ივლისში საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის 2014 წლის ანგარიში მოისმინეს. დეპუტატებს ბოლო ერთწლიანი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია ესაუბრა. გოგელიამ კანონმდებლებს ბორდის არჩევის შემდეგ შემუშავებული სტრატეგია და იმ კვლევის შედეგები გააცნო, რომლის საფუძველზეც მაუწყებლის პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, იქმნება ბადის ახალი სტრუქტურა, ოქტომბრიდან კი მაყურებელი რამდენიმე ახალ გადაცემასა და ტოქშოუს ნახავს.
მაუწყებლის ბაზაზე ინტერნეტარხის ჩამოყალიბებაც იგეგმება.
გრიგოლ გოგელიას მიერ წარდგენილი ანგარიშის ირგვლივ, პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან თუ ოპოზიციიდან, ძირითადად, კრიტიკით შემოიფარგლნენ. დეპუტატების მხრიდან გოგელიას მისამართით დასმული კითხვები 2014 წლის ანგარიშში არსებულ ბუნდოვან მხარეებს ეხებოდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს სხდომის დამთავრების შემდეგაც უპასუხო დარჩა.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2014 წლის ანგარიშის მოკლე მიმოხილვას:
2013 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის შედეგად, სამეურვეო საბჭოს გაეზარდა უფლებები და მოვალეობები. იქამდე უფლებამოსილება ვრცელდებოდა: დირექტორის მოხსნა-არჩევაზე, ბიუჯეტის დამტკიცებასა ორგანიზაციის წესდებაში (სტრუქტურა) ცვლილებებზე დირექტორის წარდგინებით, პროგრამული პრიორიტეტების მიღებაზე, აუდიტის შერჩევაზე. ახალი რედაქციით, საბჭოს შეუძლია ბიუჯეტისა და წესდების (სტრუქტურა) მიღება დირექტორის წარდგინების გარეშეც (კვალიფიციური უმრავლესობით). ასევე საბჭო ადგენს შრომითი ხელშკრულებების ტიპურ ფორმებს და დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს (ან არ ამტკიცებს) საშტატო განრიგს. საბჭოს ძველმა შემადგენლობამ, ცვლილებების შესაბამისად, ერთ თვეში მიიღო შრომითი ხელშეკრულებების ძირითადი ფორმები და დირექტორს კანონის საფუძველზე მოსთხოვა, წარმოედგინა ბიუჯეტი, საშტატო განრიგი და სტრუქტურა. ამ მოთხოვნების 2 თვის განმავლობაში სისტემატურად გამეორებამ და მისი მხრიდან შეუსრულებლობამ გამოიწვია დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება.
2013 წლის სექტემბერში, ერთი მხრივ, საბჭოს წევრებზე ზეწოლამ მუქარის სახით, რომლის შედეგადაც საბჭოდან გავიდა ორი წევრი და მეორე მხრივ, საკანონმდებლო „ცვლილებებით“, ხელისუფლებამ შექმნა ხელოვნური კრიზისი _ საბჭო არითმეტიკულად ქმედითუუნარო გახადა, რითაც ორგანიზაციაში ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ჩააგდო. 2013 წლის ნოემბერში ევროსაბჭოში საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ვიზიტისას, საზმაუს საკითხის განხილვისა თუ თბილისში დუნია მიატოვიჩის ჩამოსვლისა და გაფრთხილების მიუხედავად, კიდევ მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ისედაც ქმედუუნაროდ დარჩენილ საბჭოს წევრებს ვადამდე ადრე უწყვეტდა უფლებამოსილებას. ამ პროცესში ელისო ჩაფიძემ, ალექსანდრე ქანთარიამ და ნინო გოგუაძემ ტყუილი თქვეს. ისინი ჯიუტად იმეორებდნენ დუნია მიატოვიჩის მაია ფანჯიკიძისადმი ვითომ არარსებული წერილის `პოსტულატებს~, რომ საბჭოს წევრების ასეთი „როტაცია“ ევროსაბჭოსთან იყო შთანხმებული. ეს ტყუილი მაშინ მიატოვიჩმაც გააქარწყლა. მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საბჭოს თავიდან დაკომპლექტების პროცესი დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობა“ საკითხის გამწვავებას მოერიდა. ახალი რედაქციით, „ნაციონალების“ ეგიდით, 9-კაციან საბჭოში 3 წევრი უნდა შესულიყო, რომლის უფლებამოსილება 7-ის არჩევისთანავე იწყებოდა. შესაბამისად, „ნაცმოძრაობას“ შეეძლო, არ წარედგინა კანდიდატები და პროცესი ჩაეგდო. ამის მიუხედავად, „ნაცმოძრაობამ“ კანდიდატები წარადგინა, მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია ერთი, ხოლო ორი კანდიდატი დაბლოკა. ახალმა საბჭომ მუშაობა დაიწყო 7 კაცით, აქედან მხოლოდ ერთი წევრი გახლდათ ოპოზიციიდან. საბჭოს ძველმა შემადგენლობამ საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც დაადგინა, რომ მეურვეებისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა არღვევდა კონსტიტუციას და პარლამენტი დაავალდებულა, ხარვეზი აღმოეფხვრა. პარლამენტმა ხარვეზი „აღმოხვრა“ მორიგი ცვლილების მიღებით, რომლითაც საბჭოს ძველი წევრები სრულიად უუფლებო „მონიტორინგის საბჭოში“ შეიყვანა.
