31 წლის ახალგაზრდა კობა აღლემაშვილი 2015 წლის 8 თებერვალს საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. მას ბლაგვი საგნით 11 ჭრილობა მიაყენეს. მკვლელი ამ დრომდე უცნობია. მოკლულის ოჯახის წევრები პოლიციას საქმის განგებ გაჭიანურებასა და მკვლელის დაფარვაში ადანაშაულებენ. ისინი აქციებითაც იმუქრებიან _ შეჩერებას და მდგომარეობის შეგუებას არ აპირებენ.
ნანა წერედიანი, მოკლული კობა აღლემაშვილის მეუღლე:
_ ვაზისუბანში, მე-3 მკრ-ის 1 კვარტლის მე-2 კორპუსში ვცხოვრობთ. ჩემს მეუღლეს სახლის წინ პატარა ბიზნესი ჰქონდა _ ავტოსამრეცხაოები, პროფილაქტიკა. ხშირად იქ იყო. წელს, 8 იანვარს, მე და კობას შეუღლებიდან 10 წლისთავი გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ რესტორანში, ახლობლების წრეში აღგვენიშნა. საღამოს 7 საათს 15 წუთი აკლდა, როცა დავურეკე. ცოტა ხანში ზარის ხმა გაისმა. ვიფიქრე, რომ კობა დაბრუნდა, მაგრამ მეზობელი აღმოჩნდა, _ ჩქარა წამოდი, კობა ქვემოთ არისო, _ მივხვდი, ჩვენს თავს რაღაც ცუდი ხდებოდა. ბოლო საფეხურს რომ მივაღწიე, ვიღაცამ დამიჭირა, კობას კი ქალები გადაეფარნენ და არ დამანახვეს. შემდეგ ძალით დამალევინეს წამლები და ჩემს ქმართან არ მიმიშვეს. ამ დროს სასწრაფოც მოვიდა. სადარბაზო სისხლით იყო მორწყული. მაინც მამშვიდებდნენ, ცოცხალია, გადარჩებაო, მაგრამ ჩემი ქმარი სასწრაფოში გარდაიცვალა. სხეული საშინლად ჰქონდა დაზიანებული _ თვალი გადმოვარდნილი, ცხვირი ჩამტვრეული... ექსპერტმა დაწერა, რომ 14-ჯერ ჰქონდა თავში ბლაგვი საგანი ჩარტყმული. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა ჩვენს სადარბაზოში მოხდა, შუქი ენთო და 7 საათი იყო. ამ ფაქტის არც დამნახავია ვინმე და მკვლელობის იარაღიც გამქრალია. ამ საშინელებამდე რამდენიმე თვის წინათაც დაესხნენ ჩემს ქმარს სადარბაზოში.
_ მაშინ თავდასხმა როგორ მოხდა?
_ ღამის 12 საათი იქნებოდა, როცა კობამ დამირეკა და მითხრა, მაღაზიაში ვარ და სახლში მოვდივარო. 5 წუთში სადარბაზოდან ჩოჩქოლი მომესმა. კობას დავურეკე და არ მიპასუხა. მეზობელმა დამიძახა, _ ჩქარა ჩამოდი, აქ კობა გდიაო! შუბლი ჰქონდა გახეთქილი, სახიდან სისხლი სდიოდა. სასწრაფო რომ მოვიდა, ჩემს ქმარს გონება დაუბრუნდა და არაადეკვატური ღრიალი დაიწყო, _ გამიშვით, მიშველეთო! უფრო მეტად რომ დაუბრუნდა ცნობიერება, მე და ბავშვი გვიკითხა, _ სად არიანო? ჰგონებია, რომ ავარიაში მოყვა და ჩვენ რაღაც დაგვემართა. შოკურ მდგომარეობაში იყო და სანამ მე და ბავშვი არ მიგვიყვანეს, ახლოს არავის იკარებდა. ამ თავდასხმის დროს კორპუსის ეზოში გარეგანათება იყო, მაგრამ შუქი სადარბაზოში არ ენთო. მეორე თავდასხმის დროს, როცა ქმარი მომიკლეს, გარეგანათება არ ენთო და ეზო მთლიანად დაბნელებული იყო. არ მახსენდება, ჩვეულებრივ სიტუაციებში გარეგანათება ჩამქრალიყო. პოლიციამ კითხვით მიმართა უბნის გარეგანათების მაკონტროლებელ სამსახურს, _ ობიექტზე შუქი რატომ იყო გამორთულიო? პასუხად მიიღეს, რომ ამ პერიმეტრზე შუქის გამორთვის შესახებ მათთვის ცნობილი არ ყოფილა. მკვლელობიდან ცოტა ხანში გარეგანათება ჩაირთო. გასარკვევია, ამ დროს შუქი ვინ გამორთო და ჩართო? თუმცა გამოძიება ამ დეტალით არ ინტერესდება.
