ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის წევრობის მსურველი 5 კანდიდატია რეგისტრირებული. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი და ამ შემთხვევაში, ეს 1-ლ ოქტობრამდე ვადას მოიცავს. ასე რომ, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველთა რიცხვი შესაძლებელია, კიდევ გაიზარდოს.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში თინა ხიდაშელის ადგილის დასაკავებლად „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ თამარ ხიდაშელი იბრძვის. საინიციატივო ჯგუფების წარდგენილები არიან: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია. ცესკოში უკვე რეგისტრირებული კანდიდატებიდან საარჩევნო კამპანია ყველაზე ადრე ირმა ინაშვილმა დაიწყო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ამომრჩეველს უკვე შეხვდა. ის დღესაც აქტიურად აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრას. კახეთის საინფორმაციო ცენტრი, მიმდინარე კამპანიის პერიოდში, მუდმივად ახორციელებს ამომრჩევლის ვიდეოგამოკითხვას. მათი ინფორმაციით, 30 ამომრჩევლიდან 28 „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატურას აძლევს ხმას. მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასაარჩევნო შეხვედრები კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმაც დაიწყო. ხელისუფლების კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრისას ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ სადეპუტატო უფლებამოსილებისთვის მხოლოდ ერთი წელია დარჩენილი და დაპირებების გაცემა უხერხულია. რა დაუმთავრებელი დაპირებები დარჩა თინა ხიდაშელს? _ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ამ კითხვით იმ ამომრჩევლებს მიმართა, რომლებიც თამარ ხიდაშელთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ყველა რესპონდენტი იდენტურ პასუხს აფიქსირებს _ საერთოდ არ შესრულებულა არაფერი. როგორც სოფელ მანავის მცხოვრებლები ამბობენ, სანამ თინა ხიდაშელი დეპუტატი გახდებოდა, მათ „ქვეყანას უმტკიცებდა, ოღონდ დეპუტატი გამხდარიყო, მერე კი ამომრჩეველი და მათი პრობლემები სულ დაივიწყა“. მათივე თქმით, დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრები „ყოველთვის კარგად მთავრდება და დაპირებებიც ყოველთვის დაპირებებად რჩება“. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა ხელისუფლების კანდიდატს უნდობლობას უცხადებს.
ირმა ინაშვილმა და თამარ ხიდაშელმა, საგარეჯოს დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში, საინფორმაციო ცენტრების ინიციატივით, დებატები გამართეს, ჟურნალისტებს კი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. ორივე კანდიდატი კონკრეტული დაპირებებისგან თავს იკავებს.
თამარ ხიდაშელი:
_ ბევრი მიმართულებით არის პროგრესი და ბევრი მიმართულებით რაღაცები კიდევ გასაკეთებელია. მოსახლეობას ამ თემებზე ვესაუბრებით. როგორც წესი, პრობლემები განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას. ესენია: წყალი, შიდა გზების მოწესრიგება, გაზიფიცირება, ნაგავსაყრელები და ა. შ. ის, რასაც მოსახლეობას ვპირდები, ეს არის ანგარიშვალდებულება, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კონკრეტული ბიუჯეტების ლობირება, ის პრობლემები, რაც მათ ადგილობრივ დონეზე აწუხებთ, მოგვარდეს.
ირმა ინაშვილი:
_ რაც შეეხება დაპირებებს, ყოველთვის ვამბობ, რომ არ არის ტყუილი ჩემსა და ხალხს შორის; არ არის ცარიელი დაპირებები და მყვირალა ლოზუნგები. მთავარი, რასაც ვპირდები საგარეჯოელებს, ის არის, რომ მე აქ ჩამოვდივარ მათთან დასარჩენად. ისინი არ იქნებიან მარტონი, ყველა პრობლემის გადაწყვეტისას ვიქნები მათ გვერდით და საგარეჯოელების ამ ინტერესებს დავიცავ როგორც აქ, საგარეჯოში, ისე პარლამენტის ტრიბუნიდან.
ჟურნალისტების მიერ გამოკითხული საგარეჯოელების ნაწილს არ მოსწონს, რომ დეპუტატობის კანდიდატები დაპირებებს არ იძლევიან. „დაგვპირდნენ და არ გაგვიკეთეს და არ გვპირდებიან და რას გაგვიკეთებენ?!“ _ ასეთია მათი პასუხი.
„ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, მკითხველისთვის ის დეპუტატობის კანდიდატები გაეცნო, რომლებიც საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს და რომელთა საარჩევნო კამპანია ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა. ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი დავითაია გახლავთ, რომლის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოელები თითქმის არ ფლობენ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელთაც ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ, სავარაუდოდ, წარმოშობით სოფელ გიორგიწმინდიდანაა და მისი 3 მხარდამჭერი საგარეჯოს ცენტრში მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ხელმოწერებს აგროვებდნენ. მათივე თქმით, ეს სამივე პიროვნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. „ქრონიკა+“ გიორგი დავითაიასთან სასაუბროდ მის წარმომადგენელს, შოთა კევლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ დეპუტატობის კანდიდატს ჩვენთან საუბრის სურვილი ექნებოდა, თავად დაგვირეკავდა. როგორც ჩანს, დავითაიამ ჟურნალისტებისთვის ჯერ ვერ მოიცალა.
მიხეილ ანდღულაძე:
_ საერთოდ, არჩევნების თემა იმხელა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხია, რომ ყველა ჩვენგანი დიდ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ. ჩვენ გვინდა, საზოგადოებას მივცეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ თავისუფლად გააკეთოს სწორი არჩევანი. მე გახლავართ კოალიცია „ერთსულოვნების“ თავმჯდომარე, სადაც უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოების სახელით ამომრჩეველს შევთავაზოთ ჩვენი კანდიდატურა. ამ თვალსაზრისით, მე მერგო პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ამომრჩეველს ვთავაზობთ ჩვენებურ ხედვას და მათთან შეხვედრისას აუცილებლად წარვადგენთ იმ გეგმებს, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ. მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობას არ მივცემთ უაზრო დაპირებებს და ყველაფერი ორიენტირებული იქნება ხალხის სურვილზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხალხის საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად. რაც საგარეჯოელებს აწუხებთ, ეს გლობალურ ჭრილში მთელ ქვეყანას აწუხებს და თუ ჩვენ საგარეჯოს მასშტაბით დავიწყებთ ამის განხორციელებას და მოგვარებას, ცალსახად, სამაგალითოდ გამოდგება მთელი საქართველოსთვის. არ ვიცი, რამდენადაა შესაძლებელი ამ ინტერვიუში ჩემი გეგმების შესახებ საუბარი, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი: საგარეჯოს მოსახლეობას ვაძლევ სიტყვას და დაპირებას, _ თუ მე გავიმარჯვებ და გავხდები მათი რჩეული, ერთი წლის შემდეგ, მორიგი საპარლამენტო არჩევნების დროს, ისევ საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატად გამოვცხადდები და ამ გამოცხადებით ხალხის წინაშე წარდგომის პირი მექნება. საგარეჯოელები უსიტყვოდ ისევ მე ამირჩევენ, იმდენად, რამდენადაც ჩემი ყველა დანაპირები შესრულდება. პირველ რიგში, როდესაც შევალ პარლამენტში, ჩემი საკანონმდებლო ინიცირება იქნება უმაქნისი და უსაქმური დეპუტატების უკან გამოწვევის შესახებ კანონპროექტის წარდგენა, ანუ ხალხს, რომელსაც ეძლევა უფლება, კონსტიტუციურად აირჩიოს თავისი მაჟორიტარი დეპუტატი, ავტომატურად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ ის არ ასრულებს თავის ფუნქციას, უკან გამოიწვიოს.
ზურაბ ჯორბენაძე:
_ რამდენიმე დღის წინათ დავრეგისტრირდი ცესკოში დეპუტატობის კანდიდატად. საინიციატივო ჯგუფმა წარმადგინა და არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი. სანამ ჩემს დაპირებებზე გეტყვით, ჯერ იმას დავაფიქსირებ, რა ვნახე საგარეჯოში: 3 წელიწადი გავიდა ხელისუფლების შეცვლიდან და საგარეჯოში, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. ვერაფერი ვნახე! საშინელი მდგომარეობაა! პირდაპირი მნიშვნელობით არის მე-19 საუკუნე, თავისი სოციალური მდგომარეობით და ყველაფრით! საგარეჯოში, პირველ რიგში, გასაკეთებელია ის, რომ უნდა აღირიცხოს მოუგვარებელი პრობლემები. ამირჩევენ თუ არა, ეს ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ამირჩიეს, პირველ რიგში, რის გაკეთებასაც ვაპირებ, ეს არის პრობლემების აღრიცხვა. როგორც გავარკვიე, საგარეჯოს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი მოქალაქეებს საერთოდ არ ხვდებოდა. ისეთი რაღაცები მოვისმინე, რაც, ალბათ, ძალიან ძნელად წარმოსადგენია. მოქალაქეები პრობლემებზე სასაუბროდ რომ მიდიოდნენ, პასუხობდნენ, ეს ჩვენი საქმე არ არის, ამას ჩვენ ვერ მოგიგვარებთ და როცა საკითხი მიდგებოდა იმაზე, რომ იქნებ გამგებელს სთხოვოთ, გვიშუამდგომლოთო, დეპუტატი პასუხობდა, _ მე გამგებელს არ ველაპარაკებიო! ზუსტად ასე პასუხობდა მოსახლეობას ქალბატონი ხიდაშელი! ვინც არ უნდა გახდეს საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი, უნდა აღირიცხოს პრობლემები, ბიურო კარდაკარ უნდა დადიოდეს და ამ ყველაფერს სწავლობდეს. ძალიან ბევრი პრობლემაა და კონკრეტულად ვერ დავასახელებ. მიუხედავად იმისა, რომ ასიათასობით ლარია დახარჯული წყლის სისტემების მოსაწესრიგებლად, გაზი ზოგან არის, ზოგან საერთოდ არ არის, სოციალური პრობლემებია უსაშინელესი. სხვა რეგიონებთან განსხვავება ის არის, რომ აქ სრული უპატრონობაა, ისეთი, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ დეპუტატობის კანდიდატი ვარ, არ მაქვს ამჯერად იმის ამბიცია, რომ გინდა თუ არა, პარლამენტის წევრი ვიყო. გაგიმხელთ, იმიტომ ვმონაწილეობ, რომ წინ 2016 წლის არჩევნებია, ეს შუალედური არჩევნები ჩემთვის გენერალური რეპეტიციაა. მიუხედავად იმისა, გავხვდები თუ არა მაჟორიტარი დეპუტატი, ამ ერთ წელიწადში შევისწავლი საგარეჯოში არსებულ რეალურ პრობლემებს. ახლა ვინც არ უნდა გახდეს დეპუტატი, იმედია, გაითვალისწინებს ჩემს აზრს, რომ უნდა გაკეთდეს პრობლემების ნუსხა და შემდეგ დროში გაიწეროს მისი მოგვარების ვადა. ამის მიხედვით მაჟორიტარმა დეპუტატმა უნდა დაწეროს სხვადასხვა უწყებაში შუამდგომლობები, რომ ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს.
თამარ ბატიაშვილი