QronikaPlus
ქოც-მაჟორი

ქოც-მაჟორი

2015-08-19 05:52:20

ქვეყანაში ქოც-მაჟორია. იგი ატარებს როგორც ფორს-მაჟორის, ისე მაჟორის ნიშნებს. მაჟორი აქვს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ნერვებს აწიწკნის „რუსთავი 2“-ის მიერ გაშუქებული რეალობა. არა, რეალობა კი არა, სწორედ ის, რომ ეს რეალობა შუქდება! ნერვებს აგლეჯს განსხვავებული, კრიტიკული აზრი და ცხადია, ჟრიამული აქვთ მათაც, ვინც კი დაბოღმილია ამ არხზე _ მხოლოდ იმიტომ, რომ ან ვერ მოხვდა ამ არხზე სამუშაოდ, ან   ოდესღაც გაუშვეს ამ არხიდან, ან  მის ეთერში ვერ ხვდება იმ სიხშირით, როგორც თავად წარმოუდგენია, რომ უნდა ხვდებოდეს...  ხელებს იფშვნეტენ კონკურენტებიც, გესლს ანთხევენ  უმიზეზოდ, უბრალოდ, უზმოზე დაბოღმილები. მოკლედ,  არის ერთი ქოც-მაჟორი. რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილის მრისხანების პარალელურად. იმ ნაწილის, ვისთვისაც სულ ერთი არაა, არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც დასავლური ღირებულებები. როგორც ფორს-მაჟორი ათავისუფლებს მხარეებს ვალდებულებებისგან, ისე ეს ქოც-მაჟორიც ათავისუფლებს ბევრს ყველანაირი ვალდებულებისგან, კოლეგიალურისგანაც, საყოველტაოდ აღიარებული და დეკლარირებული სტანდარტებისგანაც. ან სად სცალიათ საამისოდ, როცა ლამისაა, გაგანია „რელიგიურმა“ კონფლიქტმა იფეთქოს თვითონ მათ შორის, „რუსთავი 2“-ის დაჩოქების მოსურნეების ერთი ნაწილი  ქიბარ ხალვაშზე დებს ფსონს, მეორე ნაწილი ტატამზე ქიბარას შემდეგ შემოვარდნილ აქიმიძე-დვალზე... და „რელიგიური“ კონფლიქტი რა შუაშია? როგორ, თუ არ არის? ზოგი ბიძინას ერთ იპოსტასს _ ქიბარს აღიარებს, მეორენი _ აქიმიძე-დვალს... და რაღას არ უხმობენ არგუმენტად? თურმე, უნდა აღდგეს სამართლიანობა. და ეს სამართლიანობის აღდგენა რა არის? ცალკე ქიბარის ინტელექტუალური საკუთრება და ცალკე წილები. და მერე არ გაინტერესებთ, რა ყოფილა მისი ინტელქეტის საკუთრება? ლიცენზირებული პროექტები: „ჯეობარი“, „უკანასკნელი გმირი“ და „ფორტ ბოიარდი“. თუ მის თავში მომწიფდა და იშვა ამ პროექტების იდეები, რაღას ყიდულობდნენ? ჰო, კიდევ, თურმე, ლოგოც მისი შექმნილი ყოფილა. ერთ წამს მოდუნდით და წარმოიდგინეთ, როგორ ქმნის ბიზნესმენი ტელევიზიის ლოგოს, სადაც ექსკურსიაზე ნამყოფიც არ იყო, სანამ ოქრუაშვილმა არ ჩაჰკიდა ხელი და არ მიიყვანა. მიიყვანეს და გადაუფორმეს ეროსი კიწმარიშვილის წილები, თანაც ისე, რომ, როგორც ახლა ირკვევა, კაპიკიც არ გადაუხდია. სამაგიეროდ,  სარფიანად გაასხვისა ორჯერ და ახლა, წლების შემდეგ, ისევ მოუნდა. ისე, რა კაი რამე ყოფილა, კაცო, ეს ტელევიზია? გაყიდი, მაყუთს აიღებ,  იგრიალებ, მერე გავა წლები და ისევ მოითხოვ, _ ძალით გამაყიდინესო... ინჩა, უზუმ. ეს ამბავი იცი, როგორაა? ვიღაცას რომ შეაყენებ და ქურთუკს გახდი გაბლატავებული „ბრატის“ ბლატებით, დაიზმანები და გაიტასავ-გამოიტასავებ. მერე იმ შენ გაბლატავებულს რომ ბლატებს აჰყრიან და თვითონ შენ შეგაყენებენ და გაგხდიან, ოღონდ ფულსაც რომ გადაგიხდიან და შაშინებული რომ გამოხვალ და იტყვი, მე თავად მივეციო, რომ გავა ლამის ათი წელი და განყოფილებაში გავარდები, არიქა შემაყენეს, გამხადესო. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „კურტკა“ არ ცვდება და... და ის, რომ ეს ყველაფერი იმ კაცს უნდა თავისთვის, ვისაც მოსვლის დღიდან ყელზე ადგას „რუსთავი 2“. არა, ცხადია, არხი არ უნდა, არხი რომ სდომოდა, თავისას არ დახურავდა, მას ამ არხის არარსებობა უნდა... თავის ტკივილის გაჩერება უნდა და „კეტანოვად“ იყენებს ქიბარასაც და აქიმიძე-დვალსაც. აბა, თუ ამ წმინდა სამაიას ერთი დირიჟორი არ ჰყავთ, რამ შეახმატკბილა ისინი? წესით, აქიმიძე-დვალი სწორედ ქიბარ ხალვაშს უნდა ედავებოდნენ, სწორედ ის დაეპატრონა მათ წილებს და 2012 წელს რომ ჩვენება მისცეს პროკურატურას, იქ სწორედ იმას აღწერდნენ, როგორ დაახვედრეს ქიბარ ხალვაში ნოტარიუსთან. ბერძნულ მითოლოგიაში უფრო იოლად გაერკვევი, ვიდრე ამ ხლართში და მათ მიერ აზელილ ტყუილ-მართალში, ეროსიმ გადაიფორმა მათგან წილი, მისცა კომპენსაცია, თუ თავად პირდაპირ მათგან _ აქიმიძე-დვალისგან გადაიფორმა ხალვაშმა. ან რა მნიშვნელობა აქვს? დღეს მხარდამხარ იბრძვიან მოქმედი ტელეკომპანიის ჩასაძირად. ისე, ფრიად საინტერესოა, აქიმიძე-დვალი პროკურატურას იმას თუ უყვებოდნენ ან უყვებიან, თავად როგორ უკაპიკოდ მოტეხეს სულ თავიდან ფიქრია ჩიხრაძე და მისი მეგობრები _ თედო ისაკაძე და ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი? მაგრამ დღეს რაღა უნდა გამიკვირდეს, როცა მათით ჩემი გაკვირვება სრულწლოვანია _ 18 წელიწადზე მეტია გასული იმ დღიდან, როცა ჯარჯი აქიმიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, _ ფიქრია ჩიხრაძეს არ ვიცნობო. არადა, სწორედ აქიმიძემ დააკავშირა ეროსი კიწმარიშვილი ფიქრია ჩიხრაძეს. თავად ეროსი კიწმარიშვილი იხსენებს ამას თავის მემუარებში, როგორ სთხოვა აქიმიძემ დახმარება თავის მეგობარს _ შევარდნაძესთან დაახლოებულ ფიქრიას, როცა მამალაძემ ჯერ კიდევ იქ, რუსთავში სიხშირე წაართვა და არხი დაუხურა, როგორ დაეხმარა ფიქრია მაშინ და შემდეგ. კიწმარიშვილი არც იმას უარყოფს, რომ თბილისზე სწორედ ფიქრია ჩიხრაძის კუთვნილი „თამარიონის“ სიხშირით გავიდნენ. ეროსის მემუარების მიხედვით, თურმე, ფიქრიას უჩუქებია ეს სიხშირე, არადა, ეს სიხშირე ჩიხრაძემ მას იმისთვის გადაუფორმა, რომ  ახალი, ერთობლივი