თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მაისის განაჩენი „ქრონიკა+“-ს ერთ-ერთი განსასჯელის ადვოკატმა მიაწოდა.
განსასჯელების _ იოსებ ერაძის, ლია ჩიკვაიძის, ზაზა ქურდაძის, ზვიად ქურდაძის, გიორგი ანდრონიკაშვილის, მიხეილ ნიკოლაიშვილის, ზურაბ მარგველაშვილის, ნუგზარ ბერიშვილისა და დავით მენთეშაშვილის ბრალეულობის განხილვის კვალდაკვალ, ცხადად ჩანს კიდევ ერთი პირის, გიორგი მგალობლიშვილის როლი ს/ს „სავანე _ ღვინის #1 კომპანიის“ ქონების დანაშაულებრივი გზით მითვისების საქმეში. სხვათა შორის, გიორგი მგალობლიშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა აღნიშნულ საქმეზე, რადგან იმ დროისთვის უკვე საქართველოში აღარ იმყოფებოდა.
საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, გიორგი მგალობლიშვილი პოლიტდევნილად აღიარეს.
რა წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში?
იოსებ ერაძეს, რომელიც 2000-2002 წლებში იყო ავსტრალიისა და თბილისში რეგისტრირებული კომპანიების „მაი დოლარ სთორის“ ფინანსური მენეჯერი და „ჯორჯიან პაუერ კომპანის“ მენეჯერი, ხოლო პარალელურად, 2000-2001 წლებში, იყო ს/ს „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ ფინანსური მენეჯერი, დაუკავშირდა ამავე საქმეზე ბრალდებული გიორგი მგალობლიშვილი, რომელსაც განზრახული ჰქონდა, ხელში ჩაეგდო თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ლში მდებარე ს/ს „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ ქონება. ამ უკანასკნელმა ისარგებლა რა აღნიშნული ქარხნის მძიმე ფინანსური მდგომარეობით, რაც გამოიხატებოდა ს/ს „თიბისი ბანკიდან“ ქარხნის მიერ 1998 წლის 02 სექტემბერს აღებული 80 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტთან წარმოქმნილი სიძნელეებით, ს/ს „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ ყოფილ ხელმძღვანელებს თავი წარუდგინა ავსტრალიური კომპანია „იმპერიალ ვაინის“ წარმომადგენლად და მათ დახმარება აღუთქვა უცხოური ინვესტიციების განხორციელებით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
მოტყუებით და ცრუ დაპირებით, 1999 წლის 20 აპრილს გამართულ აქციონერთა საერთო კრებაზე, გ. მგალობლიშვილმა ქარხნის აქციონერები დაიყოლია აქციათა 100%-ის ავსტრალიური კომპანიისთვის გადაცემაზე, რომელიც, თითქოსდა, ქარხანაში დიდი ოდენობით ინვესტიციის განხორციელებას კისრულობდა.
იმ მიზნით, რომ აქციონერებისთვის შეექმნა ილუზია უცხოური ინვესტიციების მიზიდვის შესახებ, 2000 წლის 15 და 16 იანვარს გ. მგალობლიშვილმა ხელშეკრულებები გააფორმა გაურკვეველი წარმოშობის კომპანიებთან „ტურა ინკთან“ და „მის კორპორეით ლიმიტედთან“ 1600000 და 700000 აშშ დოლარის ინვესტიციების განხორციელებაზე და აღნიშნულის რეალურობის დასადასტურებლად 2000 წლის 27 იანვარს დადო შეთანხმება ს/ს „სავანე _ ღვინის #1 ქარხანასა“ და კომპანიების „ტურა ინკს“, „მარშალ მარკეტინგ კორპორეიშენსა“ და „როსაინოლ კოლსანტინგს“ შორის 600000 აშშ დოლარის ღირებულების „ნიუ ჰაუს“ (სავაჭრო ნიშნები) ინვესტიციის სახით გადაცემის შესახებ, ხოლო 2002 წლის 15 იანვარს ქარხანასა და „მარშალ მარკეტინგ კორპორეიშენს“ შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი აღნიშნული უცხოური კომპანიების მიერ ქარხნისთვის თითქოსდა 7 სახეობის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის გადაცემის შესახებ, მაშინ როცა „ნიუ ჰაუ“ გაცილებით ადრე იყო შექმნილი და გამზადებული აპრობირებისთვის. ლია ჩიკვაიძეს, რომელიც 1998 წლიდან დღემდე მუშაობს სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, 2003 წლიდან ასევე არის საზოგადოების სამოქალაქო საბჭოს წევრი, დაუკავშირდა ამავე საქმეზე ბრალდებული გიორგი მგალობლიშვილი, რომელსაც განზრახული ჰქონდა, ხელში ჩაეგდო ქალაქ თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა #1-ლში მდებარე სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხანა“. ამ უკანასკნელმა ისარგებლა რა აღნიშნული ქარხნის ფინანსური მდგომარეობით, რაც გამოიხატებოდა სს „თიბისი ბანკიდან“ ქარხნის მიერ 1998 წლის 2 სექტემბერს აღებული 