QronikaPlus
ვის გადაუხადა ასლან სმირბამ ნახევარი მილიონი და რა დავალება შეასრულა აფხაზეთში?!

ვის გადაუხადა ასლან სმირბამ ნახევარი მილიონი და რა დავალება შეასრულა აფხაზეთში?!

2015-09-20 08:05:29

  ასლან სმირბა _ ქალაქ ბათუმის პირველი არჩეული ყოფილი მერია, რომელიც დღეს „ქრონიკა+“-ის რესპონდენტია. _ ბატონო ასლან, როდის და როგორ გამოჩნდა ასლან სმირბა ასპარეზზე? _ პირველად ასლან აბაშიძის დროს გამოვჩნდი. მაშინ „კაპიტან პორტას“ სამსახურის უფროსი ვიყავი. დავალებების შესრულებისას ხშირად ესმოდა ჩემი სახელი და მომიკითხა. მას შემდეგ ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე: ვიყავი ბათუმის პირველი ვიცე-მერი, პირდაპირი კენჭისყრით არჩეული მერი, საქართველოს პარლამენტის წევრი. _ როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში თქვენსა და აბაშიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. _ დიახ. თუმცა ეს უფრო წყენა იყო, ვიდრე დაპირისპირება. ბევრი ჩადგა ჩვენ შორის და გავერიდე სიტუაციას. 2004 წელს, როცა სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი და აჭარაში სიტუაცია დაიძაბა, მე მოსკოვში ვიყავი, ჩემი შვილი მაშინ იქ სწავლობდა. შემდეგ გადმოვიდა და თბილისში დაამთავრა. ჩემთან მოვიდნენ აბაშიძის ნდობით აღჭურვილი პირები, ბადრი მელაძე და დავით ხახუტაიშვილი და ასლანის სახელით ბათუმში დაბრუნება მთხოვეს. ჩამოვედი. ასლანმა მითხრა, რომ გიორგი აბაშიძე გადადგებოდა და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დამნიშნავდა. მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე, ამ პერიოდში კი ბათუმში სააკაშვილის თანაგუნდელებს ვხვდებოდი, გია ბარამიძესა და გივი თარგამაძეს. ამის შესახებ იცოდა აბაშიძემაც. _ რას ითხოვდნენ ისინი? _ ჩვენ ვიცოდით, რომ აბაშიძესთან მოლაპარაკებას სააკაშვილი აწარმოებდა, მაგრამ მათთან კომუნიკაცია მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად აუცილებელი იყო. მერე კი ყველამ ვიცით, როგორც განვითარდა მოვლენები. _ ბიზნესმენებზე ზეწოლა აბაშიძის დროსაც იყო. რა სხვაობაა აბაშიძისა და `ნაციონალების~ ბიზნესის კონტროლს შორის? _ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ასლან აბაშიძე ცალკეული ბიზნესმენებიდან წილს არ იღებდა. მისთვის შემოსავალი მოდიოდა საბაჟოდან, ნავთობტერმინალიდან, პორტიდან. მას არასოდეს მოუთხოვია ფული ჩემთვის, არც მისი ოჯახის წევრებს და, ბუნებრივია, არც მიმიცია. _ მისი ცოლისძმა, სოსო გოგიტიძე, რომელიც აჭარის უშიშროების უფროსი იყო? _ უშიშროებას ჰქონდა თავისი „ლაპა“. ჩემგან არ მოუთხოვიათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისდიოდათ წილები. სოსო გოგიტიძე „ხამი“ არ იყო. აჭარაში ბიზნესსა და ბიზნესმენებს ატერორებდა მისი ბიძაშვილი, სერგო გოგიტიძე, რომელიც, აბაშიძის ცოლის ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დანიშნა აბაშიძემ აჭარის შს მინისტრის პირველ მოადგილედ. ფაქტობრივი მინისტრი ის იყო. ლომის წილი იმ პრობლემებისა, რომელიც ასლან აბაშიძეს აჭარაში შეექმნა, სწორედ მისი დამსახურებაა. რაც შეეხება „ნაციონალებს“, ისინი ყველას განურჩევლად ან ართმევდნენ ბიზნესს, ან წილში უსხდებოდნენ. ესეც არ იყო საკმარისი, იჭერდნენ და ცალკე იქ ახდევინებდნენ ფულს. _ თქვენ როდის მოგიკითხეს? _ თავიდან არაფერი. გიორგი პაპუაშვილს, აჭარის პროკურორსა და სულ ახლახან აჭარის სუს-ის ყოფილ უფროსს, რომელიც მთავარი ბიზნესტერორისტი იყო აჭარაში, ოქრუაშვილმა უთხრა, რომ ჩემთვის თავი დაენებებინა. ვაგრძელებდი საქმიანობას, სანამ სააკაშვილმა თვალი არ დაადგა ჩემს ზღვისპირა კაფე-რესტორანს, დღეს ე. წ. ტყუპებს. შემდეგ ეს პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრება გახდა და დღემდე მისია.  შემდეგ საფინანსო პოლიციამ ყველა ის ორგანიზაცია შეამოწმა, სადაც ვმუშაობდი. ვერაფერი რომ ვერ ნახეს, მილიონებს გაუვლია ჩემს ხელში და 180 ათასი დოლარის არამიზნობრივი ხარჯვისთვის დამაკავეს. სამი თვე მაყურყუტეს საკანში და მერე დაიწყო ჩემი გაფცქვნა. ეს მათი ჩვეული მეთოდი იყო. _ რამდენი გადაგახდევინეს თავისუფლების სანაცვლოდ? _ პირველ ეტაპზე 50 ათასი ლარი შემატანინეს რაღაც ანგარიშზე, ჩემი ვითომდა ბრალდება კი გაქრა. ცოტა ხანში კიდევ 70 ათასი მოითხოვეს. ამის მერე დამიბარა იუსტიციის სამინისტროდან ვინმე ბოლქვაძემ _ ორი ბინა მაყიდინეს და გამარემონტებინეს ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე. ერთი პატარა სეინერი მყავდა, თევზს ვიჭერდი და ვყიდდი, იქაც შემიქმნეს პრობლემები და ისიც გავყიდე. ყველაფერი წამართვეს, რამე თუ მებადა. მალე 100 ათასი ლარი გადამახდევინეს ისევ. ეს მაშინ, როცა პროკურატურა რეკეტიორობდა, შემდეგ კი ეს ფუნქცია უშიშროების სამსახურმა ჩაიბარა და გაცილებით წარმატებულად. ყველაზე `წარმატებული~ ამ მხრივ კი `კუდის~ აჭარის სამმართველოს უფროსი, თემურ პატარიძე იყო, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი გაამწარა და ბევრი ცოდვა ადევს. მარტო მე მაქვს მიტანილი სხვადასხვა დროს ნახევარი მილიონი ლარი პატარიძისთვის: 50 ათასი ერთხელ, 100 ათასი მეორედ, 200 ათასი და ა. შ. _ სხვებიც ამ დღეში იქნებოდნენ, ალბათ? _ რა თქმა უნდა. თუნდაც ყოფილი სტადიონის ტერიტორიაზე სასტუმროს რომ აშენებენ, იმ ხალხს აეროპორტში წაართვა კუდმა 600 ათასი დოლარი. საეჭვოა, ის ბიუჯეტში შეეტანათ. _ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაინტერესდა ვინმე ამ ფაქტებით? _ არავინ! ის კი არა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ის და მისი მოადგილე დღეს თურქეთში არიან თავისუფლად და არა მგონია, უფულოდ ცხოვრობდნენ იქ. პატარიძის ბანდის წევრების უმრავლესობა კვლავ ძალოვნებში მუშაობს. ბუზი არ აუფრენია მათთვის არავის. გადანაწილდნენ სხვადასხვა უწყებაში და დღესაც მიმდინარე პროცესებზე, გარკვეულწილად, გავლენას