სამეურვეო საბჭოს 2014 წლის ანგარიშის პირველივე გვერდზე საუბარია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების კვლევებზე, რომელთა შეფასებით, თურმე, 2014 წელს, საზოგადოებრივ მაუწყებელში მოშლილი იყო ორგანიზაციის ჯანსაღად ფუნქციობის (და არა ფუნქციონირების) ყველა პირობა. ამავდროულად, არც დოკუმენტის ავტორები და არც საიტი gpb.ge არ გვაძლევენ ინფორმაციას ამ კვლევებისა თუ გამოკითხვების შესახებ. შესაბამისად, უცნობია ვისთან, როდის და რა ფორმით განხორციელდა კვლევა. ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ 2014-ში მაუწყებელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბიუჯეტი. არსად არ არის მინიშნებული, რატომ და ვისი მიზეზით მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის ჩავარდნა? როგორც ანგარიშიდან ირკვევა, სამეურვეო საბჭოს მაუწყებლის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების საკითხი დირექციას ახალი სტრუქტურის პროექტის წარდგენამდე გადაუდევს. ე. ი., შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ორი წლის თავზე ეს საკითხი ისევ ღიაა, მაშინ როდესაც საბჭოს კანონი ანიჭებს უფლებას _ ეს საკითხი დირექტორის გარეშეც გადაჭრას. ამით კანონმდებელი ხაზს უსვამს საკითხის აქტუალობასა და დროულობას. შესაბამისად, სახეზე გვაქვს კანონის მოთხოვნების შესრულების ხელოვნური, გეგმაზომიერი არშესრულება, ან ამ მოთხოვნის შესრულების უნარის უქონლობა.
ანგარიშში საუბარია მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე _ მოსახლეობის მაუწყებლისადმი დამოკიდებულების დადგენის მიზნით. არც თანმხლებ დოკუმენტებში და არც ოფიციალურ საიტზე ამ კვლევის აღწერა და შედეგები არ იძებნება, ასევე გაურკვეველია მეთოდოლოგია. ერთადერთი ინფორმაცია, რომელსაც ვგებულობთ, ის არის, რომ კვლევა „ეი-სი-თიმ“ განახორციელა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ მაუწყებლის გარდაქმნის სტრატეგიის შექმნა, რომელიც 2014 წლის 6 ივნისს საბჭოს სხდომაზე დაანონსდა და რომელიც ამ წლის დასაწყისამდე უნდა შექმნილიყო, მაუწყებლის თანამშრომლებთან ერთად ჩართული ყოფილან ადგილობრივი ექსპერტები (გვარები არ სახელდება) და ასევე მოწვეული სპეციალისტი (ასევე ინკოგნიტო) ევროპის მაუწყებელთა ასოციაციიდან. გაუგებარია, გარდაქმნის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობის აუცილებლობა, ვინაიდან 2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წამყვანმა ექსპერტებმა: ბორის ბერგანტმა (სლოვაკეთი), კოორდინატორმა და ანალიტიკოსმა მარია-რიტა კავონენიმ (ფინეთი), ფინანსურმა ექსპერტმა ბერნარდ ბროიეტიმ (საფრანგეთი), კადრების ექსპერტმა მაარტენს ვერვესტიმ (ბელგია) და ტექნიკურმა ქსპერტებმა შექმნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგია 2011-2015, რომლის პრეზენტაცია 2011 წლის ნოემბერში მოეწყო. ამავე დოკუმენტის შექმნასა და SWOT ანალიზში მონაწილეობდნენ საქართველოში მოღვაწე ყველაზე თვალსაჩინო მედიაექსპერტები და მედიის მუშაკები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერები. გაუგებარია, რა ახალ დოკუმენტზეა საუბარი და როდის იხილავს მის პროექტს საზოგადოება? ანგარიშის მესამე გვერდზე, სწორედ, ზემოთ ხსენებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, მოცემულია შეფასება, თითქოს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ექსპერტებმა 2011 წელს მაუწყებელში დააფიქსირეს დრამატული მდგომარეობა, სადაც ჯანსაღად ფუნქციობის ყველა პირობა ყოფილა მოშლილი, თუმცა ავტორი კვლავაც თავს იკავებს დოკუმენტის მითითებისგან. სავარაუდოდ, შეგნებულად, ვინაიდან 2011 წელს, ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან, მაუწყებლის მიერ მოწვეულ ექსპერტებს მსგავსი რამ არც დაუწერიათ და არც უთქვამთ.
სამეურვეო საბჭომ 2013 წლის ანგარიშში მითითებული რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხის იგნორირება მოახდინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ზემოთ ხსენებული დარღვევების გარდა, 2013 წელს, კანონის დარღვევით, გენერალურმა დირექტორმა თვითნებურად, საბჭოსთან შეუთანხმებლად განახორციელა ცვლილება ორგანიზაციის ბიუჯეტში და სახელფასო ფონდი 10-დან თითქმის 15 მლნ ლარამდე გაზარდა. თვალსაჩინოა, რომ გენერალური დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ამ დარღვევებზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს შარშანაც დაუსვა კითხვა დეპუტატმა ანი მიროტაძემ. პასუხი იყო, რომ თავმჯდომარე გაერკვეოდა საქმის ვითარებაში და პარლამენტარს აცნობებდა მოკვლევის შედეგებს. იქვე საუბარია მსგავსი ტიპის დარღვევაზე. კერძოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დამატებით სახსრები გამოიყო მაშინ, როდესაც ამ ოპერაციაზე (როგორც ორგანიზაციის ბიუჯეტის ცვლილებაზე) სამეურვეო საბჭოს თანხმობა არ არსებობდა. ამ შემთხვევაში სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა არა მხოლოდ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, არამედ მთავრობამაც, ფინანსთა სამინისტროს სახით, ვინაიდან საბიუჯეტო თანხები გაიცა უკანონოდ, შესაბამისი დოკუმენტაციისა და თანხმობის გვერდის ავლით.