80000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტთან დაკავშირებით წარმოქმნილი სიძნელეებით, ს/ს „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ ყოფილ ხელმძღვანელებს თავი წარუდგინა ავსტრალიური კომპანია „იმპერიალ ვაინის“ წარმომადგენლად და აღუთქვა დახმარება უცხოური ინვესტიციების დახმარებით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით გ. მგალობლიშვილი დაუკავშირდა სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ მთავარ ბუღალტერ ლია ჩიკვაიძეს და 1999 წლის 28 ოქტომბერს საზოგადოების ბუღალტერიაში შპს „იმპერიალ ვაინის“ სახელით ნაღდი ანგარიშსწორებით შეიტანა 100000 დოლარი (სალარო შემოსავლის ორდერი #6), რის შემდეგაც 1999 წლის 29 ოქტომბერს ამ უკანასკნელმა თანხა შეიტანა სააქციო საზოგადოება „თბილკრედიტ ბანკში“. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიაში წარდგენისა და აქციების ემისიის განხორციელების მიზნით აიღო ცნობა 100000 აშშ დოლარის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებობის შესახებ. აღნიშნული თანხა გ. მგალობლიშვილთან შეთანხმებით იმავე დღეს გამოიტანა ბანკიდან და ამ უკანასკნელს გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ აქციების ემისია შესაბამისი თანხით უზრუნველყოფილი არ იყო, ლ. ჩიკვაიძის მიერ სს „თბილკრედიტ ბანკიდან“ აღებული ცნობის საფუძველზე, გამოშვებულ იქნა 99389 აქცია, რაც 2000 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებით გადაეცა 1999 წლის 19 ნოემბერს გ. მგალობლიშვილის მიერ ვინმე ნორმან ალფრედ სეკონდტთან ერთად საქართველოში დაფუძნებულ შპს „იმპერიალ ჯორჯია ვაინს“ და გ. მგალობლიშვილი ლ. ჩიკვაიძის დახმარებით გახდა სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ 50%-იანი წილის მფლობელი.
2004 წლის დასაწყისში გიორგი მგალობლიშვილი უშუალოდ შეუდგა ქარხნის უძრავი ქონების _ 9777 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 4759 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ხელში ჩაგდების განზრახვის სისრულეში მოყვანას, რისთვისაც იგი გაურიგდა საქართველოს მოქალაქეებს: დავით მენთეშაშვილს, ნუგზარ ბერიშვილს, მიხეილ ნიკოლაიშვილს, ავსტრალიის მოქალაქე ჯეფრი კოკიჩს. მათ შეუთანხმდა, რომ სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ ხელოვნურად წარმოქმნილი დავალიანების თითქოსდა დაფარვის მიზნით მათ სახელზე გააფორმებდა ხელშეკრულებებს უძრავი ქონების ნასყიდობისა და ვალის დაკისრებს შესახებ. აღნიშნულის მისაღწევად ლ. ჩიკვაიძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აწ გარდაცვლილ მირიან მეტრეველთან ერთად, ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, 2004 წლის 16 იანვარსა და 2004 წლის 26 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებებით, საზოგადოების დირექტორებს _ გიორგი ანდრონიკაშვილსა და ზაზა ქურდაძეს _ უფლება მისცა, გაესხვისებინათ საზოგადოების ქონება, 9777 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 4759 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობა, საიდანაც 2004 წლის 16 იანვარს ნოტარიუს რ. ფიფიას მიერ დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებით 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 760 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი გადაეცა ავსტრალიის მოქალაქე ჯეფრი ტერეს კოკიჩს, ხოლო იმავე ნოტარიუსის მიერ წინა დღით, 2004 წლის 23 აპრილს დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და ვალის დაკისრების ხელშეკრულებით 1770 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 600 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი გადაეცა მიხეილ ნიკოლეიშვილს. ზემოხსენებული ნოტარიუსის მიერ იმავე დღეს დამოწმებული ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 3079 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობა გადაეცა დავით მენთეშაშვილს, ხოლო 3162 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 320 საერთო ფართის შენობა-ნაგებობა გადაეცა ნუგზარ ბერიშვილს.