ახდენენ. როცა დაჭერილი ვიყავი, ჩემს ძმას, მურკა სმირბას, კუდმა უჩა შანიძე გააყოლა, რომელიც პატარიძის მარჯვენა ხელი იყო და თბილისში „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანა აყიდინეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უჩა შანიძე ერთი საათით არ დარჩენილა უმუშევარი და დღეს უკვე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია. ამ ხელისუფლებამ მანქანის ღირებულება გადამიხადა. ბანკის ვალები დავფარე და ცოტა დამრჩა კიდეც. დაჭერისას ისე მცემეს, მარცხენა თვალი დამიზიანეს და დღეს პროთეზი მაქვს. აი, ასეთი ყაჩაღები, სადისტები ახლაც ძალოვნებში მუშაობენ და სანამ ეს სისტემა არ გაიწმინდება, მანამ არა მარტო ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, არამედ სახელმწიფოც და ხელისუფლებაც საფრთხის ქვეშ იქნება. _ არ იბრძვით წართმეულის დასაბრუნებლად? _ არა, ვის დაუბრუნდა, მე რომ დამიბრუნდეს? ალბათ, ამის დროც დადგება. _ პატარკაციშვილებთან სადავო ქონებას? _ პატარკაციშვილის ოჯახს არაფერს აღარ ვედავები. პატივს ვცემ ბადრის ხსოვნას და მის მეუღლე ინას, რომელიც ღირსეული ქალბატონია. ბადრის იუბილე რომ იყო, თბილისში ჩავედი, მაგრამ იქ ისეთი ვინმეები დავინახე, მანქანაში დაველოდე და როცა წავიდ-წამოვიდნენ, მერე მივედი მის საფლავთან. იმედია, თქვენი გაზეთის მეშვეობით მივაწვდენ ხმას ქალბატონ ინას, რომ ბატონი ბადრის წარმომადგენლის, ოთარ დაბრუნდაშვილის მიერ უკანონოდ მითვისებული ჩემი ბინის იურიდიულად დასაბრუნებლად ვინმე გამოგზავნოს. _ რამდენადაც ვიცი, თქვენი ბინა მიისაკუთრა ალექსანდრე ჭაჭიამაც, ასლან აბაშიძის კარზე დიდკაცობისას. _ დიახ, ოღონდ ის ჩემი ცოლის ბინაა და გვთხოვა, გარკვეული პერიოდი ვიცხოვრებო. რახან იმ პერიოდში არ გვჭირდებოდა, დავუთმეთ. შემდეგ კი ფარულად, ბადოევთან, რომელიც ამ სამსახურს ხელმძღვანელობდა, ეს ბინა გადაიფორმა. საქმე დღემდე ძიებაშია. ბინის დაბრუნება მინდა, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. საერთოდ, ყველამ იცოდეს, რომ ალექსანდრე ჭაჭია საშიში ადამიანია და საფრთხეს წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსთვის. განსაკუთრებით სამეგრელოში ურევს. ამიტომ ფხიზლად უნდა იყოს სახელმწიფო ამ თაღლით გაიძვერასთან _ ბატონო ასლან, თქვენ აფხაზი ბრძანდებით, საქართველოს შვილი და ამ თემის გარეშე ჩვენს ინტერვიუს ყველაზე მთავარი დააკლდება. აფხაზეთი... _ იცით, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს უპერსპექტივოა ყველაფერი, არის შეხების წერტილები, რომელზედაც დაყრდნობა შეიძლება ჩვენი, ორი ხალხის მომავალ ურთიერთობაში. აფხაზეთში ნელა, მაგრამ მაინც იგრძნობა ქართველებისადმი დამოკიდებულების შეცვლა. აქ კი ინიციატორი უფრო ძლიერი მხარე, ქართველები უნდა იყვნენ. მე პოლიტიკურ საკითხებს არ ვეხები, მაგრამ რესურსი ნამდვილად არსებობს და მისი გამოყენება აუცილებელია. აფხაზებში ნდობა დღევანდელი ხელისუფლებისადმი გაცილებით სტაბილურია, ვიდრე ადრე. