კავკასია ერთიანი რეგიონია და მის ფარგლებში საითკენაც უნდა გაეშურო, შორს მაინც ვერ წახვალ. სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად, რესპუბლიკები სწორებას ერთმანეთზე აკეთებენ _ ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის წარმატება ახარებთ. ერთი ქვეყნის წინსვლა იმედს იძლევა, რომ, ადრე თუ გვიან, მთელი რეგიონი განვითარდება და ახლო კოლონიურ წარსულსაც თავს დააღწევს.
მანამდე კი რეალობას თვალებში ჩავხედოთ _ დღეს კავკასია დენთის კასრზე ზის.
საქართველოს ორი კუთხე რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ჩვენი ხელისუფლების შემრიგებლური პოლიტიკის მიუხედავად, მცოცავი ანექსია გრძელდება. აზერბაიჯანი და სომხეთი ფაქტობრივი ომის მდგომარეობაში არიან. თითქმის დღე არ გავა, რომ მოშიშვლებული ფრონტის ხაზზე სროლების ხმა არ ისმოდეს. მხარეებს შორის დღემდე 1994 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის მყიფე ხელშეკრულება მოქმედებს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაირღვეს. სიმშვიდე არც ჩრდილო კავკასიაშია და უხილავი რეჟისორი რას გეგმავს, ეს მხოლოდ მან იცის.
რეალურად რა სამომავლო ორიენტირები აქვთ კავკასიის ქვეყნებს, ამის ანალიზი შორს წაგვიყვანდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ოფიციალური კურსი აქვს გაცხადებული (რამდენად თანმიმდევრულია მის გატარებაში, ესეც ცალკე თემაა). ამის საპირისპიროდ სომხეთი ევრაზიის კავშირში გაწევრიანდა და ევროკავშირთანაც ცდილობს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აწყობას. აზერბაიჯანი თითქოს არც ერთისკენ მიისწრაფის და არც _ მეორისკენ; ბაქოს სახელისუფლებო კულუარებში რა ხდება, ამის გარკვევაც საექსპერტო წრეებს დავუტოვოთ. იქ განაცხადეს, რომ ევროკავშირთან არა ასოცირების, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება სურთ. ბაქოში ნაკლებად აინტერესებთ, თვითონ ევროკავშირს რა სურს აზერბაიჯანისგან (ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის განვითარება და ა. შ.). ერთი სიტყვით, მთიანი ყარაბაღის პრობლემიდან გამომდინარე, ბაქოში ხელსაყრელ დროს ელიან რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად, მაგრამ ეს დრო უსასრულოდ გაიწელა.
როგორც ვხედავთ, კავკასიაში კრილოვის ცნობილი იგავ-არაკის სიუჟეტი მთელი სიმწვავით ვითარდება. ერთი შეხედვით, ამ ვითარებაში საქართველოს მაინც ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ ჩამყაყებულ რუსულ ორბიტას თავი დააღწიოს და განვითრებული ევროპის წიაღში დამკვიდრდეს. ამ მხრივ, ალბათ, ყველაზე დიდი პერსპექტივა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა, რომ არა რუსულ-ოსურ საომარ პროვოკაციაზე წამოგება და მმართველობის ავტორიტარული სტილი (თანმდევი ადამიანის უფლებების დარღვევები). მიუხედავად ამისა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი რეგიონი სწორედ სააკაშვილის მმართველობას იმედის თვალით შეჰყურებდა და რწმენა ჰქონდა, რომ საქვეყნოდ ცნობილი რადიკალური ნაბიჯები მათთანაც გადაიდგმებოდა.
