QronikaPlus
ბაღდათის ბიუჯეტი და ავანსად გაცემული ნახევარი მილიონი?!

ბაღდათის ბიუჯეტი და ავანსად გაცემული ნახევარი მილიონი?!

2015-08-20 05:55:10

  დედაქალაქის გარდა რაიონებშიც რომ სოციალური სიდუხჭირეა, ამას დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. მწარე რეალობის ჩვენება ხშირად თავისუფალ მედიას ბრალდება, თითქოს ხალხს სულ სხვა, დალხინებულ ყოფაში უწევდეს ცხოვრება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წელი გადის და ამ პატარა ქვეყნის ვერც ერთმა მთავრობამ მოსახლეობისთვის ელემენტარული სოციალური გარანტიების შექმნა ვერ მოახერხა. არჩევნებზე ბევრი დაპირება გაიცემა, სამი წლის თავზე კი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯილი გაქცევა სურს, რომ როგორმე საკუთარი თავი, ოჯახი გადაარჩინოს. რას აკეთებენ ამ დროს ჩინოვნიკები მდგომარეობის შესამსუბუქებლად? ბაღდათის რაიონში მიმდინარე საყურადღებო პროცესებზე „ქრონიკა+“ ა/ო მონიტორინგის ცენტრ `მედიატორის~ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გივი კუბლაშვილს ესაუბრება:   _ მას შემდეგ, რაც ირაკლი გეგეშიძე გამგებლად დაინიშნა, ბაღდათის რაიონში დიდი პრობლემებია. ეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხდა. საუბარია როგორც თანხების გაფლანგვაზე, არამიზნობრივ ხარჯებზე, მითვისებაზე, ასევე გამგებლის უსაქმურობასა და რაიონში არყოფნაზე. როგორც თავად ბაღდათის მცხოვრებლები ამბობენ, გამგებელი, ძირითადად, თავის სამუშაო ადგილზე არ იმყოფება. _ აბა, სად არის ხოლმე? _ თბილისში, რასაც ადასტურებს მის მანქანაზე (რომელიც რაიონის გამგეობის ბალანსზეა) „სითი პარკის“ მიერ დარიცხული არაერთი ჯარიმა თავისი საურავებით და ა. შ. დაჯარიმების მისამართი, თუ არ ვცდები, მოსიძის 22 ნომერია, სადაც ბატონი გამგებელი ცხოვრობს. მინდა მოგიყვეთ 2014 წელს წარმოშობილი დავის თაობაზე: ბაღდათის მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, მევლუდ კიკნაველიძე, შპს „ტერექსი 21“-ს ედავებოდა, რომელსაც რაიონში გზის მოასფალტების სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ამ კომპანიის სახელზე ავანსის სახით ნახევარი მილიონი ლარი გადაირიცხა 2014 წლის დასაწყისში. სამწუხაროდ, ამ კომპანიამ დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, რის გამოც საკრებულომ და გამგეობამ მას სასამართლოში უჩივლა. რასაკვირველია, მათ თანხა უნდა დაებრუნებინათ. კომპანიამ საგარანტიო წერილი სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფისგან“ მიიტანა, რომლის ერთ-ერთი მოწილეც იმ პერიოდისთვის არმაზ თავაძე იყო. რასაკვირველია, სასამართლო დავაში ტექნიკურად ეს კომპანიაც ჩაერთო. საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა. მოსამართლე ციცინო მოსიძე თავადაც ბაღდათში ცხოვრობს და მევლუდ კიკნაველიძის მეზობელია. მოკლედ, ამ მოსამართლემ შემდეგი სახის განაჩენი გამოიტანა: „არდი ჯგუფს“ იმ პერიოდისთვის არანაირი თანხა არ უნდა გადაეხადა, შპს „ტერექსი 21“-ისთვის დრო მიეცა, რომ სამუშაოები კვლავ ეწარმოებინა და როგორც მოახერხებდა, საქმე ისე დაესრულებინა. _ ამაზე მოსარჩელეს რა რეაქცია ჰქონდა? _ ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება მევლუდ კიკნაველიძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თავის მხრივ, სააპელაციომ დასკვნა