QronikaPlus
 გიორგი შაგიძე: „ბანკები მუდმივად მუშაობენ ქვეყნის სწორი კუთხით წარმოსაჩენად საერთაშორისო ინვესტორებთან“

გიორგი შაგიძე: „ბანკები მუდმივად მუშაობენ ქვეყნის სწორი კუთხით წარმოსაჩენად საერთაშორისო ინვესტორებთან“

2015-09-18 08:17:01

რა არის „როუდშოუ“ და რამდენად მნიშვნელოვანია ის ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად? რატომ არის საქართველო და ქართული საბანკო სექტორი მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისთვის? რამდენად მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკისა და მისი საინვესტიციო იმიჯის ფორმირებაში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“ „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ფინანსების მართვის დარგში, გიორგი შაგიძეს ესაუბრა: _ როგორც ცნობილია, კომერციული ბანკების წარმომადგენლები გარკვეული ინტენსივობით ხვდებიან პოტენციურ ინვესტორებს „როუდშოუს“ ფორმატში. განგვიმარტეთ, რა არის „როუდშოუ“ და რამდენად მნიშვნელოვანია ის ინვესტიციების მოსაზიდად? _ „როუდშოუ“ არის შეზღუდულ ვადაში არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრის, მათი გაცნობისა და მათთვის ფინანსური შედეგების წარდგენის პროცესი. ამ შეხვედრების დროს ინვესტორებს საშუალება აქვთ, თავისუფლად დასვან მათთვის მნიშვნელოვანი შეკითხვები და უკეთ გაეცნონ კომპანიის საქმიანობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „როუდშოუ“ საჯარო კომპანიების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. „როუდშოუს“ ატარებს ყველა კომპანია, რომელსაც შეხება აქვს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებთან _ სააქციო თუ სასესხო კაპიტალის მოზიდვის მიზნით, ან მას შემდეგ. „როუდშოუ“ შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: ტრანზაქციის გაკეთების მიზნით თუ ინვესტორებთან ახალი შედეგებისა და მოვლენების მიმოხილვის მიზნით. სტანდარტული „როუდშოუ“ 10-15 დღე გრძელდება. ამ პერიოდში მსოფლიოს ფინანსურად მნიშვნელოვან ქალაქებში ჩავდივართ და დღეში, დაახლოებით, 5-8, ან მეტ ინვესტორს ვხვდებით. საბოლოოდ, ერთი „როუდშოუს“ განმავლობაში შეიძლება 50-80 ინვესტორთან მოხერხდეს შეხვედრა. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ეს საქმიანობა საზოგადოდ ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, რისი ბენეფიციარი მარტო „თიბისი ბანკი“ კი არა, მთელი ქვეყანა ხდება. ბუნებრივია, როდესაც ინვესტორი იცნობს ქვეყანას, გარკვეული ინვესტიცია აქვს განხორციელებული და კომფორტულად გრძნობს თავს, თუნდაც ქვეყნის ერთ კომპანიასთან, გაცილებით უფრო ადვილი ხდება მისი დაინტერესება სხვა კომპანიის მხრიდან. _ რეგიონში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე (რუსეთისა და საბერძნეთის ფაქტორები, სავალუტო კრიზისები) როგორ ახერხებს „თიბისი ბანკი“ ინვესტორების დაინტერესებას? _ ბუნებრივია, რეგიონში რაც ხდება, ეს ინვესტორებს აშფოთებს და მათ განწყობაზე გავლენას ახდენს. თუმცა არსებობს ძალიან ბევრი საკითხი, რომლითაც საქართველო რეგიონში არსებული სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა. ქვეყანას აქვს საკმაოდ ცხადი უპირატესობები და ჩვენი წარმატება სწორედ იმით იზომება, თუ რამდენად კარგად შევძელით წარმოგვეჩინა ეს უპირატესობები არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან. ჩვენ ვცდილობთ, ხაზი გავუსვათ, თუ რამდენად ლიბერალურია ქვეყანა, დივერსიფიცირებული ეკონომიკით, თვალსაჩინო რეფორმებით, საერთაშორისო რეიტინგებით, მათ შორის, ბიზნესის კეთებისა თუ ეკონომიკის გამჭვირვალობის მხრივ, ასევე, დაბალი გადასახადების დონით. ეს ფაქტორები საქართველოს ნამდვილად გამოარჩევს რეგიონში. შემდეგ გადავდივართ საბანკო სისტემაზე, რომელიც ქართული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია და ყველა აღიარებს, რომ პროდუქტებით, გამჭვირვალობით თუ მართვის ხარისხით გამორჩეულია არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანასთან მიმართებით. