QronikaPlus
სააკაშვილი პროკურორებს დაერია და ახალი თავსატეხიც გაიჩინა: ის აპირებს, რუსეთს „ახალი აბრეშუმის გზა“ „აახიოს“

სააკაშვილი პროკურორებს დაერია და ახალი თავსატეხიც გაიჩინა: ის აპირებს, რუსეთს „ახალი აბრეშუმის გზა“ „აახიოს“

2015-08-20 06:20:17

ოდესის პროკურატურას „ქართული დესანტის“ ახალი და გადამწყვეტი შეტევა ელის. ამჯერად, სავარაუდოდ, „ქართული დესანტი“ ქართველთა დანიშვნისთვის არ იღვწის. ოდესის გუბერნატორად ქცეული საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია, პროკურატურაში ახალგაზრდა, ტალანტის მქონე პირები დასაქმდნენ და ამატებს, რომ მხოლოდ ესაა წარმატების წინაპირობა. საერთოდაც, კაცმა რომ თქვას, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ უკრაინაში სწორედ პროკურორები აითვალწუნა. ეს, როგორც ჩანს, სააკაშვილის ხელწერაა, რადგან ის საქართველოშიც პირველად სწორედ ძალოვნებსა და იურისტებს შემოსწყრა და ახლაც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანახევროდ პერსონიფიცირებისას, თეა წულუკიანზე აკეთებს ხოლმე აქცენტს... ასეა თუ ისე, უკრაინის მთავარი პროკურორის _ შოკინის გერი მალე თანამდებობას დატოვებს. არადა, შოკინი ამბობდა, რომ მას კარგი მიღწევები აქვს. მიხეილ სააკაშვილი ჯიუტად იმეორებდა, რომ ქალბატონი ტატიანა გორნოსტაევა თანამდებობას დაემშვიდობებოდა და ასეც მოხდა _ ივნისში ის შვებულებაში გავიდა და არც დაბრუნებულა, 8 აგვისტოს კი სააკაშვილმა დააანონსა, რომ შეიცვლება საქალაქო ადმინისტრაციის ყველა პროკურორი. საერთოდ, უკრაინის მთავარ პროკურორს „ქართული დესანტი“ და კიევში მისი ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი _ დავით საყვარელიძე დიდად არ მოსწონს. არ მოსწონს კი არა, ყელში აქვს გაჩხერილი. როცა დავით საყვარელიძე კიევში პროკურორებს დაერია და კაბინეტებშივე აიყვანა, სეიფებიდან კი ბევრი ფული ამოუღო, შოკინის დავალებით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც კი გადაწყვიტეს, მაგრამ სანამ კონფლიქტი გარე თვალისთვისაც ხილული გახდებოდა, საქმეში პრეზიდენტი ჩაერია და ორივემ _ შოკინმაც და საყვარელიძემაც _ განაცხადეს, რომ ერთმანეთთან არანაირი კონფლიქტი არ აქვთ. პროკურორებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების შეცვლასთან ერთად მიხეილ სააკაშვილს ახალი ახირებაც გაუჩნდა: ოდესის რეგიონის გადაქცევა სატრანსპორტო „ჰაბად“ და რუსეთისთვის „ახალი აბრეშუმის გზის“ ახევა. უფრო დეტალურად განვიხილოთ, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი: „ჰაბი“ ინგლისური სიტყვისგან  Hub მომდინარეობს და ეკონომიკაში გამოიყენება, როგორც საქმიანი აქტივობების ცენტრისა და ეკონომიკური ინტერესების გადაკვეთის აღმნიშვნელი ადგილი. სააკაშვილის ახალ გეგმაში „ჰაბად“ გადაქცეული ოდესის რეგიონი ნიშნავს, რომ ჩინეთიდან მომავალი ტვირთი ევროპაში არა რუსეთის, არამედ უკრაინის გავლით მოხვდეს. ამით ტვირთის ადგილზე ჩასვლის დრო მცირდება 30 დღიდან 9 დღემდე, რაც, ცხადია, ჩინეთს დააინტერესებს. გეგმის მიხედვით, ტვირთი ილიჩევსკის პორტიდან უნდა გაიგზავნოს. ეს სწორედ ის პორტია, სადაც არსებულ განუკითხაობაზე ოდესის გუბერნატორი პრეზიდენტთან საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა შეკრებაზე საუბრობდა და მას ამ განუკითხაობის ამსახველი დოკუმენტებიც გადასცა, ხოლო პოროშენკომ, თავის მხრივ, ისინი საყვარელიძეს იქვე გადაულოცა. ილიჩევსკის პორტში მისი დირექტორი რუსულ ინტერესებს ლობირებდა და უკრაინელებს იოსებ კობზონთან მეგობრობით დაამახსოვრა თავი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის დახმარებით, სააკაშვილმა ის გაათავისუფლა, ახლა კი პორტს საერთაშორისო დანიშნულებით გამოყენებას