2014 წლის 22 აგვისტოს მონიტორინგის საბჭომ სამეურვეო საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ ბიუჯეტში ჩაერთო ცვილებებისა და ახალი 2015 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცესი. იგივე თხოვნა განმეორდა 2014 წლის 23 ოქტომბრის ოქმითაც. როგორც სამეურვეო საბჭოს შემდგომი სხდომების დღის წესრიგი და მონიტორინგის საბჭოს 19.12.2104 წლის სხდომის ოქმი მეტყველებს, სამეურვეო საბჭომ იგნორირება გაუკეთა მონიტორინგის საბჭოს კანონიერ მოთხოვნას. ასევე ორ საბჭოს შორის ვერ შედგა ვერანაირი თანამშრომლობა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის საკიხების განხილვის მიმართულებითაც. ამაზე მეტყველებს მონიტორინგის საბჭოს 22.08.2014 წლის სხდომის ოქმი, რომელიც სამეურვეო საბჭოს მოუწოდებს, არ აარიდოს თავი ჟურნალისტების მხრიდან მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევას და მოახდინოს კანონით მის მიერ განსახორციელებლი რეგირება. ასევე 07.11.2014 წლის სხდომის ოქმი, რომლითაც მონიტორინგის საბჭო სამეურვეო საბჭოს სთხოვს, მოახდინოს რეაგირება ჟურნალისტური გამოძიების _ „ძალაუფლების ტყვეობაში“, სტანდარტების დარღვევაზე, რაც ასევე უპასუხოდ დარჩა. იგივე ეხება 15.05.2015 წლის სხდომის ოქმს, რომლითაც მონიტორინგის საბჭო უშედეგოდ მიმართავს რეაგირებისთვის სამეურვეო საბჭოს გადაცემათა ციკლის _ „შეხვედრები მწერალთა სახლში“ დაკავშირებით. არც საბჭოს და არც ძირითად ანგარიშში არ არის მოცემული არც პირდაპირი და არც ირიბი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგების შესახებ. არც ანგარიშში და არც ვებგვერდზე არ ჩანს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის დამოუკიდებელი მედიამონიტორინგების შესახებ, მათ შორის, ეუთოს მისიების საქმიანობის ანგარიშები 2013-2014 წლების არჩევნების შესახებ. ძალიან ზერელედაა მოწოდებული ინფორმაცია საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაზე. გაურკვეველია, ვინ არის სამსახურის უფროსი, ან, საერთოდ, თუ არის.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს დაუკავშირდა:
დავით დარჩიაშვილი _ „ნაციონალური მოძრაობა“:
_ ამ ანგარიშში წარმოდგენილია ის მემკვიდრეობა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, როდესაც წინააღმდეგობაში მოვიდა ის ცვლილებები, რაც განახორციელეს კანონმდებლებმა და რისი საშუალებითაც წინამორბედი სამეურვეო საბჭოს დაშლა დაიწყეს. ამას თან ახლდა ზეწოლები, რომლის შედეგად, ორი წევრი საერთოდ გავიდა, ვერ გაუძლო ამ ვითარებას, პოლიტიკურ კლიმატს, დატოვა სამეურვეო საბჭო, რითაც კრიზისი შეიქმნა. ეუთოს ექსპერტებთან, კერძოდ, ეუთოს ადამიანის