გამოიტანა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილება მცდარია; რომ „არდი ჯგუფმა“ აღნიშნული თანხა (ავანსად გაცემული ნახევარი მილიონი) უნდა დაფაროს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, „არდი ჯგუფი“ უკვე ამ თანხის ეტაპობრივ დაფარვას ითხოვდა. რა თქმა უნდა, ამაზეც დიდი გამიშვი-გამატარე ატყდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მევლუდ კიკნაველიძესთან მივიდნენ ტარიელ ბაკურაძე „მრეწველებიდან“, ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ვაჟი. ისინი მევლუდს ეუბნებოდნენ, რომ შეშვებოდა აღნიშნულ კამპანიას, „არდისთვის“ და „ტერექსი 21“-ისთვის თავი დაენებებინა, _ რა გაგიხდა ეს ერთი ტენდერიო? რაზედაც მაშინ მევლუდისგან სასტიკი უარი მიიღეს. ამ შემთხვევაში საქმეში უკვე მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები იკვეთება, რომ კომპანიას ეს თანხა არ დაებრუნებინა. საკუთარი ნებით ნახევარი მილიონის უკან დაბრუნება, რასაკვირველია, არც ერთი კომპანიის ინტერესებში არ შევიდოდა. ვიმეორებ: მანამდე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ კომპანიას არ უნდა დაეფარა ეს თანხა. საგულისხმოა, რომ უკვე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოსამართლე ციცინო მოსიძის მეუღლე, ემზარ ჭრელაშვილი, სოფელ ზემო დიმის რწმუნებულად ინიშნება. აქედან გამომდინარე, მევლუდ კიკნაველიძე, როგორც თავად ამბობს, გარკვეულ წრეში მოექცა, სადაც ლამის პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა „ქართული ოცნების“ რიგებში. ამ ეტაპზე ის თანამდებობაზე აღარაა და სახლში ზის. ამას გარდა, იკვეთება შემდეგი ამბავი: „ტერექსი 21“-ისა და სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“ მაშინდელი მოწილის, არმაზ თავაძის ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის შპს „ვესტ კონსტრაქშენთან“. ამ დროს არმაზ თავაძეს 80%-იანი წილი აქვს „ვესტ კონსტრაქშენში“, ხოლო „ტერექსი 21“-ს _ 20%-იანი. 2014 წელს, სასამართლო დავის მიმდინარეობისას, ეს ინტერესები უკვე ემთხვევა ერთმანეთს. ამავე წელს შპს „ვესტ კონსტრაქშენის“ დირექტორი, გიორგი ჯინჭარაძე დააკავეს. საქმე პროკურატურაშიც შევიდა და გამოძიებაც დაიწყო. ამის შემდეგ პარტნიორი შპს „ტერექსი 21“ სახელს იცვლის და შპს „ჯავა გრუპი“ ხდება. მისი დირექტორი ვინმე დავით გოგოლაშვილია. ეს გოგოლაშვილიც ამბროლაურის მცხოვრებია და ამ დროს „ტერექსი 21“-შიც რაღაცას საქმიანობდა. ასე ვთქვათ, იქიდან გაადირექტორეს. _ რატომ აკავშირებთ ამბროლაურს, „ტერექსი 21“-სა და შემდგომში „ჯავა გრუპს“ ერთმანეთთან? _ ზუსტად აქ იკვეთება კომპანიებსა და თანამდებობის პირებს შორის ურთიერთობა. ამბროლაურის გამგებლის მოადგილე ფარნაოზ ბაკურაძემ 2010 წელს „ტერექსი 21“-ის ამონაწერი მოითხოვა. რასაკვირველია, დაინტერესება ჰქონდა. ტყუილად სხვის ამონაწერს ვინ და რატომ გამოითხოვს? ასევე ტარიელ ბაკურაძე „მრეწველებიდან“  ამბროლაურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ვინც სწორედ მევლუდ კიკნაველიძესთან მივიდა, რომ „ტერექსი 21“-ისთვის და „არდი ჯგუფისთვის“ თავი დაენებებინა. აქ უკვე ინტერესების ღიად გადაკვეთაა. მიუხედავად ამისა, მევლუდ კიკნაველიძემ მოითხოვა, რომ მთელი „ტერექსი 21“-ის ქონება დაეყადაღებინათ. სააპელაციო სასამართლომ მართლაც დააყადაღა ქონება. ეს იყო თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული ფართი, ქობულეთში, ბათუმსა და ა.