საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა შპს „არემჯი გოლდიდან“ განთავისუფლებული თანამშრომლების სარჩელი. კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანება შპს „არემჯი გოლდის“ თანამშრომლების: ანზორ ხორბალაძის, მევლუდ ლეკიშვილის, აიზარ მამედოვის, რასიმ გუსეინოვის, ზურიკო ბერიძისა და ასევე სს „არემჯი კუპერის“ თანამშრომლების: გოჩა გელოვანის, გოჩა ლეკიშვილის, მამუკა ასლანიშვილის, კახაბერ ჯაყელის, ვასილ ჯაყელის, ვლადიმერ ასლანიშვილის, ბუხუტი ვაშაყმაძის, თენგიზ კაბოსნიძისა და კახა ყაფლანიშვილის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სასამართლომ ბათილად ცნო.
კომპანიას დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 10 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მომენტამდე, ასევე ხელფასის გაცემის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობის საჯარიმო თანხის გადახდა. კომპანიას, როგორც წაგებულ მხარეს, ასევე დაეკისრა სასამართლო ბაჟის გადახდა.
„აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 2014 წლის თებერვალში ამ ადამიანების სამუშაოდან განთავისუფლება განხორციელდა, როგორც სადამსჯელო ქმედება კანონიერი გაფიცვის ორგანიზებისა და ამ გაფიცვაში მათი აქტიური მონაწილეობის პასუხად, რითაც მოხდა დასაქმებულების კონსტიტუციური უფლებების შელახვა კომპანია RMG -ის მიერ.
ძალიან სამწუხაროა, რომ 44 მოსარჩელიდან პროცესის ბოლომდე დარჩა მხოლოდ 14. საქმე ის არის, რომ სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პარალელურად კომპანია „არემჯის“ ადმინისტრაცია ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსარჩელეებზე რათა მათ დაეწერათ განცხადება და სარჩელზე ეთქვათ უარი, სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ დასაქმებას ვაკანსიების გამოჩენისთანავე.
ასევე, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ, სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტრომ, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა, პროცესში ყოფილიყო კონფლიქტის დამოუკიდებელი მარეგულირებელი. ვერ შედგა ვერც ერთი წარმატებული მედიაცია. საქართველოს პროკურატურა არაფერს აკეთებს პროფკავშირის მიერ შეტანილ კონკრეტული ფაქტებით აღჭურვილ განცხადებაზე, კომპანიის მხრიდან პროფკავშირული ნიშნით ადამიანების დევნასა და შევიწროებასთან დაკავშირებით“, _ ამბობს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე.
შპს „არემჯი გოლდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომპანია კომენტარს არ აკეთებს.
ამ პრობლემაზე „ქრონიკა+“ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტს, თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება:
_ ბატონო თამაზ, ბრძანებთ, რომ 44 მოსარჩელიდან პროცესის ბოლომდე დარჩა მხოლოდ 14. ბოლო სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რა ელის დანარჩენს, რომლებმაც, თავის დროზე, სარჩელებზე უარი თქვეს?
_ მათ მიმართ სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათივე საწინააღმდეგოდ. ისინი გამოეთიშნენ სარჩელს, შესაბამისად, ახლა დამოკიდებული არიან მთლიანად კომპანიის კეთილ ნებაზე; ანუ სარჩელზე უარის თქმის სანაცვლოდ რა დაპირებაც მისცა კომპანიამ, იმ დაპირების შესრულებას უნდა დაელოდონ.
_ დააკმაყოფილეს თუ არა ამ ადამიანებიდან ვინმე დაპირებული სამსახურით?
_ რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მხოლოდ რამდენიმე მათგანი. კერძოდ კი, 5-6 ადამიანი დაასაქმეს ტყის გაკაფვით სამუშაოებზე, რომელიც დროებით საქმეს წარმოადგენს. დანარჩენის ბედი კი მთლიანად კომპანიის ხელშია.
_ საქართველოს მთავრობამ, სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტრომ, რატომ ვერ მოახერხეს, პროცესში ყოფილიყო კონფლიქტის დამოუკიდებელი მარეგულირებელი?
_ მთავრობას არ უნდა დაიჯეროს, რომ კომპანია დანაშაულებრივი მეთოდებით ახდენს ზეწოლას დასაქმებულებზე, ლახავს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებულ პროფკავშირის წევრობის უფლებას; კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, თორნიკე მუშკუდიანის კაბინეტში პროფკავშირის წევრებს აშანტაჟებენ პროფკავშირის წევრობაზე უარის თქმის მიზნით და ეს ხდება სამუშაოდან განთავისუფლების პირდაპირი მუქარით. მთავრობა კი ამბობს, რით შეიძლება ამის დამტკიცებაო. ანუ შრომის სამინისტროს წარმოდგენით, დასაქმებული, რომელმაც სამუშაოდან დათხოვნის მუქარის ქვეშ პროფკავშირის რიგები დატოვა, უნდა მივიდეს შრომის სამინისტროში, ან პოლიციაში და წერილობით განაცხადოს ეს, რაც ყოვლად შეუძლებელია და ამას, დარწმუნებული ვარ, შრომის სამინისტროც აცნობიერებს. თუმცა სამინისტროს მიერ პროცესზე ზემოქმედების ბერკეტები, როგორც ჩანს, ძალიან სუსტია და, შესაბამისად, ურჩევნია დაიჯეროს, რომ რაკი არ მტკიცდება, ესე იგი მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს.