ტელევიზიით გასულიყვნენ ეთერში. გავიდნენ ისევ თავის „რუსთავი 2“-ით და აღარც შეპირებული 50%-იანი წილი მისცეს. ასე, თუ ჩავყევით, ვის როდის რა ეკუთვნოდა წესით და კანონით, სწორედ აქამდე ჩავალთ! ჰოდა, რომ დამდგარხართ და გნიასი გაგაქვთ, ბოლოს და ბოლოს, დადგინდეს ვისია ეს ტელევიზიაო, დავიჯერო, ან თქვენ ან ბიძინა ივანიშვილს ეს გწადიათ, რომ „რუსთავი 2“ ფიქრია ჩიხრაძეს დაუბრუნოთ? და ეს რომ ასე მოხდეს, რა გგონიათ, ქოცურვიზიას მიიღებთ ფიქრიასგან? უი, ფიქრიასთვის წვალობთ? თუ იქამდე, სადამდეც თქვენ გაწყობთ? ისე, თუ მართალი გაინტერესებთ, ეს ტელავიზია არც ფიქრიასია - მას მერე 20 წელზე მეტი გავიდა, კომპანია განვითარდა, გახდა #1 ტელევიზია, რა საერთო აქვს ამას იმ ჩანასახოვან კომპანიასთან, იმის სიხშირეებთან თუ ჯანდაბასთან?  ამ ტელეკომპანიის ისტორია ისე განვითარდა, რომ იგი ჩამოყალიბდა არა როგორც ერთი კაცის, ერთი ოლიგარქის ტელევიზიად, არამედ როგორც მყარ ინსტიტუტად! დიახ, საიდანაც მიდიან ტოპ-წამყვანები და არხი განაგრძობს მუშაობას, სადაც იცვლებიან მფლობელები და არხი განაგრძობს მუშაობას. ცხადია, ხან როგორ და ხან როგორ. ისე, ყველამ კარგად გაიხსენეთ ხალვაშისდროინდელი არხი... კარგად გაიხსენეთ, კარგად... ვერ გეტყვით, რომ მარგებელია, მაგრამ საჭიროა... მაგრამ თქვენ არც საჭიროება გაღელვებთ და არც ის, რომ ეს არხი, თქვენ თუ არა, ჩვენ, საზოგადოების მეორე ნაწილს გვჭირდება, და უმთავრესი _ ეს არხი მთლიანად ქვეყანას სჭირდება ნორმალური განვითარებისთვის! „რუსთავი 2“-ის დახურვა არ არის ერთი ტელევიზიის დახურვა. თუმცა როგორც ერთი ტელევიზიის განადგურებაც დასაგმობია, მაგრამ ვისაც ამ არხის დადუმება უნდა - ის ან საკუთარ ბოღმაში ჩამხრჩვალი არსებაა, ან მიდრეკილი მონობისა და ტოტალიტარიზმისკენ. შეიძლება არ ეთანხმებოდე იმ განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს, რომელსაც ეს არხი გამოხატავს, მაგრამ გინდოდეს ყველა ერთ ხმაზე ყროყინებდეს და არავინ არღვევდეს ამ ყროყინ-უნისონს, თუნდაც სხვა ხმაზე ყროყინით _ „სავოკი“ ხარ _ „ვრემიასა“ და „მოამბეს“ მონატრებული. არანაკლები სირეგვენე და ვირეშმაკობაა, როცა შენ დაუოკებელ ოცნებას, ჩაკლან ეს არხი _ „აპრავებ“ და ფუთავ ვითომ „სვეცკურად“ ამ ძირგავარდილი „თუმცა“-„მაგრამებით“,  ან როცა მედიის წარმომადგენელი ხარ და გიხარია კონკურენტის ამ გზით ჩამოცილება! _ დღეს თუ ამ გიგანტს მოერევიან, ხვალ თვითონ შენს მედიასაშუალებას ისე წაკუზავენ, წელში ვეღარც გაიმართები _ მაგ პოზაში ივლი სულის ამოხდამდე! ქვეყანა დგას უმწვავესი გამოწვევის წინაშე _ ქვეყანა შეიძლება იქცეს რუსეთის ფილიალად, სადაც არსაიდან არ ისმის განსხვავებული, კრიტიკული