QronikaPlus
ნინო სურგულაძე: „არსებობს ხვალ და... ჩვენ შევძლებთ!!!“

ნინო სურგულაძე: „არსებობს ხვალ და... ჩვენ შევძლებთ!!!“

2015-09-23 13:08:24

  გასულ კვირას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხე“-მ მორიგი საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი გამართა. თბილისში ჩამოვიდნენ ფონდის დამფუძნებლის, ნინო სურგულაძის მეგობრები: დანიელა დესი, ფაბიო არმილიატო, ალბერტო გაძძალე, ფრანჩესკა დეგო, მაესტრო დანიელე რუსტიონი - ვარსკვლავები სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდნენ. სტუმრები საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მიიღეს. მსოფლიო ვარსკვლავებმა დატოვეს და წაიღეს დიდი სითბო და მოგონებები საქართველოზე. ეს კი, პირველ რიგში, სწორედ ნინო სურგულაძის დამსახურებაა. „ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სურგულაძესთან. მსოფლიო ვარსკვლავი ბავშვობაზე, პირველ სიყვარულზე, მეგობრებზე, ოჯახზე, კარიერასა და სამშობლოზე... _ ნინო, როგორი გოგო იყო ნინო, სანამ ვარსკვლავი გახდებოდა? _ ჩვეულებრივი... ბავშვი იყო ჩვეულებრივი. ახლაც ასეთია, მე ასე მგონია! მაგრამ ყოველთვის იყო ძალიან ინიციატივიანი, ყველაფერი მაინტერესებდა, სულ ჩართული იყო საქმეებში და ყოველთვის ჰქონდა თვისება, ყოფილიყო ლიდერი. ხელოვნების სკოლაში სოლისტი ვიყავი მიუზიკლებსა და ანსამბლში, შემდეგ კი სოლო კარიერა ესტრადაზე. ფილმი „მეტიჩარა“-ს მთავარი გმირის ძიებისას, როდესაც რეჟისორის ასისტენტები კლასში შემოვიდნენ, მახსოვს, მერხიდან ვხტებოდი და იმიტომაც შემამჩნიეს. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის მომენტი კი არ მაქვს, მატარებელი მიდის, ჩერდება და ადიხარ, როგორც თითქმის ყველა, არამედ გაქანებულ მატარებელზე შეხტომის სურვილი მაქვს ხოლმე. _ პირველად როდის „შეახტით გაქანებულ მატარებელს“? _ თუნდაც მაშინ, როცა ხელოვნების სკოლაში დედაჩემი მივიყვანე; 8 წლის ვიყავი. მოვდიოდით სკოლიდან, დავინახე შეკრებილი ადამიანები _ მშობლები, ბავშვები და დედაჩემს ვუთხარი, _ დამელოდე, უნდა გავარკვიო, აქ რა ხდება-მეთქი. დედაჩემმა, _ კარგიო. ავედი ზემოთ, იქ უცებ მომისმინეს და შემდეგნაირად შემაფასეს: სმენა აქვს, რიტმის შეგრძნებაც, მერე მითხრეს, რომ პასუხი მალე იქნება, _ სიის სახით გამოვაკრავთო. ამ დრომდე, 8  წლამდე, სახლში მინი სპექტაკლებით  შემოვიფარგლებოდი. _ სია რომ ნახეთ? _ ეს იყო ჩემი პირველი წარმატება, რომელიც მერე გაგრძელდა და გაგრძელდა. ლიდერობა წილად მხვდა ბავშვობიდან, სოლო კარიერაში, ვითამაშე რამდენიმე მთავარი როლი ფილმებში. ყოველთვის იყო რისკი, დინების საწინააღმდეგო ცურვაც, არასოდეს შევჩერებულვარ. _ ნინო, ამ სასტიკ სამყაროში როდესაც მოხვდი, და მგონია, რომ ხელოვნება ნამდვილად სასტიკი სამყაროა, გულის ტკენა უფრო მეტი შეგხვდათ, თუ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ხელი გამოგიწოდეს? _ პირველ რიგში, ესენი არიან ჩემი