2013 წლის 12 მაისს სასჯელაღსრულების #14 დაწესებულებაში პატიმარი ლევან კორტავა ცემის შედეგად გარდაიცვალა. ამ ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ადამიანს ბრალი წაუყენა. მათ შორის სამართლებრივ პასუხისმგებლობაშია მიცემული გეგუთის ციხის მაშინდელი დირექტორი, მალხაზ სინაურიძე, რომელსაც გამოძიებისგან აბსოლუტურად განსხვავებული ვერსია აქვს. ის ამჟამად იძებნება და ამერიკაში იმყოფება.
იურისტი, ირაკლი კერესელიძე, რომელიც საქართველოში მალხაზ სინაურიძის წარმომადგენელია და მის ინტერესებს იცავს, „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურად საუბრობს ამ საქმის გაუხმაურებელ დეტალებზე. მისი თქმით, მალხაზ სინაურიძის გაწირვა სოზარ სუბარის არაკომპეტენტურობის გადარჩენას ემსახურებოდა და ამ საკითხის გადაფარვა ხელისუფლებამ „ნაციონალურ სტილში“ გადაწყვიტა.
რა მოხდა სინამდვილეში გეგუთის ციხეში და რა ვითარებაში გარდაიცვალა პატიმარი კორტავა? რატომ დასჭირდა გამოძიებას ბრალის წაყენება ციხის დირექტორისთვის? რატომ არ ისმენს სასამართლო მალხაზ სინაურიძის პოზიციას?
ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ირაკლი კერესელიძე ესაუბრება:
_ ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო მალხაზ სინაურიძის პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების შესახებ, რადგან თქვენი მკითხველისთვის უფრო ნათელი გახდეს, რასთან გვაქვს საქმე. ის გახლავთ წოდებით პოლკოვნიკი, სასჯელაღსრულების სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, იყო ორთაჭალის ციხის დირექტორი, ასევე ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი. სხვათა შორის, როცა 2006 წლის ე. წ. ცნობილი ბუნტის დროს, ბაჩო ახალაია რომ შევარდა სპეცრაზმთან ერთად „რეზბალნიცაზე“, ის ფაქტი, რომ იქ არც ერთი ადამიანი არ გარდაიცვალა, თავიდან ბოლომდე მალხაზ სინაურიძის დამსახურებაა. მხოლოდ მე არ ვამბობ, აცხადებს ყველა ის მსჯავრდადებული და თანამშრომელი, ვინც ამას ესწრებოდა. როგორ შევიდა მეგის ქარდავა სპეცრაზმელებთან ერთად, როგორ აპირებდნენ სროლას, მალხახ სინაურიძე იყო ერთადერთი, ვინც გადაუდგა და ბაჩო ახალაიას მათი გაყვანა მოსთხოვა. სხვა შემთხვევაში 7 ადამიანი კი არ მოკვდებოდა ორთაჭალის ციხეში, შეიძლება „რეზბალნიცაშივე“ გაეწყვიტათ, ისეთი გაცეცხლებულები იყვნენ. რაც შეეხება მის პირად ღირსებებს, როდესაც ის ციხის დირექტორი გახლდათ, პროფესიონალიზმი სწორედ ამაშიც იკვეთებოდა, რომ მუდმივად ახერხებდა, დაებალანსებინა ურთიერთობა და ყველას ინდივიდუალურად მიდგომოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა სოციალური, ან ფაქტობრივი სტატუსის მატარებელი იყო ესა თუ ის პატიმარი, რა პოზიცია ეკავა მას იმ სუბკულტურაში, რასაც ციხის იერარქია ჰქვია. როცა ციხეებში ბაჩო ახალაიას ტერორი მეფობდა, ადამიანებს აწამებდნენ და სიცოცხლეს აკარგვინებდნენ, მაგალითად ავიღოთ რუსთავის ყოფილი #1 ყველაზე რთული დაწესებულება, 2006-2009 წლებში სინაურიძე იყო მისი დირექტორი. 800 კაცზე გათვლილ დაწესებულებაში 2500-3000-მდე მსჯავრდადებული იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ე. წ. პალატკებში უწევდათ ცხოვრება, ყველა პატიმარი მაინც აქ ილტვოდა, რადგან ამ წლებში ეს ზონა ერთადერთი იყო, სადაც პატიმრებზე არ ძალადობდნენ და ღირსების არ ულახავდნენ.
