ნინოწმინდის სამხედრო გაწვევის სამსახურის ყოფილი უფროსი, ხაჩატურ მარქარიანი, „ქრონიკა+“-თან მის მშობლიურ რაიონში დღეს არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მოუგვარებელ საქმეებსა და პრობლემებს დღევანდელ საქართველოში რა გამოულევს ადამიანს და ცხადია, არც ნინოწმინდელები იქნებიან გამონაკლისები. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი რესპონდენტი რაიონის მთავარ თავის ტკივილად ადგილობრივ ჩინოვნიკებს მიიჩნევს, რომლებიც, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ყველა პოლიტიკურ „პრობკას“ ერგებიან... ანუ შევარდნაძის დროს „მოქკავშირის“ ადგილობრივ ბირთვს წარმოადგენდნენ, სააკაშვილის დროს მგზნებარე „ნაცები“ გახდნენ, დღეს კი სულით ხორცამდე „ქოცები“ აღმოჩნდნენ, მოსახლეობის ბედი კი ნაკლებად ადარდებთ.
ხაჩატურ მარქარიანი:
_ 2010 წლიდან დავინიშნე და 2014 წლის თებერვლამდე ვმუშაობდი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად. 2013 წლის 19 სექტემბერს საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანმა დამირეკა, რომ სასწრაფოდ გამოვცხადებულიყავი მასთან. კაბინეტში მითხრა, _ შენთვის ცუდი ამბავი გვაქვს, მართალია, შენი მუშაობით უკმაყოფილო არ ვართ, მაგრამ განცხადება უნდა დაწერო და სამსახურიდან წახვიდეო. მიზეზით დავინტერესდი... _ არანაირი მიზეზი არ არსებობს, უბრალოდ, ზემოდან ასეთი მითითება მივიღეთო. _ ვისგან არის ეს მითითება-მეთქი? _ სპეცსამსახურებიდანო. ამის შემდეგ კიურეღიანმა გამგებელ გაგიკ კარსლიანს დაურეკა და მოსვლა სთხოვა. მისი თანდასწრებითაც იგივე გაიმეორა. გამგებელი ჩუმად იჯდა, ბოლოს მითხრა, _ უნდა დაწერო განცხადება წასვლის თაობაზე, ხომ ხვდები, ამას რა შეიძლება მოჰყვესო? მე ვკითხე, თუ როდის უნდა დამეწერა განცხადება. _ თუ შეგიძლია, დღესვე დაწერეო. ვუპასუხე, რომ გაწვევის გეგმა მქონდა შესასრულებელი და წვევამდელები უნდა ჩამეყვანა თბილისში სამედიცინო კომისიაზე. _ მაშინ ეს „ნარიადი“ ჩაიყვანე და მერე დაწერეო.
_ მიზეზი მაინც არ აგიხსნეს, არა?
_ არ ამიხსნეს. ამ საუბრის შემდეგ დავურეკე ჩვენს კურატორს სამცხე-ჯავახეთში სამხედრო საკითხებში, ბატონ გია კაპანაძეს. მან მითხრა, _ არ დაწერო განცხადება წასვლის თაობაზე, მერე ცალკე შეხვდი გამგებელს და დაელაპარაკეო. ასეც მოვიქეცი. მივედი გამგებელთან და როცა ვკითხე, რა ხდება-მეთქი? მიპასუხა, _ აბა, რა ვიცი, მე შენთან არავითარი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ უნდა წახვიდეო... მივხვდი, რომ ამათ მყარად ჰქონდათ გადაწყვეტილი ჩემი გაშვება. ამის შემდეგ წვევამდელები თბილისში ჩავიყვანე და იქაც დამირეკა საკრებულოს თავმჯდომარემ, _ რა მოიფიქრეო? _ ჩამოვალ და ადგილზე ვისაუბროთ-მეთქი. ასე გრძელდებოდა ჩემზე ზეწოლა და მუქარა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ჩემს მობილურ ტელეფონზე ჩამეწერა ჩემი და გამგებლის საუბარი, სადაც ის მეუბნება, რომ არ ვიცი, რა ხდება აქ, მე რად მინდოდა ეს სამსახური, კი ვმუშაობდი კარგად საჯარო რეესტრშიო.
_ ისინი არ გეუბნებოდნენ, რატომ გიშვებდნენ, მაგრამ თქვენ მაინც გეცოდინებოდათ ნამდვილი მიზეზი.