უფლებათა დემოკრატიის ოფისის ექსპერტებთან, ასევე ევროპის კავშირის სტანდარტებთან წინააღმდეგობა ის იყო, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების დროზე ადრე გაშვებით აკნინებ ავტონომიას, მაგრამ ამის იგნორირება მოხდა, ეს მაინც გააკეთეს. ერთადერთი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოდან დავალება მიიღეს, პარლამენტმა სცადა, ძველი სამეურვეო საბჭოს წევრებიც ყოფილიყვნენ. თქვეს, რომ ახალი სამეურვეო საბჭოც იქნებაო. რაც შეეხება უშუალოდ ვითარებას, საკმაოდ არაჯანსაღია. მგონია, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ჩვენგან მაინც კრიტიკა ისმის. უნდათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ პოლიტიკურ ინტერესებს აკმაყოფილებდეს. აქედან გამომდინარეობდა მათი ირონიული განცხადებები. რაც შეეხება ჩვენს შენიშვნებს, ისინი ძალიან კონკრეტულია. მაგალითად, მონიტორინგის საბჭო რომ ითხოვდა პრიორიტეტების განსაზღვრაში და ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობას, აღმოჩნდა იგნორირებული. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებდა, რომ არაფრის იგნორირება არ ხდებაო, მაგრამ არსებობს მონიტორინგის საბჭოს წერილები მოთხოვნით და მასზე პასუხები. ორი წელია, ისინი, პრაქტიკულად, ჩამოცილებული არიან რეალურ მართვას. ასევე არის მონიტორინგის საბჭოს მოთხოვნები, რომ კონკრეტული რეაგირება გაეკეთებინა სამეურვეო საბჭოს რიგი ჟურნალისტების მიერ ჟურნალისტური ეთიკის სავარაუდო დარღვევაზე, ასევე წერილებია იმაზე, რომ ზოგიერთი გადაცემა აბსოლუტურად ამოვარდნილია იმ სულისკვეთებიდან, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა პასუხობდეს. მაგალითად, `საუბრები მწერალთა კავშირში~ არის ოპონენტების ლანძღვა-გინება და მეტი არაფერი. ეს რომ იყოს კომერციული თუ კერძო სტრუქტურა, კრიტიკას კრიტიკით უპასუხებ და ა. შ. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ ამით არის დაკავებული, ოპონენტებს ჩირქი მოსცხოს, ეს არანორმალური ვითარებაა. მთელი რიგი სხვა შეკითხვები გვქონდა სამეურვეო საბჭოსთან, რომელსაც გაზრდილი ფუნქციები აქვს. მან არ წარმოადგინა და დაამტკიცა ახალი სტრუქტურა. ე. ი. ორი წელია, სტრუქტურის გარეშე მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე საუბარია ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს სტრატეგია არ ჩანს და თანაც გაუგებარია, რას უწუნებენ იმ სტრატეგიას, რომელიც თუნდაც 2011 წელს შეიქმნა და სადაც მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები? არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზედაც ისმება კითხვები, მაგრამ პასუხები არ ჩანს.