როდესაც საქართველოში პოლიტიკური ცვლილება მოხდა და სასჯელაღსრულების მინისტრად სოზარ სუბარი დაინიშნა, მალხაზ სინაურიძე სამსახურში უკან დააბრუნეს, როგორც პროფესიონალი. მას ერთ-ერთი რთული, გეგუთის დაწესებულება ჩააბარეს, სადაც, ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, იმ დროს, როდესაც ბაჩო ახალაიას ბოლომდე მოჭერილი ჰქონდა სიტუაცია და ძალადობრივი მეთოდებით მართავდა, როდესაც ეს წნეხი მოიხსნა, ყველაზე მეტად დაეტყო იმ ტიპის დაწესებულებას, რომელსაც ზონებს ვეძახით. მინდა ხაზი გავუსვა, რატომ ვყვები ამ პრეამბულას, მინდა უფრო გასაგები იყოს, რატომ და როგორ მოხდა ის ფაქტი იმ დაწესებულებაში, რომელიც დახურული იყო და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებად გადაკეთდა. ფაქტობრივად, კონტინგენტი უკვე ძალიან ფართო იყო და ამ მრავალასეულ პატიმარში იმის ფონზე, რომ ახალი მონაცემები არ არსებობდა, ან ახალი ხელისუფლების შეგნებული პროვოცირება ხდებოდა, შესაძლებელი იყო მომხდარიყო არა მხოლოდ კორტავას ფაქტი, არამედ ბევრი. გავიხსენოთ: კორტავა გადმოიყვანეს რუსთავის #6 დაწესებულებიდან, რომელიც იმ მომენტისთვისაც და ახლაც სახელდება ყველაზე რთულ, უმართავი პატიმრების დახურული ტიპის დაწესებულებად. კორტავა გადმოიყვანეს ერთგვარი ნარკოტიკული თრობის ქვეშ და ამას სისხლის სამართლის საქმეში ბევრი მოწმე ადასტურებს. ბადრაგირების შესახებ სპეციალური დებულება არსებობს, სადაც თუ მსჯავრდადებული არ შეესაბამება იმ ფორმას და სტანდარტს, მისი ბადრაგირების მიღებაც არ შეიძლებოდა. მით უმეტეს, კორტავა გადმოიყვანეს 66 სხვა მსჯავრდადებულთან ერთად, დახურული ტიპის დაწესებულებიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში, სადაც რთული იყო იმის გაკონტროლება, რა ტიპის მტერი შეიძლებოდა მას ჰყოლოდა. ცნობილია, რომ კორტავა იმ მომენტში პირველად არ იყო დაჭერილი და მას ჰქონდა გარკვეული კრიმინალური შეხება იმ გარემოსთან. იქ რა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები იყო, ეს ყველაფერი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის საქმე იყო, რომელსაც ყველაზე აქვს თავისი ოპერატიული საქმე. ეს მათი კანონისმიერი ვალდებულება იყო _ მიეთითებინათ მიმღები დაწესებულებისთვის, რა სახის ოპერატიული საფრთხეები შეიძლებოდა ყოფილიყო აღნიშნულ მსჯავრდადებულთან დაკავშირებით? ექვემდებარებოდა თუ არა იგი განცალკევებას? იყვნენ თუ არა იმ დაწესებულებაში, სადაც ის იგზავნებოდა, სხვა მსჯავრდადებულები, რომელთანაც დაპირისპირებული იქნებოდა ამა თუ იმ მიზეზის გამო? ანუ სრული ოპერატიული მომზადება მიმდინარეობდა. ეს არის სასჯელაღსრულების სისტემის ანა-ბანა, რომელიც მაშინ იმდენად მოშლილი იყო, რომ ვინ, ვის, სად და რატომ უშვებდა, კაცმა არ იცოდა. ამავდროულად გავიხსენოთ ისიც, რომ იმ მომენტში სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ბატონი ღურწკაია, რომელიც საკმაოდ საფუძვლიანად ასოცირდება ბაჩო ახალაიასთან და გარკვეულ ადამიანთა ჯგუფთან. შორს წაგვიყვანს ახლა საკადრო საკითხებზე საუბარი. ფაქტი ერთია, _ სოზარ სუბარი, ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ არაკომპეტენტურობის გამო, ფაქტობრივად, პოპულიზმს აყოლილი, უშვებდა იმას, რომ სისტემა ირღვეოდა. საპირისპირო უკიდურესობაში წავედით. პატიმრებს სხვადასხვა დაწესებულებაში ყოველგვარი უსაფრთხოების წინაპირობის გარეშე ანაწილებდნენ. ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის, პატიმრობის კოდექსი პირდაპირ აწესებს. უსაფრთხოების სამსახურის ლოგიკაც სწორედ ეს გახლავთ, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის უსაფრთხოებას, იქ ასევე ნაგულისხმევია პატიმრის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხო განთავსება.