პირველი თავდასხმის შემდეგ კობა 6 თვე მკურნალობდა, თავის ქალა ჰქონდა გატეხილი და ტვინი დაზიანებული, კისერსა და ზურგზე არმატურის ზოლები ემჩნეოდა. ეტყობა, ბეტონის არმატურას ურტყამდნენ და ეს იყო მათი ბლაგვი იარაღიც. ძლიერი ტრავმის გამო კისერს ვერ ამოძრავებდა, ფეხი და ხელი უბუჟდებოდა, გაორებით ხედავდა... მოკლედ, ჯანმრთელობის მხრივ ბევრი პრობლემა და გართულება შეექმნა პირველი თავდასხმის შემდეგ. საქმეც აღიძრა. ვაზისუბნის მეორე განყოფილება იძიებდა. გამომძიებელი იყო ვინმე ნოდარ გაბელაია. ექსპერტიზაც ჩაატარეს. ერთ დღეს კობასთან ორი პიროვნება მოვიდა, მაშინ ვიფიქრე, რომ გამოძიებიდან იყვნენ. მათი საუბრიდან დამამახსოვრდა ის, რომ ჰკითხეს, _ „უშიტოკო“ `ბეემვე~ ხომ არ გეცნობაო? ჩემმა ქმარმა თავი გაუქნია, აზრზე არ ვარო. რეალურად ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვერ გეტყვით. სანამ კობა საავადმყოფოში იწვა, მეც დამკითხეს, მაგრამ მერე აღარავინ მოსულა. ასეთი უგულისყურობის გამო ოთხჯერ თავად ჩავედი პოლიციაში. გამომძიებელმა მითხრა, _ ჩემგან რა გინდა, დამნახავი არ არის და ვერ ვიძიებ, უფროსობას შეგახვედრებო. უფროსის მოადგილე იყო დავით ნარსავიძე და მასთან შევედი. ვთხოვე, იქნებ, ვინმე მტერია და მეშინია, რომ ადგება და ქუჩაში გავა, კიდევ არაფერი დაუშავოს-მეთქი... მაგრამ დამამშვიდა, _ არ უნდა შეგეშინდეთ, არაფერი აღარ მოხდება, მთელ ამ პერიმეტრს ვაკონტროლებთ და დაცულები ხართო. ჩემი მეუღლეც კი არ ჰყავდათ დაკითხული და რა უნდა გამოეძიებინათ? ამასთან დაკავშირებით როცა ვიკითხე, მიპასუხეს, _ არაფერი ახსოვს და რა აზრი აქვს მის დაკითხვას, თუ ძალიან უნდა, ჩამოვიდეს და ფორმალურად დავკითხავთო. მივხვდი, მათთან სიარულს აზრი არ ჰქონდა და ისინი თავდამსხმელის დამკავებლები არ იყვნენ. ბოლო დღეებში კობა მეუბნებოდა, _ პოლიციაში ჩემი ტანსაცმელია, ქამარი მაინც ამოვიტანო, უნდა ჩავიდეო.
_ მკვლელობა ამ ამბიდან რამდენ ხანში მოხდა?
_ პირველი თავდასხმიდან ზუსტად 5 თვეში კიდევ დაესხნენ თავს და მოკლეს. როცა თავდამსხმელმა დაინახა, რომ პირველი დანაშაულის გამო არ დასაჯეს, მას რეაგირება არ მოჰყოლია, თავისი განზრახვა შეასრულა, რაშიც პოლიციამაც შეუწყო ხელი.