„ქრონიკა+“ თბილისიდან აზერბაიჯანის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში (კახი, ზაქათალა-ბელაქანი), ისტორიულ ჰერეთში (საინგილო) მიემგზავრება. ზაქათალამდე მგზავრობა 12 ლარი, ან აზერბაიჯანულ ვალუტაში 5 მანათი ღირს. ლარის კურსის დაცემის მიუხედავად, კახეთის გზებზე პროდუქტების ფასები საერთოდ არ გაზრდილა. ბარჯისხევის გაჩერებაზე შოთის პური ისევ ლარი ღირს, ასევეა კახური ჩურჩხელა. იქვე გამოცხობილი ხაჭაპური ლარნახევარია. ყველაფერი ადრინდელ ფასშია. ჩანს, ბევრი მყიდველი ამასაც არ ჰყავს და ამ სიტუაციაში გაძვირებას რა აზრი აქვს? ბაკურციხეში ლავაში ისევ 60 თეთრი ღირს, ასევეა სხვა სასურსათო პროდუქტებზეც. ხალხში ფული არ არის, გამყიდველი გამვლელ-გამომვლელის იმედზე თუ იქნება.
ქალაქ ლაგოდეხის ცენტრში იუსტიციის სახლის მშენებლობის პერიპეტიები დღევანდელი მთავრობის საქმიანობის ჭეშმარიტი სიმბოლოა. იუსტიციის სახლის მშენებლობა აქ, ჯერ კიდევ, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე დაიწყო. მაშინ მხოლოდ საძირკველი ამოიღეს. მას შემდეგ მშენებლობა შეჩერებულია. ქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა მხოლოდ 2016 წლის თებერვალში დასრულდება, პროექტის ღირებულება 1,900 000 ლარია. რას აკეთებდნენ ამდენ ხანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურები, მათთვის ამის კითხვას აზრიც აღარ აქვს...
ამიტომ ისევ წინა ხელისუფლების მიერ ევროპულ ყაიდაზე აშენებულ ლაგოდეხის საზღვარს ვადგებით. საბედნიეროდ, აქ არაფერი შეცვლილა უარესობისკენ, 10-15 წუთში გავდივართ სასაზღვრო რეჟიმს (პასპორტებში ბეჭედს გვირტყამენ) და მდინარე მაწიმზე ფეხით გადავდივართ. აი, აზერბაიჯანულ მხარეზე რა მოგახსენოთ?! _ უზარმაზარი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მიზანი ერთადერთია _ ადამიანების გაწვალება. „თხა თხაზე ნაკლებიას“ პრინციპით ახალი სასაზღვრო-საბაჟო გადასასვლელი კი მოაწყვეს, მაგრამ მგზავრს ფეხით იმხელა მანძილის გავლა უწევს (თან არ დაგავიწყდეთ, ხელში ჩანთებით, რადგან ტრანსპორტით ბარგის გადატანა შეუძლებელია), რომ იძულებითი ფიზიკური ვარჯიში გარანტირებულია. რა უნდა ქნას ამ დროს ასაკოვანმა, ავადმყოფმა მგზავრმა, ამაზე არავის უზრუნია. მცირე დეტალია, მაგრამ აქედანაც კარგად ჩანს, როგორ უყურებს აქაური ხელისუფლება რიგითი მოქალაქის საჭიროებებს. ყოველ გადასვლა-გადმოსვლაზე აქ მოქალაქეთა წყევლა-კრულვა ისმის ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიმართ, მაგრამ ეს არავის ანაღვლებს, _ სახელმწიფომ ასე მოისურვა და მორჩა.
ამ ფონზე ადრე აზერბაიჯანში ამბობდნენ, _ აქ ყველა რაიონს ერთი სააკაშვილი სჭირდება, თორემ ამ დაჭაობებულ მდგომარეობას ვერაფერი გამოასწორებსო. ახლა სააკაშვილის ქართული ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა და ქვეყნიდან მისი განდევნის შემდეგ აზერბაიჯანელებმაც პოზიცია შეარბილეს, _ ყველა რაიონში აღარ გვინდა, ბაქოში უკვე ერთი სააკაშვილიც გვეყოფოდაო. იქაურ რეჟიმს ძვრას ვერ უშვრებიან, ალიევების კლანს, ჯერჯერობით, მყარად უკავია მართვის სადავეები. ერთ-ერთი ბოლო რეფერენდუმისას მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტამდე ილჰამ ალიევი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება, ხოლო როდის მოგვარდება ყარაბაღის პრობლემა, ეს მხოლოდ ეშმაკმა და, ალბათ, მისმა მოციქულმა, ვლადიმირ პუტინმა იცის. ალიევების კლანს კი ხელისუფლების შესანარჩუნებლად იმხელა კოზირი აქვს, რომ ჯერ კიდევ საკითხავია, ვის რაში სჭირდება ყარაბაღის გაჭიანურებული პრობლემის მოგვარება. ამ დროს რიგითი, „უპატრონო“ ჯარისკაცები ღია ცეცხლის პირისპირ სამსახურს აგრძელებენ და სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.
