანიზმის ყველა ნაწილს აზიანებს _ გულს, ღვიძლს, ფილტვებს, ელენთას _ ყველაფერს ედება. თუ ეს რეალობა დროზე არ შეიცვალა, შედეგი ძალიან ცუდი დადგება. _ ეს რეალობა რომ შეიცვალოს, გამოსავლის გზებს სად ხედავთ? _ პირველ რიგში, სწორ საკადრო სელექციაში და სწორი პოლიტიკის გატარებაში. მაგალითად, მართებულად არ მიმაჩნია, რომ ბანაკის გახსნის ცერემონიალზე 100 ათასი ლარი იხარჯება. გინდა ეს კანონიერად დაიხარჯოს, მეგობარს კი არა, ვისაც საჭიროა, იმას გადაერიცხოს, მაგრამ თვითონ დანახარჯი სწორად არ მესახება. როდესაც ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, თუ გნებავთ, გაეროში ორი დელეგაციის გამგზავრება ვის რად უნდა? ვერ ვხედავ მარგი ქმედების კოეფიციენტს პრეზიდენტის წასვლაში. ალბათ, ერთი თვითმფრინავით არ მიდიან, წავლენ ორით, მთელი ამალით. რასაკვირველია, პრეზიდენტი სახეს შეინარჩუნებს და თან პრემიერზე ნაკლებ ამალას არ წაიყვანს. თანაც ვიცი, გენერალური ასამბლეის დღეებში რა ჯდება ერთი კაცის შენახვა ნიუ-იორკში _ ხუთჯერ, ექვსჯერ ძვირი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ დროს ხდება. ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული და პრეზიდენტის ვოიაჟის შედეგი კი ნულის ტოლი იქნება. ასე არ შეიძლება. რა შეთანხმებაც არ უნდა დადოს იქ მარგველაშვილმა, რომ ჩამოვა თბილისში, ეს შეთანხმება რეალურად გაქრება, ქაღალდზეც არ აისახება, ამიტომ ამაში რაიმე კომპრომისსაც ვერ ვხედავ. ასევე უამრავი მსგავსი შემთხვევაა: ვერავინ გაიგო, დედაქალაქის მერია რაში ხარჯავს ფულს? ვერავინ გაიგო, თუ რა უკვდავ კაშჩეიდ გვექცა ეს ებრაული კომპანია „სითი პარკი“? ნარმანია ჯერ 13 შესასრულებელ პუნქტზე საუბრობდა, მერე შეგვპირდა, რომ მანქანებს აღარ წაიყვანდნენ. გუშინ, გუშინწინ ვნახე, კიდევ წაიყვანეს მანქანები. მაგალითად, ჩემი ახლობლის მანქანა გადაიყვანეს. რა გახდა ეს? აქ უკვე ეჭვი ჩნდება, საერთოდ ვინ მართავს ამ ქვეყანას? რას ჰქვია, თუ ხელშეკრულება კაბალურია, ამისთვის სასამართლო აღარ არსებობს? იქნებ, სჯობდეს, მთავრობამ, ქალაქმა ერთხელ გადაიხადოს ჯარიმა და ეს „სითი პარკი“ ქალაქს მოაშოროს? ელემენტარულად, „ქართულ ოცნებას“ ლამის ასპროცენტიანი გამარჯვება აქვს გარანტირებული, თუ გაისამდე აქედან თუნდაც „სითი პარკს“ გააგდებს. არც ხელფასების მომატება, უმუშევრობის შემცირება, შიმშილის აღმოფხვრა უნდა, ხალხი ყველაფერს აპატიებს, ოღონდ ეს წურბელა „სითი პარკი“ მაინც მოაშორონ! მაგრამ, როგორც ჩანს, ამის თავიც არ აქვთ. _ აქედან გამომდინარე, რამდენად აქვს დღევანდელ მთავრობას რესურსი, რომ ზემოაღნიშნული ნაბიჯები გადადგას? საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა... _ ეს დრო მათთვის ყოველდღიურად მცირდება, ყოველი დღე დაკარგულია. მაინც ვხედავთ, რომ არაფერი იცვლება. მეტს ვსაუბრობ იმ სფეროებზე, რომელსაც ვიცნობ. ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი მოვიდა. მასზე ჯერ ვერც ცუდს ვიტყვი და ვერც _ კარგს. ერთი მომეწონა, მისი თამამი განცხადება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა მრავალვექტორიანი უნდა იყოს და ეს ჟანრის კლასიკაა, დასავლეთიც, აღმოსავლეთიც, სამხრეთიცა და ჩრდილოეთიც და არა მხოლოდ ცხენივით, თვალებზე რომ მიაფარებენ და მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურება. მეორე, _ ეს მეცნიერება და განათლებაა, სადაც 50-წელზე მეტია, ვიმყოფები. გეუბნებით, ყველა წითელ ხაზს გადააბიჯა ამ მინისტრმა ქალბატონმა _ ანგრევს და ანგრევს როგორც განათლებას, ასევე მეცნიერებას. ეს მეცნიერება ლამის საერთოდ აღარ არის ქვეყანაში. განათლებას რაც შეეხება, დღემდე სტუდენტებთან მაქვს უშუალო შეხება _ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ყოველ წელს, წინა ნაკადთან შედარებით, საშინლად მოუმზადებელი თაობა მოდის. ასეთი ტემპებით, თუ ეს მინისტრი დროზე არ გაათავისუფლეს და რაღაც რეფორმები არ გატარდა განათლების სამინისტროში, ერთ ათ წელიწადში სომალის დონეზე ვიქნებით. უბრალოდ, მწიგნობარი თაობა აღარ გვეყოლება, წიგნის წამკითხავი აღარავინ იქნება ქვეყანაში, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა. მაგრამ ტანკში ზის ეს ქალბატონი. არ ვიცი, არ უნდათ, მარგველაშვილს აწყენინონ, მისი კადრია, თუ რა ხდება, ვერაფერი გავიგე. ამას ახსნაც ვერ მოვუძებნეთ. კი ბატონო, დაინიშნენ მინისტრები, რომლებიც თავიანთი სფეროსგან ძალიან შორს იყვნენ, ამას რაღაც ახსნა ჰქონდა, მაგრამ აქ არანაირი განმარტება არ არსებობს. _ და კიდევ, შეძლებს თუ არა მთავრობა გაქცეული ლარის დაჭერას მაინც? _ ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი არ მაქვს და დრო კი ძალიან ცოტა რჩება. უნდა შეძლონ, სხვა გზა არ აქვთ. თუ არჩევნებში რამე წარმატების მიღწევა სურთ და ყველა პოლიტიკური პარტიის მთავარი მიზანი, ბროლის ოცნება, არჩევნებში გამარჯვებაა, მაშინ ეს უნდა მოახერხონ. თუ ამ გზით ვერ ივლიან, მაშინ იძულებული გახდებიან, ძალიან ცუდი გზით წავიდნენ...  

                                                                                                   გელა მამულაშვილი

გაზიარება