_ თქვენ ამბობთ, რომ კორტავას გარდაცვალება უსაფრთხოების პირობების დაუცველობამ გამოიწვია, რომელიც უშუალოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ევალებოდა?
_ ვიმეორებ: ამ შემთხვევაში დაირღვა ყველანაირი კანონი, უშუალოდ პატიმრობის კოდექსის ძირითადი მოთხოვნები, დამთავრებული იმ კანონმდებარე ნორმატიული აქტით, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურს ავალებდა, გაეთვალისწინებინა პატიმრის სპეციფიკა, მისი ბიოგრაფია, წარსული და სასჯელაღსრულების სისტემაში ისე გაენაწილებინა. ფაქტობრივად, მივიღეთ ასეთი სიტუაცია _ კორტავა როგორცკი შევიდა დაწესებულებაში, მის წინაშე მაშინვე წარმოიქმნა პრობლემები. არ დავიწყებ იმის შეფასებას, ვინ მართალი იყო და ვინ _ მტყუანი, ამოვალ იქიდან, რა ობიექტური რეალობაც ვნახეთ იქ. ობიექტური რეალობა კი იყო ის, რომ იმ დაწესებულებაში მის მიმართ მტრულად და აგრესიულად განწყობილი სხვა მსჯავრდადებულები დახვდნენ. ამავდროულად, ძალიან მინდა თქვენმა მკითხველმა გაიგოს ამ ფაქტზე, ეს არ არის მოსაზრება, ამის მტკიცებულებები არსებობს და აგერ, ერთად შევხედოთ ყველა ჩვენებას. იმ დაწესებულების თანამშრომლები, რომელსაც მალხაზ სინაურიძე ხელმძღვანელობდა, ყველა პატიმარი ადასტურებს, რომ იმ მომენტში, როდესაც კორტავა რამდენჯერმე სცემეს, ბოლო ცემამდე მალხაზ სინაურიძე დაწესებულებაში არ იყო, ეს არის ფაქტი. საგამოძიებო ორგანოები, პროკურატურა მალხაზ სინაურიძეს უყენებს ისეთი ტიპის ბრალდებას, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს მისი პროფესიული საქმიანობიდან და იმ მომენტში, როდესაც კორტავას მიმართ ეს დანაშაული ჩაიდინეს, ადამიანი ფიზიკურად არ ყოფილა დაწესებულებაში.
_ ეჭვი ხომ არ არის, რომ ეს ყველაფერი სინაურიძეს შეგნებულად გაუკეთეს?
_ გეტყვით დასაბუთებული ვარაუდის დონეზე, ამ შემთხვევაში, ვერ გამოვიყენებ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რადგან არც მოსამართლე ვარ და არც გამოძიება ჩამიტარებია. გამოვალ იმ მასალის ანალიზიდან, რაც მაქვს და რაც ჩემთვის ხელმისაწვდომია. ძალიან სერიოზული დასაბუთებული ეჭვი არსებობს იმისა, რომ მალხაზ სინაურიძის გაწირვა და ყველა ზეწოლა, რაც დღემდე მის ოჯახზე ხორციელდება, გამომდინარეობდა იქიდან, რომ არ ვიცი, რამდენად მაღალ დონეზე მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ, ფაქტობრივად, ხდებოდა სოზარ სუბარის არაკომპეტენტურობის გადარჩენა.