რაიონებში ცენტრალური გზები გაკეთებულია, ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. გარედან მნახველს შთაბეჭდილება შეექმნება, რომ ეს საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. სახელმწიფო მართვის ორგანოებში კვლავ კორუფცია ყვავის _ მცირე, საშუალო თუ დიდი, ჩვენებურად ელიტური. პოლიციის შენობები, გამგეობები, საავადმყოფოები კი ახალია, მაგრამ შიგნით ათწლეულების განმავლობაში რეალურად არაფერი შეცვლილა, თუ არ გაუარესებულა. ნავთობ-გაზით მდიდარ რესპუბლიკაში მასწავლებლის საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 150 მანათია, ჩვენებურად _ 300 ლარის ფარგლებში. პენსიას, ვისაც კარგი ნამსახურობის სტაჟი აქვს და ასევე ვინც `კარგ დროს~ გავიდა, მეტს იღებს, დაახლოებით 200 მანათს (400) ლარის ფარგლებში. ვისაც არ გაუმართლა, 100 მანათზე ცოტა მეტის ფარგლებში იღებს სახელმწიფო დახმარებას. შედარებით უკეთესი ანაზღაურება აქვთ გამგეობების, სამართლდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს.
რეგიონის მოსახლეობა მთავარ შემოსავალს თხილის პლანტაციებიდან იღებს. მიუხედავად იმისა, რომ წლეულს თხილი თურქეთში (სხვათა შორის, საქართველოშიც) ბევრი არ მოვიდა, აზერბაიჯანში მისი საფასური მაინც მინიმალურია _ მაქსიმუმ 2 მანათი (4 ლარი კილოგრამში). შარშან 3 მანათი მაინც ღირდა. ყველა ხვდება, რომ არსებული საბაზრო ლოგიკით თხილის ფასი გაცილებით მეტი უნდა იყოს, მაგრამ ადგილობრივი ბიზნეს-სახელისუფლებო კლანი ყველაფერს აკეთებს, რომ თხილის ფასი ხელოვნურად მოკლას და სტრატეგიული პროდუქცია კაპიკებად ჩაიგდოს ხელში. მოსახლეობასაც სხვა გზა, უბრალოდ, არ დარჩენია, მსოფლიო ბაზრებზე კი არა, აქვე, მეზობლად, საქართველოშიც ვერ გადმოიტანს გარკვეულ რაოდენობას. ესეც კიდევ ერთი ტესტი, თუ როგორ იმართება ქვეყანა და მოსახლეობას რა შანსები აქვს, რომ მცირედით მაინც გაიუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
მილიარდები დახარჯა აზერბაიჯანმა ბოლო ევროპულ ოლიმპიადაზე, რათა მსოფლიოსთვის საკუთარი წარმატება ეჩვენებინა. ამისთვის მართლაც გასაოცარი ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ბაქოში ლამის ვეღარ ნახავთ ძველ შენობას, ყველაფერი განახლებულ-გალამაზებულია. ამ დროს რეგიონში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, აქაც მოსახლეობის უმეტესობა არსებობისთვის იბრძვის. რაიონული ცენტრები სავსეა მოწყალების მთხოვნელებით. ქართული რეალობის მსგავსად, აქაც „წარმატებული მათხოვრობის“ მთავარი ინსტრუმენტი უმწეო ბავშვების დაუნდობელი ექსპლუატაციაა. პატარები ლამის გამვლელებს ზედ შეაგდონ, ისე იხვეწებიან და „ავედრებენ უფალს“. ჩაივლის თუ არა პოტენციური „დამფინანსებელი“, დასიცხულ-ჭირვეული ბავშვისთვის გასაჩუმებელი სილაც გამზადებულია. ბავშვებზე ძალადობაც ასეთი უნდა, მაგრამ აზერბაიჯანში დამოუკიდებელ არასამთავრობოებს და, საერთოდ, ოპოზიციურ აზრს ღიად არ სწყალობენ. ეს ფაქტია და ამაზე საუბარიც აქ შორს წაგვიყვანდა.