შ., ანუ თუკი საქართველოში რამე ქონება ჰქონდათ ნახევარი მილიონის ოდენობით, დააყადაღეს. მაგრამ უკვე ირაკლი გეგეშიძის გამგებლობის პირობებში „არდი ჯგუფი“ და გამგეობა ერთმანეთს გაურიგდა. გამგებელმა თანხმობა მისცა „არდი ჯგუფს“, რომ ეტაპობრივად გადაიხდიდა, მაგრამ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღემდე ერთი თეთრიც არ გადაუხდია ბიუჯეტში „არდი ჯგუფს“. ნახევარი მილიონი რეალურად დაკარგულია, ჩარიცხულია ვიღაცის ანგარიშზე, სამუშაო არ შესრულებულა და არც თანხა ბრუნდება ბიუჯეტში. _ ვალდებულების აღებიდან რა დრო გავიდა? _ მალე ორი წელი გახდება, 2014 წელს დაიწყო ეს დავა. ვალდებულების აღების მომენტიდან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ ჩარიცხულა. ამ საქმიანობის გარდა არის დარღვევები, რის გამოც ბაღდათის გამგეობაში ორმა თანამშრომელმა განცხადება დაწერა, რომ აღნიშნულ დოკუმენტებზე გამგებელს ხელს ვერ მოუწერდნენ. ასე დატოვეს თანამდებობა. სამსახურიდან წამოსვლა ერჩივნათ, ვიდრე უკანონო დოკუმენტებზე ხელის მოწერა. თვითონ ირაკლი გეგეშიძის დეკლარაცია რომ ნახოთ, იგი საკმაოდ დიდი ქონების პატრონია. მგონი, მას ნაკლებად უნდა აინტერესებდეს ქალაქის ბედი. თავისი ბიზნესი „ბაღდათი 1882“-ში ჰქონდა და დღემდე აქვს წილი დარჩენილი; ასევე სხვადასხვა სახის ბიზნესი და საკმარისად დიდი თანხა როგორც სადეპოზიტო, ასევე მიმდინარე ანგარიშებზე საქართველოში, რუსეთსა და ამერიკაშიც. მოკლედ, ობობას ქსელი სწორედ ის კავშირებია, რომლითაც თანამდებობის პირები კომპანიებთან ურთიერთობენ. ძალიან დიდი აქტიურობაა ბაღდათის რაიონში, როგორც ამბროლაურის რაიონის დეპუტატისა და გამგებლის მოადგილის, ასეე პარლამენტის დეპუტატის შვილის მხრიდანაც. რაიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დეპუტატ ლექსო თამაზაშვილისაც ხშირად უწევს გამგებელ ირაკლი გეგეშიძესთან არაპირდაპირი კონტაქტი. მედიაშიც დაიწერა და ბაღდათშიც საუბრობენ, რომ ლექსო თამაზაშვილს „ტერექსი 21“-ის მიმართ ინტერესები ჰქონდა. ამ ფონზე მევლუდ კიკნაველიძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, მაგრამ პროკურატურაში, თურმე, ამბობენ, _ რა ვქნათ, ზემოდან არავინ გვეუბნება, ამას არავინ გვავალებსო. საჩივრები მას შემდეგ შეიტანა, რაც ირაკლი გეგეშიძე და „არდი ჯგუფი“ ეტაპობრივ გადახდაზე გარიგდნენ, მაგრამ დღემდე არც ერთი თეთრი არ გადაუხდიათ. საქმე თაროზეა შემოდებული და კაციშვილი ხელს არ ჰკიდებს. რასაკვირველია, ეს დარღვევაა, ასევე ისიც, რომ ქალაქის ბიუჯეტი ამდენი ხნის განმავლობაში გაურკვეველ მდგომარეობაშია. გამგეობას ეს თანხა ელემენტარულად ბანკში დადებული რომ ჰქონოდა, წლიურ 14%-ს მიიღებდა. მოგეხსენებათ, „ლიბერთი ბანკი“ კორპორაციული ბანკია, მის კლიენტებზე მაღალი პროცენტი ირიცხება და რაიონის ბიუჯეტი მოგებას ნახავდა. ახლა კი დანაკარგი ნახა ამ თანამდებობის პირებისა და კომპანიების გამო. ასეთ დარღვევას პროკურატურამ აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს. სხვა შემთხვევაში, გამოიკვეთება, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს. ამ საქმისთვის გამორიცხულია, ირაკლი გეგეშიძეს რამე თანხა არ მიეღო. მაშინ რატომ დასთანხმდებოდა რომელიღაც კომპანიასთან გარიგებას? მასთან თანამდებობის პირები ჩავიდნენ. როგორც