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის გასაღები რუსეთშია და მასთან ურთიერთობაში სიფრთხილეა საჭირო. დღევანდელი ხელისუფლება ზომიერია, რაც მისასალმებელია. უნდა დამთავრდეს იარაღის ჟღარუნით ლაპარაკი ხალხთან, რომელიც შენს ნაწილად მიგაჩნია. საკითხის მოგვარება მხოლოდ ჩვენზე რომ იყოს, აქამდე მოვილაპარაკებდით, ესეც ქმნის დიდ სირთულეს. ძალიან კარგი კავშირები მაქვს აფხაზეთში. ვმეგობრობ აფხაზეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან, მიმესვლება მათთან. დღემდე სოხუმში ხშირად დავდივარ. მსგავსი ურთიერთობები ექნება სხვებსაც, ამიტომ ვფიქრობ, ამ კავშირების გამოყენება აუცილებელია ნდობის აღსადგენად. ვმეგობრობდი სერგეი ბაღაფშთან, ვმეგობრობ სერგეი შამბასთან, აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩეველი გარი სმირი ჩემი ნათესავია. ძალიან კარგად ვიცნობდი ვლადისლავ არძინბას, რომლის დედის დაკრძალვაზე ბათუმიდან ჩასულ დელეგაციას საოცარად თბილად დაგვხვდნენ. სხვათა შორის, ბევრი აფხაზი თბილისში მკურნალობს და ეს ძალიან კარგია. მათ შორის ალექსანდრე ანქვაბიც თბილისში განიკურნა. ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ რთული, ეკლიანი გზით, მაგრამ არ უნდა შევაჩეროთ ეს სვლა. მოთმინებითა და ჭკვიანური პოლიტიკით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. თავის დროზე, მე სოხუმში ჩავიტანე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, ირაკლი ალასანიას გზავნილი შერიგებისა და ურთიერთმტრობის დავიწყების შესახებ. ამასაც პოზიტიური შეფასება მოჰყვა. „ნაცების“ დროს, ერთი პერიოდი, საზღვაო ადმინისტრაციის უროსის მოადგილედ დამნიშნეს. ბევრი რამ გაკეთდა მაშინ და ერთი ძალიან საინტერესო პროექტი გვქონდა. შეთანხმებული ვიყავით, რომ აფხაზეთიდან ბათუმში ჩამოვიდოდნენ, აქ ისწავლიდნენ, მიიღებდნენ სერტიფიკატებს და დაბრუნდებოდნენ, მიღწეული შეთანხმება კი ეკონომიკის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, გიორგი კარბელაშვილმა ჩაშალა. როცა ძველი ადმინისტრაცია სრულად დაგვითხოვა, ახალი დანიშნა, თბილისიდან ჩამოიყვანა ხალხი და დღემდე ისინი არიან სამსახურში. _ ჩვენი ინფორმაციით, თემურ პატარიძის დავალებით, რამდენიმე წლის წინათ, თქვენ აფხაზეთში იმყოფებოდით. რა დაგავალეს? არსებობს კადრები, რომ თემურ პატარიძე თქვენი თანდასწრებით ვიღაცას გადასცემს ფულს. რას იტყვით ამის შესახებ? _ ფულის გადაცემა არ ვიცი, ალბათ, რამე გაუგებრობაა. დავალება კი მივიღე. დილის 6 საათი იქნებოდა, სახლში თავს დამადგნენ თემურ პატარიძე, მისი მოადგილე ალეკო ბალაძე, უჩა შანიძე, კიდევ ვიღაცები და მითხრეს, რომ უნდა გადავსულიყავი აფხაზეთში და მომცეს სამი კაცის სია: ყორშია, ბიგვავა და მესამე არ მახსოვს. ახალაიას დავალებით ესენი უნდა გამომეყვანა სოხუმის ციხიდან. მივხვდი, კარგ საქმეზე ისინი არ გამგზავნიდნენ, მაგრამ იძულებული გავხდი. ვთხოვე, _ სამხატვრო სალონი მაინც გააღებინეთ, რამეს ვიყიდი, ხელცარიელი ხომ არ ჩავალ-მეთქი? ხატი ვიყიდე ჩემი ფულით და წავედი. ენგურის ხიდთან რუსლან ქიშმარია დამხვდა, ჩავედით სოხუმში. ჯერ სერგეი შამბასთან მივედი. მითხრა, რომ ბაღაფშთან მხარს დამიჭერდა. სერგეი ბაღაფშს ჯერ ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა, მოგვიანებით კი მითხრა, რომ მათ ჩემი ხათრისთვის გაათავისუფლებდა, _ მე მაგათნაირი არ ვარ, პატიმრებს არ ვყიდიო. მაგრამ მთხოვა, ნუ შექმნიან ამის გამო აჟიოტაჟს, უსიამოვნებები არ მინდაო. ძალიან მალე მოაგვარეს იურიდიული ფორმალობები და მე და ქიშმარიამ გადმოვიყვანეთ. ენგურზე კი „ნაცებმა“ მთელი აქცია დაგვახვედრეს, სპექტაკლი დადგეს, ვითომ მათი რაიმე წვლილი იყო ამ საქმეში. ჩემ მიერ ჩამოყვანილებს სააკაშვილმა სამეფო მიღება მოუწყო და პირდაპირ ეთერში გადასცა ჯილდოები, მე კი აფხაზებთან მისასვლელი აღარ დამიტოვეს. თურმე, „ნაცებს“ 20-კაციანი ჯგუფი ჰყავდათ გადაგზავნილი გალში დივერსიებისთვის. ეს სამი დაიჭირეს, დანარჩენმა კი გამოასწრო. აფხაზებს ერთი ცენტიც არ აუღიათ, როცა გადმოვედი, პატარიძემ 100 ლიტრი საწვავის ტალონი ჩამიგდო მანქანაში. როგორც ჩანს, ეს ვიგინდარები ერთმანეთსაც ატყუებდნენ და სძალავდნენ ფულს. _ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე თქვენი სახელი ბათუმში ერთ ხმაურიან დაჭერასთან გაჟღერდა. _ გიორგი ემირიძეს გულისხმობთ? _ დიახ. _ გიორგი ემირიძემ ჩემს აღმასრულებელ დირექტორს, მალხაზ დიასამიძეს მართლაც მოსთხოვა 30 ათასი ლარი. მაშინ ემირიძე აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი იყო. შევხვდი, გადავეცი 15 ათასი და ვუთხარი, რომ სამსახურს ვტოვებ და მეტის მიმცემი არ ვარ-მეთქი. სამართალდამცველებთან ეგ ამბავი მე არ მიმიტანია და არც „ჟუჩოკით“ მივსულვარ მასთან. ასე რომ, დღემდე მოვითხოვ, გაირკვეს, ვინ „ჩაუშვა“ ემირიძე. რომ იცოდეთ, ემირიძე სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო ბათუმში. ერთი პერიოდი ვარშალომიძის გაშვება რომ ითქვა, მის ადგილზე სწორედ ემირიძე მოიაზრებოდა, შემდეგ კი `ეროვნულ ფორუმში~ შეძვრა და კინაღამ „ოცნების“ სახე გახდა. მე ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვარ და არავითარ შემთხვევაში არ მივიკარებ ლაქას, რომელიც არ მეკუთვნის. მადა არც ამათ აკლიათ. მიმაჩნია, რომ „ანაგის“ მენეჯერი, რომელიც დღეს აჭარის მთავრობის წევრია (საუბარია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძეზე, _ რედ.), სირცხვილით ქალაქში ვერ უნდა დადიოდეს. _ დაბოლოს... _ მე საქართველოს რიგითი მოქალაქე, ასლან სმირბა, ყოველთვის მიგულეთ ჩემი სამშობლოს სამსახურში!  

                                                                                                                   ნატო ქათამაძე

     

გაზიარება