_ დიახ, ვხვდებოდი, საიდან უბერავდა ქარი. როგორც მოგახსენეთ, 2010 წლის ოქტომბრიდან დავინიშნე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად. ეს მოხდა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ვლადიმირ სტამბოლციანის რეკომენდაციით, რომელმაც შემდგომში პარლამენტის დეპუტატის, ენზელ მკოიანის მუქარით დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამის შემდეგ მან მიტინგი მოაწყო გამგეობის შენობის წინ, რომელსაც მეც ვესწრებოდი. ეს არ მოეწონათ ჩვენს ე. წ. რაიონის ხელმძღვანელებს. ამის შემდეგ დაიწყეს ჩემი დევნა. ძირითადი მიზეზი სამსახურიდან ჩემი წასვლის მოთხოვნისა ეს იყო.
ვვარაუდობ, რომ პირდაპირ დეპუტატმა გასცა ბრძანება, საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს დაავალა, დაიბარეთ და უთხარით, რომ წავიდეს, ხოლო თუ საჭირო იქნება, შეაშინეთ კიდევაც სპეცსამსახურებითო. ასეთი ვარაუდის საფუძველს ის მაძლევს, რომ დეპუტატის გარეშე ესენი ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ. გამგებელს ვუთხარი, რომ თუ რამე დავაშავე, სპეცსამსახურებმა ჩემზე ყველაფერი იციან, მოვიდოდნენ და წამიყვანდნენ-მეთქი. გამგებელმა გაიცინა და მითხრა, _ ხომ იცი, ვინც არის ეგ `სპეცსამსახურიო~? მე ვუპასუხე, _ ვინ არის და დეპუტატია-მეთქი. _ აბა, თუ იცი, რატომ მეკითხებიო? თვითონვე მითხრა, რასაც ვვარაუდობდი: შენი ძირითადი განთავისუფლების მიზეზი ეგ არის, რომ საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს მხარი დაუჭირეო.
_ იქნებ, იმიტომ გებრძოდნენ, `ნაციონალების~ დროსაც რომ მუშაობდით?
_ ჯერ ერთი, მე თუ „ნაცების“ დროს ვმუშაობდი, ეგ არ ნიშნავს, რომ არსად არ უნდა ვიმუშაო. მეორეც, ისინი თვითონ მუშაობენ შევარდნაძის დროიდან. საკრებულოს თავმჯდომარის მამა, სეირან კიურეღიანი, შევარდნაძის დროიდან მუშაობს, პარლამენტის ოთხგზის დეპუტატია 1999 წლიდან; ამჟამინდელი გამგებელი შევარდნაძის დროიდან მუშაობდა საჯარო რეესტრის უფროსად. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? ვინც სააკაშვილის დროს მუშაობდა, ყველა დამნაშავე და უვარგისი ხომ არ არის?
_ მოკლედ, თქვენ მაინც არ მოუწერეთ ხელი?
_ დიახ! როცა ნახეს, რომ ვერ მიშვებდნენ, საქმეში ჩართეს მათი მამა-მფარველი, დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელმაც მათ დაავალა, რომ სპეცსამსახურებით შევეშინებინე. მართლაც, 2013 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ახალქალაქში კონტრდაზვერვის სამსახურის იმდროინდელი უფროსის მოადგილე ზურა ჩადუნელმა დამირეკა და თითქმის ერთი საათი მელაპარაკა, რომ სამსახურიდან წასვლაზე განცხადება უნდა დამეწერა. მითხრა, _ ხომ იცი, ვერავინ ვერაფერს უზამს ვერც დეპუტატ ენზელ მკოიანს, ვერც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სეირან კიურეღიანს _ საკრებულოს თავმჯდომარის მამას _ და ვერც საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანსო.
_ რა უპასუხეთ?
_ რომ ვერ დავწერ განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რადგან უკვე განცხადება შევიტანე მთავარ პროკურატურაში-მეთქი. _ მერე რა, შენც უთხარი, რომ გაბრაზებული ვიყავი და იმიტომ დავწერეო. ამ სიტყვების გამო ჩადუნელს შევეწინააღმდეგე, _ საბავშვო ბაღი ხომ არის-მეთქი? მოკლედ, ვერ მოვილაპარაკეთ და წამოვედი ახალქალაქიდან. ამ დროს მივხვდი, თუ ვისთან მაქვს საქმე: ეს ხომ ერთი მაფიაა _ კონტრდაზვერვა, პარლამენტის დეპუტატი და ეს მათი ლეკვები _ ერთად შეკრულები. მე ვინ ვიყავი, ამათ რომ დავპირისპირებოდი?
_ პროკურატურაში საჩივარი მართლა შეიტანეთ?