ზურა აღლემაშვილი, გარდაცვლილის მამა:
_ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ მკვლელს პოლიცია მფარველობს. პირველი თავდასხმის ფაქტი ვერ გამოიძიეს, მაგრამ მკვლელობა ისეთი რთული არ იყო, მისი გამოძიება და მკვლელის პოვნა შეუძლებელი რომ ყოფილიყო. ჩემს შვილს კარგა ხანს ურტყამდა სადარბაზოში რამდენიმე ადამიანი, მერე ერთი ჯიბიდან ტელეფონი ამოუღეს, მეორიდან _ ფული და მშვიდად წავიდნენ. ეტყობა, დარწმუნებული იყვნენ, რომ მათთან ახლოს გამკარებელი არავინ იყო. მოგვიანებით, ტელეფონი სხვა სადარბაზოს ლიფტში იპოვეს. გამორიცხულია, კვალი არ დარჩენილიყო, მაგრამ კვალი სათანადოდ ვერ აიღეს. აქედან და კიდევ სხვა დეტალებიდან ჩანს, რომ საქმეში პოლიციაა ჩარეული და ისინი აფარებენ ხელს.
_ გინდათ მითხრათ, რომ მკვლელებიც და მფარველებიც პოლიციელები არიან? რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს?
_ მკვლელობის ღამეს ცხელ კვალზე დააკავეს სამი პიროვნება _ ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი. დაკავებიდან 5 წუთში პოლიციის შენობის გარეთ, სადაც ჩვენ ვიდექით, პოლიციელები გამოვიდნენ და გვითხრეს, _ მკვლელმა აღიარა დანაშაულიო. პოლიციის დაბარებული მოწმეები ყველა გაათავისუფლეს. დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ჩვენი ახლობელია და ისიც ამ დროს პოლიციასთან იყო მოსული. მან მადლობაც კი გადაუხადა პოლიციას ოპერატიული მუშაობისთვის და ხელი ჩამოართვა. ეს მილოცვა პოლიციელებმაც მიიღეს. მეორე დღეს ჩემი შვილი ახალციხეში გადავასვენეთ და პოლიციისთვის აღარ გვეცალა. როცა ჩამოვედით, გავიგეთ, რომ კობას მკვლელობაზე დაკავებული პირები გაეთავისუფლებინათ. როგორც გვითხრეს, განყოფილებაში, სადაც ეს პოლიციელები ჰყავდათ, თავად ჭიკაიძე მივიდა, შიგნით კარგა ხანს არავის უშვებდნენ და ამის შემდეგ გამოუშვეს პატიმრებიც. ფაქტობრივად, მკვლელი ჭიკაიძემ გაიყვანა პოლიციის განყოფილებიდანო. ალბათ, ამ დონის თანამდებობის პირი თუ მოახერხებდა იმას, რომ დაკავებული ადამიანი, რომელმაც მკვლელობა აღიარა, უცერემონიოდ გაეშვათ.
_ მკვლელობის რა ვერსიები არსებობს, თქვენი შვილი პოლიციელებს რატომ უნდა მოეკლათ?
_ ერთ ბიზნესში კობას ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენთან (რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, გვარს შეგნებულად არ ვაქვეყნებთ, _ ნ. ვ.). ამ კაცის მეგობარსაც ჰქონდა ბიზნესი. ის ორნი ღამღამობით ერთად დადიოდნენ რესტორანში, უყვარდათ `გაგულავება~ და ქალებში სიარული. რომელიღაც ქალს ქმარი შსს-ს თანამშრომელი ჰყავდა, რომელიც ამ ბიჭს დამუქრებია, _ იცოდე, მოგკლავო! ქალის ქმარი თავიდან რომ მოეცილებინა, ჩემი შვილისთვის უთხოვია, _ დამეხმარე და ისე გავაკეთოთ, ვითომ ამ ქალთან შენც ახლოს ხარო. ჯერ მესიჯები გააგზავნინეს, მერე კი მის ქმარს აჩვენეს. ჩემი შვილი რომ მოკლეს, სწორედ ეს პოლიციელი ჰყავდათ დაკავებული. პირველი თავდასხმის შემდეგ კობამ სახლში თქვა, რომ ასეთი რამ ბისნესპარტნიორმა და მისმა მეგობარმა მოუწყვეს და ამით ისინი ორ კურდღელს იჭერდნენ _ ამ ქალის ქმარსაც იცილებდნენ თავიდან და ბიზნესიდანაც აგდებდნენ კობას. საერთო ბისნესთან დაკავშირებით ჩემს შვილსა და მის პარტნიორს უკვე ჰქონდათ გარკვეული უსიამოვნებები და გარჩევები. როგორც ვიცი, პოლიცია სამ ვერსიას ამუშავებდა, ერთ-ერთი ესეც იყო, მაგრამ ახლა როგორ არის, ვერ გეტყვით.
