QronikaPlus
„პანორამა თბილისი“ - ფეოდალის კომპლექსი, რომელსაც სურს, რომ ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებდეს!

„პანორამა თბილისი“ - ფეოდალის კომპლექსი, რომელსაც სურს, რომ ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებდეს!

2015-08-09 07:19:24

ამ დღეებში საქალაქო სასამართლოსთან ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქცია გამართა. მათ სასამართლოს მიერ „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე 7 მონაწილისთვის 100-ლარიანი ჯარიმის შეფარდება გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები „სკოჩით“ პირაკრულები მივიდნენ და ამ მდგომარეობაში საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. ამასთან, „საიას“ სახელით საქალაქო სასამართლოში საჩივარი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეები დაჯარიმდნენ. „სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას წვრილმანი ხულიგნობა დაარქვა. ეს არის საშიში პრეცედენტი, სახელმწიფომ რეალურად უნდა შეაფასოს ვითარება და არ ეძიოს პრობლემები იმ ადამიანებში, რომლებიც სახელმწიფოს მოქმედებებზე აქცენტს აკეთებენ. პრობლემა უნდა ეძებონ საკუთარ თავში. პირი ავიკარით იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ექმნება. თუ მკაცრ პოზიციას არ დავაფიქსირებთ და მშვიდობიანი ფორმით არ შევეცდებით უკანონო გადაწყვეტილებების გაპროტესტებას, შეიძლება სხვა რამის გამო აგვიკრან პირი, თუ ეს სახელმწიფოს არ მოეწონება“, _ განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, თუკი სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს საქალაქოს გადაწყვეტილებას შეფარდებულ ჯარიმებთან დაკავშირებით, საია გაოიყენებს საერთაშორისო მექანიზმებს, რათა ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ადეკვატურად შეფასდეს ქვეყნის გარეთ. არასამთავრობო ორგანიზაციები მშვიდობიანი აქციის „არა პანორამას!“ დროს დაკავებული და დაჯარიმებული პირების საქმეზე ერთობლივ განცხადებასაც ავრცელებენ. ორგანიზაციებს აშფოთებს, რომ სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა დაკავებული პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში პოლიციელთა გაუმართლებელი ჩარევა: `2015 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციის _ „არა პანორამას!“ დროს დაკავებული 10 პირის საქმეზე, რომელთა ინტერესებსაც იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. პოლიციელების მიერ რვა დაკავებულის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), ხოლო 2 დაკავებულის მიმართ 166-ე მუხლთან ერთად, ოქმის შედგენა განხორციელდა 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 პირის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო, ხოლო 7 პირის ქმედება შეფასდა წვრილმან ხულიგნობად და დაეკისრა ჯარიმის გადახდა 100 ლარის ოდენობით. სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად შეაფასა აქციის დროს გამოყენებული წარწერა, რომლითაც პროექტი პანორამა სასქესო ორგანოსთან იყო შედარებული... ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი“ სიტყვის თავისუფლებად მიიჩნევს. მოცემული გადაწყვეტილებით, კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, რომელიც მათ შორის საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკითაც მკვიდრდებოდა, დაბლა დაეცა“, _ ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ჩაატაროს საჯარო სივრცეში გამოთქმული აზრებისა და სიტყვების (ფრაზების) წმენდა იმ მიზნით, რომ მხოლოდ გემოვნებიანი ან საზოგადოებისათვის მისაღები გამონათქვამები გაჟღერდეს, ვინაიდან ის, რაც ერთი ადამიანისთვის შეიძლება ვულგარული იყოს, სხვისთვის შესაძლოა ჩვეულებრივ გამონათქვამს წარმოადგენდეს. ამ ორს შორის პრინციპული განსხვავების დადგენა თითოეული ადამიანის პირადი გემოვნებისა და სტილის საქმეა და არა სახელმწიფოსა და მისი მოხელეების კომპეტენციის სფერო. მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს კონტექსტი, რომელიც თან ახლდა სადავო სიტყვის (ფრაზის) გამოყენებას. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს უხამსობის რეგულირების უფლებამოსილება, თუმცა ამავე კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უხამსობა, ეს არის განცხადება, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული გამოხატვა გაკეთებული იყო მშვიდობიანი აქციის პირობებში, რომელიც აპროტესტებდა სახელმწიფოს მოქმედებას, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ათასობით თბილისელის მიმართვის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებებმა პროექტის მშენებლობის ნებართვა გასცეს ფარულად (დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე). სადავო გამოხატვა გამოყენებული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემასთან დაკავშირებით და მიზნად ისახავდა ზემოაღნიშნული მწვავე პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რაც ვერ მიიჩნევა უხამსობად და მოქალაქეთა დასჯის კანონიერ საფუძვლად. გადაწყვეტილების ანალიზი აჩვენებს, რომ სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა განსახილველი გამოხატვის პოლიტიკური ღირებულება და ის, შეკრების მონაწილეების პროტესტის შინაარსისა და კონტექსტის გარეშე, ფრაგმენტულად განიხილა. ამასთან, გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ იმსჯელა იმ კონკრეტულ ადრესატ პირზე, რომლის პატივი და ღირსება შეიძლება შელახულიყო მსგავსი გამოხატვით. საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მსგავსი სუბიექტი არც არსებობდა, რადგან კონკრეტული პროექტის პროტესტი ადამიანის მიმართ მიმართული არ იყო. შესაბამისად, უხამსობის შეზღუდვის ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც პირებს შორის შესაძლო ძალადობრივი ქმედების პრევენციაა, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს. გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესება და სახელმწიფოს მიერ ზნეობრივი, მორალური კატეგორიების შეფასებაში შესვლა ეწინააღმდეგება პლურალისტური და თავისუფალი საჯარო სივრცის იდეას და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის გამოყენებით კონკრეტული იდეოლოგიური თუ ეთიკური დისკურსის გაბატონების საფრთხეებს ქმნის... მიგვაჩნია, რომ ამგვარი პრეცედენტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას“, _ ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების სამივე შტოსა და მის თითოეულ წარმომადგენელს მოუწოდებენ, შეასრულონ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებები და პატივი სცენ არა მხოლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ გააკეთონ ყველაფერი მათი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ აღნიშნული უფლებების პრაქტიკაში რეალიზაციასა და მათ დაცვას არასათანადო ჩარევებისგან. განცხადებას ხელს აწერენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „იდენტობა“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „მწვანე ალტერნატივა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი. „პანორამა თბილისის“ გარშემო მიმდინარე ხმაურიან პროცესებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება „პარტიზანული მებაღეობის“ წევრს, ნატა ფერაძეს: _ ამ დღეებში პანორამა თბილისთან დაკავშირებული სამი ღონისძიება გაიმართა: 1) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აქცია სიტყვის თავისუფლების დასაცავად; 2) სარჩელი შევიტანეთ და ვაპროტესტებთ ჩვენ დამნაშავედ ცნობას ე. წ. წვრილმან ხულიგნობაზე; 3) დაგვაჯარიმეს ქალაქის დანაგვიანებაზე. განაჩენიც გამოცხადდა. ესეც გავასაჩივრეთ და საქმე მოვიგეთ, სასამართლომ უდანაშაულოდ გვცნო. _ „საიას“ აქციაზე რა გეგმები დაისახა? _ რასაც ვფიქრობდით, ეს იურიდიულად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დაგვიდასტურა. ეს არის კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რითაც ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ, ამიტომ სარჩელი შევიტანეთ. პარალელურად, ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში წავა და ეს სარჩელი აქ, ქვეყნის შიგნით არ დაკმაყოფილდა, „საიაში“ უკვე სხვა საფეხურზე ფიქრობენ. „პარტიზან მებაღეებს“ გვახარებს, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სახით მფარველი გვყავს ცივილიზებულ სამყაროში. _ რა ხდება დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით? _ ჯარიმა უკვე დავფარეთ და შესაბამისი ქვითრებიც წარვადგინეთ. ეს ყველა ვარიანტში უნდა გადაგვეხადა და თუ საქმე მოვუგეთ, გადახდილი თანხა უკან დაგვიბრუნდება. ამ ჯარიმის თანხის ნაწილი მოვაგროვეთ, დავდეთ ფული და „ამ ჩემს პანორამას“ წარწერით მაისურები დავბეჭდეთ, რომელიც გაიყიდა. ამით 700 ლარის ჯარიმა გადავიხადეთ. _ რა ხდება „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით დღეს? _ ჯერჯერობით ტერიტორიის შემოღობვა გრძელდება. მიმდინარეობს ინტენსიური სამზადისი მშენებლობისთვის. სრულიად მოსალოდნელიც იყო, რომ ეს პროცესი ქალაქის ყველაზე დაცლილ ცხელ სეზონს დაემთხვეოდა. უკვე ქვემოთაც, სადაც, სავარაუდოდ, საბაგირომ უნდა გაიროს, კლდის ჭრაც გრძელდება. იურისტები, „საიას“ წარმომადგენლები იურიდიულად მუშაობენ, „თბილისის ჰამქარში“ საერთაშორისო ორგანაზაციებთან ურთიერთობენ. ჩვენც ამ თემას, რასაკვირველია, თავს არ ვანებებთ. უბრალოდ, ეს დარჩენილი ერთი თვე ძალიან გაგვიჭირდება. სექტემბრიდან ხალხი ჩამოვა და ახალი ენერგიით შევუტევთ მშენებლობას. _ რა პერსპექტივები გაქვთ ამ მშენებლობის შესაჩერებლად? შესაძლებლობებს როგორ შეაფასებთ? _ უამრავი საწინააღმდეგო ბერკეტი გვაქვს, თუნდაც პროცესი იურიდიული თვალსაზრისით შეგვეშველება. სხვაზე რა უნდა ვთქავათ, როცა პროექტი დაუსრულებელია და მასში არ დევს გეოლოგიური კვლევა; არ დევს სატრანსპორტო კვლევა; ის, რომ იუნესკოს სიიდან შეიძლება ამოვარდეს და რომ ობიექტი მიეკუთვნა მეხუთე კლასის მშენებლობას და ამ თადარიგით განიხილეს, საჯაროობის გარეშე. ეს ყველაფერი არა მარტო მორალურ-ეთიკური ნორმების, არამედ კანონების დარღვევაც არის. პარალელურ რეჟიმში ეს გზაც დაგვეხმარება ამ მშენებლობის გასაჩერებლად. _ ანუ მიიჩნევთ, რომ შესაძლებელია `პანორამა თბილისის~ შეჩერება და მოვლენების სხვა გზით განვითარება?.. _ მაშინ არც ვიბრძოლებდით და დავნებდებოდით. შეჩერება შესაძლებელია, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ სიმართლე, კანონის მოთხოვნა ჩვენს მხარესაა. ბიძინა ივანიშვილი არც მალავს, რომ ეს ერთი კაცის ახირებაა. ჩვენ ყველამ ერთად ეს ახირებული კაცი უნდა გავაჩეროთ. _ თუ ეს ვერ მოხერხდა და მშენებლობა გაგრძელდა, რა შედეგები შეიძლება მიიღოს ამით დედაქალაქმა? _ დედაქალაქი, უპირველესად, კარგავს თავის სახეს. ვისაც კი მუშაობის პოტენციალი აქვს, მათ შორის, ინტელექტუალური შრომის, ცდილობს საზღვარგარეთ წავიდეს, იქ უფრო ჯანსაღ გარემოში იმუშაოს. ამ დროს ჩვენ ვკარგავთ ძველ თბილისს და ფართო პერსპექტივაში _ ტურისტებს. უცხოელებს სიახლეებიც აინტერესებთ, მაგრამ, პირველ რიგში, ძველი ქალაქი იზიდავთ. ვკარგავთ სოლოლაკს, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი და საინტერესო სახეა. ვკარგავთ იდენტობასა და ფესვებს. _ „ერთი კაცის ახირების“ საფუძველი რა არის? _ ივანიშვილის ფსიქოანალიზზე ვერაფერს მოგახსენებთ. ჩემი პერსონალური აზრია: მას ფეოდალის კომპლექსი აქვს, რომელსაც სურს, რომ ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებდეს. _ რამდენად შესაძლებელია, ხელისუფლების ორგანოებიდან, მათ შორის, მერიის სამსახურებიდან ადეკვატური დამოკიდებულება იყოს ამ საკითხზე? _ ადეკვატური დამოკიდებულება რომ იყოს, ამისთვის მერიის არქიტექტურულ სამსახურში ადეკვატური ადამიანები უნდა მუშაობდნენ, არადა, დიდი დეფიციტია. მეორე მხრივ, მერიას ეს საქმე ჩამოშორდა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ეს არის მეხუთე კლასის მშენებლობის შედეგი, როცა მერიას ეს საკითხი, ფაქტობრივად, არაფერში ეხება და დიდი ზარზეიმით გასცა ყველა თანხმობა ნინო ღოღობერიძის ხელით. _ ამ სიტუაციიდან გამოსავალს მაინც სამოქალაქო აქტივობის ზრდაში ხედავთ? _ დიახ, მათ შორის, სამოქალაქო აქტივობაში, იურიდიულ საქმიანობაში, პროფესიულ განხილვებში და ა. შ. ჩვენ მომხრე ვართ ქალაქში ინვესტირების, მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ეს ინვესტირება სწორად და გააზრებულად მოხდეს. დიდმა ინვესტიციამ შეიძლება რამდენი სიკეთეც მოუტანოს, ამაზე მეტად ავნოს კიდეც ქალაქს. ამასთან, პანორამა რომ შენდება, ეს ინვესტორისა და ბიძინა ივანიშვილის ფულია, ხოლო გზა კეთდება მუნიციპალური ფულით, ჩვენი ჯიბეებიდან. _ ალეკო ელისაშვილთან საკრებულოში განხილვები გქონდათ დედაქალაქში ხეების მასობრივ ხმობასთან დაკავშირებით, რა გზები დაისახა ამის საწინააღმდეგოდ? _ ალეკო ელისაშვილმა ძალიან საინტერესო ნაბიჯი გადადგა. ეკოლოგიურ სამსახურებს აქამდე ერთად არ უმუშავიათ იმ ფონზე, როდესაც ხეები მასობრივად ხმება. ელისაშვილმა საკრებულოს დიდ დარბაზში ყველა მიგვიწვია, სადაც ამ საკითხის ფართო განხილვა მოეწყო. ორი კვირის თავზე უნდა შევიკრიბოთ შეჯამებაზე, თუ ვის რა შეგვიძლია და მდგომარეობის გამოსწორების გზები დავსახოთ. მანამდე ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ამ მხრივაც დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. ყველა ჩარჩოებს უნდა გასცდეს დაფინანსებაზე ან იურიდიულ ბერკეტებზე საუბარი. ახლა თუ არ მოხდა ამ ხეების სწორი მენეჯმენტი, დედაქალაქში ერთი ხეც აღარ შეგვრჩება. _ პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს ბუნების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად? _ ძალიან მიხარია, რომ მერიაში გერმანელი მეტყევე, ვალტერ დეკენდორფი ჩამოიყვანეს, რომელიც ცოტა ადრე, 2012-13 წლებში საქართველოში მუშაობდა და ეს პრობლემა შესწავლილი ჰქონდა.  ბატონი ვალტერი და მერიის სატყეო სააგენტოს ძალიან კარგი თანამშრომლები ერთხმად შეთანხმდნენ დიაგნოზზე, რომ უპირველესად გასატანია ის, რომელიც ზეხმელია და წარმოადგენს დაავადების კერას. ისინი თუ გაზაფხულმდე არ გავიტანეთ, გაზაფხულზე პოპულაციის აფეთქება ხდება. პირველ რიგში, ეს ხმელი ხეებია მოსანიშნი და გასატანი. შეიძლება შეწამვლაც არ დასჭირდეს, ტყემ თვითაღდგენა დაიწყოს, თუკი დაავადებული კერები დროულად მოშორდება.  

                                                                                                              გელა მამულაშვილი

 

გაზიარება