აღნიშნულის შემდეგ, გ. მგალობლიშვილის გეგმით, 2004 წლის 12 ნოემბერს, ჯეფრი კოკიჩის მიერ შეძენილი უძრავი ქონება ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა გიორგი მგალობლიშვილის მამის, მიხეილ მგალობლიშვილის საკუთრებაში. ქონების დანარჩენმა მეპატრონეებმა: დ. მენთეშაშვილმა, ნ. ნიკოლაიშვილმა და ლ. ბერიშვილმა მინდობილობების საფუძველზე მიხეილ მგალობლიშვილს მიანიჭეს მათ საკუთრებაში რიცხული ქარხნის ქონების 8477 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 3999 კვ.მ. შენობა-ნაგებობების განკარგვის უფლება.
პრაქტიკულად, მოაქცია რა ქარხნის სრული უძრავი ქონება თავის საკუთრებაში და განკარგულებაში, გ. მგალობლიშვილმა გადაწყვიტა, უძრავი ქონების უდიდესი ნაწილის, ანუ 8477 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 3999კვ.მ. შენობა-ნაგებობების გადასვლა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ მის ნათესავ ზურაბ მარგველაშვილის რწმუნებულ კორპორაცია „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტის“ საკუთრებაში.
2006 წლის 12 იანვარს და 6 თებერვალს, ერთი მხრივ, ზურაბ მარგველაშვილმა და, მეორე მხრივ, მიხეილ ნიკოლაიშვილმა, დავით მენთეშაშვილმა და ნუგზარ ბერიშვილმა ხელი მოაწერეს გიორგი მგალობლიშვილის მიერ მომზადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვითაც „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტის“ საკუთრებაში გადავიდა ხსენებული უძრავი ქონება ისე, რომ არც აღნიშნულ შემთხვევაში ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეუსრულებიათ, ნასყიდობის საგნის ღირებულება არ გადაუხდიათ და თანხა საზოგადოების ინტერესებს არ მოხმარებია. აღნიშნული განაჩენის მიხედვით ბრალდებულებს: ი. ერაძეს, ლ. ჩიკვაიძეს, ზ. ქურდაძეს, ზ. ქურდაძეს, გ. ანდრონიკაშვილს, მ. ნიკოლაიშვილს, ზ. მარგველაშვილს, ნ. ბერიშვილს, დ. მენთეშაშვილსა და პროკურორ ლ. ყიფიანს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგების შესახებ, რის შედეგადაც 2007 წლის 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ლ. ყიფიანმა აღნიშნული საპოცესო შეთანხმების დამტკიცებისა და ბრალდებულთა მიმართ საქმის არსებითად განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულთა მოტყუებას, მუქარას, მათ არ შეზღუდვიათ უფლება, მიეღოთ იურდიული დახმარება. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ განსასჯელები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულთა ხასიათს, რომელთა ჩადენაშიც ედებათ ბრალი და ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
P.S. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მაისის განაჩენი, ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს რომ პოლიტდევნილად აღიარებული გიორგი მგალობლიშვილი ნამდვილად ნასამართლევია. სწორედ მისი ორგანიზებით მოხდა პეტრიაშვილის ქ.#1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დანაშაულებრივი გზით მითვისება.
აქ, კომენტარი ზედმეტია!!!
ელისო კილაძე