ნანა წერედიანი:
_ ფაქტი ის არის, რომ ძიება წინ არ მიდის, საჭირო და ამ საქმისთვის საინტერესო ადამიანებს არ კითხავენ და ამბობენ, არ მოდიანო. გვიხსნიან, თითქოს კანონი უკრძალავთ, დამნაშავეს მკაცრად რომ მიუდგნენ და ა. შ. ბოლოს კი აქეთ დაგვიწყეს მუქარა, _ თუ არ შეგვეშვებით, რაც გაქვთ იმასაც დაგაკარგვინებთო. ამის შემდეგ მთავარ პროკურატურასთან აქციაც ჩავატარეთ და გამოძიების დაჩქარება, მკვლელების დასჯა მოვითხოვეთ.
_ ახლა ვინ იძიებს ამ საქმეს?
_ მკვლელობის ფაქტს იძიებს დიღმის პოლიციის სამმართველოს მკვლელობის განყოფილების გამომძებელი ირაკლი ცაგურია. პირველი თავდასხმის საქმე კი ჰქონდა ისანი-სამგორის პოლიციას და იქიდან პროკურატურამ წაიღო. ეს საქმეები გაერთიანებული არ არის. არაერთხელ მივმართეთ, რომ ხელწერა ერთია, კვალი პოლიციელებთან მიდის, ამიტომ არ გვინდა შსს იძიებდეს, გააერთიანეთ და პროკურატურამ გამოიძიოსო, მაგრამ ჩვენი უბედურება ყურად არავინ იღო. ახლა პირველი თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება დაიწყო და, ფაქტობრივად, მეორე საქმე გაჩერდა. გვეუბნებიან, პირველმა საქმემ შეიძლება მეორე საქმე დაგვანახვოსო, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ამას აკეთებენ დროის გაყვანის მიზნით და, სინამდვილეში, მათ არ უნდათ საქმის გახსნა. რაც დრო გადის, მტკიცებულებებიც იშლება და კვალიც. ეტყობა, მაგათაც სწორედ ეს უნდათ.
_ პოლიციისა და პროკურატურის გარდა კიდევ ვის მიმართეთ?
_ განცხადება დავწერეთ შს მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ბესელიასთან, მაგრამ ყველა მათგანმა განცხადება გადაუგზავნა ისევ გამომძიებლებს და პროკურორებს. ისინი კი კვლავ გვეუბნებიან, ვმუშაობთო. ამ ფორმით გვიცილებენ თავიდან. 7 თვეა, ამ ადამიანებს აბარიათ ეს საქმე და რამის გამოძიება რომ შესძლებოდათ, აქამდე გამოიძიებდნენ. ჩანს, მათ რესურსი არ აქვთ, ამიტომ ვისაც შეუძლია საქმის გახსნა, იმას მისცენ და გამოიძიოს. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, ოჯახი დაინგრა, გავნადგურდით, ასეთი ახალგაზრდა კაცი მიწაში ჩავაწვინეთ და სამართალი ვერ გვიპოვია. 8 წელი ველოდებოდით მე და კობა ნანატრ შვილს და ბავშვს 2 წლის ასაკში მამა ხელიდან გამოაცალეს. როცა გაიზრდება და მკითხავს, _ დედა, მამა ვინ მოკლაო, პასუხი ვერ უნდა გავცე? როგორც გითხარით, ეჭვები გვაქვს. თუმცა, იქნებ, ჩვენ ვცდებით, იქნებ, უდანაშაულო ადამიანებზე გვაქვს სხვა წარმოდგენა? გამოიძიონ ობიექტურად. რატომ უნდა გვეშინოდეს მე და ჩემს შვილს გარეთ გასვლის და არც ვიცოდეთ, რა იქნება შემდგომ? არც ის მინდა, ვინმე უდანაშაულოდ დაისაჯოს, სიმართლე გაარკვიონ და ის დასაჯონ, ვინც მართლა მოკლა ჩემი ქმარი.