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ კავკასიიდან მხოლოდ ორი კომპანიის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ორივე ქართული ბანკია. ამის შემდეგ ინვესტორებთან ჩვენი პრეზენტაცია გადადის უშუალოდ „თიბისი ბანკზე~, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე ფინანსური შედეგებით და გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობები აქვს. _ ინვესტიციების განხორციელებამდე რა შიდა ფაქტორებით ინტერესდებიან ინვესტორები და, ზოგადად, რამდენად მიმზიდველია ქართული ბაზარი მათთვის? _ ქართულ ბაზარს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია, ინვესტორებს კარგად ავუხსნათ, რითი არის საქართველო გამორჩეული და რატომ უნდა განახორციელონ საქართველოში ინვესტიცია? საქართველო პატარა, განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით და არც შემოსავლის დონით გამოირჩევა. შესაბამისად, არ იწვევს ინვესტორების ბუნებრივ დაინტერესებას. გარდა ამისა, მიმდინარე მოვლენები რეგიონში კიდევ უფრო მეტად ახდენს გავლენას ინვესტორების განწყობაზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ გამორჩეულები როგორც რეფორმებით, ასევე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის გეგმები ინვესტორების მიერ დადებითად ფასდება და ზრდის საქართველოს მიმზიდველობას საინვესტიციო კუთხით. რაც შეეხება ინტერესებს, ის შეგვიძლია სამ კატეგორიად დავყოთ: მაკროეკონომიკური გარემო, ინდუსტრია და კომპანიის ფუნდამენტური მაჩვენებლები. როგორც უკვე აღვინშნე, ჩვენს შემთხვევაში, ინვესტორები ჯერ მაკრო გარემოთი ინტერესდებიან, შემდეგ საბანკო სფეროთი და იქ მიმდინარე მოვლენებით, ბოლოს კი თავად ბანკით, მისი სტრატეგიით, მენეჯმენტით, გამჭვირვალობის სტანდარტით, ფინანსური შედეგებით და, ზოგადად, სამომავლო პერსპექტივებით. _ რა სირთულეები შეიძლება ახლდეს მოლაპარაკებების პროცესს და ამ დროს რამე ტიპის მხარდაჭერა თუ სჭირდებათ ბანკებს? _ არ მგონია, რომ პირდაპირი ტიპის მხარდაჭერა გვჭირდებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საინვესტიციო გარემოს მუდმივი გაუმჯობესება და საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის იმიჯზე ზრუნვაა. ეს მიმართულებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინვესტიციის მოზიდვისას და რაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მათ, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი და სხვა კომპანიების ძალისხმევა ინვესტიციების მოზიდვისა და განვითარების კუთხით. როგორც აღვნიშნეთ, ინვესტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე კომფორტს უქმნის სტაბილური საინვესტიციო გარემო, მზარდი ეკონომიკა, ისევე როგორც ევროინტეგრაციის პერსპექტივა და სხვა დადებითი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოვლენები. _ რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გამოხატავენ დაინტერესებას ქართული ბაზრით და, ძირითადად, რა მიმართულებებით? _ ინტერესს ძალიან ბევრი ქვეყანა გამოხატავს. ევროპული საინვესტიციო ფონდებიდან, ბუნებრივია, ძირითადი