უპირებს. რასაკვირველია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეხვდება ჩინეთი ამ ინიციატივას, მაგრამ, როგორც იტყვიან, პრინციპი ნაპოვნია. სააკაშვილი ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა მხოლოდ ახალი გზის მშენებლობა ქალაქ რენიმდე და ხიდი. რენი დუნაის მარცხენა ნაპირზე მდებარე ქალაქია და ოდესის ოლქში შედის. ოდესიდან რენიმდე საავტომობილო გზით 280 კილომეტრია. რაც შეეხება ხიდს, ის დნესტრის ლიმანზეა საჭირო. დნესტრის ლიმანი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და მდინარე დნესტრი წარმოქმნის ზღვის შესართავთან. მისი სიგრძე 41 კმ-ა, სიგანე 4-12 კმ, ხოლო წყლის საშუალო სიღრმე 2,6 მ. სააკაშვილის გეგმაში რენიმდე გზის მშენებლობისა და ლიმანზე ხიდის გარდა კიდევ შედის კიევამდე გზის გაუმჯობესება _ როგორც ვხედავთ, საკმაოდ მოცულობითი სამუშაოებია, მაგრამ თუ ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანას სააკაშვილი ოდესაში აპირებს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოში მოსალოდნელი მღელვარე პროცესები მის გარეშე ჩაივლის? „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, „ნაცმოს“ დიდი სიურპრიზი სწორედ ეს იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც მათი საპატიო ლიდერი, მათ აქტივობას უკრაინიდან მიადევნებს თვალს. რასაკვირველია, ეს ბევრ შეკითხვას აჩენს და, პირველ რიგში, საკითხავია, რას უშვრება „ნაცმო“ იმ ელექტორატს, რომელიც ენმ-ს მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გამო უჭერს მხარს? მაგრამ, როგორც ჩანს, „ნაცმოდან“ არც არავინ აპირებს, მათ განუმარტოს საქმის რეალური ვითარება და აუხსნას, რატომ არ აპირებს სააკაშვილი ამ ეტაპზე ჩამოსვლას საქართველოში. იმასაც გააჩნია, ვინ აუხსნის, ვინ დაელაპარაკება ხალხს? ვინ იქნება ქუჩაში გამოსულთა გარანტი? რამდენიც უნდა იძახოს ჩერგოლეიშვილმა, მიტინგის ახალი ფორმა დავამკვიდრეო, ერთი ან ორი ქარიზმატული ლიდერი მაინც საჭიროა და ვინ, თუ არა მიშა? აი, ამ დილემაზე პასუხის გაცემა კი „ნაცებს“ მართლაც მოუწევთ. მანამდე კი ისევ „ახალ აბრეშუმის გზას“ დავუბრუნდეთ. კაცმა რომ თქვას, რუსეთის მოტეხვა ამ აბრეშუმის გზიდან მხოლოდ სააკაშვილის იდეა არ გახლავთ: ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ჩინეთმა, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ახალი მარშრუტი რუსეთის გვერდის ავლით დატესტეს და საკმაოდ კმაყოფილიც დარჩნენ: სატესტო მატარებელი, რომელმაც ჩინეთში აიღო გეზი და ყაზახეთით დაიძრა აზერბაიჯანისკენ, ბაქოს შემოგარენში მდებარე ქალაქ კიშლიში 6 დღეში ჩავიდა. და ეს მაშინ, როცა ირანის ერთ-ერთ პორტამდე და ქართულ ფოთამდე ჩასასვლელად ტვირთს 25-30 დღე სჭირდებოდა. ამ სამმა ქვეყანამ მოილაპარაკა, რომ სექტემბერში კიდევ ერთ მარშრუტს დატესტავენ, ამჯერად ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მიმართულებით. დატესტავენ, რომელი უფრო მოკლე და ხელსაყრელი იქნება და გამორიცხული არ არის, რუსეთი კი არა, საქართველოც კი დარჩეს `აბრეშუმის გზის~ გარეშე. თუმცა ქართველს მაინც აქვს შანსი, ისტორიული და გარდამტეხი ფიგურა იყოს: რუსეთი ტრანსციმბირულ გზას შესთავაზებს ჩინეთს იმისთვის, რომ განზე არ დარჩეს, ხოლო ქართველი _ უკრაინაში ილიჩევსკის პორტის გავლით ტვირთების ტრანსპორტირებას. საქმე ის გახლავთ, რომელი პროექტი უფრო მოეწონება ჩინეთს: რუსული თუ უკრაინული? ალბათ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა შეიცვლება ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში და კერძოდ, ოდესის ოლქში?  

                                                                                                            დოროთე გითოლენდია

გაზიარება