ქალის თემაზე ლაპარაკი მიჭირს და მიმაჩნია, რომ ეგ მოგონილია. ყველაზე კარგად მე უნდა მცოდნოდა ჩემი ქმრის ასეთი ქმედება, მაგრამ ამ ვერსიის უკან სხვა რამ დგას და ამიტომ მინდა, ყველაფერი გაირკვეს. ვთქვათ, მკვლელობას ვერ იძიებენ, იმას მაინც როგორ ვერ იგებენ, ვინ შევიდა ჩვენს კერძო საკუთრებაში?
_ რას გულისხმობთ, იქნებ, გარკვევით ამიხსნათ?
_ ჩემი ქმრის მკვლელობიდან ნახევარ საათში, ავტოსამრეცხაოსთან, კობას კაბინეტში, 5 ადამიანი შევიდა. მათ დარაჯს უთხრეს, კრიმინალური პოლიციიდან ვართო და დაატოვებინეს იქაურობა. მერე კარი გატეხეს, ბახილები ჩაიცვეს და ზოგი მათგანი ქვემოთ ჩავიდა, სადაც ჩემს მეუღლეს მანქანა ეყენა. სათვალთვალო კამერას აიფონის ტელეფონით ძლიერი შუქი მიანათეს, ეს პროცესი რომ არ გადაეღო და მერე კამერა ცელოფნით შეფუთეს. ზოგი ჩემი ქმრის მანქანაში ჩაჯდა და იქ იყვნენ ერთი საათის განმავლობაში.
ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენი მანქანით გაგვესვენებინა კობა, ამიტომ პოლიციას ვთხოვეთ, _ იქნებ, გასვენებისთვის მანქანა გაგვატანოთ-მეთქი. უარი მითხრეს, ოჯახის წევრები აქ უნდა იყოთ, რომ გავხსნათ კაბინეტი და მანქანა დავათვალიეროთო. ჩვენ ასე გვეუბნებოდნენ და მკვლელობის დღიდან ჩემი ქმრის კაბინეტში ორი ადამიანი მუდმივად იმყოფებოდა.
_ თქვენ ეს საიდან იცით?
_ დარაჯებიც ამტკიცებენ ამას და ჩვენი ყველა ახლობელიც ამბობს, რომ გზიდანაც ჩანდა, კობას ოთახში მამაკაცები რომ იყვნენ, მაგრამ ახლა პოლიცია გვეუბნება, ასეთი რამ არ მომხდარაო. ბოლოს გვითხრეს, კარი გატეხილი იყო და დაცვა დავაყენეთ, რომ არაფერი წაეღოთო, თუმცა ოფიციალურად კარის გატეხის ფაქტი არსად დაუფიქსირებიათ. სხვათა შორის, მკვლელობის მეორე დღეს, როცა გავიგეთ, რომ კაბინეტი გატეხილი იყო, 126-ზე დავრეკეთ და ეს ამბავი შევატყობინეთ: ასეთი მკვლელობა მოხდა, მერე ობიექტი გაიტეხა, ვინ გააკეთა, რა მოხდა გაარკვიეთ-მეთქი, მაგრამ ამ შეტყობინების დოკუმენტიც არ დევს საქმეში. გამომძიებელი იმასაც ამბობს, კარი, გატეხილი არ იყო, გასაღებით იყო გახსნილიო... მაგრამ გატეხილი საკეტი მერე ჩვენ გამოვცვალეთ და ხომ ვიცით, რა და როგორც იყო? ამ ფაქტების შემდგომ ეჭვი უფრო გაგვიძლიერდა. რატომ არ ამბობს პოლიცია სიმართლეს და რატომ მალავს უმნიშვნელოვანეს დეტალებს? თუ ისინი შევიდნენ, რატომ არ ფიქსირდება, რომ კერძო საკუთრებაში შევიდნენ, რატომ მალავენ სიმართლეს, რა გააკეთეს იქ ისეთი, რაც დასამალია?