გუგული მაღრაძე _ „ქართული ოცნება“:
_ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა კი არ შევაფასე დადებითად, მე შევაფასე ბორდი, იმისთვის, რომ განსაზღვროს პრიორიტეტები, მოამზადოს საფუძველი, რომ პირველი არხი უკეთესად მუშაობდეს, თორემ თვითონ არხში, ჯერჯერობით, მცდელობები არის, მაგრამ მე ვერ ვხედავ გარდა რამდენიმე გადაცემისა, რომ არხი ისეთი იყოს, როგორიც ჩვენ გვინდა. ხშირად არის ხოლმე, რომ უცებ მივარდებიან და რაღაცებს აკეთებენ, ეს პლუსიც არის, რომ ბორდმა გადაწყვიტა, სერიოზულ საფუძველზე დადგეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ანუ სერიოზულად განსაზღვროს, რა პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს და ა.შ. ეს შევაფასე დადებითად. მე ვთქვი, რომ, მაგალითად, ევროპის საბჭოში ჩვენი ჟურნალისტების მუშაობას ვერ ვხედავთ, ვინც იქ არიან, სათანადოდ არ აშუქებენ. პირველი არხის საქმეა, ინფორმაცია მიაწოდოს, პირველი არხი კონკურენციაში ვერ შევა იმ კერძო ტელევიზიებთან, რომელთაც შეუძლიათ ემოციებზე ნამუშევარი გადაცემები გააკეთონ. პირველ არხს სხვა დანიშნულება აქვს და ის უნდა იყოს ორიენტირებული უფრო საზოგადოების განათლებაზე, ინფორმაციის მიწოდებაზე. შეიძლება კონკურენციით ვიღაცა უფრო სხვა ტელევიზიის გადაცემას უყურებდეს, მაგრამ თანდათანობით პირველმა არხმა უნდა მოიპოვოს ის სახელი, რომელსაც საზოგადოება ენდობა და არა იმიტომ, რომ იქ გულის ამაჩქროლებელი და ემოციების გამომწვევი გადაცემები იქნება.
„ქრონიკა+“ ცდილობდა დაკავშირებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე მის წევრებს, მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლებსა და ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, თუმცა მათგან ნაწილი საზღვარგარეთ იყო და არ ეცალა კომენტარისთვის, ნაწილმა თავი შეიკავა, ან საერთოდ არ უპასუხა ზარებს. რედაქცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა უმრავლესობის იმ დეპუტატების კომენტარების მოპოვებას, რომლებმაც რიგგარეშე სხდომაზე გრიგოლ გოგელიას მისამართით არც თუ კეთილგანწყობილი შეფასებები გააკეთეს, თუმცა „ქრონიკა+“-სთან ამ თემაზე საუბარს, უბრალოდ დუმილი ამჯობინეს.
ამიტომ დღემდე რჩება კითხვები პასუხგაუცემელი - როგორ და სად იხარჯება საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯიბიდან გადახდილი 40 მილიონ ლარზე მეტი? ასრულებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების დაკვეთას, რომელიც, ჯერ კიდევ, სტრატეგიისა და სტრუქტურის გარეშე მუშაობს? რა ნიშნულზეა ქვეყნის პირველი საზოგადოებრივი არხის რეიტინგი და ავტორიტეტი...
თამარ ბატიაშვილი