ასევე ხდებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმდროინდელი ხელმძღვანელის, მიხეილ ღურწკაიას გადარჩენა, იმიტომ, რომ, რეალურად, უშუალოდ მალხაზ სინაურიძისგან მათთვის თავიდანვე იყო ცნობილი მომხდარზე, ესეც დადასტურებადი ფაქტია. მათ ამ თემის გადაფარვა, ასე ვთქვათ, „ნაციონალურ სტილში“ სცადეს _ არანაირი პრობლემა არ არის, პატიმარი, უბრალოდ, წაიქცაო. შემდგომ უკვე მიხვდნენ, პრობლემა იმდენად გლობალური იყო და იმდენად გავიდა ინფორმაცია სისტემიდან, ამას ვეღარ გადაფარავდნენ და სამიზნედ აირჩიეს ადამიანი, ვისზეც ეს ყველაფერი უნდა ჩამოეკიდათ. ეს ადამიანი, საუბედუროდ, თვითონ მალხაზ სინაურიძე აღმოჩნდა. ზუსტად იმიტომ, რომ იყო პროფესიონალი, იცოდნენ, რომ ის, თავისი ღირსებებიდან გამომდინარე, თანამშრომლებს გასაჭირში არ მიატოვებდა. თუ სისხლის სამართლის მასალებს გავყვებით, ვნახავთ, რომ მალხაზ სინაურიძე თავიდანვე უარყოფდა ყველანაირ მონაწილეობას და ობიექტურ ჩვენებას აძლევდა. პროკურატურამ მას შემდეგ შეძლო სინაურიძე ეიძულებინა, ეღიარებინა „დანაშაული“, რაც მისი თანამშრომლები დაიჭირა. მისი თანამშრომლების განთავისუფლების წინაპირობად პროკურატურამ სინაურიძის ყალბი აღიარება მიიღო. შეგვიძლია დროშიც კი ვნახოთ, როდესაც სინაურიძემ მეორე ჩვენება მისცა. ფაქტობრივად, მისი პროფესიული და ადამიანური ღირსებებით ივაჭრეს, რაც ცალკე ამორალური საქციელია და სცილდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებსა და საშუალებებს, რომელიც შეიძლება საგამოძიებო ორგანოს ჰქონდეს. ეს არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომელიც კანონთან არანაირად არ არის წილნაყარი. მეტიც, დააკვირდით რამდენად ცინიკური იყო გამოძიების დამოკიდებულება ამ შემთხვევაში, _ მას შემდეგ, რაც მალხაზ სინაურიძისგან ჩვენება მიიღეს, ბრალდება არ წაუყენეს, უბრალოდ, ჩამოართვეს ეს ჩვენება და რამდენიმე თვე უსტატუსოდ იყო. მხოლოდ მას მერე, რაც მალხაზ სინაურიძემ პროკურატურის თანხმობით დატოვა საქართველო, ყველა ისრის მისკენ გადაყვანა დაიწყო.
_ ასე რატომ მოიქცნენ?