აზრი. რატომ? იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებამ შეძლო „რუსთავი 2“-ის წაქცევა, ამ უძლიერესი მედიასაშუალების განადგურება, მისთვის გაცილებით იოლი იქნება ყველას და ყველაფრის გაკონტროლება. ერთად და ერთბაშად ამოიცოხნის ყველა სხვას _ ტელევიზიას თუ გაზეთს. არა, ეს ცხადია, იმას სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ყველას დახურავს,  დახურავს მათ, ვინც არ ისურვებს გუნდრუკის კმევას და გვექნება მედია ერთ ხმაში მომღერალი. წარსულს ჩაბარდება პოლიფონიაც და სიტყვის თავისუფლებაც. და რაც მთავარია, ამ ქვეყანაში აღარ დარჩება ტელეამბიონი, საიდანაც იქადაგება დასავლური ღირებულებები. თავად განსაჯეთ, ვის ერჩოდა მოსვლის დღიდან ბიძინა ივანიშვილი? ორად-ორ ტელეკომპანიას, ერთს დიდს და ძლევამოსილს _ „რუსთავი 2“-ს და მეორეს _ ბევრად მცირე მასშტაბიანს _ „ტაბულას“. სხვაზე იერიშები არ გასცდენია ერთჯერად ჩაკბენა-ჩაჯირყვნას. რაის მიჯირყვნა?  რაის მანქანების დაყადაღება? ზოგს ლამისაა და თავის ზებრაც ათხოვოს გადაღებებზე სარბენად... არ გეჩვენებათ ეს ნიშანდობლივად? და ის ფაქტიც, რომ ივანიშვილს ერთნაირად ნერვებს უშლის „რუსთავი 2“ და „ტაბულა“, ნიშნავს მინიმუმ იმას, რომ მას მხოლოდ გავლენიანი არხი კი არ აღელვებს, ხელისუფლების შენარჩუნების წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით, არამედ ზოგადად კრიტიკული, განსხვავებული აზრი ურღვევს მყუდროებას. დარწმუნებული ვარ, დღეს იმ ბრძენ კაცს ძალიან უკვირს, „რუსთავი 2“-ს რომ მეცხრე არხივით ვერ კეტავს... თუ ახლა, „რუსთავი 2“-ში განვითარებულ მოვლენებზე  გამოხტებით და თქვენც პრემიერივით  მეტყვით, რა შუაშია ხელისუფლება, კერძო დავააო? ფატი დაგეწამლოთ, ხალვაში!  პარლამენტარი ფატი ხალვაში _და ქიბარისა. არც ის დაივიწყოთ, რა სიტკბოებით ელაპარაკებოდა ივანიშვილი ირმა ინაშვილს ქიბარ ხალვაშზე, როგორ ესიმპათიურება და როგორ ყოფილა მისი დობა გაპარლამენტარებისთვის სრულიად საკმარისი! გინდოდეს „რუსთავი 2“-ის გაჩუმება, ნიშნავს გინდოდეს დასავლური ღირებულებების მოშთობა, ამოშანთვა საქართველოში! დიახ, ეს ტელევიზია სწორედ დასავლური ღირებულებების ბასტიონია და არა უბრალოდ ტელევიზია. და ამ ტელეკომპანიის მიმართ სოლიდარული უნდა იყოს ის, ვისთვისაც ფასეულია დასავლური ღირებულებები. თუმცა აგერ  ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული მედიის ქალღმერთად ხელდასხმულმა, მოკრძალებით რომ მედეია-ექსპერტად იხსენიებს თავს, ერთი „ჩამჭრელი“ კითხვა დაგვისვა, _ სიტყვის თავისუფლებაზე რომ აპელირებთ, „იმედს“ ასე აქტიურად დაიცავდით, რომ დაეყადაღებინათო? და თავადვე უპასუხა, _ 1000 %-ით