არც კახში, ზაქათალასა და ბელაქანში მცხოვრებ ჰერებს (ინგილოებს) უწევთ დალხინებულ ვითარებაში ცხოვრება. ახალგაზრდების უმრავლესობა, ძირითადად, რუსეთში გარბის შავ სამუშაოებზე, რომ სიდუხჭირეს თავი დააღწიოს და რამენაირად თავს უშველოს. ნორილსკის, ვორკუტისა და სხვა საბადოები სავსეა აქაური ახალგაზრდებით. იქ მძიმე შრომით მიღებული შემოსავლის ერთი ნაწილი აუცილებელ მკურნალობაზე იხარჯება, ადგილზე კი კარგად ცხოვრობს მცირე ბიზნეს-სახელისუფლებო კლანი, რომელიც ერთმანეთზე კუდებით გადაჯაჭვულია და ათწლეულების განმავლობაში რეგიონის მთელი სიმდიდრე მის ჯიბეში ილექება.
როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე რეგიონებშიც ორ ათეულ წელზე მეტია, ერთი და იგივე პიროვნებები მართავენ სიტუაციას. ვის რაში სჭირდება შენი დემოკრატია? „ეს ხომ მუსლიმანური ქვეყანაა, თავისი ადათ-წესებითა და ტრადიციებით“. აქ შეიძლება გარკვეული პარალელების გავლება ჩვენებურ პოლიტიკოსებთან, ბევრს რომ საუბრობენ „ძველქართულ-საბჭოურ ტრადიციებზე (ნეპოტიზმი, კორუფცია და ა.შ.)“, რომელთა აღმოფხვრაც არცთუ ადვილია, ძმაო, ჩვენ ხომ მაინც `აზიატები~ ვართ და ათასი ამგვარი სისულელე... აბა, ჰკითხეთ რიგით აზერბაიჯანელებს, თუ სურთ ამგვარ ადათებსა და ტრადიციებში ცხოვრება, მაგრამ ხმას ამოიღებ და რადიო „თავისუფლების“ ბაქოელი ჟურნალისტივით ციხის გზას გაგიყენებენ. იქ ყველა ხვდება, რომ ნავთობდოლარები სადღაც სხვაგან მიდის და არა მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე, მაგრამ ამ ეტაპზე ხმის ამოღებასა და, საერთოდ, ბრძოლაზე ხელი ჩაქნეული აქვთ. სადამდე გაგრძელდება ეს რეალობა, ამაზე ვერავინ ვერაფერს გეტყვით. მაინც განსხვავებულია ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყნის ბედ-იღბალი.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ჰერელების ელემენტარულ კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებებსაც არ სწყალობს. პირიქით, ადმინისტრაცია ცდილობს, ადგილობრივ ქართულ თუ შერეულ სკოლებს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნას. ოფიციალურად, სახელმწიფო საზღვარზე ქართული სახელმძღვანელოების გადატანა მოქალაქეების მხრიდან შეუძლებელია. გაბედავ და კონფისკაციას გაგიკეთებენ _ წიგნს, უბრალოდ, ჩამოგართმევენ და სასტიკ გაფრთხილებასაც მოგცემენ, რომ ეს მეორედ აღარ „მიქარო“. შედეგად, ჰერელებს წლების განმავლობაში დახეულ-დაგლეჯილი ქართული წიგნებით უწევთ სწავლა. კანონის მოთხოვნების აშკარა დარღვევით, შერეულ ქართულ-აზერბაიჯანულ სკოლებში გაუქმებულია ქართული მოსამზადებელი კლასები, როცა აზერბაიჯანულები ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. ამის გამო მშობლებს შვილების იძულებით აზერბაიჯანულ ბაღში მიყვანა უწევთ, შემდგომში ასეთსავე პირველ კლასში სწავლის გაგრძელების პერსპექტივით. ასეთი ნაბიჯების გამო ზაქათლისა და ბელაქნის ქართულ სოფლებში ქართული სექტორები დახურვის საფრთხის ქვეშაა. 12-ათასკაციანი დაბა ალიაბადის (ისტ. ელისენი) ოთხი საშუალო სკოლიდან მხოლოდ ერთშიღა შემორჩა ქართული სექტორი, სადაც თითო კლასში, საშუალოდ, 15 ბავშვი სწავლობს.
ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ერთი შემთხვევაც არ არსებობს, რომ აზერბაიჯანულ სოფელში მათსავე მშობლიურ ენაზე სკოლა დახურულიყოს. როგორც ჩანს, აზერბაიჯანელ კოლეგებს მეგობრობა ცალმხრივად ესმით და ეს თბილისის ბრალიცაა, რომ არ მიუთითებს ამ მიუღებელ პოლიტიკასა და მის შედეგებზე.
საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლობების ფარგლებში მაინც ცდილობს ჰერეთისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას. აღსანიშნავია უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულებისთვის სწავლის დაფინანსება, რაც უნდა გაგრძელდეს და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს. ეს ის ხაზია, ანუ განათლება, რომელიც ჰერეთში ქართულ სიტყვას და, შესაბამისად, ქართულ ცნობიერებას გადაარჩენს-განავითარებს. ასევე, ყოველწლიურად, დიასპორების სამინისტროს ინიციატივით, ინგილო ბავშვები ყველა სოფლიდან ქართულ ზღვისპირა კურორტებზე ისვენებენ. ისტორიულ სამშობლოში თანატოლებს, თანამემამულეებს იცნობენ, უმეგობრდებიან. ამით ნარჩუნდება და მტკიცდება ის კავშირი, რომელიც „პატარა საინგილოს დიდ საქართველოსთან“ უნდა ჰქონდეს, ისევ და ისევ, გადარჩენისთვის და ჰერეთში ძირძველი ქართული ფესვის განვითარებისთვის.
ყველასთვის კარგი გამოსავალი, ალბათ, დემოკრატიის განვითარებაში, ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვაშია. ამ მხრივ აზერბაიჯანისა და საქართველოს (უპირველესად საზოგადოებებს ვგულისხმობ, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ხაზგასმულად მეგობრული დამოკიდებულებითაა აღსავსე) ინტერესები ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ჰერეთში მცხოვრები ქართველები ისევე უნდა ცხოვრობდნენ და ისეთივე კულტურულ-საგანმანათლებლო უფლებები ჰქონდეთ, როგორითაც ჩვენთან ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები არიან უზრუნველყოფილნი. იმედია, სამომავლოდ უკეთეს რეალობაზე მოგვიწევს საუბარი. მანამდე კი ჰერელები შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევის დროსაც კი ბიუროკრატიულ სირთულეებს აწყდებიან. ყოფილა შემთხვევა, ბაქოში საქართველოს საელჩოც კი ჩარეულა, რომ მშობელს შვილისთვის ქართული სახელი რქებით გაეტანა. დაუჯერებელია, მაგრამ XXI საუკუნის მეზობელ ქვეყანაში ამგვარ მოვლენებსაც აქვს ადგილი. ახლა არ დამიწყოთ, ტრადიციები და ა. შ. ეს, დაახლოებით, იგივეა, ერთ აქაურ მთავარ მეოცნებეს რომ ვერაფრით შეაგნებინეს, მისგან ნეპოტიზმის ფაქტებთან შემრიგებლობა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა. ვერ თუ არ შეაგნებინეს და საკადრო პოლიტიკაში რა შედეგებიც მივიღეთ, ეს ყველასთვის ნათელია.