_ იმიტომ, რომ მას არ შეძლებოდა საქართველოში დაბრუნება; არ შეძლებოდა სამართლიანი სასამართლოს პრინციპის გამოყენება! მასზე გამოცხადდა ძებნა, გაიცა სანქცია და, რეალურად, ეს იყო ის ბერკეტი, რომელიც, ფაქტობრივად, რა სიბინძურეც არ უნდა ჩამოეკიდათ ბატონ მალხაზზე, იგი ჩამოსვლას ვეღარ შეძლებდა. ეს იყო ყველაზე ცინიკური სვლა, რაც მათ გააკეთეს და შემდგომში, უკვე, არა მარტო მალხაზ სინაურიძეზე ჰქონდათ შეხება, არამედ, მის ოჯახზე. ის ისტორია, რაც მე დასაწყისში მოგიყევით, ძალიან მნიშვნელოვანია, სინაურიძე არასოდეს ყოფილა საწყობის დირექტორი, რომ უსულო საგნებივით შეეხედა მსჯავრდადებულებისთვის, ის მათ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო და, ამავდრულად, პროფესიონალი. არასოდეს არღვევდა ბარიერს, მაგრამ ყველა პატიმარს ღირსებას უნარჩუნებდა. ზუსტად ამიტომ მან საკუთარი ფული მისცა თანამშრომელს, ჩამოეტანა ყველა საჭირო სამედიცინო საშუალება იმ პატიმრების დასახმარებლად, რომელთაც თვითდაზიანება მიიყენეს. იმ დროს, როცა სასწრაფო იყო ეს ყველაფერი, თანამშრომელმა, რომელიც სინაურიძისთვის განპირობებულ მანქანას მართავდა, შეჯახება მოახდინა. ცალკე სადავოა, რამდენად იყო ამ თანამშრომლის ბრალი, გამოძიება მხოლოდ იმ ლოგიკას იყენებს, რომ მძღოლი სიჩქარეს აჭარბებდა. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მანქანა, რომელიც ოპერატიულ დავალებას ასრულებდა, რაც უკავშირდებოდა პარტიმართა სიცოცხლეს. კანონმდებლობის თანახმად, მას ჰქონდა აჩქარების უფლება. ესეც გვერდზე გადავდოთ... მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზე იყო, სათანადოდ გახლდათ დაზღვეული და მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბის მერე დაიწყო პროცედურა, რომლის თანახმადაც სადაზღვევოს უნდა აენაზღაურებინა ეს ყველაფერი და ეჭვის ქვეშ არ დგებოდა ის მომენტი, რომ ეს იყო ინციდენტი, მას შემდეგ, რაც მალხაზ სინაურიძემ დატოვა საქართველო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შედის სარჩელით და უშუალოდ მის ქონებაზე ახორციელებს თავდასხმას. გეტყვით, რას აკეთებს ბატონი გორაძე, რომელიც დღესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წამყვანი იურისტია და რომელიც ბაჩო ახალაიას პირდაპირ დავალებებს ასრულებდა, სიებით დადიოდა და წინასწარ იცოდა, უდოს კომისიიდან ვინ უნდა გაეშვა და ვინ _ არა. გირგვლიანის მკვლელობის ამბავშიც ეს კაცი იყო ჩართული, დღესაც ბინძური, შავი შემსრულებლები ჰყავთ და დღემდე იყენებენ ამ ხალხს. ბატონი გორაძე, იცავს რა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, შედის სარჩელით მალხაზ სინაურიძის წინააღმდეგ და ამ ავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მთლიანად მას აკისრებენ იმიტომ, რომ ქუთაისში მის ქონებას დაეპატრონონ. ამის სამართლებრივი ახსნა, უბრალოდ, წარმოუდგენელი და შეუძლებელია, თუ არა ის, რომ ფსიქოლოგიურად და ფინანსურად სინაურიძის წინააღმდეგ ისეთი წნეხი განახორციელონ, რომ ეს ადამიანი გატეხონ, _ დაკარგოს წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ჩავარდეს დეპრესიაში და მიიღოს სტრესი, რომ საერთოდ არ ჰქონდეს სურვილი, საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს.
_ დღეს როგორია რეალობა?