_ დიახ, ჩადუნელისთვის ტყუილი არ მითქვამს. ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დამიბარეს კიდეც ახალქალაქისა და ნინოწმინდის პროკურატურაში დაკითხვაზე. შემდგომ ნინოწმინდის რაიონული პოლიციის სამმართველოშიც და პოლიციაში დაკითხვის დროს ჩემი და გამგებლის საუბრის ჩანაწერიც დავურთე.
_ რაზეა საუბარი იმ ჩანაწერში?
_ ჩანაწერში ამბობს, რომ შენთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს. ხომ ხედავ, არ გირეკავ, პირიქით, საკრებულოს თავმჯდომარეს ვარეკინებ, რომ შენთან პრობლემა არ მქონია და რაში მაინტერესებს შენთან ურთიერთობის გაუარესებაო? კიდევ ჩანაწერში მეუბნება, რომ არ მინდოდა ეს გამგებლობა, როცა ადამიანი თავის ჭკუაზე ვერ დადის და რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებსო. მეც ვუთხარი, რომ შენ ხარ გამგებელი და არ შეგიძლია ერთი კაცის შენახვა-მეთქი? საკუთარ თავს ვგულისხმობდი. _ წარმოიდგინე, არა, არ შემიძლიაო. სწორად გამიგე, ვერ დაგიცავო. არის საკითხი, რომელსაც მე ვწყვეტ, მაგრამ არის ისეთიც, რომლის გადაწყვეტაც არ შემიძლიაო. წინ დამიდეს ასეთი პირობა და მომთხოვეს, რომ ეს კაცი, ანუ შენ, უნდა წავიდესო. ვუთხარი, _ მაშინ არ დავწერ განცხადებას და თქვენ გამათავისუფლეთ, ოღონდ დამისაბუთეთ განთავისუფლების მიზეზი-მეთქი. შემდეგ მომიძებნეს მიზეზი, ვითომ საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი ამოწმებდნენ, თუ როგორ დადიან სამსახურში თანამშრომლები და როცა ჩემთან სამსახურში მოვიდნენ, მე და ერთი თანამშრომელი ვიყავით. ერთი გაშვებული მყავდა ერთი საათით და დანარჩენი ორი შვებულებაში იყო. ამის გამო საკრებულოს თავმჯდომარემ შენიშვნა მომცა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვები იყო და, როგორც ზემოთ გითხარით, ახალქალაქის კონტრდაზვერვის უფორის მოადგილე ზურა ჩადუნელმა დამირეკა, _ სასწრაფოდ ჩამოდი ახალქალაქში ჩემთან სამსახურშიო. როცა მივედი, თითქმის ერთი საათი მეუბნებოდა, რომ დაწერე განცხადება და წადი სამსახურიდან, ეგრე შევპირდი ხალხსო. სახელმწიფო მანქანის წინაშე გამოდიხარ და ხომ ხვდები, რა შეიძლება დაგემართოსო? საბოლოოდ ვუთხარი, რომ გინდა დამაკავეთ, მაგრამ ვერ დავწერ განცხადებას-მეთქი და წამოვედი სახლში. ამის შემდეგ წარმოიდგინეთ, 2013 წლის სექტემბრიდან წლის ბოლომდე როგორ რეჟიმში ვიმუშავებდი, როცა გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე გიპირისპირდებიან და არ გეხმარებიან გაწვევის საკითხებში. 2013 წელი რომ დასრულდა, გაწვევის გეგმა ვერ შევასრულე, გეგმა იყო 55 წვევამდელის ჩარიცხვა და ჩავრიცხე მხოლოდ 41. ამათაც სწორედ ეს უნდოდათ და 2014 წლის თებერვალში უკანონოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან. სასამართლოში სარჩელი შევიტანე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩემი განთავისუფლება უკანონო იყო. გამგებელს ვადა მისცეს, რომ განთავისუფლების ბრძანებისთვის გადაეხედა და დაეკონკრეტებინა, სრულყოფილად დაესაბუთებინა ჩემი განთავისუფლების მიზეზი. გამგებელს დღემდე არ შეუსრულებია სასამართლოს გადაწყვეტილება!