მშობლები. ვფიქრობ, რომ მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით დედამ, იმიტომ რომ მამა სულ დაკავებული იყო. მამა თავისი ცოდნით, შრომის სიყვარულით, მუსიკის სიყვარულით მუდმივად მაგალითი იყო ჩემთვის; რაც შეეხება დედაჩემს, ის დადიოდა რეპეტიციებზე, დავყავდი პედაგოგებთან, მასწავლიდა უცხო ენებს, ფაქტობრივად, თავი ჰქონდა ჩემთვის გადადებული. მას შეეძლო, თუნდაც საკუთარი ხელფასით პირად კომფორტზე ეფიქრა, მაგრამ არააა! _ ნინოს ახლა ინგლისური აქვს, გერმანული აქვს, ახლა ჯგუფი ამერიკაში მიდის, არადა, დედაჩემი მეცნიერ-მუშაკის საშუალო ხელფასს იღებდა, მაგრამ, რაც მთავარია, ყოველთვის მქონდა მორალური მხარდაჭერა, დედაჩემი ყოველთვის მკაცრი და ობიექტური შემფასებელი იყო. გარდა ამისა, ძალიან დიდი მეგობრები ვართ დღემდე. _ იოლად წახვედით უცხოეთში? ეს რისკი იყო, მონდომება, წასულ მატარებელზე შეხტომა, თუ, უბრალოდ, გაგიმართლათ? _ მაშინ თბილისში ომი იყო. ლანა ღოღობერიძის ფილმს „ვალსი პეჩორაზე“ რომ ვიღებდით, უკვე ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა ყველა. სწორედ ამ დროს გაჩნდა დახელოვნების შანსი, წავედი კონკურსზე ბარსელონაში, წავიყვანე ჩემი პედაგოგი, ქალბატონი გულიკო კარიაული, რომელიც დღემდე ჩემი პედაგოგია, ჩემი კონცერტმაისტერი ქ-ნი მანანა ჯანგავაძე და დედაჩემი. ოთხნი წავედით და ამ კონკურსიდან, სიმბოლურად, სწორედ ოთხი დიპლომი ჩამოვიტანე: ერთ-ერთი პრიზი იყო ლა სკალას აკადემია. როგორც ჩანს, ეს შრომის შედეგი გახლდათ, ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე. 19 წლის ასაკში ჩემ ტოლებთან ერთად გართობა მინდოდა, მე კი ყველაფერზე უარი ვთქვი და საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრება მქონდა. ის მიზანი, რაც დავისახე, მინდოდა მიღწეულიყო. _ ნინო, წარმატება იოლად მოვიდა? _ არა, იოლი არ იყო, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფერში გამიმართლა. ბარსელონაში გამართულ კონკურსზე ჟიურის წევრები ცნობილი ადამიანები იყვნენ, ამან ჩემი აღმოჩენის პროცესი გააიოლა, თუმცა ლა სკალაში რომ ჩავედი, ნულიდან მომიწია ყველაფრის დაწყება. შენს ქვეყანაში მიჩვეული ხარ, რომ გიცნობენ, იქ კი აბსოლუტურად უცნობი ადამიანი ხარ, უნდა გენდონ და დაგინახონ. _ გენდნენ და დაგინახეს? _ კი, დამინახეს. ჯერ ერთი, ყველაზე უფრო აფასებდნენ იმას, რომ ძალიან მონდომებული ვიყავი, აფასებდნენ იმას, რომ ადამიანს შეგიძლია დაეყრდნო, მაგალითად, ისეთ საპასუხისმგებლო მომენტში, როგორიცაა სეზონის გახსნა. ეს არის ძალიან დიდი მოვლენა, _ 7 დეკემბერს, წმინდა ამბროზიოს დღეს, ლა სკალაში ვარსკვლავთ ცვენაა. მე ვიყავი ძალიან პატარა, 24 წლის, როცა `ლა სკალას სეზონი გავხსენი. ვუყურებდი, რომ ჩემზე უფროსებს, ჩემზე გამოცდილებს მუხლები უკანკალებდათ და პირჯვარს იწერდნენ. ლოგიკურად, მეც უნდა მენერვიულა, მაგრამ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, გნებავთ, ამას გადარეული