_ დღეს ასეთი სიტუაციაა, _ სინაურიძის ოჯახი ცხოვრობს ქირით. ადამიანი წლების განმავლობაში შრომობდა, შემოსავლიანი სამსახური ჰქონდა, უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალია, პოლკოვნიკი და მისთვის მძიმე სტრესია, რომ მეუღლე და შვილები, ფაქტობრივად, ჰაერში არიან გამოკიდებულები, იმიტომ, რომ სასჯელაღსრულების სისტემამ ბრძოლა დაუწყო თავის გამორჩეულ პროფესიონალს ზუსტად იმ ნაწილში, რაც მისი ღირსება იყო. ღირსება იყო სწორედ ის, რომ სინაურიძე ზრუნავდა პატიმრებზე და ის ავარიაც ამან გამოიწვია. ფორმალურ მიზეზად სასჯელაღსრულების სარჩელში მოხსენიებულია ასეთი რაღაც, _ თავის დროზე, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ხასია, ტელეფონოგრამაა გადაგზავნილი ყველა დაწესებულების დირექტორისთვის, საიდანაც ვგებულობთ, რომ იმ დაწესებულების დირექტორები, რომლებიც იყვნენ გადაყვანილნი, ან განთავისუფლებულნი, ვეღარ ისარგებლებდნენ სამსახურებრივი ავტომობილით. გეკითხებით: თუკი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე კრძალავს განთავისუფლებული თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი ავტომანქანით სარგებლობას, მაგრამ, ამ შემთხვევაში, დირექტორი, რომელიც არ არის განთავისუფლებული, მოქმედია და კუთვნილ ავტომობილს აძლევს თავის თანამშრომელს იმისთვის, რომ სამსახურებრივ მიზანს მოემსახუროს, რა ელევანტური კავშირი შეიძლება იყოს ამ ქმედებასა და იმ ქმედებას შორის, რომელიც ბატონმა მალხაზმა შეასრულა და რომელიც მისი უშუალო, პირდაპირი ვალდებულებიდან გამომდინარეობდა? ეს არ იყო მნიშვნელოვანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის, მათთვის მნიშვნელოვანი იყო სინაურიძეზე ზეწოლა და მისი ოჯახის განადგურება! ვინ დაიჯერებს დღეს იმ ზღაპარს, რომ სოზარ სუბარმა, ან მიხეილ ღურწკაიამ არ იცოდნენ, რა მოხდა?! მეტიც, იმ ტიპის პატიმრის გაგზავნას, როგორიც იყო კორტავა და, ამავროულად, მასთან ერთად, 66 კაცის გადაყვანა, როდესაც ასეთი ესკორტი ჩადის, ყოველთვის ახლავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან სათანადო პირები, რომლებიც, არსებული ტრადიციის მიხედვით, დირექტორთან აუცილებლად მოინდომებდნენ შეხვედრას. მაქვს დასაბუთებული ვარაუდი, იქნებ, სპეციალურად გააცილეს ბატონი მალხაზი, რომ, ამ შემთხვევაში, მას კრიზისული სიტუაციის მართვა არ შესძლებოდა და პოსტფაქტუმ დამდგარიყო ამის წინაშე?! დარწმუნებული ვარ, სინაურიძე მისი პირადი გავლენებიდან, ავტორიტეტიდან, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, იქ რომ ყოფილიყო, ეს ფაქტი არ მოხდებოდა! დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი დეტალურად აღწერს, თუ როგორ შემოჰყავდათ კორტავა, საერთოდ წარმოუდგენელი რაღაცებია გაკეთებული, ფაქტობრივად, მალხაზ სინაურიძის გაცილებით დაწესებულებას მოაშორეს ის საყრდენი და ხერხემალი, რომელიც ამ ყველაფერს რეჟიმში ამყოფებდა ზუსტად პირადი ავტორიტეტის გამო, იმიტომ, რომ სიტუაცია იყო სრულიად ქაოსური. თავის ჩვენებაში ყველა აფიქსირებს, რომ ბოლო გალახვის შემდგომ რაციაში გაიგეს მალხაზის ხმა და ფაქტის წინაშე დადგა. ამის მერე სინაურიძე იძახებს სასწრაფოდ ექიმს და ყველაფერს აკეთებს, რაც შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ დღეს ამის დანახვა არავის აწყობს! აწყობთ, რომ სინაურიძეში დაინახონ კრიმინალი და მასზე ჩამოკიდონ მომხდარი! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბადრაგირების წესების დარღვევა, პიროვნების გადაყვანის არასათანადო უზრუნველყოფა და არასათანადო ოპერატიული განთავსება _ ეს არ იყო მალხაზ სინაურიძის პასუხისმგებლობა, ეს იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობა, დებულებით პირდაპირ განსაზღვრული. აბა, რაღას ვაბრალებთ მაშინ მალხაზ სინაურიძეს?! ისევ იმ ცინიკურ, მანქანის ამბავს დავუბრუნდები, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფა მოითხოვეს და ქონება დაუყადაღეს, სინაურიძის წინააღმდეგ საბოლოო გადაწყვეტილება დაუსწრებლად გამოიტანეს. სინაურიძე ამერიკაშია და მოპასუხედ არის მოხსენიებული. ერთადერთი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ჰქონდა მის მეუღლეს, არ შეატყობინეს და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანეს, რითაც მის ქონებას საფრთხე დაუყენეს. რეალურად, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ინტერესების, კონკრეტული კრიმინალური ზრახვების გამო მალხაზ სინაურიძესა და მის ოჯახს აბსოლუტურად დაუმსახურებლად დააჯახეს სახელმწიფო სისტემა!
აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე. ახლა გვაქვს ასეთი სიტუაცია _ სინაურიძე ითხოვს, გამოიყენონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც უფლებას აძლევს ბრალდებულ პირს, მიმართოს სასამართლოს. ჩვენს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრაქტიკაში სასამართლო უკვე იყენებს ელექტრონული საშუალებით ჩვენების მიცემას. შეგახსენებთ გიგი უგულავას პროცესს, როდესაც ჯოზეფ ქეიმ ელექტრონული ჩვენება მისცა. დღეს, ფაქტობრივად, ისე მთავრდება სასამართლო წარმოება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ბატონი მალხაზის დაკითხვა დღის წესრიგშიც არ დგას, სპეციალურად იბლოკება. როდესაც ბრალდებულს უკრძალავ, რომ მიმართოს სასამართლოს, არა მარტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ფუნდამენტური დავაა, ეს არის პირდაპირ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ნებისმიერ პირს, რომელიც ბრალდებულია რაიმე დანაშაულში, აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განმარტებული აქვს სტრასბურგის სასამართლოს თავის არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ მიუკერძოებელმა მოსამართლემ უნდა მოისმინოს პოზიცია. როგორ შეიძლება მოსამართლემ გადაწყვიტოს სინაურიძის ბრალეულობის, ან არაბრალეულობის საკითხი, თუ თავად ბრალდებულს არ მოუსმენს და დღეს ჩვენ ამ რეალობას ვღებულობთ. სასჯელაღსრულების დღევანდელ მინისტრს შევეხები, ბატონ კახიშვილს: თავის დროზე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, იგი სინაურიძეს გვერდში ედგა, მან ძალიან კარგად იცის ეს საკითხი, ძალიან კარგად იცის, როგორ ჩამოკიდეს ეს ყველაფრი მასზე. სანამ ამერიკაში წავიდოდა, არაერთხელ შეხვედრია პირადად და დღეს ბატონ კახიშვილს, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრს, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ პირს, აბსოლუტურად შეუძლია, ჩამოხსნას ეს გადაწყვეტილება სინაურიძეს, ელემენტარულად, ოჯახს სასულდგმულო ფული დაუტოვოს, რომ მისი მშობლების მიერ მოპოვებულ ქონებას არ შეეხოს ეს ყველაფერი. სამაგიეროდ, ის დაკავებულია, ისევ და ისევ, არჩეული, იმ მცდარი მიმართულების გამყარებით, რასაც ჰქვია სინაურიძეზე ყველაფრის ჩამოკიდება! როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მანქანა ასრულებდა კანონით განსაზღვრულ მიზანს, როგორ შეიძლება მანქანის რემონტი დააკისრო ფიზიკურ პირს, როდესაც პირდაპირ გაქვს ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასთან და მას ეს ვალდებულება აქვს?! გაუჭირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს, ან დეპარტამენტის ბიუჯეტს მანქანის რემონტი? არა, აქ არის მიზანმიმართული მოქმედება, რომ ამ ფინანსური ტვირთით მალხაზ სინაურიძე გატეხონ!
თამარ ბატიაშვილი