ლია აღლემაშვილი, გარდაცვლილის დედა:
_ ე. ი. შერჩათ ჩემი შვილის სიკვდილი. 31 წლის ვაჟკაცი ჩავდე მიწაში. ყველას მინდა მოვუწოდო, ვინც ჩემნაირ გაურკვეველ დღეშია, ამომიდგეს მხარში, შევიკრიბოთ და დედებმა გავასამართლოთ ჩვენი შვილების მკვლელები. გავმართოთ აქციები და მოვითხოვოთ სიმართლის გარკვევა. ჩემი შვილის საფლავზე ვერ ჩავდივარ, რადგან ამ გამოძიების გადამკიდემ არ ვიცი, რა დავატირო. არ მაცადეს შვილის გლოვა. პატარა შვილიშვილს დაობლებულს რომ ვხედავ, რძალს მარტოდ დარჩენილს, ამათი ცოდვითაც ვკვდები. ჩემს შვილს მკვდარს ვტირი და ამათ _ ცოცხლებს. რა გახდა ამ მკვლელობის გამოძიება?! როცა პოლიციელს კლავენ, უცებ იძიებენ და პოლიციელი რომ კლავს ვინმეს, ის, თურმე, სახელმწიფოს პრესტიჟია და არ უნდათ გამჟღავნება. ამ საქმეში ყველა ეჭვმიტანილი პოლიციელი კვლავ მუშაობს და ჩვენ კიდევ საშინელ დღეში ვართ. გაგვარკვიონ, რატომ და ვინ მოკლა ჩვენი შვილი, უარესი უბედურება რომ არ დატრიალდეს. ჩემი შვილის პირველი თავდასხმა რომ კარგად გამოეძიებინათ, მას ვერ მომიკლავდნენ. ახლაც ვამბობთ, გაარკვიონ დროულად, საქმის ამგვარი გაჭიანურებით და უმოქმედობით ახალ დანაშაულს არ დაუდონ საფუძველი. თანაც, დაცულები არ ვართ. არ გამოვრიცხავთ, ხვალ რომელიმე ჩვენგანს დახვდნენ სადარბაზოში. ყველას საფრთხის ქვეშ გვაყენებენ და ეს არის ამათი სამართალი?! ვისაც ვუყვებით, ჯერ თითქოს გულთან მიიტანენ, გვითანაგრძნობენ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ შემდეგ ჩერდებიან. ვინ აჩერებს, ამის გარკვევაც გვინდა. იცოდეს ყველამ: ვინც ფიქრობს, რომ დროს გაიყვანენ და მკვლელობა ჩაიფარცხება, ვერაფერი გაგვაჩერებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ, ჩვენი შვილის მკვლელი რომ დაისაჯოს. საკუთარ სადარბაზოში ორჯერ მოკლეს კაცი და ამათ სამართალდამცველები ჰქვიათ?!
კობა აღლემაშვილის მკვლელობის საქმეზე „ქრონიკა+“, პირველ რიგში, შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა და იკითხა, თუ რატომ გაჭიანურდა საქმის გამოძიება? ასევე თუკი დაკავებულმა მართლაც აღიარა დანაშაული, რატომ და ვინ გაათავისუფლა იგი პატიმრობიდან? მათ გვითხრეს, რომ ამ საქმეში პოლიციელის ბრალი არ გამოიკვეთა, საქმეზე კი მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. მეტს ვერაფერს გეტყვითო.
ცხადია, მთავარ პროკურატურასაც მივმართეთ. მოკლულის ოჯახის წევრების თქმით, პირველი თავდასხმის საქმეს ამჟამად სწორედ პროკურატურა იძიებს. მათ ჩვენი კითხვები მოისმინეს და შეგვპირდნენ, რომ საქმის მდგომარეობას გაარკვევდნენ და დაგვიკავშირდებოდნენ, მაგრამ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს ტრადიცია არ დაურღვევია და, დაპირების მიუხედავად, აღარ შეგვეხმიანა.
ნელი ვარდიაშვილი