გურულის ხასიათი დაარქვით, ძალიან მიზანდასახული ვარ, მაქვს და საკუთარი თავის მიმართ შეჯიბრი მქონდა, თუ რისი გაკეთება შემიძლია კიდევ... _ ახლა, როცა ვარსკვლავი ხართ, კიდევ გაქვთ შეჯიბრი საკუთარ თავთან? _ რა თქმა უნდა! პირველ რიგში, საჭიროა მიღწეულის შენარჩუნება, _ ეს არის ყველაზე რთული პროცესი. არ დუნდები, არ ფიქრობ, რომ უკვე ყველაფერს მიაღწიე. არასოდეს ვარ კმაყოფილი ჩემი თავით, მიმაჩნია, რომ ჩემს მიღწევებში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა. _ ნინო, ქველმოქმედებაზე ვილაპარაკოთ... როგორ გაჩნდა ფონდი „ნატვრის ხე“? _ სიმართლე გითხრათ, როცა მეძახდნენ, ეს იყო ფონდ „იავნანას“ ღონისძიებაზე თუ საქველმოქმედო კონცერტებზე უცხოეთში, ყოველთვის დიდი სიხარულით მივდიოდი, რაც მიმაჩნდა ღირსების საქმედ. შარშან ზაფხულში დადგა მომენტი: ძალიან მეტკინა გული, ჩემი დაბადების დღე იყო, ვმღეროდი „კარმენს“, ვიყავი უბედნიერესი და ამ დროს „ფეისბუქით“ შევიტყვე ძალიან ცუდი ამბავი კონსერვატორიის სტუდენტზე - ნინო ჩიქოვანზე;  ვკითხულობ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, არადა, ნინო მახსოვს სულ გაღიმებული, სიცოცხლით სავსე, ხალისიანი... მივხვდი, რომ რამე უნდა მეღონა. მარტო კონცერტი არ იქნებოდა საკმარისი. ასე დაიბადა ფონდის იდეა; ჩვენ ეს შევძელით, სტუდენტები გაერთიანდნენ, ბევრმა ადამიანმა დარეკა, ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა ჩარიცხა. ამ ფონდის ხიბლი სწორედ ისაა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს, მარტო შენ კი არ გიხარია, სხვებთან ერთად გიხარია. ნინოს გარდა იმ კონცერტით ხუთ ადამიანს დავეხმარეთ. ბევრს ისეთი დაავადება აქვს, დღემდე ვაგრძელებთ მათ მკურნალობას, იმ კონდინციამდე რომ მივიყვანოთ, ჯანმრთელი ერქვას. ზოგს ისეთი დაავადება აქვს, რომელიც საერთოდ არ იკურნება, მაგრამ მათ ვუადვილებთ და ვუხანგრძლივებთ სიცოცხლეს. _ როგორია ნინო სურგულაძე მუსიკისა და ქველმოქმედების მიღმა? თუ გაამხელს, მაგალითად, როდის შეუყვარდა პირველად? _ არ გაამხელს, თუნდაც იმიტომ, რომ არ ახსოვს, მაგრამ არა... პრინციპში, კი, მახსოვს, ჩემი კლასელია - ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი, ტელეწამყვანი. მახსოვს, რომ რაღაც წერილი გავუგზავნე, _ თუ შეიძლება, გაკვეთილების მერე ჩემი ჩანთა წამოიღე-მეთქი. ასეც მოხდა. დღეს ამას რომ ვიხსენებთ, გვეღიმება. ეს იყო ჩემი პირველი გრძნობა. ზოგადად, სულ შეყვარებული ვარ, ჩემი შეგრძნება არის ეიფორიული, არ არის აუცილებელი, კონკრეტული ადრესატი მყავდეს, სულ მაქვს შეყვარებულობის შეგრძნება, მაგრამ იმდენად ძნელია ამ საქმეში ემოციების გადანაწილება, არ გამოდის... ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე სულ გზაში ვარ, ამიტომ არ ვაძლევ თავს უფლებას, გული ვიტკინო და სხვასაც ვატკინო. ველოდები... პრინციპში, არ ვიცი, რას ველოდები. მინდა, ის საქმე ვაკეთო, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. მინდა ოჯახი, მინდა ვიგრძნო, რას ნიშნავს იყო დედა, მინდა ვიყო ბედნიერი. ასე მგონია, რომ არ ვიქნები ცუდი დედა. მკაცრი, ალბათ, არ ვიქნები. მგონი, უფრო საჭიროა, იყო გულწრფელი. _ ნინო, „კარმენი“ ახსენეთ, სხვა საყვარელ პარტიებზე რას მეტყვით? _ „კარმენი“ ერთ-ერთია, მიყვარს „აიდა“, მიყვარს რთული პერსონაჟები, მათ ადამიანებს ვეძახი, იმიტომ, რომ იმ როლებში ვცხოვრობ, მიყვარს ისინი, რომლებიც რაღაცით მგვანან, ასე  უფრო მეადვილება. _ საოცნებო პარტია გაქვთ? _ მაქვს, ძალიან მინდა, ვერტერი ვიმღერო. ჯერჯერობით, ეტყობა, ეს მომენტი არ დამდგარა ჩემს ცხოვრებაში, ხელოვნურად არასოდეს არაფერი ხდება!!! _ ნინო, კონცერტიდან დამამახსოვრდა თქვენი სიტყვები, ყველამ იცის, რომ ხართ ქართველი, ყველას უყვებით თქვენს სამშობლოზე, უყვებით ურთიერთობებზე, ეს ეტყობოდა თქვენს მეგობრებს, საოცარი ემოცია მოდიოდა სცენიდან... _ ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო იყო, მათ საქართველო არასოდეს დაავიწყდებათ. როცა ჰკითხავენ, საქართველო სად არის და როგორია, ერთი და ორი სიტყვით არ ახსნიან ამას, განსხვავებული ემოცია ჰქონდათ. საოპერო სამყარო ძალიან ფაქიზი სამყაროა, ადამიანები ცოტა გაუხეშდნენ. იმდენი სითბო ნახეს საქართველოში, მიღება პრეზიდენტთან, პატრიარქთან, ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ ქართველები მათ აფასებენ, მადლიერები არიან, რომ ჩამოვიდნენ. _ ბოლო დროს მოდური გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც ვარსკვლავები არიან, ეწევიან ქველმოქმედებას, შემდეგ პოლიტიკაში მიდიან. მსგავს რამეს ხომ არ აპირებთ? _ პოლიტიკოსებს ბევრს ვიცნობ, იტალიის პრეზიდენტით დაწყებული. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არ მგონია, რომ პოლიტიკაში ყოფნა აუცილებელია. თითოეული ადამიანი ქმნის პოლიტიკას იმით, რომ იცხოვრებს სწორად, მოიქცევა ღირსეულად, კარგად გააკეთებს თავის საქმეს. სახელმწიფო მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება. პირადად ჩემთვის, პოლიტიკა ხელოვნებასთან შეუთავსებელია, ამ ორი საქმის გაკეთება ერთად შეუძლებელია. თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია. ჩემი თავი პოლიტიკაში ვერ წარმომიდგენია. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებლი. _ როდის დაბრუნდებით საქართველოში? _ აქ ყოველთვის ჩამოვალ, ჩემში მაგნიტივით არის მიზიდულობის ძალა ჩემი ოჯახისადმი, ჩემი ფონდისადმი. ვიცი, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეს გავაკეთებ, ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. მგონია, რომ საქართველოში დიდი სიყვარულია საჭირო, მეტი სიკეთე, მეტი პოზიტივი. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, საქართველო  საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში. რაღაც შეიძლება დღეს არ გამოდის, მაგრამ არსებობს ხვალ... და ჩვენ შევძლებთ!!! ელისო კილაძე

გაზიარება