ვბრუნდებით საქართველოში. ამასობაში აზერბაიჯანულ საბაჟოზე ახალი „შტუკა“ მოუგონიათ: ყველა რესპუბილიკიდან გასულ მოქალაქეს რუსულ ენაზე საბაჟო დეკლარაციის შევსებას სთხოვენ _ თუ რა პროდუქტი გააქვს, რა ოდენობით, რა ღირებულების და ა. შ. ხალხი ძალიან შეწუხებულია, მამაპაპური წყევლა-კრულვა აპოგეას აღწევს... მაგრამ ადგილზე დასაქმებულმა რიგითმა თანამშრომლებმა რა დააშავეს, როცა თევზი თავიდან ყარს? საზღვარზე გავლა იწელება, აუცილებელ ფორმალობას თავისი დრო მაინც მიაქვს. კიდევ ერთი იძულებითი ვარჯიში გრძელ სასაზღვრო მონაკვეთზე და ქართულ მხარეს ვართ. საბედნიეროდ, აქ ისევ არაფერი შეცვლილა. 10-15 წუთში გავდივართ საზღვარსაც და საბაჟოსაც. ჩვენ გვერდით ბელგიელი ტურისტების ჯგუფიც კმაყოფილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა.
ლაგოდეხში ისევ გზისპირა დიდი ორმო გვხვდება, რომელიც მეოთხე წელია, იუსტიციის სახლის მშენებლობის დაწყებას ელოდება. სიმბოლო უფრო ძლიერია, ვიდრე ხელისუფლების ნებისმიერი განცხადება და დაუსრულებელი თავის მართლება. ეს შემოღობვაც ნელ-ნელა ინგრევა, მიწაზე წვება... საინტერესოა, თბილისში რა პასუხი აქვთ იმაზე, რომ 2012 წელს დაწყებული მშენებლობის დასრულებაზე ტენდერი მხოლოდ ახლახან ჩატარდა?
კახელი მევენახეების პროტესტიც მძვინვარებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვედრასაც კი გაურბის იმ ფონზე, როცა მისი ხელისუფლებაში მომყვანი გლეხებს ჰპირდებოდა, რომ კილოგრამ ყურძენში ერთი ლარიც კი სამარცხვინო ფასი იყო. კახელები დღეს, „მეოთხე უკეთეს წელს“, ამ ერთ ლარსაც ვეღარ იღებენ, თანაც განახევრებულს. აწ განსვენებულმა კახა ბენდუქიძემ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა, _ ჩვენ ყველამ ერთად დიდ ნაგავში ჩავყავით ფეხი და სამწუხარო შედეგებსაც მალე ვნახავთო (რედ.: განცხადების შინაარსი და ტონი შერბილებულია). ამ შედეგს დღეს ქვეყანაში ყველა ხედავს, მთავრობის წევრების გარდა. ასეა, ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის, სულ ეს არის.
ერთიც უნდა ითქვას: საქართველოში „ცხრაწლიანი რეჟიმი“ მაინც, ავად თუ კარგად, ბევრი მიმართულებით განვითარებისკენ იყო მიმართული. მძიმე შეცდომების მიუხედავად (უპირველესად: ომი, ავტორიტარიზმის ნიშნები, ციხეებში მდგომარეობა), საქართველო სხვადასხვა კუთხით სახელმწიფოს დაემსგავსა, ნამდვილი ნახტომი გააკეთა წინა პერიოდთან შედარებით (რაც ზოგიერთ ჩვენს „კეთილმოსურნეს“ აშკარად ყელში გაეჩხირა). ახლანდელი მმართველობა კი, მცირე პროგრესის გარდა, უკუსვლაა ასევე ბევრი მიმართულებით. ამ უარყოფითი ნიშნების ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა. ყველაფერი ხელის გულზეა და ბრმა უნდა იყო, ეს მიუღებელი რეალობა ვერ დაინახო. აზერბაიჯანში კი წლების განმავლობაში ყველაფერი ერთ დონეზეა გაყინული. იქ ამბობენ, _ თქვენ ან წინ მიდიხართ, ან _ უკან, ერთ ადგილს მაინც არ ტკეპნითო; აი, ჩვენ კი მართლა ვერ გაგვიგია, სად ვართ და საით მივექანებითო?! საქართველო ამ მხრივაც რეგიონისთვის ეთგვარი მაგალითი ხდება და ქართველების გადასაწყვეტია, უახლოეს მომავალში კიდევ უკან გააგრძელებენ სვლას, თუ წინ, ევროპისკენ, სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებებია.
მარიამ ბალანჩივაძე