მევლუდ კიკნაველიძესთან დადიოდნენ, ასევე ირაკლი გეგეშიძესთანაც მივიდოდნენ. მევლუდს უთხრეს, უბრალოდ შეეშვიო და თანამდებობას დაჰპირდნენ. რახან მევლუდი არ დასთანხმდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, იგი სრულიად მოიცილეს. დღეს გამგებელი ირაკლი გეგეშიძეა, რომელზედაც მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ არაერთი დოკუმენტი ამოიღო როგორც ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაზე, ასევე თანამშრომლების უკანონოდ განთავისუფლებაზე. არც ერთ განცხადებაზე რეაგირება არ მოჰყოლია არც თვითმმართველობაში, არც პროკურატურაში და არავისგან. ვხედავთ, რომ ნებისმიერი თვითმმართველი ორგანო თანხებს უყაირათოდ ხარჯავს. არის „ატკატების“ ფაქტებიც, გარიგების სერიოზული შემთხვევები. სწორედ ეს კორუფცია ქმნის სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს ქვეყანაში. ლარი ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაშია, კურსის ვარდნის პროცესი ამ წუთშიც გრძელდება და მოქალაქეებზე ზრუნვის მაგივრად, რაიონების, ქალაქების მერები, გამგებლები, თუ სხვა თანამდებობის პირები რეალურად საქმეს არ აკეთებენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში კეთდება რამე, თუ ვიღაცის პირადი დაინტერესება გამოიკვეთა. _ თავის დროზე, მევლუდ კიკნაველიძე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო? _ „ქართული ოცნების“, სხვებთან შეხება არ ჰქონია. „ნაციონალებს“ თავიდანვე ედავებოდა. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მრავალ საკრებულოში ძალების ცვლილება მოხდა და მაშინ მევლუდი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. _ რას მოითხოვს დღეს „მედიატორი“? _ პროკურატურამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს და ბოლომდე მიიყვანოს. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე მევლუდ კიკნაველიძემაც შეიტანა საბუთები პროკურატურაში და ჩვენც ვუერთდებით მის მოთხოვნას, რადგან საქმე წინ არ მიდის. გაიშიფროს ეს ქსელი თუ ჯაჭვი და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად ზღოს. ნახევარი მილიონი ხომ არ არის 5 და თუნდაც 500 ლარი? ქალაქში ელემენტარული სოციალური პროექტები რომ შესრულდეს, დამერწმუნეთ, მთელი რაიონი დიდ დახმარებას მიიღებს ამ ნახევარი მილიონით. ამის მითვისება სერიოზული დანაშულია, რომელსაც რეაგირება სჭირდება. _ გაქვთ თუ არა ადეკვატური რეაგირებს იმედი? _ სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში დიდ გარღვევას არ ველოდებით. ყველას თავისი საცეცები აქვს წაგრძელებული საკუთარი გამგებლების, მოადგილეების, საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების სახით. ყველა ცდილობს, კომპანიებთან გარიგებებით სერიოზული შემოსავლები მიიღოს. ამასობაში ეს ბიუჯეტი მეწველი ძროხა გახდა. „თეთრი ბაირაღები“ მახსენდება, ლიმონა დევდარიანი რომ ამბობს, _ ძაღლისშვილი ვიყო, თუ ამათ ხელში ბიუჯეტი არ მეცოდებოდესო. _ ამ ფონზე ბაღდათში საციალური მდგომარეობა როგორია? _ დალხენილად ნამდვილად არ ცხოვრობენ. სამუშაოების შესრულების მხრივაც, მოქალაქეებს რომ ჰკითხოთ, ნებისმიერი სამუშაო ჯერ გამგებელს უნდა შეუთანხმო, მერე _ საკრებულოს თავმჯდომარეს და ა. შ. თუ რატომ საკრებულოს თავმჯდომარეს, ამასაც გეტყვით: ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარეს სამშენებლო ნაწარმის თავისი მაღაზია ჰქონია და თუკი ვინმე რამეს აშენებს, მის მაღაზიაში უნდა შეიძინოს ყველაფერი. სირცხვილია ეს, ბატონებო! ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რაც შეეხება, ნებისმიერ ბაღდათელს რომ დაელაპარაკოთ, გეტყვის, რომ ამისთანა უძრაობა არასოდეს უნახავს. გზაც ჯერ კიდევ არ გაკეთებულა _ დავა იმ ავანსად გადახდილ თანხაზე მიდის, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო და რაც არ მომხდარა. „ტერექსი 21“-თან დაკავშირებით საინტერესოა: 2011 წელს ეს შპს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი იყო. მან 10 ათასი ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ _ ეს კომპანია ყველა მთავრობასთან ახერხებს ურთიერთობას. ამ ეტაპზე „ატკატები“ ყველას ინტერესებში შედის. მფარველობისთვის კი ამ ნახევარი მილიონიდან, ალბათ, ყველას რაღაცას ჩაურიცხავდნენ.   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის ბაღდათის გამგებელ ირაკლი გეგეშიძესაც დაუკავშირდა: - არასწორი ინფორმაციები გაქვთ მიღებული და ეს პროცესი თავიდან ბოლომდე რომ მოგიყვეთ, ამას მინიმუმ ნახევარი საათი დასჭირდება. სახელმწიფო ბიუჯეტში რას იხდიან ეს კომპანიები, არ მაინტერესებს, მათ ჰქონდათ ჩვენი, თვითმმართველობის ვალი და ეს თანხა სრულად გადაიხადეს. სასამართლო პროცესიც კომპანიებს ჩვენ მოვუგეთ და არა მევლუდ კიკნაველიძემ. კიკნაველიძემ თავიდან წააგო პროცესი და ჩვენ მერე შევაბრუნეთ და მოვიგეთ ეს საქმე. ეს თანხები „არდი ჯგუფმა“, სწორედ ბაღდათს გადაუხადა. თუ დაინტერესდებით, ინფორმაციას დაწვრილებით გადმოგიგზავნით, საასამართლო და იმ ოფიციალურ დოკუმენტაციასაც - ხელშეკრულებებს, გადმორიცხვის ქვითრებს და სხვ. დაინახავთ, რომ ფული გადმორიცხულია და თვითმმართველობის ანგარიშზე შემოსული. - ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ თავის დროზე ავანსად გაცემული ნახევარი მილიონი ბაღდათის ბიუჯეტში სრულად დაბრუნებულია? ეს როდის მოხდა? - დიახ, თვითმმართველობის ანგარიშზე დაბრუნებულია. გადმორიცხვის ზუსტ რიცხვს ახლა სატელეფონო კომენტარისას ვერ გეტყვით, მაგრამ ვიმეორებ, მობრძანდით ან მოგვმართეთ გამგეობაში და მოგაწვდით გადაწყვეტილებებს, ხელშეკრულებებს, გადმორიცხვებს... თუ საჭიროდ ჩათვლით, ჩვენი სამსახური მოგაწვდით სათანადო დამადასტურებელ დოკუმენტებს. - რაც შეეხება იმ გზას, რისთვისაც ეს თანხა იყო თავის დროზე გამოყოფილი? - ის თანხა ერთი გზისთვის გამოყოფილი არ ყოფილა. მაშინ, სამი წლის წინ გაფორმებული კონტრაქტიდან აბსოლუტურად ყველა სამუშაო შესრულდა - ბაღდათში 18 ქუჩა უნდა გაკეთებულიყო და გაკეთდა. ერთადერთი მონაკვეთი იყო დარჩენილი, რომლის გაკეთება დაწყებული ჰქონდათ, მერე დაასრულეს და სასამართლომ შესრულებულ სამუშაოში ჩაუთვალა. მას შემდეგ, რაც ძველმა კომპანიამ წააგო, ახალი ტენდერი გამოვაცხადეთ და და ყველა სამუშაო, რომელიც მათ მიერ შესრულებული უნდა ყოფილიყო, სხვა კომპანიების მიერ 100%-ით შესრულდა. - აცხადებენ, რომ ბაღდათში სამუშაო ადგილზე ნაკლებად იმყოფებით... - ჩაატარეთ კვლევა-გამოკითხვა და თუ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება, მერე ამაზე ბოდიში მოიხადონ.  

                                                                                                              გელა მამულაშვილი

   

გაზიარება