ამის შემდეგ ჩამოვიდნენ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ბიუროს თანამშრომლები. მათ ჩემი და გამგებლის ხმა შეამოწმეს. ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ ეს ნაღდად გამგებლის ხმა არისო. ყველაფერი დადასტურდა, ჩემზე ზეწოლაც და მუქარაც, მაგრამ უკვე რამდენი დრო გავიდა! 2014 წლის ნოემბერში ნინოწმინდის შსს-ს პოლიციის სამმართველოს უფროსთან მივედი და ვკითხე, _ რა სტადიაშია ჩემი საქმე-მეთქი? მანაც მიპასუხა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მოგვივიდა, იქ ნათლად ჩანს, რომ მართლა შენი და გამგებლის ხმა არის, მაგრამ მთელ საქართველოში ვერ მოიძებნა ერთი პირი, რომელიც გადათარგმნიდა ამ 7-წუთიან საუბარს სომხურიდან ქართულზე, ამიტომ გაჩერებულები ვართო. ეს ხომ აბსურდია?! რა უნდა ამ ტექსტის თარგმანს?! ხომ ხვდებით, ვინ ვარ მე, ამათ რომ ვეწინააღმდეგები? ყველგან ბლოკავენ ნებისმიერ საქმეს, რომელიც მათ დანაშაულებს და მაქინაციებს ეხება. აი, ასე ჭიანურდება ეს სისხლის სამართლის საქმე. უკვე მეორე წელი გადის და ეს კრიმინალი გამგებლი დღემდე თანამდებობაზეა, ჩემს ადგილზე კი ისეთი პირი დანიშნეს, რომელიც, ჯერ ერთი, ჯარშიც კი არ არის ნამსახურები, ასევე უკანონოდ აქვს მიღებული სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა და 2005 წლის ოქტომბერში კუდ-ის სპეცოპერაციის დროს დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. აი, ასეთი კადრებით არის სავსე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი _ გაუნათლებლებით, კრიმინალებით და სპეცსამსახურების აგენტებით. ამათ არ აწყობთ განათლებულები და გამოცდილები. ამათ ისეთი ხალხი სჭირდებათ, რომლებსაც საკუთარ ჭკუაზე დაატრიალებენ და ხელის ბიჭებად ეყოლებათ.
_ ძალიან ცუდია.
_ გეთანხმებით, რომ ძალიან ცუდია. სასიკეთოდ არ წაადგება არც რაიონს და არც ქვეყანას.
ახლა მოგახსენებთ სულ ახალ ამბავს და თქვენ თვითონ შეაფასეთ: 2015 წლის 28-30 ივლისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამგებლის მეთაურობით შექმნილმა და მისივე კრიმინალებით დაკომპლექტებულმა კომისიამ საატესტაციო გასაუბრება ჩაატარა იმ აპლიკანტებთან, რომლებმაც ტესტირება ვერ გაიარეს. ეს სერიოზული დარღვევაა: აპლიკანტს, რომელმაც ტესტირება, ან ატესტაცია ვერ გაიარა, გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ერთ-ერთი აპლიკანტის გასაუბრებისას გამგებელმა თავისი შვილი მოიყვანა და აპლიკანტისადმი კითხვები დაასმევინა, ვითომ მისი შვილი იურისტია და კითხვების დასმის უფლება აქვს. საერთოდ, რა უფლებით უსვამდა შეკითხვებს ეს ახალგაზრდა, ან ის აპლიკანტი რატომ პასუხობდა მის შეკითხვებს, არ მესმის?! ეს გამგეობაა თუ რა არის?! ვისაც უნდა, დაესწრება, ვისაც უნდა, დანიშნავენ და არც განათლებას აქცევენ ყურადღებას, არც გამოცდილებას და არც სახელმწიფო ენის ცოდნას. მთავარია, ამათი მხარდამჭერი, ან ახლობელი იყო. სია, ვინც გასაუბრება გაიარა, ეგზავნება მამა-მარჩენალ ენზელ მკოიანს. ის წყვეტს, ვინ იმუშავებს და ვინ _ არა. აი, ასე იღებენ ნინოწმინდაში სამსახურში. რომელ ტესტირებაზე ან გასაუბრებაზეა საუბარი?! აქ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს. ამათ განუკითხაობას საზღვარი არ აქვს. თქვენი გაზეთის _ „ქრონიკა+“-ის მეშვეობით, პირდაპირ მივმართავ შს მინისტრ ბატონ გიორგი მღებრიშვილს, მთავარ პროკურორ ბატონ გიორგი ბადაშვილს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომ ეს ნაძირალები მათი სახელით ათავისუფლებენ და აშინებენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. ასევე ბატონ ვახტანგ გომელაურს ვთხოვ, რომ დაინტერესდეს ახალქალაქი-ნინოწმინდის კონტრდაზვერვის სამსახურის მუშაობით და პირად კონტროლზე აიყვანოს ნინოწმინდაში არსებული უკანონობა და განუკითხაობა.
„ქრონიკა+" დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ნინოწმინდის გამგებელთან დაკავშირებას, მან არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც პირად ტელეფონზე გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებას.
დავით დევიძე