_ რატომ, რა მიზეზებით არაფერს აკეთებს საქართველოს პროკურატურა პროფკავშირის მიერ შეტანილ კონკრეტული ფაქტებით აღჭურვილ განცხადებაზე, კომპანიის მხრიდან პროფკავშირული ნიშნით ადამიანების დევნასა და შევიწროებასთან დაკავშირებით?
_ კომპანია RMG ვიღაცის ძალიან დიდი და სერიოზული ლობით სარგებლობს. გენერალურმა პროკურატურამ საქმე ბოლნისის რაიონულ პროკურატურას გადასცა, ამ უკანასკნელმა კი მოკვლევა პოლიციის კაზრეთის განყოფილების გამომძიებელს დაავალა. კაზრეთში ყველაფერს, მათ შორის, პოლიციის განყოფილებასაც კომპანია აკონტროლებს. მხოლოდ ერთხელ, მიმდინარე წლის მარტის დასწყისში, მთხოვეს მისვლა კაზრეთის პოლიციაში, სადაც ჩემ მიერ შეგზავნილ განცხადებასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალების განმარტებები მივეცი. მას შემდეგ არანაირი კონტაქტი აღარ ყოფილა პროკურატურის მხრიდან და აღარც ის გამომძიებელი პასუხობს ჩვენი ტელეფონის ზარს.
საგულისხმოა, რომ ჩვენ პროკურატურაში მეორე განცხადებაც გვქონდა შეტანილი, რომლითაც გამოძიების დაწყებას ვითხოვდით; კერძოდ, სამუშაოზე ახლად მიღებული თანამშრომლის, ბიძინა ლაშხის სამთო კარიერის 20 მეტრის სიმაღლის ტერასიდან ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რომელმაც მძიმე დაჟეჟილობა მიიღო და კომპანიამ ეს ფაქტი არ დააფიქსირა, როგორც საწარმოო შემთხვევა, რაც, თავის მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. პოლიციაში განმიმარტეს, რომ მოინახულეს აღნიშნული პიროვნება, რომელმაც ეს ფაქტი უარყო და მოკვლევის გაგრძელებას რამდენად აქვს აზრი, დასაფიქრებელიაო.
ამ დროს კი შრომის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახური შემოწმებებს უტარებს „ბარამბოს“, სს „მინას“ ქსნის მინის ტარის ქარხანას, მის მსგავს კომპანიებს და არ ამოწმებს იმ კომპანიებს, სადაც ხალხი სამუშაო ადგილებზე მძიმე ტრავმებს იღებს ან კვდება. ასეთი კომპანიები კი მეტალურგიულ და სამთო მრეწველობის სექტორს განეკუთვნებიან. ჭიათურის მაღაროებთან და ტყიბულის შახტებთან ერთად მათ შორისაა კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოებიც.
_ შარშან კომპანიაში გაფიცვისა და თქვენი, პროფკავშირების ჩარევის შემდეგ რა შეიცვალა საწარმოო პროცესში თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებაში?
_ კომპანიას არაფრის შეცვლის სურვილი რომ არ ჰქონდა, სწორედ ამიტომაც განახორციელა პროფკავშირის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებები. პროფკავშირი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც კომპანიას გაფიცვის დროს დადებული შეთანხმების პუნქტების შესრულების შესახებ ყოველდღიურად აწუხებდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, კომპანიამ პროფკავშირის რეპრეზენტაციულობის, ანუ წარმომადგენლობითობის ხარისხი დაექვეითებინა და მერე ეთქვა, რომ პროფკავშირის წევრები ქარხანაში არ არიან და თქვენ რატომ ერევით საქმეშიო?
საოცარია, მაგრამ მთავრობას, მიუხედავად ჩვენი მხრიდან მათი არაერთგზის ინფორმირებისა, სულაც არ უგრძნია თავი შეუარცხყოფილად. არადა, შეთანხმების გაფორმების პროცესს პრემიერ-მინისტრის სპეციალური ბრძანებით დანიშნული მედიატორი ხელმძღვანელობდა, ხოლო ამ პროცესს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, როჯერ ლეკური ზედამხედველობდა.
_ გამოსავალი სად არის, რომ საწარმოების ხელმძღვანელობა საკუთარ თანამშრომლებს ნორმალურად მოექცეს?
_ გამოსავალი ის არის, რომ კომპანიამ პროფკავშირის წარმომადგენელს საწარმოში შესვლისა და დასაქმებულებთან ყოველდღიური მუშაობის საშუალება უნდა მისცეს. ასევე, შრომის სამინისტრომ უნდა განახორციელოს ხარისხიანი და მიუკერძოებელი მედიაცია; პროცესი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს და როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87-ე და 98-ე კონვენციები აწესებენ, დაცული უნდა იყოს ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება. ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, რომელიც ჩვენ მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაშია დაფიქსირებული, როგორც დისკრიმინაციული პროცესების უშუალო ხელმძღვანელი და შემსრულებელი.
ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ შესაბამისად უნდა შეაფასოს მომხდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობა იმატებს, რაც აუცილებლად სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.
_ დაბოლოს, რატომ არ აკეთებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ?
_ ერთი მარტივი მიზეზის გამო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უსაფრთხოების სამსახურთან ერთად უშუალოდ არის ბოლო ექვს თვეში კაზრეთში მიმდინარე დისკრიმინაციული პროცესების შემოქმედი და, როგორც ჩანს, სასამართლო პროცესის წაგებამ მათი პატივმოყვარეობა ძალიან შელახა, შესაბამისად, უხერხულ კითხვებს ყველა შემთხვევაში თავს აარიდებენ.
გელა მამულაშვილი