ნაწილი ბრიტანულია. არის ინტერესი სკანდინავიის ქვეყნებიდან და ინვესტორების მნიშვნელოვანი ნაწილია ამერიკის შეერთებულ შტატებიდან. ეს ჯგუფი საკმაოდ დინამიკურია და მუდმივად იცვლება. არ გვგონია, რომ ეს შეზღუდული წრეა _ ვმუშაობთ, რომ უფრო მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, შორეული აზიიდან. ბუნებრივია, ინვესტორების ინტერესი არის ყველა ის სექტორი, რომელსაც საქართველოში განვითარების განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს. ჩვენ, ჯერჯერობით, საბანკო სფეროზე ვართ ფოკუსირებული, თუმცა მიმართულებებს, რომლებსაც ქვეყანაში განვითარების პოტენციალი აქვს, ასევე ფლობს იმის პოტენციალს, რომ ინვესტორები დააინტერესოს. მათ შორისაა ენერგეტიკა, ტურიზმი და ასე შემდეგ. _ როგორც ცნობილია, კავკასიიდან მხოლოდ 2 ბანკის აქციები ივაჭრება ლონდონში. ამ პერიოდის განმავლობაში, საბანკო სექტორმა რა მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა ქვეყანაში და საქართველოში შემოსული ინვესტიციის რამდენ პროცენტს შეადგენს იგი? _ მაგალითისთვის, მხოლოდ ბოლო 5 წელს თუ ავიღებთ, საფინანსო სექტორში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 700 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ პერიოდში განხორციელებული მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13-15%-ს შეადგენს. ამის გარდა, ამავე პერიოდში, საბანკო სფეროში განხორციელდა სხვა ტიპის, პორტფელური ინვესტიციები, რომლის მოცულობამ დამატებითი 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოუტანა ქართულ ეკონომიკას. უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული სესხების პორტფელი კი ბოლო 5 წელიწადში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა. ანუ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ბოლო 5 წელიწადში საბანკო სფეროს სახით შემოსული კაპიტალი 4 მილიარდ ლარზე მეტია. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ეკონომიკა სულ 25-დან 30 მილიარდ ლარამდეა. _ რამდენად მნიშვნელოვანია ბანკების მიერ ინვესტორების მოზიდვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის? _ პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ინვესტორების მოზიდვის გარეშე წარმოუდგენელია. როგორც ვიცით, ნებისმიერ კომპანიას სჭირდება დამატებითი კაპიტალი ზრდისა და განვითარებისთვის და, სამწუხაროდ, ადგილობრივი დანაზოგები საკმაოდ მცირეა ამ მოთხოვნის დასაფინანსებლად. გარდა ამისა, უცხოურ ინვესტიციებს შემოაქვს ცოდნა, კომპანიას კონკურენტუნარიანს ხდის და აყალიბებს ბიზნეს სტანდარტებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ინვესტორების მოზიდვაში ბანკებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პირველ რიგში, თავად ბანკებს შემოაქვს დიდი ინვესტიციები, როგორც ზემოთ ვთქვით, ბოლო 5 წლის მანძილზე ბანკების შემოტანილი პირდაპირი ინვესტიციები 13-15%-ია და საერთოდ შემოტანილი კაპიტალი _ 4 მილიარდ ლარამდე. მეორე: გამართული საბანკო სისტემა მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი ინვესტიციისთვის, მათ შორის, არასაბანკო ინვესტიციისთვის. ძნელი წარმოსადგენია ინვესტიციების შემოდინება გამართული საბანკო სისტემის გარეშე. ბოლოს, და ეს, ალბათ, ამ ეტაპზე, საქართველოსთვის სპეციფიკური საკითხია, ქართული ბანკების მიერ გაწეული სამუშაო ინვესტორებთან ურთიერთობის კუთხით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელს უწყობს ინვესტორების მხრიდან ქვეყნის მიმართ ინტერესის ზრდას.

გაზიარება