არა, რადგან თქვენთვის მიუღებელია „იმედის“ ღირებულებებიო. ქალღმერთმა შემოგვითვალა, გულწრფელად თქვით, რას იცავთო. დიახ, მე „რუსთავი 2“-ს ვიცავ სწორედ, იმიტომ რომ ეს არხი დასავლური ღირებულებების ბასტიონია და სწორედ ეს ღირებულებები მავალდებულებს დავიცვა სხვისი სიტყვის თავისუფლება, მიუხედავად იმისა, მეპიტნავება მათი აზრები და შეხედულებები, თუ არა! და არ მიხაროდეს, არ მოვითხოვო, მათი დაყადაღება, დახრუკვა და კოცონზე დაწვა! აი, რა სარგებლობა მოაქვს დასავლურ ღირებულებებს და იმას, რომ ღირებულებებს იცავ! თუმცა თქვენ აგერ ახალ „ფაქტორს“ გვთავაზობთ, თურმე დასაცავია კრიტიკის უფლება და არა ტყუილის უფლება. რატომ, მერე თქვენი გასარკვევი რომ გახდეს, რაა ტყუილი და რა _ მართალი? თემიდობა გადაწყვიტეთ? მედიაექსპერტობა მოგბეზრდათ? ან რას იყვედრებით, ან თქვენ ან სხვა ამ სოლიდარობით? ვინმემ დაგიკლათ მოზვერი, _ შეგვეწიეთ, დაგვიფარეთო? მადლობა ღმერთს, ამ არხს ჰყავს საკმარისი რაოდენობა მაყურებლისა, რომელიც ყოველგვარი ჩინის გარეშე, საჩინოდ დაიცავს მას.  ან რომელ ტყუილზე ლაპარაკობთ? უიმე, ქვეყანაში ხალხს არ უჭირს და გვარამიამ გააღატაკა ვოქსპოპისთვის? ქვეყანაში ინფლაცია არ მძვინვარებს, ლარი თავქუდმოგლეჯილი არ გარბის და „რუსთავი 2“ ატყუებს ხალხს? კრიმინალი არ გაზრდილა და „რუსთავი 2“ სიუჟეტებისთვის თვითონ ხოცავს ხალხს?  რუსები კი არ წევენ საზღვრებს, „კურიერის“ ჟურნალისტები თხრიან ტრაფარეტებს და აქეთ არჭობენ ხურვალეთსა და წითელუბანში? ისე, მართლა რა მნიშვნელობა აქვს, სად დაარჭობენ ტრაფარეტებს, მიგვიერთებს პუტინი თუ ცალკე პუტინურ ფლიგელად ვიქცევით? ნუთუ, ის ბრძენი კაცი ვერ ხვდება, რომ დასავლეთი არ დაუშვებს დიქტატურისკენ სვლას? თუ აღარც დასავლეთის აზრი გვაინტერესებს?  გამორიცხული, ალბათ, არც ესაა, მაგრამ თუ ამას იზამს, დასავლეთი რომ მთელ ანგარიშებს დაუყადაღებს, მერე ვეღარც თავისი პანორამა უშველის და ვეღარც ქიბარ ხალვაშის შპს „პანორამა“. ისე, რა საბედისწეროდ სიმბოლურია, არა? თბილისს ერთი „პანორამა“ უქმნის საფრთხეს, ქვეყნის მომავალს _ მეორე. და რა გიხარიათ აქოც-ამაჟორებულნო? დღეს თუ „რუსთავი 2“-ს მოერია, ხვალ „ფეისბუკს“ ჩაგიკეტავთ და ისხედით მერე „კუხნებში“ და იკრუსუნეთ. თუმცა რა, ეგ ხომ თქვენი გენეტიკური და ეგზისტენციური მდგომარეობაა _ წუწუნი და დისიდენტობა „კუხნასა“ შინა! ერთი იცოდეთ, არ გამოგივათ დიქტატურა ინტერნეტის ხანაში. ყოველ შემთხვევაში, დიდხანს. ცუკერას მადლი არ შეგეწევათ, სხვა თუ არაფერი.  

                                                                                                                      რეზო შატაკიშვილი

       

გაზიარება